საქმე №ას-1355-2018 31 იანვარი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.ჯ.ჰ–ი“ (მოპასუხე)
კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა: 1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა;
2. გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდგომში _ მოსარჩელე, პირველი აპელანტი, მეორე კასატორი, სამინისტრო ან დამზღვევი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, მეორე აპელანტი, პირველი კასატორი, კომპანია ან მზღვეველი) მიმართ და მოითხოვა ვალდებულების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს _ 4 000 ლარის, ასევე, ზედმეტად გადახდილი პრემიის _ 7 375,57 ლარის დაკისრება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეთა შორის 2013 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა #912 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულების შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დამზღვევის მიერ დაზღვეული პირების დაზღვევისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, დაზღვეულ პირთა რაოდენობა არ უნდა ყოფილიყო 63 000 ათასზე მეტი. 2014 წლის თებერვალში სამინისტრომ სადაზღვევო პრემიის სახით გადაიხადა 616 492.24 ლარი, მაშინ, როდესაც სადაზღვევო პრემია უნდა გადახდილიყო არაუმეტეს 609 116.67 ლარი. ზედმეტად გადახდილმა თანხამ შეადგინა 7 375.57 ლარი. სამინისტროს მიერ მოთხოვნილ იქნა ზედმეტად გადახდილი 7 375.57 ლარის უკან დაბრუნება, რაზეც, მიუხედავად ზედმეტი თანხის ჩარიცხვის ფაქტის აღიარებისა, მზღვეველმა განაცხადა უარი. ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1.6. და მე-7 მუხლის 7.1. პუნქტების მიხედვით, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება: საანგარიშო თვის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე წარუდგინოს დამზღვევს ინფორმაცია დაზღვეულთა მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურებისა და სადაზღვევო ზარალის შესახებ (როგორც თითოეულ დაზღვეულზე ცალ-ცალკე, ისე _ კრებსითი მონაცემები) ხელშეკრულების #2 დანართის შესაბამისად. ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდოს დამზღვევს მზღვევლის მიერ ანაზღაურებული თანხების სტატისტიკა (დაზღვეული პირების სახელების, გვარების, ანაზღაურებული თანხის შესახებ ინფორმაცია ამ თანხების მითითებით). მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მითითებული ვალდებულების შესრულება. ხელშეკრულების მე-13 მუხლის 13.1. პუნქტის თანახმად, თუ დამზღვევი აღმოაჩენს მზღვევლის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულებას, მზღვეველს დაეკისრება თითოეულ შემთხვევაში პირგასამტეხლო 1 000 ლარის ოდენობით. ვალდებულების დარღვევის გამო, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 4 000 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ დამზღვევმა გამოავლინა ნება და მზღვეველს არ განუცხადებია უარი, დაეზღვია უფრო მეტი პირი, ვიდრე ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ამ პირებს გაეწიათ კიდეც მომსახურება. გადასახდელი პრემია დაანგარიშდა ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად, სადაც მოცემულია 1 დაზღვეულის პრემიის ღირებულება და მისი გადახდის ვალდებულება. მზღვეველის მიერ გაგზავნილ 2014 წლის 15 ოქტომბრის #6837 წერილში, რომლის ვალის აღიარებად წარმოჩენასაც მოსარჩელე ცდილობს, პირდაპირ არის მითითებული, რომ 1 357 თანამშრომელი იყო დაზღვეული, მათ მიიღეს კიდეც მომსახურება, თუმცა, პარტნიორული ურთიერთობებიდან გამომდინარე, კომპანიამ შესთავაზა მოსარჩელეს სადავო საკითხის მორიგებით გადაწყვეტა. ეს წინადადება არ შეიძლება აღქმულ იქნეს ვალის აღიარებად. მოპასუხეს ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება არ დაურღვევია, ამასთან, სადავო გახადა პირგასამტეხლოს დაანგარიშება.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სამინისტროს სასარგებლოდ კომპანიას დაეკისრა პირგასამტეხლოს _ 2 000 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პირველმა აპელანტმა (მოსარჩელე) მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, მეორე აპელანტმა (მოპასუხე) _ სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, პირველმა კასატორმა (მოპასუხე) მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის უარყოფა, მეორე კასატორმა (მოსარჩელე) _ მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2013 წლის 30 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანს, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მზღვევლს, დამზღვევსა და დაზღვეულს შორის ურთიერთობები წარმოადგენდა. მზღვეველის ვალდებულებად განისაზღვრა ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის შესაბამისად სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დაზღვეული პირების დაზღვევით უზრუნველყოფა;
1.2.2. ხელშეკრულების 3.1.6 პუნქტით მზღვეველის ვალდებულებად განისაზღვრა საანგარიშო თვის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე დამზღვევისთვის დაზღვეულთა მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურებისა და სადაზღვევო ზარალის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ხელშეკრულების მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ იქნა ხელშეკრულების შესრულების კონტროლი, კერძოდ, 7.1. პუნქტის მიხედვით, მზღვეველს დამზღვევის მიერ გამოყოფილი პირისთვის ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს უნდა მიეწოდებინა მზღვევლის მიერ ანაზღაურებული თანხების სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია (დაზღვეული პირების სახელების, გვარების, ანაზღაურებული თანხის შესახებ ინფორმაცია ამ თანხების მითითებით);
1.2.3. ხელშეკრულების 3.3.4 პუნქტით დამზღვევის ვალდებულებად განისაზღვრა მზღვეველისთვის დასაზღვევი პირების სიისა და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მიწოდება;
1.2.4. ხელშეკრულების 13.1 პუნქტით მზღვეველის მხრიდან მომსახურების არაჯეროვანი ან უხარისხო შესრულებისთვის (ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულებების შეუსრულებლობა) მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო თითოეული შემთხვევისთვის 1 000 ლარის ოდენობით;
1.2.5. ხელშეკრულების მე-20 და 20.1. პუნქტების მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2014 წლის 10 აპრილის ჩათვლით განისაზღვრა. თავად მომსახურება 2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 28 თებერვლის ჩათვლით უნდა განხორციელებულიყო;
1.2.6. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 1 220 000 ლარით განისაზღვრა;
1.2.7. ხელშეკრულების #1 დანართის თანახმად, დასაზღვევ პირთა რაოდენობა შეადგენდა 63 000-ს. ფაქტობრივ დაზღვეულ პირთა რაოდენობის მიხედვით უნდა ანაზღაურებულიყო.
1.2.8. ხელშეკრულების 12.1 პუნქტით მხარეები ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის წერილობით ფორმაზე შეთანხმდნენ;
1.2.9. დამზღვევის განმარტებით, ხელშეკრულების ფარგლებში დაზღვეული უნდა ყოფილიყო არა უმეტეს 63 000 პირი, რომლებზეც სადაზღვევო პრემიის სახით უნდა გადახდილიყო მთლიანად 609 116.67 ლარი. მათ მიერ ფაქტობრივად გადახდილი სადაზღვევო პრემია 616 492.24 ლარია, შესაბამისად, ზედმეტად გადახდილია 7 275.57 ლარი, რომელიც ექვემდებარება უკან დაბრუნებას. მხარეები სადავოდ არ ხდიან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში დამზღვევის მიერ მიწოდებული მოთხოვნის საფუძველზე 63 000-ზე მეტი პირის დაზღვევის ფაქტს. უდავოა ფაქტობრივ დაზღვეულ პირთა რაოდენობის შესაბამისად სადაზღვევო პრემიის გადახდის ფაქტიც: საქმეში წარმოდგენილია დამატებით დაზღვეულ პირთა სიების შესახებ მოსარჩელის წერილობითი მიმართვები, რომლებითაც დგინდება, რომ სამინისტრომ, როგორც დამზღვევმა, მიაწოდა მზღვეველს იმ 1 357 თანამშრომლის მონაცემები, რომლებიც გადასცდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რაოდენობას (63 000-ს). ამ მონაცემების წარდგენასთან ერთად, სამინისტრომ ნება გამოავლინა მათ დაზღვევასთან დაკავშირებით და დაზღვეულ პირთა რაოდენობის შესაბამისად სადაზღვევო პრემია გადაიხდა ორ ეტაპად - 2014 წლის 18 მარტს 505 000 ლარი, ხოლო, 2014 წლის პირველ აპრილს - 111 492 ლარი, ჯამში - 616 492 ლარი. მზღვეველის მიერ გაწეული მომსახურებისა (სამინისტროს თანამშრომელთა 63 000 + 1 357 ე.ი. მთლიანად - 64 357 პირის დაზღვევა) და გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით 2014 წლის 7 მარტს, ასევე გაფორმებულ იქნა მხარეთა მიერ მიღება-ჩაბარების აქტი, რითიც კიდევ ერთხელ დადასტურდა დაზღვეულ პირთა რაოდენობის (მთლიანად 64 357 პირის) და სადაზღვევო პრემიის (მთლიანად 616 492 ლარი) ოდენობის სისწორე. სწორედ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ აუნაზღაურა დამზღვევმა მზღვეველს სადაზღვევო პრემია ჯამში - 616 492 ლარის ოდენობით.
1.2.10. კომპანიის 2014 წლის 15 ოქტომბრის წერილის შინაარსი არ იძლევა მისი თანხის უსაფუძვლოდ მიღების ფაქტის აღიარებად შეფასების წინაპირობებს, წერილის შინაარსი განამტკიცებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი მხრიდან მართლაც განხორციელდა სადავო 1 357 პირის დაზღვევა და რომ ნაწილმა ისარგებლა კიდეც შესაბამისი მომსახურებით, თუმცა, წერილის ავტორი გამოხატავს რა კონტრაჰენტისადმი კეთილ ნებას, აფიქსირებს მის მზაობას, მოსარჩელის თანხმობის შემთხვევაში, წავიდეს გარკვეულ დათმობაზე;
1.2.11. უდავოა, რომ კომპანიამ ყოველი საანგარიშო თვის ხუთ რიცხვამდე ინფორმაციის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. მზღვეველი ვალდებულების დარღვევის საფუძვლად სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან ინფორმაციის მიწოდების შეფერხებაზე და დამზღვევის მიერ ასეთი ინფორმაციის მიმღები პირის შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობაზე მიუთითებს. ხსენებულთან დაკავშირებით, მზღვეველი საკუთარი ახსნა-განმარტების გარდა რაიმე მტკიცებულებაზე ვერ მიუთითებს, შესაბამისად, არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაც. საქმის მასალებით დადასტურებული ვერ იქნა სტატისტიკური მონაცემების დაგვიანებით მიწოდების შედეგად ზიანის დადგომა.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს და უპირველესად აღნიშნავს, რომ სადავო სამართალურთიერთობის მატერიალურ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 836-ე და 8431 მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც უდავოა, რომ მხარეებმა გააფორმეს მესამე პირის სასარგებლოდ ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების ფარგლებში გაიზარდა დაზღვეულ პირთა რაოდენობა, რაც დამზღვევმა მზღვეველს აცნობა წერილობით და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, გადაიხადა სადაზღვევო პრემია, ხოლო, მზღვეველმა მიიღო დამზღვევის ნება და შეასრულა ამ ხელშეკრულებისათვის კანონით განსაზღვრული მოვალეობები. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება დამატებით დაზღვეულ პირთა მიმართ ხელშეკრულების ბათილობის წინაპირობა ხელშეკრულების ფორმის დაუცველობის გამო. მართალია, მხარეებმა განსაზღვრეს ძირითადი ხელშეკრულებით მასში ცვლილების წერილობით შეტანის წესი, თუმცა არ იკვეთება სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობა, რამდენადაც დამზღვევის წერილობითი მიმართვა უთანაბრდება ხელშეკრულებაში ცვლილების წერილობით შეტანას, ამასთანავე, უდავოა, რომ დამატებით დაზღვეულ პირთა სასარგებლოდ გადახდილი პრემია არ აღემატება ძირითადი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ჯამურ ღირებულებას. ამდენად, აშკარაა თანხის სამართლებრივი საფუძვლით გადაცემის წინაპირობა და მისი უკან დაბრუნების მოთხოვნა არ არის განხორციელებადი. პალატა აქვე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ფორმალური თვალსაზრისით გამართულია, მასში მითითებულია სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლების წინაპირობები, რაც შეეხება მოპასუხეს, მან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და მიუთითა ვალდებულების ჯეროვან შესრულებაზე, ხოლო საქმის განხილვისას აღნიშნა, რომ ინფორმაციის მოუწოდებლობა გამოწვეული იყო სამკურნალო დაწესებულებების ბრალით. შედავებაში გამოთქმულ ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრებოდა მოპასუხეს, რომელმაც შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა ვერ უზრუნველყო. რაც შეეხება პირგასამტელოს ოდენობას, მართალია, ხელშეკრულებით იგი თითოეული დარღვევის შემთხვევაში 1 000 ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა, მოპასუხის შედევების, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ვალდებულების დარღვევას ფაქტობრივად ზიანი არ მოუტანია, ქვემდგომმა სასამართლოებმა მართებულად იხელმძღვანელეს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით და სწორად შეამცირეს პირგასამტეხლო 1 000 ლარამდე.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც სადაზღვევო პრემიის გადახდის საკითხზე, ასევე, ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებასა თუ მისი ოდენობის სამართლიანად განსაზღვრაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირველი კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, რაც შეეხება მეორე კასატორს, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მას უნდა დაუბრუნდეს 08.08.2019წ. #1533726047 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
3. კასატორ სს „ს.კ.ჯ.ჰ–ს“ (ს/კ #.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 08.08.2019წ. #1533726047 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი