საქმე №ას-1406-2019 30 მარტი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დ.ბ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
დ.ბ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს–ას“ (შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდებე მხარე) მიმართ მხარეთა შორის 2006 წლის 15 აგვისტოს დადებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლისა და მოპასუხისათვის 312 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და არსებითი შედავება წარადგინა, სადაც მიუთითა მხარეთა შორის მიმდინარე სასამართლო დავების დროს მიღწეულ შეთანხმებასა და მისი პირობების მოპასუხის მიერ შესრულებაზე, რაც, მისი განმარტებით, გამორიცხავს მოთხოვნას.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად და აპელანტს დაუბრუნდა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი _ 100 ლარი.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
6.2. კერძო საჩივარი ძირითადად შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ემყარება: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა აპელანტის ქონებრივი მდგომარეობა და არ გადაუვადა სახელმწიფო ბაჟი. ქონებრივი მდგომარეობის დადასტურების მიზნით აპელანტმა სასამართლოს წარუდგინა მოვალეთა რეესტრში აპელანტის რეგისტრაციის თაობაზე ცნობა, ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ცნობა, რომლის თანახმადაც მხარეს შემოსავალი არ ერიცხება, გარდა ამისა, აპელანტმა გადაიხადა სახელმწიფო ბაჟის ნაწილი _ 100 ლარი და იშუამდგომლა დარჩენილი ნაწილის გადავადება. სააპელაციო პალატამ კი, ნაცვლად იმისა, რომ გაეზიარებინა შუამდგომლობა, სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ.ბ–ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) მითითებულ კანონი არ არის დარღვეული;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. წინამდებარე განჩინებით საკასაციო სასამართლო შეაფასებს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება თუ არა აპელანტის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რაც შესაძლებელს ხდიდა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდის გადავადებას, თუ სააპელაციო პალატამ სწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, პალატა ითვალისწინებს საქმის მასალებით დადგენილი შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
1.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.1. მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და ბ) სახელმწიფო ბაჟის, 5 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა. აპელანტს საპროცესო ვადა განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით;
1.2.2. ამავე სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის განჩინებით ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. აპელანტს საპროცესო ვადა გაუგრძელდა 10 დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 5 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის სასამართლოში წარდგენა;
1.2.3. 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ აპელანტის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ხოლო ხარვეზის გამოსწორების ვადა გაგრძელდა 5 დღით;
1.2.4. 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტის შუამდგომლობა კვლავ დაკმაყოფილდა და აპელანტს დამატებით მიეცა 5 დღის ვადა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის _ 4 900 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარსადგენად;
1.2.5. დადგენილ ვადაში მხარემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და განმარტა, რომ მხარე იმყოფება მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, მას არ აქვს რაიმე შემოსავალი, რაც დასტურდება წარდგენილი ცნობით შემოსავლების სამსახურიდან. მას ასევე არ აქვს რაიმე უძრავი ქონება, რის გამოც ვერ იხდის ბაჟს. განმცხადებელი უთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი მოვალეთა რეესტრიდან, რითაც დასტურდება, რომ აპელანტის მიმართ დაწყებულია იძულებითი აღსრულება და იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.
1.3. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები საკმარისი იყო შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებისათვის. ამ თვალსაზრისით, პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (სასამართლო ხელმისაწვდომობა) ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლი), თუმცა, ეს უფლება არ არის შეუზღუდავი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია, ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. კანონის მითითებული ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა დასაშვებია ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე, გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მათი გადახდა (სსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლოს ხელმისაწვდომობა თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ გაუარესდება და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის გარანტირებულ უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია, გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.
1.4. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საპროცესო კანონმდებლობა შუამდგომლობის ავტორს აკისრებს არა მხოლოდ მითითების, არამედ _ მტკიცების ტვირთსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ შუამდგომლობის ავტორი ვალდებულია, არა მხოლოდ მიუთითოს ფაქტებზე, არამედ, წარადგინოს ამ ფაქტების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. განსახილველ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ აპელანტმა შუამდგომლობის დასაბუთების მიზნით მხოლოდ 2019 წლის 12 ივლისს წარდგენილ განცხადებას დაურთო ცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან. ამ მტკიცებულების თანახმად, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 25 ივნისის ჩათვლით აპელანტს არ უფიქსირდება შემოსავლის მიღება. რაც შეეხება მხარის მითითებულ გარემოებას, თითქოს ის რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და მის მიმართ მიმდინარეობს იძულებითი სააღსრულებო პროცესი, მხარეს მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები, მიუხედავად განცხადებებში მითითებისა, არც სააპელაციო სასამართლოსათვის არ წარუდგენია და არც კერძო საჩივარზე არ დაურთავს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურს არ მოეპოვება ინფორმაცია შემოსავლის მიღების თოაბაზე, ვერ იქნება უპირობოდ გაზიარებული და მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დადასტურებისათვის საკმარისი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, შეაფასა ხსენებული მტკიცებულება და სწორად დაასკვნა, რომ იგი არ წარმოადგენდა შუამდგომლობის დაკმაყოფილებისათვის საკმარისს. სხვა მხრივ კი, უდავოა, რომ აპელანტს, მიუხედავად საკმაოდ ხანგრძლივი ვადის მიცემისა, ხარვეზი სრულყოფილად არ გამოუსწორებია. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების განხორციელება, გარდა დარღვეული უფლების აღდგენისა, მის ეფექტიანობაზეა ორიენტირებული, რაც თავისთავად საქმის დროულად გადაწყვეტას გულისხმობს, გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დაკისრებული მოქმედების შესრულება მხარის დისპოზიციური ნებაა, თუმცა, იგი ამავდროულად ხდება შესაბამისი შედეგების რისკის მატარებელი. კონკრეტულ შემთხვევაში, საკითხი ეხება რა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგებს, მოთხოვნის მომწესრიგებელი ნორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილია, რომლის თანახმადაც, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
1.5. საბოლოოდ, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული დასაბუთებული შედავება, რაც მისი მოთხოვნის უარყოფის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.ბ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი