საქმე №ას-1434-2019 31 იანვარი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს „უ.ს–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ხ–ის უფლებამონაცვლეები: ე.ნ–ი, ა., მ. და ე. ხ–ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი თანამოპასუხე _ შპს „კ.ტ.კ–ა“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის განუხილველად დატოვება
დავის საგანი – გარიგებების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ბ.ხ–მა (უფლებამონაცვლეები: ე.ნ–ი, ა., მ. და ე. ხ–ი, იხ, საკასაციო სასამართლოს 31.10.2017წ. და სააპელაციო სასამართლოს 12.06.2019წ, განჩინებები; შემდგომში _ მოსარჩელე, პირველი აპელანტი ან კერძო საჩივარზე მოწინააღდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „უ.ს–ისა“ და შპს „კ.ტ.კ–ას“ (შემდგომში _ პირველი და მეორე მოპასუხე, პირველი მოპასუხე ასევე წოდებული, როგორც მეორე აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ და მოითხოვა მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2011 წლის 21 აპრილს დადებული მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულებისა (რომლითაც ბ.ხ–მა სს „უ.ს–ს“ დაუთმო მოთხოვნა შპს „კ.ტ.კ–ას“ მიმართ 2007 წლის 12 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე) და მოსარჩელის მიერ ი.ხ–ის სახელზე 2011 წლის 20 აპრილს გაცემული მინდობილობის ბათილად ცნობა, მეორე მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლების მოსარჩელისათვის დაბრუნება, მეორე მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 1 750 000 აშშ დოლარის, ასევე, პროცენტისა და მიუღებელი შემოსავლის სახით გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადაუხდელი თანხის წლიური 11%-ის დაკისრება (რაც სარჩელის შეტანამდე შეადგენს 1 170 750 აშშ დოლარს).
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი/განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. პირველმა მოპასუხემ განმარტა, რომ გარიგება კანონის მოთხოვნათა დაცვით, სანოტარო წესით იყო დადებული და რაიმე იძულებას ადგილი არ ჰქონია, ამასთანავე, გასული იყო იძულებით დადებული გარიგების შეცილების ვადა, რაც შეეხება მეორე მოპასუხეს, მან დამატებით მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2011 წლის 21 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №110408519), ასევე, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის მიერ 2011 წლის 20 აპრილს ი.ხ–ის სახელზე გაცემული მინდობილობა (რეესტრში რეგისტრაციის ნომრით 110405577). მოსარჩელის მოთხოვნა მეორე მოპასუხის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და პირველმა მოპასუხემ. მოსარჩელემ მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, პირველმა მოპასუხემ მისი უარყოფა მოოთხოვა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივრებზე საქმისწარმოება განახლდა, მოსარჩელის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ ე.ნ–ი, ა., მ. და ე. ხ–ი. ამავე განჩინებით მეორე აპელანტის შუამდგომლობა სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მეორე აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის განუხილველად დატოვება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის გარდაცვალების გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აპრილის განჩინებით მოსარჩელისა და პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივრებზე შეჩერდა საქმის წარმოება მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენამდე, 2016 წლის 14 აპრილამდე. მოსარჩელე გარდაიცვალა 2015 წლის 28 მარტს, საქმისწარმოების განახლების შესახებ განჩინება კი, მიღებულია 2019 წლის 12 ივნისს, საქმისწარმოების შეჩერების შესახებ განჩინების გამოტანიდან სამ წელზე მეტი ვადის, ხოლო, მხარის გარდაცვალებიდან _ ოთხ წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, მაშინ, როდესაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოების შეჩერება მსგავს შემთხვევაში დაიშვება მხოლოდ ერთი წლით, ამ ვადის გასვლის შემდგომ სარჩელი განუხილველად დარჩება. კანონის ხსენებული დანაწესი იმპერატიულია და ნორმის სხვაგვარ განმარტებას გამორიცხავს. სასამართლო ვალდებული იყო, საქრჩელის განუხილველად დატოვების საკითხზე ემსჯელა მის მიერ დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლისთანავე. უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით სასამართლომ სხდომა დანიშნა 2017 წლის 16 თებერვალს, მაშინ, როდესაც დიდი ხნის ამოწურული იყო შეჩერების ვადა, საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა გარდაცვლილი მოსარჩელის უფლებამონაცვლის განცხადება და მოთხოვნა მისი უფლებამონაცვლედ ჩაბმის თაობაზე, მეორე აპელანტმა წარადგინა შუამდგომლობა სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე. მოცემული გარემოებების მიუხედავად სასამართლომ შეფასება არ მისცა სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ შუამდგომლობას და სხდომა გადადო სხვა დროისათვის უფლებამონაცვლის საკითხის გარკვევამდე. აღნიშნულით დაირღვა მეორე აპელანტის მატერიალური და საპროცესო უფლებები. საქმის შეჩერების ერთწლიანი ვადის ამოწურვისა და უფლებამონაცვლეობის თაობაზე განცხადების არარსებობის პირობებში, სასამართლოს აღარ გააჩნდა უფლებამონაცვლეობის საკითხზე მსჯელობის უფლებამოსილება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოცემული საქმის საკასაციო წესით განხილვისას მსჯელობის საგანს წარმოადგენდა მეორე აპელანტის კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინებაზე, რომლითაც გაგრძელდა საქმისწარმოების შეჩერების ვადა. საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინების მსჯელობის საგანი იყო ის საკითხი, თუ როდიდან ითვლებოდა სამკვიდრო მიღებულად და მემკვიდრეთა შორის დავა არ ქმნიდა მათ უკფლებამონაცვლედ მიჩნევისათვის დაბრკოლებას. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი არ ყოფილა ის საკითხი, თუ რა ვადაში მიმართეს მემკვიდრეებმა სააპელაციო სასამართლოს უფლებამონაცვლედ დაშვების თაობაზე. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განამტკიცებს მხარეთა თანასწორობისა და დისპოზიციურობის პრინციპებს და პროცესის თითოეული მხარის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ამ მიზნით ავალდებულებს კანონი სასამართლოს, განუხილველად დატოვოს საქმე იმ შემთხვევაში, თუ უფლებამონაცვლის ვინაობა ვერ დადგინდა მოსარჩელის გარდაცვალებიდან მაქსიმუმ ერთი წლის ვადაში. მოდავე მხარეთა ინტერესების დაცვის მიზნით ადგენს კანონი საქმის წარმოების შეჩერების მაქსიმალურ ვადას, რათა უსასრულოდ არ ელოდოს მხარე უფლებამონაცვლეობის დადგენის საკითხს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „უ.ს–ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს საქმის წარმოების განახლებისა და უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ, ასევე, სარჩელის განუხილველად დატოვებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების კანონიერება. ამ თვალსაზრისით, საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.2.1. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და პირველმა მოპასუხემ, მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თანხის დაკისრების ნაწილში მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება, ხოლო, პირველმა მოპასუხემ _ გარიგებათა ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის უარყოფა;
1.2.2. სააპელაციო საჩივრების წარმოებაში მიღების ეტაპზე, 2015 წლის 28 მარტს გარდაიცვალა მოსარჩელე, რის გამოც, სააპელაციო პოალატამ 2015 წლის 14 აპრილის განჩინებით საქმის წარმოება შეაჩერა მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენამდე, 2016 წლის 14 აპრილამდე;
1.2.3. უფლებამონაცვლეობის საკითხების გასარკვევად სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 16 თებერვალს დანიშნა სასამართლო სხდომა, რომელიც სხვა დროისთვის გადაიდო მოსარჩელის სავარაუდო უფლებამონაცვლის საკითხის გარკვევამდე. ამავე სასამართლოს 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სავარაუდო უფლებამონაცვლეს დაევალა 5 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. 2017 წლის 16 მარტს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინება ე.ნ–ის (მოსარჩელის პირველი რიგის მემკვიდრის) შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ და განმარტა, რომ ამ დროისათვის მოსარჩელის პირველი რიგის მემკვიდრეებს შორის მიმდინარეობდა სამოქალაქო დავა სამკვიდრო ქონების თაობაზე, რის გამოც ნოტარიუსმა სამკვიდრო მოწმობა არ გასცა. აქედან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე წარმოების შეჩერების ვადის გაგრძელება სხვა საფუძვლით - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, კერძოდ, იმის გამო, რომ მოცემული საქმის განხილვა შეუძლებელი იყო ზემოხსენებული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტამდე. ასეთ დროს, სსსკ-ის 281-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმისწარმოება ჩერდება სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;
1.2.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, მოსარჩელისა და პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივრებზე საქმის წარმოების შეჩერების ვადა გაგრძელდა სხვა სამოქალაქო საქმეზე (საქმის ნომერი - 2/20486-15; შეგებებული სარჩელის ავტორი - ე.ნ–ი; მოპასუხე - მ. ხ.; დავის საგანი - მესაკუთრედ აღიარება, სამკვიდრო პასივში წილის განსაზღვრა; თანხის დაკისრება) მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სასამართლომ დაადგინა, რომ ე.ნ–ი და მ. ხ–ი მოსარჩელის პირველი რიგის მემკვიდრეები იყვნენ, რომელთა შორის არსებულ დავას, მესაკუთრედ აღიარების, სამკვიდრო პასივში წილის განსაზღვრისა და თანხის დაკისრების შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. სასამართლოს მოსაზრებით, არსებულ ვითარებაში იკვეთებოდა მოსარჩელის წარმომადგენლის დასაბუთებული იურიდიული ინტერესი საქმის წარმოების შეჩერების ვადის გაგრძელების თაობაზე. რეალურად, საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი ჯერ არ აღმოფხვრილა, რადგან მოსარჩელის პირველი რიგის მემკვიდრეებს შორის ჯერ კიდევ მიმდინარეობდა სამოქალაქო დავა, რაც ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლის დადგენას გამორიცხავდა ხსენებული სამოქალაქო დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;
1.2.5. სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება პირველმა მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გარდაცვლილი მოსარჩელის მემკვიდრეებმა ნოტარიუსს კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში მიმართეს და შესაბამისად, სამკვიდროც მიიღეს. აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოებაზე კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია და არც ამის უარმყოფელი რაიმე მტკიცებულება წარუდგენია. საკასაციო პალატის დასკვნით, მემკვიდრეთა ხსენებული მოქმედებები, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამკვიდროს მიღებულად მიჩნევას განაპირობებდა, ის გარემოება, რომ მათ არ აუღიათ სამკვიდრო მოწმობა, არ გამორიცხავდა მემკვიდრედ მიღებას, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლით დადგენილ ვადაში მემკვიდრეთა მხრიდან ნოტარიუსისათვის მიმართვა მათ მემკვიდრედ მიჩნევის საფუძველს წარმოადგენდა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, პირთა უფლებამონაცვლედ ჩაბმისათვის საკმარისი საფუძველი იყო;
1.2.6. 2018 წლის 5 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მეორე აპელანტმა და მოითხოვა სარჩელის განუხილველად დატოვება იმ საფუძვლით, რომ გარდაცვლილი მოსარჩელის უფლებამონაცვლეებმა სასამართლოს საქმისწარმოების შეჩერების ვადის გასვლის შემდგომ მიმართეს.
1.3. საკასაციო პალატა უარყოფს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიებს და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ სწორად განაახლა საქმის წარმოება. საკასაციო სასამართლო აღარ მიუბრუნდება უფლებამონაცვლეობის მატერიალურ წინაპირობებს, რადგანაც იგი საკასაციო სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე შეფასებულია. სააპელაციო სასამართლომ კი, საკასაციო პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაში გადმოცემული სამართლებრივი დასაბუთების შესაბამისად, მართებულად დაადგინა, რომ ე.ნ–მა, მ., ა. და ე. ხ–მა სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლით დადგენილ ვადაში მიმართეს ნოტარიუსს განცხადებით სამკვიდროს მიღების თაობაზე, ისინი წარმოადგენენ გარდაცვლილი პირის კანონისმიერ პირველი რიგის მემკვიდრეებს და მათ სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მიიღეს სამკვიდრო, შესაბამისად, არსებობდა ამ პირთა მოსარჩელის უფლებამონაცვლედ დაშვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით განსაზღვრული საფუძველი (მოსარჩელის ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს მეორე მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ თანხის დაკისრება, რაც, სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს აქტივში შემავალი მოთხოვნაა), ამასთანავე, უდავოა, რომ საქმის წარმოების შეჩერებას საფუძვლად უფლებამონაცვლის დადგენა წარმოადგენდა, ვინაიდან აღმოიფხვრა საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი, სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის შესაბამისად, მართებულად განაახლა საქმის წარმობა.
1.4. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სასამართლოს განუხილველად უნდა დაეტოვებინა სარჩელი, პალატა მას არ იზიარებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შინაარსის (ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით) გარკვევის მიზნით საჭიროა ხსენებული ნორმის სისტემური გაანალიზება. მართალია ხსენებული ნორმის პირველი ნაწილი ადგენს სარჩელის განუხილველად დატოვების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუკი საქმის წარმების შეჩერების ვადის განმავლობაში მოსარჩელის უფლებამონაცვლეობის საკითხი არ დადგინდება, თუმცა კანონმდებელი მოსარჩელის უფლებამონაცვლეს არ ართმევს უფლებას, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე მოთხოვნით, რაც შეეხება მოპასუხის გარდაცვალებას, ამ შემთხვევაში ადგენს მოსარჩელის ვალდებულებას, მიუთითოს პირზე, რომელმაც მიიღო სამკვიდრო, ხოლო, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, უფლებამონაცვლედ ჩაებმება სახელმწიფო, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის შესაბამისად, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში, თავის მხრივ, სამოქალაქო კოდექსის 1492-ე მუხლის თანახმად, უმკვიდრო ქონების სახელმწიფოზე გადასვლისას სახელმწიფო პასუხს აგებს უმკვიდრო ქონების შესაბამისი ნაწილით მამკვიდრებლის ვალებზე ისე, როგორც მემკვიდრე. ხსენებული ნორმების ჭრილში საკასაციო სასამართლო შეფასებას აძლევს სამოქალაქო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის იმ დანაწესს, რომელიც სამკვიდრო ქონების არარსებობის პირობებში ითვალისწინებს საქმის წარმოების შეწყვეტას და ასეთ შემთხვევაში, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად, მხარე კარგავს სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვის შესაძლებლობას. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა გამომდინარეობს გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობიდან, რომელიც სასამართლო ხელისაწვდომობის უფლების ნაწილია და ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლის ფარგლებში სამართალწარმოების მიზანი მიიღწევა არა მხოლოდ დავის ფორმალურად გადაწყვეტისას, არამედ, დარღვეული უფლების რეალურად აღდგენის შემთხვევაში, ანუ პრეცედენტული სამართალი მოითხოვს, რომ სამართალწარმოების აქტი რეალურად აღსრულებადი იყოს (მრავალთა შორის იხ. მაგ: ECHR აპოსტილი საქართველოს წინააღმდეგ).
1.5. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს განჩინებით დადგენილ ვადაში მოსარჩელის უფლებამონაცვლის დაუდგენლობის გამო სარჩელის განუხილველად დატოვება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნტის თანახმად, შესაძლებელია მეტად გამართლებული იყოს დავის პირველი ინსტანციის წესით გადაწყვეტისას, თუმცა, სააპელაციო განხილვის ეტაპზე, როდესაც ირკვევა უფლებამონაცვლის ინტერესი დავის მიმართ, თუნდაც საპროცესო ვადის გასვლის შემდგომ, შესაძლოა მხოლოდ ფორმალობად იქნას მიჩნეული, რამდენადაც მას კვლავ შეუძლია ამავე მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს და კანონის ამგვარი განმარტება საქმის ეფექტიანი განხილვის პრინციპის საწინააღმდეგო გამოვა. საკასაციო პალატა აქვე ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხეთა მიერ წარდგენილ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ შესაგებელზე, რომელიც მოთხოვნის ხანდაზმულობას შეეხება, თუმცა, ვერც ამ თვალსაზრისით იქნება კერძო საჩივარი საფუძვლიანად მიჩნეული, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობა წყდება სარჩელის წარდგენით. სასამართლო განხილვის განმავლობაში, ამავე კოდექსის 139-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვეტილად მიიჩნევა. ნიშანდობლივია ამავე კოდექსის 140-ე და 141-ე მუხლების შინაარსი, რომელთა თანახმადაც, სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან. თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.
1.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მართებულად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის განუხილველად დატოვება არ იყო გამართლებული, რის გამოც, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრულ დასაბუთებულ შედავებას, რაც მისი უარყოფის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „უ.ს–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი