Facebook Twitter

საქმე №ას-1347-2019 30 მარტი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ზ., ლ,. მ. და ფ.ქ–ები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ო.ბ–ო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ივლისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ო.ბ–ომ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ., ლ,. მ. და ფ.ქ–ების (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები, კასატორები ან მფლობელები) მიმართ, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ..... მდებარე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების (ს/კ #......, შემდგომში _ სადავო ქონება) გამოთხოვისა და გამოთავისუფლებული ნივთის მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ჭიათურის მინიციპალიტეტის სოფელ ..... მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით საჯარო რეესტრში აღრიცხულია მოსარჩელის საკუთრების უფლებით. ქონებას ფლობენ მოპასუხეები. მესაკუთრემ მიმართა მოპასუხეებს და მოითხოვა მფლობელობის შეწყვეტა, თუმცა, ისინი კვლავ სარგებლობენ ქონებით.

2. მოპასუხეების პოზიცია:

სარჩელის წინააღმდეგ მოპასუხეებმა მოთხოვნის გამომრიცხველი შედავება წარადგინეს, კერძოდ, მათი განმარტებით მოსარჩელეს საკუთრება კანონსაწინააღმდეგოდ აქვს რეგისტრირებული და არ წარმოადგენს სადავო ქონების ნამდვილ მესაკუთრეს, ქონების ფლობის ფაქტი მოპასუხეთა მხრიდან შედავებული არ ყოფილა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.

4. აპელანტების მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. სადავო უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს;

1.2.2. უძრავ ნივთს, მესაკუთრის ნების წინააღმდეგ, ფლობენ მოპასუხეები;

1.2.3. მოპასუხეებს არ გააჩნიათ სადავო ქონების ფლობის საფუძველი;

1.2.4. მოპასუხეებს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ჩანაწერი სადავოდ არ გაუხდიათ, არამედ მხოლოდ მიუთითეს მოსარჩელის მიერ ქონების უკანონოდ შეძენის ფაქტზე იმგვარად, თუ რაში გამოიხატებოდა ქონების უკანონოდ შეძენა, არ დაუსაბუთებიათ.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს, რომელთა თანახმადაც მოსარჩელე არ არის ქონების კეთილსინდისიერი შემძენი და მან ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა თაღლითურად. პალატა განმარტავს, რომ როგორც კეთილსინდისიერება, ისე _ ქონების თაღლითურად შეძენა სამართლის საკითხს წარმოადგენს, რომელთაც სასამართლო მხარის მიერ მითითებული არა შეფასებების, არამედ _ ფაქტების გამოკვლევის შედეგად ადგენს. ამ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს ფაქტებზე მითითებას, რომელთა გაზიარებაც საკასაციო სასამრთლოს მისცემდა შესაძლებლობას, დაედგინა მოსარჩელე მართლაც წარმოადგენს თუ არა ქონების მესაკუთრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით გათვალისწინებული მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია. რაც შეეხება კასატორთა მტკიცებას, რომ სამომავლოდ აპირებენ სამოქალაქო დავის წამოწყებას ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, ასევე, სისხლის სამართლის საქმის წარმოებას, მათ პალატა შეფასებას ვერ მისცემს საქმის განხილვის ამ ეტაპზე. მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე შედავებას, თუმცა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის ელემენტებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი (სკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა (რაც, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა), ასევე, ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი, რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე _ საკუთრების უფლების ნამდვილობას და როგორც ერთი, ისე _ მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხე მხარემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა ქონების მართლზომიერი ფლობის ფაქტი, მოსარჩელის უფლებადამდგენი დოკუმენტის ნამდვილობის საკითხზე კი, არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით (სკ-ის 312-ე მუხლი) და მიიჩნევს, რომ კასატორთა უფლება ვერ განიხილება მართლზომიერად. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ მფლობელები ვერ ამტკიცებენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც უძრავი ნივთის ვინდიცირების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ მ.ჯ–ს მიერ 04.11.2019წ. #53974/63340 ანგარიშზე შემოსავლის დოკუმენტით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ., ლ,. მ. და ფ.ქ–ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორებს: ზ.ქ–ძეს (პ#5.....); ლ.ქ–ძეს (პ#5......); მ.ქ–ძესა (პ#......) და ფ.ქ–ძეს (პ#.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ მ.ჯ–ას მიერ 04.11.2019წ. #53974/63340 ანგარიშზე შემოსავლის დოკუმენტით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი