საქმე №ას-1388-2019 26 მარტი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ჩ.რ. ... ბ.ჯ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ დ.გ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის უარყოფა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. დ.გ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე, დაზარალებული ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჩ.რ. 23-ე ბ.ჯ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან მოვალე) მიმართ, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის _ 40 401,92 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის საკუთრებაშია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მდებარე საცხოვრებელი სახლი, სადაც მოპასუხე აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მშენებლობის დროს განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის დაზიანება. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 სექტემბრის დასკვნის თანახმად, სახლის ტექნიკური მდგომარეობა მთლიანობაში დამაკმაყოფილებელია, ხოლო სარდაფის, გრავიტაციული საყრდენი კედლისა და ღობის ბეტონოს ზეძირკვლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და არსებული დაზიანებები გამოწვეულია გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული ვიბრაციული დატვირთვების ზემოქმედებით. ინდ.მეწარმე ზ.გ–ძის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, უძრავი ქონების რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა შეადგენს 40 401,90 ლარს. სწორედ ამ თანხით უნდა განისაზღვროს მოპასუხის მოქმედებით მიყენებული ზიანის ოდენობა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის სახლი გვირაბიდან საკმაოდ დაშორებულია და აფეთქებით სამუშაოებს ის არ დაუზიანებია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა დაუსაბუთებელია, თუმცა, ექსპერტი არც მიუთითებს, რომ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები აფეთქებითი სამუშაოებით არის გამოწვეული, მის მიერ წარმოდგენილი აფეთქებების მონიტორინგის განმახორციელებელი საერთაშორისო კომპანია „ე–ის“ დასკვნით კი, გამორიცხულია მოსარჩელეთა სახლის დაზიანება მოპასუხის ბრალით. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული ხარჯები არ გამომდინარეობს ექსპერტიზის დასკვნიდან.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი, ასევე, 2018 წლის 2 მარტის საოქმო განჩინების (ადგილზე დათვალიერებისა და ექსპერტიზის ჩატარებისათვის საჭირო მასალების მოპასუხისაგან გამოთხოვის თაობაზე მტკიცებულების საქმისათვის დართვაზე უარის თქმის შესახებ) გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის _ 40 401,92 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის უარყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად შემდეგ დასკვნებს ეფუძნება:
1.2.1. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მდებარე 575,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (ს/კ #......) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელის საკუთრების (თანასაკუთრების) უფლებაა რეგისტრირებული;
1.2.2. მოსარჩელის უძრავი ქონებისათვის მიყენებული ზიანი მოპასუხის ქმედებებით არის გამოწვეული (2017 წლის 18 სექტემბერს შედგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ექსპერტის წინაშე დასმული კითხვა იყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ტექნიკური მდგომარეობა და დაზიანების გამომწვევი მიზეზები. ზოგადად და ასევე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილებით, ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. ამდენად, შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე არ არსებობს. მობინადრის განცხადებით, ფერდობის საყრდენი კედლის დაზიანებები დაიწყო და პროგრესირება გაგრძელდა სოფელ ...... სარკინიგზო გვირაბის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ, კერძოდ აფეთქებით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით, რომელიც მიმდინარეობდა ხანგრძლივად და დიდი სიხშირით, რის გამოც, როგორც მათ სახლში, ასევე მეზობლად მდებარე შენობებში აღინიშნებოდა საკმაოდ ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგები. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მეწყრული პროცესების გააქტიურება და მისი კუთვნილი შენობა-ნაგებობების დაზიანებები ძირითადად შესაძლოა გამოწვეული იყოს მიწისძვრების ან სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს, ვიბრაციული დატვირთვების ზემოქმედებით). სადავო შენობის ტექნიკური მდგომარეობა მთლიანობაში დამაკმაყოფილებელია, ხოლო, სარდაფის, გრავიტაციული საყრდენი კედლისა და ღობის ბეტონის ზეძირკვლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. აუცილებელია სარდაფის, გრავიტაციული საყრდენი კედლის, ღობის ბეტონის ზეძირკვლისა და საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და მიღებული შედეგების ანალიზის შემდეგ აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით. იმის დასადგენად მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებები გამოწვეულია თუ არა გვირაბის სამშენებლო სამუშაოებით, ექსპერტმა საჭიროდ მიიჩნია სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს ჩატარებული აფეთქებითი ტექნიკური დოკუმენტაციისა და ტოპო-გეოდეზიური სქემის, სარკინიგზო გვირაბისა და კრედიტორის საკუთრებაში არსებული სახლის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა. 2018 წლის 30 ოქტომბერს შედგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ექსპერტს დაესვა კითხვა _ დამატებით წარდგენილი მასალის საფუძველზე შესაძლებელი იყო თუ არა დადგენილიყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ტექნიკური მდგომარეობა და დაზიანების გამომწვევი მიზეზები, ამასთან, სოფელ ......, დ.გ–ის ეზოს გასწვრივ მდებარე, მსხვილი სამშენებლო ბეტონის ბლოკებით მოწყობილი გრავიტაციული საყრდენი კედელი მთლიანად იყო თუ არა დეფორმირებული. ექსპერტის დასკვნით, კედლის ნაწილი მთლიანად გადახრილია ვერტიკალური სიბრტყიდან, გატეხილია ბეტონის შემკრავი სარტყელი, ცალკეული ბლოკები დაძრულია, ბლოკების შეპირაპირების ადგილებში გაჩენილია ღრეჩოები და ამოსულია მცენარეულობა. გრავიტაციული საყრდენი კედლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. მოსარჩელის ეზოს გასწვრივ მდებარე, მსხვილი სამშენებლო ბეტონის ბლოკებით მოწყობილი საყრდენი კედლის დაზიანებები მაკროსეისმური შკალის (EMS-98) მიხედვით, მიეკუთვნება მე-3 ხარისხს. ექსპერტის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ 2012-2015 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე არ მომხდარა ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები, რომლებიც გამოიწვევდა ხაშურის რაიონის სოფელ ...... მდებარე შენობა-ნაგებობების მნიშვნელოვან დაზიანებებსა და სოფელ ...... მდებარე მოსარჩელის ეზოს გასწვრივ მსხვილი სამშენებლო ბეტონის ბლოკით მოწყობილ გრავიტაციულ საყრდენ კედელზე არსებული დაზიანებების სპეციფიკურ ხასიათს, შესაძლებელია დასკვნის გაკეთება მასზედ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მდებარე დ.გ–ის ეზოს გასწვრივ მსხვილი სამშენებლო ბეტონის ბლოკებით მოწყობილ გრავიტაციულ საყრდენ კედელზე არსებული დაზიანებები და არსებული დაზიანებების დამძიმება (თუ ასეთი დაზიანებები არსებობდა #9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე) გამოწვეულია #9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად. დასკვნის კვლევითი ნაწილიდან ირკვევა, რომ ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, დამკვეთის მიერ წარდგენილი იქნა მოპასუხე კომპანიის დირექტორის წერილი, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წერილი და სამთო-სამონტაჟო აფეთქებითი საქმის საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურების კომპანია „ე–ის“ მიერ შესრულებული დასკვნა _ „აფეთქებითი ვიბრაციის მონაცემების შეფასება სოფელ ...... მდებარე მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამშენებლო ობიექტისათვის“. დასკვნის კვლევით ნაწილში კომპანიის დირექტორის წერილზე დაყრდნობით მითითებულია, რომ სოფელ ...... ტერიტორიაზე #9 სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოები 2012 წლის ივლისიდან დაიწყო. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წერილის საფუძველზე აღნიშნულია, რომ 2011-2016 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე მიწისძვრები დაფიქსირდა 2011 წლის 18 აგვისტოს (ამბროლაური _ 5.2 მაგნიტუდა) და 2016 წლის 12 ივლისს (დმანისი _ 5.0 მაგნიტუდა). სამთო-სამონტაჟო-აფეთქებითი საქმის საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურების კომპანია „ე–ის“ მიერ შესრულებული „აფეთქებადი ვიბრაციის მონაცემების შეფასება სოფელ ...... მდებარე მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამშენებლო ობიექტისთვის“ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში მითითებულია, რომ აფეთქების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგის მიზნით, სადამკვირვებლო სამუშაოები მიმდინარეობდა 09.10.2012-13.10.2012, 01.03.2013-16.06.2013 და 29.07.2015-06.06.2016 პერიოდებში. დასკვნაზე დაყრდნობით ექსპერტი აღნიშნავს, რომ 01.03.2013-16.06.2013; 29.07.2015-06.06.2016 პერიოდებში არ მიმდინარეობდა უწყვეტი მონიტორინგი. გარდა ამისა, ორივე პერიოდში მრავალჯერ ფიქსირდება 2, 3, 4 და 5-დღიანი გამოტოვებული შუალედები. ექსპერტის განმარტებით, კომპანია „ე–ის“ მიერ შესრულებულ დოკუმენტში გამოყენებულ თეორიულ მიდგომაში (მათემატიკურ მოდელში), რომელიც გამოყენებულია აფეთქებით გამოწვეული მანძილის დასადგენად, უგულვებელყოფილია ისეთი მნიშვნელოვანი პარამეტრი, როგორიცაა რხევის სიხშირე. ამ მათემატიკური მოდელის გამოყენებით დადგენილია, რომ რისკის ზონა შეადგენს 29 მეტრს. შენობები რომლებიც განთავსებულია აფეთქების ადგილიდან ამ მანძილზე მეტი დაშორებით, ზიანის თვალსაზრისით მიიჩნევა დაბალი რისკის შემცველად. ამ მიდგომით ზემოქმედების ზონაში მდებარეობს მხოლოდ 4 სახლი, ხოლო, იმ სახლების რიცხვი, რომლებიც მდებარეობენ ზემოქმედების ზონიდან ახლო მანძილზე ხუთს შეადგენს. კომპანია „ე–ის“ მიერ შესრულებულ დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ კარების მიჯახუნება, ქარი, წვიმა, მანქანების მოძრაობა, ბავშვების სირბილი და ლურსმნის ჩაჭედება ჩაქუჩით უფრო მეტ ვიბრაციას (რხევას) გამოყოფს, ვიდრე განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოები. დასკვნის კვლევით ნაწილში ექსპერტი განმარტავს, რომ ზუსტი მოდელი, რომელიც უტყუარად შეაფასებს აფეთქებით გამოწვეულ ზიანს მიმდებარედ არსებულ გარემოზე, არ არის შემუშავებული. ცნობილია შემთხვევები, როდესაც აფეთქების ზონასთან უფრო ახლოს მდებარე შენობები უფრო ნაკლებად ზიანდება, ვიდრე უფრო შორს მდებარე შენობები. ასევე ცნობილია, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და მრავალჯერადად განმეორებული ვიბრაციული დატვირთვების შედეგად ხდება თიხნარი გრუნტების გაფხვიერება, ხოლო ქვიშნარი გრუნტების ჯდენა, რაც შესაბამისად აისახება შენობა-ნაგებობების ტექნიკურ მდგომარეობაზე. გარდა ამისა, მხოლოდ თეორიული მოდელი არ არის საკმარისი საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად, რადგან აფეთქებით გამოწვეული ზინისა და სიმძლავრის დასადგენად, აუცილებელია კომპლექსური მიდგომა, კერძოდ, გეოტექნიკური და საინჟინრო ანალიზის ჩატარება და სხვა ფაქტორების გათვალისწინება (რასაც არ ითვალისწინებს კომპანია „ე–ის“ დასკვნა). ექსპერტის განმარტებით, თეორიული მიდგომა (მათემატიკური მოდელი), რაც გამოყენებულია კომპანია „ე–ის“ მიერ შესრულებულ დოკუმენტში, არასრულყოფილია და ვერ ასახავს რეალურ მდგომარეობას სოფელ ...... მდებარე შენობების აფეთქებითი სამუშაოების გავლენით შესაძლო დაზიანების შესახებ, რადგან ამ მიდგომით, თეორიულად განსაზღვრული შენობების რაოდენობა შეადგენს ცხრას, ხოლო, რეალურად დაზიანებულია ასზე მეტი შენობა-ნაგებობა (უდავოა, რომ ზემოაღნიშნულ დასკვნებში მითითებული დ.გ–ი უძრავ ნივთთან მიმართებით მოსარჩელის უფლებრივი წინამორბედია). 30.10.2018 წლის დასკვნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ტექნიკური მდგომარეობისა და დაზიანების გამომწვევი მიზეზების დადგენის თაობაზე იმპერატიული ხასიათისაა. ექსპერტი მიუთითებს უძრავი ნივთის დაზიანების უშუალო მიზეზზე და აღნიშნავს, რომ გრავიტაციულ საყრდენ კედელზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია #9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად;
1.2.3. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად მოპასუხემ რაიონულ სასამართლოში კომპანია „ე–ის“ მიერ გაცემული დასკვნა წარადგინა, თუმცა, იგი ვერ აქარწყლებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებულ იმპერატიულ დასკვნას. კომპანია „ე–ის“ მიერ გაცემული დასკვნა „აფეთქებადი ვიბრაციის მონაცემების შეფასება სოფელ ...... მდებარე მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამშენებლო ობიექტისათვის“ (EXORIXI S.A.) ზოგადი ხასიათისაა. აღნიშნული დასკვნით შეფასდა აფეთქებების ზემოქმედების ზონა და გვირაბის აფეთქებით გამოწვეული ზიანის რისკი შენობებისათვის. ამ დასკვნით არ მომხდარა კონკრეტული შენობა-ნაგებობების კვლევა, არ შესწავლილა მოსარჩელის კუთვნილი შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, არ განხორციელებულა მასზე ფაქტობრივი ზემოქმედების დაკვირვება, მისი ხანგრძლივობის შესწავლა და რაც მთავარია, შენობა-ნაგებობების მდგომარეობის, კერძოდ, მათი სეისმომედეგობის გათვალისწინებით, დამდგარ ზიანთან აფეთქებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა. „ე–ის“ დასკვნის შინაარსიდან ირკვევა, რომ დასკვნა შეეხება ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციასა და არ არის მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთების გამოკვლევის შედეგად. მოპასუხის მითითება, რომ კომპანია „ე–ის“ დასკვნით აფეთქებები წარმოებდა დაშვებული ნორმების ფარგლებში, რასაც არ შეეძლო გამოეწვია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული გრავიტაციული საყრდენი კედლის დაზიანება, დაუსაბუთებელია, რადგანაც მოპასუხე საზოგადოების მიერ წარმოებული აფეთქებები იყო მრავალჯერადი სიხშირისა და არაერთჯერადი, რაც იწვევდა ნიადაგის ჯდენითი პროცესების პროვოცირებას, შესაბამისად, დაზიანებების წარმოშობას. ამასთან, კომპანიის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლი მდებარეობს #9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს, დახრილი მანძილი გვირაბის ღერძის უახლოესი წერტილსა და საცხოვრებელ სახლს შორის არის 83 მეტრი, ხოლო, ჰორიზონტალური მანძილი _ 281 მეტრი, ზემოქმედების ზონის უახლოესი წერტილიდან სახლამდე, რაც ზემოქმედების არეალის უშუალო სიახლოვეზე მიუთითებს. დასკვნაში მითითებული გარემოებები არ აქარწყლებს უშუალოდ კრედიტორის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის დათვალიერებისა და ნივთზე არსებული დაზიანებების შესწავლის საფუძველზე შედგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცალსახა და იმპერატიული შინაარსის დასკვნას მასზედ, რომ გრავიტაციულ საყრდენ კედელზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიკური დატვირთვებით. „ე–ის“ დასკვნის საწინააღმდეგოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 30.10.2018 წლის დასკვნის ავტორი განმარტავს, რომ თეორიული მიდგომა (მათემატიკური მოდელი), რომელიც წარმოდგენილია კომპანია „ე–ის“ მიერ შესრულებულ დოკუმენტში (რომელიც გამოყენებულია აფეთქებებით გამოწვეული მანძილის დასადგენად), არასრულყოფილია და ვერ ასახავს რეალურ მდგომარეობას სოფელ ...... მდებარე შენობების აფეთქებითი სამუშაოების გავლენით შესაძლო დაზიანებების შესახებ, რადგან ამ მიდგომით თეორიულად განსაზღვრული შენობების რაოდენობა შეადგენს ცხრას, ხოლო, რეალურად დაზიანებულია რამდენიმე ასეული შენობა-ნაგებობა. გარდა ამისა, 2012 წლის ივლისიდან (..... ტერიტორიაზე #9 სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დასაწყისი) 2016 წლის 6 ივნისამდე აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგი მიმდინარეობდა მხოლოდ 09.10.2012 - 13.10.2012, 01.03.2013- 16.06.2013 და 29.07.2015 - 06.06.2016 პერიოდებში (გამოტოვებული 2, 3, 4 და 5-დღიანი შუალედებით. ამასთან, არ არის მოწოდებული ინფორმაცია ...... ტერიტორიაზე #9 სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დასასრულის შესახებ). ანუ გამოტოვებულ პერიოდებში თუ რა სიხშირისა და რა სიმძლავრის აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა, მონაცემები არ არსებობს. ნიშანდობლივია აღინიშნოს ისიც, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან ...... ტერიტორიაზე #9 სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების, მათ შორის აფეთქებების 2012 წლის ივლისიდან დაწყების ფაქტს, „ე–ის“ დასკვნა კი აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგის მიმდინარეობას მხოლოდ 09.10.2012 წლიდან ასახავს;
1.2.4. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილებით, ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა. არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი. ამდენად, მოპასუხე ორგანიზაციას, ვიდრე მსგავსი მასშტაბის მშენებლობას დაიწყებდა, უნდა გამოეკვლია რისკის ზონაში მყოფი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების მდგომარეობა, რათა შემდგომ მარტივად ყოფილიყო აღქმადი, თუ რა დაზიანებები გამოიწვია წარმოებულმა მშენებლობამ ან საერთოდ გამოიწვია თუ არა. საქმის მასალებით მსგავსი კვლევის ჩატარება არ დასტურდება;
1.2.5. ინდ. მეწარმე ზ.გ–ძის მიერ შედგენილი საცხოვრებელი სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის თანახმად, აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ღირებულება 40 401.92 ლარს შეადგენს. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ მოვალე სადავოდ ხდის უძრავი ნივთის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობას. საქმის ზეპირი განხილვისას მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული და დაკმაყოფილებული იქნა მოსარჩელის შუამდგომლობა, მოვალეს მიეცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგო მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს დაახლოებით თვე ნახევრის ვადა მიეცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად, მას საქმეში უკვე წარმოდგენილი მტკიცებულების (კომპანია „ე–ის“ დასკვნა) გარდა, სხვა მტკიცებულებებზე არ მიუთითებია;
1.2.6. მოცემულ შემთხვევაში აპელანტი სადავოდ ხდის საოქმო განჩინებას, რომლითაც მას უარი ეთქვა გზავნილის მოპასუხისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის დართვაზე, თუმცა, იგი ვერ ასაბუთებს გასაჩივრებული შუალედური განჩინების გაუქმების ფაქტობრივ საფუძვლებს და დავის გადაწყვეტის მიზნით შუამდგომლობაში მითითებული გზავნილის საქმეზე დართვის მნიშვნელობაზე.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი წარმოადგენს, რომელიც დელიქტიდან გამომდინარე მოთხოვნის გენერალურ დათქმას შეიცავს და ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობის წინაპირობად მიიჩნევს შემდეგს: ვალდებული პირის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება; ზიანის წარმოშობა და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი ფორმალურად გამართულია, მასში გადმოცემულია მოთხოვნის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, თავის მხრივ, მოპასუხე შესაგებლით ედავება მოთხოვნის წინაპირობების არსებობას, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს წარდგენილი აქვს მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებისათვის შესაბამისი მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებს და, იურიდიული დამაჯერებლობის თვალსაზრისით, სწორად მიანიჭა პრიორიტეტი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას მოპასუხის მიერ წარდგენილ ზოგადი ხასიათის გამოკვლევასთან შედარებით, ამ მხრივ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, ისევე, როგორც ექსპერტიზის დანიშვნის საკითხის თაობაზე, რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში, საკითხის გადაწყვეტისათვის უმნიშვნელოვანესს წარმოადგენდა დელიქტური ქმედების შემადგელობის არსებობის დადგენა. ამ მხრივ, საქმეში არსებული მასალები იძლეოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის შემადგენლობას. პალატა უარყოფს კასატორის შედავებას ზიანის ოდენობასთან მიმართებითაც, რამდენადაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ უზრუნველყო მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების დაცვა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად, მისცა შესაძლებლობა მოპასუხეს, წარედგინა მტკიცებულებები. კასატორმა ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნის გამაქარწყლებელი მტკიცებულების წარდგენა, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარდგენილი გაანგარიშება მიიჩნევა შეუდავებლად და აღნიშნული სწორად იქნა გაზიარებული ქვემდგომი სასამართლოს მხრიდან. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც დელიქტური ვალდებულების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) თანახმად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს შპს „ჩ.რ. .... ბ.ჯ–ის მუდმივმოქმედი ფილიალის“ მიერ 10.07.2019წ. #612 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 020,05 ლარის 70% _ 1 414,035 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჩ.რ. 23-ე ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ჩ.რ. 23-ე ბ.ჯ–ს“ (საწარმოს ლიცენზიის #5101090....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს შპს „ჩ.რ. 23-ე ბ.ჯ–ის მუდმივმოქმედი ფილიალის“ მიერ 10.07.2019წ. #612 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 020,05 ლარის 70% _ 1 414,035 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი