საქმე №ას-1515-2019 30 მარტი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – თ. და მ.გ–ები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის/მოვალის სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
სს „თ.ბ–მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან გამსესხებელი) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. და მ.გ–ების (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები. პირველი მოპასუხე გრეთვე წოდებული, როგორც მსესხებელი, ხოლო მეორე _ როგორც იპოთეკის საგნის მესაკუთრე) მიმართ და მოითხოვა მსესხებლისათვის #1710289-2455514 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მიხედვით დავალიანების, 17 942.28 აშშ დოლარის, #1710289-8838279 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 120 353.52 ლარის, მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად, #1710289-2455514 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შესაბამისად სესხის ხელშეკრულების მოშლის თარიღიდან _ 23.02.2018 წლიდან სესხის ძირ თანხაზე _ 14 401.97 აშშ დოლარზე, გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტის _ 118.37 აშშ დოლარის დაკისრება გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა, #1710289-8838279 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მიხედვით სესხის ხელშეკრულების მოშლის თარიღიდან _ 23.02.2018 წლიდან სესხის ძირ თანხაზე _ 95 905.84 ლარზე გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტის, ყოველთვიურად 768.56 ლარის დაკისრება გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა, ასევე, #1710289-8838279 ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ძირ თანხაზე პირგასამტეხლოს _ 0,1%-ის გადახდის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების მოშლიდან 90 დღის განმავლობაში და #1710289-2455514 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს _ 0.1%-ის _ 14.40 აშშ დოლარის ყოველთვიურად გადახდის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების მოშლიდან - 23.02.2018 წლიდან 90 დღის მანძილზე. დავალიანების დაფარვის მიზნით გამსესხებელმა მოითხოვა მეორე მოპასუხის კუთვნილი იპოთეკის საგნის რეალიზაცია, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ამონაგები თანხა არ აღმოჩნდებოდა საკმარისი ვალდებულების შესასრულებლად, ზღვევინების მიქცევა მსესხებლის სხვა ქონებაზეც.
2. მოპასუხეების პოზიცია:
სარჩელის წინააღმდეგ მოპასუხეებმა წარადგინეს მარტივი შედავება, მიუთითეს მხოლოდ ის, რომ არ ეთანხმებოდნენ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და სასარჩელო მოთხოვნებს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მაისის სხდომაზე მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა სრულად;
3.2. ამავე სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით კი, მოპასუხეთა საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მათი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს აპელანტებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
6.2. კერძო საჩივარი ძირითადად შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ემყარება: ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება მხარეებს არ ჩაბარებიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი წარადგენდნენ სასამართლო ხარჯის გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობას, რადგანაც პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე არ შეისწავლა არსებითად, ხოლო აპელანტები ელოდნენ სააპელაციო სასამართლოში მათი პრეტენზიების გაზიარებას. იმ პირობებში, როდესაც ადრესატს არ ჩაბარებია განჩინება, იგი მიჩნეულ უნდა იქნეს უფლებადარღვეულად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. და მ.გ–ების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) მითითებული კანონი არ დარღვეულა;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. წინამდებარე განჩინებით საკასაციო სასამართლო შეაფასებს არსებობდა თუ არა ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით პალატა ითვალისწინებს საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
1.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებით, მოპასუხეების სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის _ 5 000 ლარის, ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა. საპროცესო მოქმედების განხორციელების ვადა განისაზღვრა 10 დღით და განემარტათ აპელანტებს მისი შეუსრულებლობის ნეგატიური შედეგები;
1.2.2. ამავე სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით გაზიარებულ იქნა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე მეორე მოპასუხის შუამდგომლობა და აპელანტებს დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადა გაუგრძელდათ 10 დღით;
1.2.3. საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე განჩინება აპელანტებს გაეგზავნათ მათ მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილების თანახმად, კორესპონდენციები, როგორც საკუთარი, ისე _ პირველი მოპასუხის სახელით ჩაიბარა მეორე მოპასუხემ 2019 წლის 25 მაისს. დოკუმენტზე აღნიშნულია კორესპონდენციის მიმღების ხელმოწერა და პირადი ნომერი;
1.2.4. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც ხარვეზის გამოსწორებას ან სხვა შუამდგომლობით აპელანტების მხრიდან სასამართლოსათვის მიმართვას დაადასტურებდა.
1.3. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ მათ ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება არ ჩაბარებიათ. როგორც უკვე ითქვა (იხ. სამოტივაციო ნაწილის პ.პ. 1.2.3.), 2019 წლის 22 აპრილის განჩინება გაიგზავნა აპელანტების მიერ საჩივარში მითითებულ მისამართზე და მეორე მოპასუხემ ჩაიბარა, როგორც საკუთარი, ისე პირველი მოპასუხის დის სახელით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო შეტყობინების წესს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები. 70-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. რაც შეეხება გაგზავნის წესსა და საშუალებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.
1.4. მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე აპელანტები ინფორმირებული იყვნენ ჯეროვნად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 26 მაისს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ამოიწურა 2019 წლის 4 ივნისს. მხარეებს ამ ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსათვის. პალატა ხსენებულთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დაკისრებული მოქმედების შესრულება მხარის დისპოზიციური ნებაა, თუმცა, ამავდროულად შესაბამისი შედეგების რისკს შეიცავს. კონკრეტულ შემთხვევაში, საკითხი ეხება რა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგებს, მოთხოვნის მომწესრიგებელი ნორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილია, რომლის თანახმადაც, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
1.5. საბოლოოდ, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორებს არ წარმოუდგენიათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული დასაბუთებული შედავება, რაც მათი მოთხოვნის უარყოფის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. და მ.გ–ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი