Facebook Twitter

საქმე №ას-1416-2019 30 მარტი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ.გ–ძე (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ნ–ძე (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით 80 კვ.მ უძრავი ნივთით სარგებლობისათვის კასატორისათვის ყოველწლიური კომპენსაციის _ 280 ლარის დაკისრება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა (თავდაპირველ სარჩელში), ქონებით სარგებლობისათვის კომპენსაციის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა და სარჩელის/შეებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. თ.ნ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე, აპელანტი ან კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.გ–ძის (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ან კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი, ქ.თბილისში, ..... მდებარე 80 კვ.მ უძრავი ქონების (ს/კ #....., შემდგომში _ სადავო ქონება) გამოთხოვა.

1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2004 წლიდან მოსარჩელეს საკუთრებაში აქვს ქ.თბილისში, ...... მდებარე უძრავი ქონება. 2006 წელს მოსარჩელემ მისი კუთვნილი ნაკვეთის ნაწილი _ 300 კვ.მ მიჰყიდა ი.ჩ–ძეს და გაყიდული ნაკვეთი ახალი მესაკუთრის სახელზე დარეგისტრირდა დამოუკიდებელი საკადასტრო კოდით. ი.ჩ–ძე გასცდა საკუთარი მიწის ნაკვეთის საზღვრებს და 2015 წელს მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე უკანონოდ ააშენა შენობა-ნაგებობა. ჯამში, გარდა კუთვნილი 300 კვ. მეტრისა, დამატებით 80 კვ.მ ნაკვეთი უკანონოდ შემოღობა და მიითვისა. 2016 წლის 16 მარტს, ი.ჩ–ძემ უძრავი ნივთი გაასხვისა მოპასუხეზე. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო მეზობელი მიწის ნაკვეთის გადაფარვის თაობაზე, მან მაინც შეიძინა უძრავი ნივთი და უარს ამბობს როგორც სადავო 9 კვ.მ შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე, ისევე - თ.ნ–ძის კუთვნილი 71 კვ.მ მიწის ნაკვეთის გათავისუფლებაზე.

1.2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა თავდაპირველი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთიდან 80 კვ. მეტრით (საიდანაც 9 კვ.მ არის შენობა, ხოლო 71 კვ.მ _ მიწის ნაკვეთი) სარგებლობის თმენის ვალდებულების სანაცვლოდ 20 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 280 ლარის ოდენობით კომპენსაციის დაკისრება.

1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წელს შეგებებული მოსარჩელე აღირიცხა საჯარო რეესტრში თავდაპირველი მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ. შეგებებული მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ სარგებლობაში აქვს თავდაპირველი მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთიდან 80 კვ. მეტრი, თუმცა, მიიჩნევს, რომ შეგებებულ სარჩელზე მოპასუხე ვალდებულია, კომპენსაციის სანაცვლოდ, ითმინოს მისი ნაკვეთით სარგებლობა, რადგან სადავო შენობა-ნაგებობა აშენდა 2007 წელს და მოპასუხის კუთვნილი უძრავი ნივთის ყოფილ მესაკუთრეს, ი.ჩ–ძეს, განზრახ არ დაურღვევია ნაკვეთის საზღვრები. ნივთის წინა მესაკუთრე კვლავაც სადავო მისამართზე ცხოვრობს, რომელმაც თავდაპირველი მოსარჩელისგან 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა 2006 წელს და, პირველ რიგში, ნაკვეთი შემოღობა თავად თ.ნ–ძის მითითებითა და მისი თანხმობით. ნაკვეთის შეღობვის შემდეგ, 2007 წელს ი.ჩ–ძემ ააშენა 40 კვ.მ შენობა-ნაგებობა და როგორც ეზო, ისე _ შენობა-ნაგებობა, დღეს იმავე სახით არსებობს, როგორც არსებობდა 2007 წელს. სადავო 9 კვ.მ შენობა-ნაგებობა არის 2007 წელს ი.ჩ–ძის მიერ აშენებული 40 კვ.მ შენობა-ნაგებობის ნაწილი _ საძინებელი, დანარჩენი 71 კვ.მ მიწის ნაკვეთიც შემოღობილია 2007 წლიდან, რასაც ადასტურებს ამ ნაკვეთზე ი.ჩ–ძის მიერ დარგული ათწლიანი ხეები. თავდაპირველი მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხდება იმ 300 კვ.მ საზღვრებში, რომელიც ი.ჩ–ძეს ფაქტობრივი სარგებლობისთვის თ.ნ–ძემ განუსაზღვრა და მიჰყიდა 2006 წელს და რომელიც თ.ნ–ძის სახელზე აღრიცხული უძრავი ნივთის საზღვრებში აღმოჩნდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელის განცხადების საფუძველზე, 2016 წელს ცვლილება შევიდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულ აზომვითი ნახაზების მონაცემებში.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. თავდაპირველი სარჩელის წინააღმდეგ მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ ნივთი დღევანდელი კონფიგურაციითა და სახით, მოსარჩელესთან შეთანხმებით არსებობს 2007 წლიდან და რაიმე მშენებლობა მოპასუხეს 2007 წლის შემდეგ მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე არ უწარმოებია;

2.2. შეგებებული სარჩელი არც თავდაპირველმა მოსარჩელემ ცნო. შესაგებლის თანახმად, თ.ნ–ძემ 2015 წელს, სადავო მშენებლობის დაწყებისთანავე, განაცხადა პრეტენზია, რის გამოც, როგორც შენობა-ნაგებობის უკანონო ნაწილი ექვემდებარება დემონტაჟს, ისე _ უკანონოდ დაკავებული ეზო გათავისუფლებას.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი უარყოფილ იქნა, შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაწესდა ფულადი კომპენსაცია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული #01.... უძრავი ნივთის ნაწილის _ 80 კვ. მეტრის (საიდანაც 9 კვ.მ არის შენობა, ხოლო 71 კვ.მ _ მიწის ნაკვეთი), #01..... უძრავი ქონების მესაკუთრის, შეგებებული მოსარჩელის მიერ სარგებლობის თმენის ვალდებულებისათვის, ყოველწლიურად წინასწარ გადასახდელი 280 ლარის ოდენობით, თ.ნ–ძის კუთვნილი ნაკვეთით სარგებლობის ვადით.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო, შეგებებული სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა თავდაპირველი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ...... მდებარე #...... უძრავი ქონებიდან 71 კვ.მ და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს. ამავე გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: დაწესდა ფულადი კომპენსაცია თავდაპირველი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული #...... უძრავი ქონებიდან 9 კვ. მეტრის #..... მიწის მესაკუთრის მიერ სარგებლობის თმენის ვალდებულებისათვის ყოველწლიურად, წინასწარი გადახდით 31,5 ლარის ოდენობით თ.ნ–ძის კუთვნილი ნაკვეთით სარგებლობის ვადით.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით 80 კვ.მ უძრავი ნივთით სარგებლობისათვის კასატორისათვის ყოველწლიური კომპენსაციის _ 280 ლარის დაკისრება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.04.2016წ. ინფორმაციით, თ.ნ–ძის საკუთრებაში არსებული, #...... უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე, თ.ნ–ძის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა 2 უძრავი ნივთი: 1) 300 კვ.მ #...... და 2) 1200 კვ.მ #......;

1.2.2. 1200 კვ.მ დაზუსტებული ფართობი წარმოადგენს თავდაპირველი მოსარჩელის საკუთრებას, ხოლო, 300.00 კვ.მ შეგებებული მოსარჩელის. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 16.03.2016წ. უფლების რეგისტრაციის თარიღია: 16.03.2016წ.;

1.2.3. შეგებებული მოსარჩელის სახელზე რიცხული უძრავი ნივთის წინამორბედ მესაკუთრეს წარმოადგენა ი.ჩ–ძე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს უძრავი ქონების ნასყიდობის #1-1717 ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 18.04.2006წ;

1.2.4. საქმეში წარმოდგენილ ორთოფოტოზე ასახულია სადავო გადაფარვა, აღნიშნულით დასტურდება, რომ სადავო უძრავი ნივთი დღევანდელი სახით ი.ჩ–ძის სარგებლობაში იყო ჯერ კიდევ 2007 წლიდან, ამასთან, თავდაპირველი მოსარჩელის კუთვნილი #01...... მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მონაცემებში ცვლილება შევიდა 2016 წელს, რის შემდეგაც მხარეების კუთვნილ მიწის ნაკვეთებს შორის ფიქსირდება ზედდება;

1.2.5. შეგებებული მოსარჩელის სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთიდან 80 კვ.მ (საიდანაც 9 კვ.მ შენობა-ნაგებობაა და 71 კვ.მ მიწის ნაკვეთი) თავდაპირველი მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხული უძრავი ნივთის საზღვრებშია მოქცეული. აღნიშნული ასევე დასტურდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 13 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად, ქ.თბილისში, ......, ...... ქუჩა #41-ში მდებარე #..... და #..... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებს შორის არსებული საზღვარი (ღობე) არ შეესაბამება რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებულ საკადასტრო საზღვრებს _ წითელ ხაზებს, რისი გათვალისწინებითაც, ნ.გ–ძის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი ხვდება #...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში (წითელ ხაზებში), კერძოდ გადაფარვის ფართი შეადგენს 80 კვ.მ-ს;

1.2.6. #..... მიწის ნაკვეთის წინა მესაკუთრე, ი.ჩ–ძე, განზრახვის გარეშე გადასცდა თ.ნ–ძის ნაკვეთის საზღვრებს 2007 წელს, რის თაობაზეც თ.ნ–ძეს წინასწარ ან შეტყობისთანავე არ განუცხადებია. მშენებლობის 2007 წელს წარმოების ფაქტი დაადასტურეს თავდაპირველი მოსარჩელის ინიციატივით დაკითხულმა მოწმეებმა, გარდა ამისა შენობა ასახულია 2007 წელს შესრულებულ ორთოფოტოზე;

1.2.7. შეგებებული მოსარჩელის სარგებლობაში არსებული სადავო 80 კვ. მეტრიდან 9 კვ.მ წარმოადგენს შენობა-ნაგებობას, ხოლო, 71 კვ.მ _ მიწის ნაკვეთს;

1.2.8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით 80 კვ.მ ქონებით სარგებლობის თმენის ვალდებულებისათვის დაწესებული ყოველწლიური საკომპენსაციო თანხა 280 ლარი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. შესაბამისად, 9 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თმენის ვალდებულებისათვის გადასახდელი თანხა პროპორციულად შეადგენს 31.5 ლარს.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს, რომლებიც ძირითადად სააპელაციო პალატის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 179-ე მუხლის განმარტების სისწორეს შეეხება და აღნიშნავს, რომ თავდაპირველი სარჩელის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები წარმოადგენს. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი (სკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები), რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე _ საკუთრების უფლების ნამდვილობას და როგორც ერთი, ისე _ მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ, როგორც მფლობელმა შესაგებლითა და შეგებებული სარჩელის აღძვრით დასაბუთებული პრეტენზია წარადგინა, კერძოდ, მან მიუთითა, რომ მშენებლობისას განზრახვის გარეშე გადასცდა სამეზობლო საზღვარს, რაც თავდაპირველ მოსარჩელეს იმთავითვე არ გაუხდია სადავო. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მართლაც არსებობს სხვისი საკუთრების შეზღუდვის სამოქალაქო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის წინაპირობები, თუმცა, არა სრულად 80 კვ.მ ნივთზე, არამედ მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელზეც შენობაა აგებული. ამ შემთხვევაში გასაზიარებელი სააპელაციო პალატის განმარტება, რომ სამოქალაქო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი მოიაზრებს არა ნებისმიერ სარგებლობას, არამედ მხოლოდ მყარ ნაგებობას და მხოლოდ მყარი ნაგებობის არსებობითაა გამართლებული ორ მესაკუთრეს შორის კოლიდირებული ინტერესების იმგვარი დაბალანსება, როდესაც მყარი ნაგებობის მესაკუთრეს უნარჩუნდება სხვის საკუთრებაზე მფლობელობა, ხოლო უფლებადარღვეული მესაკუთრე, ზემოხსწენებული ნორმის მეორე ნაწილის შესაბამისად, მიიღებს კომპენსაციას საკუთრების უფლებაში ჩარევისათვის. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ ქვემდგომმა სასამართლომ ნაგებობისაგან თავისუფალი მიწის ნაკვეთის ვინდიცირების ნაწილში მართებულად დააკმაყოფილა თავდაპირველი სარჩელი, ხოლო, შენობით დატვირთული მიწის პროპორციულად კანონიერად შეიზღუდა მესაკუთრის უფლებები, რომელმაც ყოველწლიურად უნდა მიიღოს თმენის გამო კომპენსაცია. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ შედავებას.

1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც უძრავი ნივთის ვინდიცირების, ასევე, მესაკუთრის უფლების შეზღუდვის გამო მიჯნის დამრღვევი მეზობლისათვის თმენის კომპენსაციის დაკისრების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

განსახილველი დავის საგნის ღირებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, განისაზღვრება 4 000 ლარით და ამავე კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განეკუთვნება მაგისტრატი მოსამართლის განსჯად დავას. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრება 150 ლარით. საქმეში წარმოდგენილი სახელმწოფო ბაჟის ქვითრით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილია 150 ლარი, რომელიც, ამავე კოდექსის 42-ე მუხლის ანალოგიით ექვემდებარება დაბრუნებას, გარდა ამისა, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს ასევე უნდა დაუბრუნდეს დარჩენილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 42-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.გ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ნ.გ–ძეს (პ#.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს თ.ა–ის მიერ 23.07.2019წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 ლარი, ასევე, დარჩენილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი