¹ბს-633-600(კს-06) 8 ნოემბერი, 2006წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ რ. ს-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ახალციხის საგადასახადო ინსპექცია
დავის საგანი _ განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ახალციხის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა და სს «ე-ოს" 17199 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის _ 171,50 ლარის გადახდა დაეკისრა.
2003 წლის 21 თებერვალს სს «ე-ოს" აქციონერმა _ რ. ს-მა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებით მიმართა სასამართლოს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 28 მაისის განჩინებით რ. ს-ს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, რაც მან კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ 2003 წლის 11 აგვისტოს განჩინებით განმარტა, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი თავისი შინაარსით სააპელაციო საჩივარს წარმოადგენდა, რომელიც სასამართლოში კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის გადაცილებით იყო შეტანილი, რაც რ. ს-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს იძლეოდა.
ხსენებული განჩინება რ. ს-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მის მიერ ფაქტობრივად წარმოდგენილი იყო სააპელაციო საჩივარი, ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლს (დისპოზიციურობის პრინციპი), რომელიც მხარეს ანიჭებდა სარჩელის ფორმის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლებას. რ. ს-ის თქმით, მის მიერ წარდგენილი კერძო საჩივარი სრულად შეესაბამებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-415-ე მუხლებს.
სააპელაციო პალატის 2003 წლის 30 სექტემბრის განჩინებით სასამართლომ გაიზიარა რ. ს-ის კერძო საჩივრის ზემოაღნიშნული მოსაზრება, წარმოდგენილი კერძო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ და გააუქმა სააპელაციო სასამართლოს 11 აგვისტოს განჩინება. შესაბამისად, რ. ს-ის კერძო საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 28 მაისის განჩინებაზე ახალციხის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 17 ნოემბრის განჩინებით რ. ს-ის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად იმ მოტივით, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმის განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების წესს არ იცნობდა. კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად საოლქო სასამართლოს დაუბრუნდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 29 დეკემბრის განჩინებით რ. ს-ის კერძო საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 28 მაისის განჩინებაზე იმავე საფუძვლით დაუშვებლად იქნა მიჩნეული.
რ. ს-მა 2004 წლის 10 თებერვალს განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422.1 მუხლის «ა» და «ბ» ქვეპუნქტების საფუძველზე, ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003 წლის 29 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 თებერვლის განჩინებით რ. ს-ის განცხადება მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლში გათვალისწინებულ გარემოებები არ დასტურდებოდა.
ხსენებული განჩინება რ. ს-მა იმავე საფუძვლებით კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მიღებული განჩინების გაუქმებით ბათილად ცნობის შესახებ მისი განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.
საგულისხმოა, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 28 მაისის განჩინება, რომლითაც რ. ს-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რ. ს-მა 2003 წლის 2 დეკემბერს სააპელაციო საჩივრითაც გაასაჩივრა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 5 მარტის განჩინებით ხსენებული სააპელაციო საჩივარი, კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევის გამო, დატოვებულ იქნა განუხილველად. რ. ს-მა სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 5 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით რ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 5 მარტის განჩინება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და თვლის, რომ რ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
რ. ს-ის მიერ განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად მოცემული კოდექსის 422.1 მუხლის «ა» (გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც, კანონის თანახმად, უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში) და «ბ» (ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მიწვეული საქმის განხილვაში) ქვეპუნქტები იყო მითითებული, თუმცა განმცხადებელს მათი დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ან არგუმენტი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში არ წარმოუდგენია, ამასთან, არც საქმის მასალებით დგინდება ხსენებული დებულებების დარღვევა, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003 წლის 29 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების ფორმალური საფუძვლები არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.