Facebook Twitter

საქმე №ას-1572-2019 30 მარტი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ.ს–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღების დავალდებულება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

სს „თ.ბ–მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან გამსესხებელი) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ს–ძის ( შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მსესხებელი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 2016 წლის 16 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 2 744.91 ლარის (ძირი თანხა _ 2 114.21 ლარი, პროცენტი - 199.71 ლარი, პირგასამტეხლო - 426.16 ლარი, დაზღვევა - 4.83 ლარი); 2018 წლის 29 იანვრის ინტერნეტბანკინგით გაცემული სწრაფი სამომხმარებლო სესხის დავალიანების _ 3 056.70 ლარის (ძირი თანხა _ 1 500 ლარი, პროცენტი _ 498.40 ლარი, პირგასამტეხლო _ 1 058.30 ლარი); 2018 წლის 11 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 958.52 ლარის (ძირი თანხა _ 553.41 ლარი, პირგასამტეხლო _ 405.11 ლარი); 2018 წლის 1 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 666.32 ლარის (ძირი თანხა _ 399 ლარი, პირგასამტეხლო _ 267.32 ლარი); 2015 წლის 15 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 981.60 ლარის (ძირი თანხა _ 547.45 ლარი, პროცენტი _ 115.29 ლარი, პირგასამტეხლო _ 318.86 ლარი) მსესხებლისათვის დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ _ ძირი დავალიანების დაკისრების ნაწილში ცნო, დანარჩენ ნაწილში მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრა: 2016 წლის 16 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის _ 2 114.21 ლარის, პროცენტის _ 199.71 ლარის, პირგასამტეხლოს _ 42.61 ლარის, დაზღვევის _ 4.83 ლარის; 2018 წლის 29 იანვრის ინტერნეტ ბანკინგით გაცემული სწრაფი სამომხმარებლო სესხიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის _ 1 500 ლარის, პროცენტის _ 249.2 ლარის, პირგასამტეხლოს _ 105.83 ლარის; 2018 წლის 11 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის _ 553.41 ლარის, პირგასამტეხლოს _ 40.51 ლარის; 2018 წლის 1 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის _ 399 ლარის, პირგასამტეხლოს _ 89.10 ლარის; 2015 წლის 15 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის _ 547.45 ლარის, პროცენტის _ 115.29 ლარის, პირგასამტეხლოს _ 106.28 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსესხებელმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ, პირგასამტეხლოსა და პროცენტის დაკისრების ნაწილში გაუქმება და ამ მოთხოვნის ნაწილში სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, დატოვებულ იქნა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღების დავალდებულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.ს–ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო) საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს საკითხის შეფასებისათვის მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხზე:

1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით გამსესხებლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სასამართლომ შეამცირა სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, ხოლო, სესხისა და სარგებლის ნაწილში იგი საფუძლიანად მიიჩნია;

1.2.2. სააპელაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ მხარე გადაწყვეტილებას დაკისრებული სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში არ ეთანხმება და მოითხოვს სწორედ ამ ნაწილში სარჩელის უარყოფას;

1.2.3. უდავოა, რომ დაკისრებული სარგებელი და პირგასამტეხლო შემდეგია: 199,71 ლარი; 42,61 ლარი; 249,2 ლარი; 105,83 ლარი; 40,51 ლარი; 89,10 ლარი; 115,29 ლარი; 106,28 ლარი.

1.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის საგნის ღირებულების გამოთვლის ზოგად წესს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით, თავის მხრივ, აღნიშნული ნორმა ზემდგომი წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებისას მოდიფიცირდება და სააპელაციო სამართალწარმოებისას, საჩივრის ღირებულება გამოიანგარიშება იმის მიხედვით, თუ რა ფარგლებში ითხოვს აპელანტი გადაწყვეტილების შეცვლას (იხ. სსსკ-ის 365-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ აპელანტი მოითხოვდა დაკისრებული სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლებას, ამ თანხების ჯამი კი, შეადგენს 948,53 ლარს (იხ. სამოტივაციო ნაწილის პ.პ. 1.2.3.).

1.4. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ არ არსებობდა ქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობები, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმით ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის საგნის ღირებულება და განსაზღვრულია, რომ იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 2 000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.

1.5. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, იგი უფლების დარღვევად ვერ განიხილება, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადი დაუშვებელია სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romaniaდა სხვა). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კერძო საჩივარი მისი ავტორის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის თაობაზე შედავებას არ შეიცავს, შესაბამისად, საკასაციო პალატა ამ კუთხით წინამდებარე განჩინებით არ იმსჯელებს, რაც შეეხება მხარის კრიტიკას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით, კერძო საჩივრის ფარგლებში მას საკასაციო სასამართლო ვერ განიხილავს და შეფასების გარეშე ტოვებს.

1.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.ს–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი