საქმე №ას-1517-2019 31 იანვარი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი _ სს „თ.ს.ტ–ები“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ხ–ა, დ. და თ.ბ–ები (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ივნისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უზრუნველყოფის საგნის შეცვლა
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.ხ–ას, დ. და თ.ბ–ების სარჩელი სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, სს „თ.ს.ტ–ებს“ გ.ხ–ას სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 9 585 ლარისა და 2011 წლის 1 დეკემბრიდან 2012 წლის 1 აპრილამდე პირგასამტეხლოს _ 37,85 ლარის, ასევე, 2010 წლის 1 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, დავალიანების _ 9 585 ლარის 0,07%-ის გადახდა; ამავე გადაწყვეტილებით სს „თ.ს.ტ–ებს“ დ. ბ–ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 3 460 ლარისა და 2011 წლის 1 დეკემბრიდან 2012 წლის 1 აპრილამდე პირგასამტეხლოს _ 136,29 ლარის გადახდა, ასევე, 2012 წლის 1 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, დავალიანების _ 3 460 ლარის 0,07%-ის გადახდა, ხოლო, თ. ბ–ის სასარგებლოდ დავალიანების_ 7 450 ლარისა და 2011 წლის 1 დეკემბრიდან 2012 წლის 1 აპრილამდე პირგასამტეხლოს _ 273,20 ლარის, ასევე, 2012 წლის 1 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, დავალიანების _ 7 450 ლარის 0,07%-ის გადახდა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „თ.ს.ტ–ებმა“.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა განცხადებები უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, კერძოდ:
3.1. 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით გ.ხ–ას მოთხოვნის უზრუნველსაყოფად სს „თ.ს.ტ–ებს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, ...... ქ#5-ში, #6/.. ნაკვეთზე, მე-9 სართულზე მდებარე 568,01 კვ.მ #....... ქონების გასხვისება;
3.2. 2019 წლის 8 მაისის განჩინებით დ. ბ–ის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად სს „თ.ს.ტ–ებს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, ...... ქ#5-ში, #6/18 ნაკვეთზე, მე-9 სართულზე მდებარე 1 071,5 კვ.მ #....... ქონების გასხვისება;
3.3. 2019 წლის 8 მაისის განჩინებით თ. ბ–ის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად სს „თ.ს.ტ–ებს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, ...... ქ#5-ში, #6/.. ნაკვეთზე, მე-9 სართულზე მდებარე 568,01 კვ.მ #..... ქონების გასხვისება;
4. სააპელაციო პალატას სხვადასხვა დროს განცხადებით მიმართა სს „თ.ს.ტ–მა“ და მოითხოვა უზრუნველყოფის საგნის შეცვლა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინებით სს „თ.ს.ტ–ების“ შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის საგნის შეცვლის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო, 2019 წლის 14 ივნისის განჩინებით სს „თ.ს.ტ–ის“ შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სს „თ.ს.ტ–ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ...... ქ#5-ში, #6/18 ნაკვეთზე, მე-9 სართულზე მდებარე 1 071,5 კვ.მ #..... ქონების გასხვისება შეიცვალა და დ. ბ–ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სს „თ.ს.ტ–ებს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ...... ქ#5-ში, სარდაფის სართულზე მდებარე 55,19 კვ.მ #....... სარდაფის, ამავე მისამართზე მდებარე 51,02 კვ.მ #...... არასაცხოვრებელი ფართისა და ლითოსკოპიის აპარატის (EXTRACORPORCAL LITHOTRIPTER E300) გასხვისება. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი შეიტანა სს „თ.ს.ტ–ებმა“, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და გ.ხ–ასა და დ.ბ–ის მოთხოვნათა უზრუნველსაყოფად გამოყენებული ქონების ჩანაცვლება #......; #...... უძრავი ქონებისა და ლითოსკოპიის აპარატის (EXTRACORPORCAL LITHOTRIPTER E300) გასხვისების აკრძალვით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივლისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის შესაბამისად, გადმოეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, სააპელაციო სასამართლოს განჩინებების დასაბუთებულობა, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო, 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხისათვის დადგენილი აკრძალვის შეცვლა, კერძოდ, მოპასუხე მოითხოვს მისი კუთვნილი უძრავი ქონების ჩანაცვლებას სხვა უძრავი და მოძრავი ქონებით.
3. ვიდრე მოთხოვნის საფუძვლიანობას შეამოწმებდეს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნებს ადგენს რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი (სსსკ-ის 271-ე მუხლი), იგი წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის დროებით და ეფექტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობას ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე სახეზეა მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა, თუმცა, ვინაიდან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოთხოვნის წარმატებულობის ვარაუდს, ბუნებრივია, არსებობს მისი გაუქმებისა თუ შეცვლის დიდი შესაძლებლობაც. ასეთ პირობებში კი, მხარეთა ინტერესებს შორის გონივრული წონასწორობის დაცვის საჭიროება თავად განსახილველი ნორმიდან გამომდინარეობს, კერძოდ, სასამართლო, რომელიც დაადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, ვალდებულია შეაფასოს ასევე უზრუნველყოფის გამოყენებული საშუალების მასშტაბები და დაიცვას თანაზომიერება მხარეთა ინტერესებს შორის.
4. გარდა ზემოხსენებულისა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თანასწორობის უფლების გამოვლინებაა მათ შორის იმგვარი საპროცესო საშუალებები, როგორიცაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1961 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა თუ ყადაღადადებული ქონების გამიჯვნა. ხსენებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, ყადაღადადებული ქონების ღირებულება არსებითად არ უნდა აღემატებოდეს სარჩელის ფასს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოპასუხე ერთადერთი ნივთის მესაკუთრეა. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის მიზნით სასამართლოს სარჩელის ფასის ტოლფასი სხვა ქონება შესთავაზოს.
5. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა თანხის დაკისრებაა, რომლის უზრუნველსაყოფადაც მოპასუხეს აეკრძალა კონკრეტული უძრავი ქონების გასხვისება. მოპასუხე უზრუნველყოფის საგნის შეცვლას მოითხოვს უფრო პატარა მოცულობის ორი ფართითა და სამედიცინო საშუალების გასვისების აკრძალვით. აღნიშნული ნაწლობრივ იქნა გაზიარებული სააპელაციო პალატის მხრიდან და შეზღუდვისაგან გათავისუფლდა მოპასუხის კუთვნილი 1 071,5 კვ.მ #...... ფართი, დანარჩენ ნაწილში მოპასუხის შუამდგომლობა უარყოფილ იქნა.
6. წარმოდგენილი საჩივრით სს „თ.ს.ტ–ები“ აპელირებს სარჩელის მოთხოვნისა და შეთავაზებული ქონების ღირებულების თანაფარდობაზე, თუმცა, საკასაციო პალატა მოთხოვნის წარმატებისათვის მას საკმარისად ვერ მიიჩნევს. ამ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზე, რომ შეფასების საგანს წარმოადგენს არა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინებების კანონიერება, არამედ, გამოყენებული უზრუნველყოფის საშუალების შეცვლა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატამ მოსარჩელეთა განცხადებები დააკმაყოფილა მხოლოდ უზრუნველყოფის საგნების გასხვისების აკრძალვით, ამ ქონებების სანივთო უფლებებით დატვირთვის აკრძალვა დაკმაყოფილებული არ არის. საჩივრის ავტორი კვლავ მოითხოვს უზრუნველყოფის შეცვლილი საგნების მხოლოდ გასხვისების აკრძალვას, თუმცა, სხვაგვარი დატვირთვის აკრძალვის არარსებობის პირობებში, რამდენად იქნება შენარჩუნებული სარჩელის ფასსა და უზრუნველყოფის ღონისძიების საგნის ღირებულებას შორის თანაფარდობა, ამ ეტაპზე შეუძლებელია დადგინდეს, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს „თ.ს.ტ–ების“ საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ მსჯელობას, რაც დაადასტურებდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „თ.ს.ტ–ების“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ივნისისა და 2019 წლის 24 ივლისის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი