საქმე №ას-1297-2019 31 იანვარი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ქ.ჩ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ს–ძე, გ.ბ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ქ.ჩ–ძემ (შემდგოში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.ს–ძისა და გ.ბ–ის (შემდგოში _ პირველი და მეორე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებს შორის 2015 წლის 25 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე, ქ.თბილისში, ...... ქ#151-ში მდებარე უძრავი ქონების პირველი მოპასუხის საკუთრებაში აღრიცხვა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
პირველმა მოპასუხემ სარჩელი ცნო, ხოლო მეორე მოპასუხემ მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. განსახილველი კერძო საჩივრის ფარგლებში შემოწმების საგანს წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხი. ამ თვალსაზრისით, პალატა განმარტავს, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაცია თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზის შედეგია და, დოქტრინის მიხედვით, ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ისიც დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია. აღიარებითი სარჩელის ლეგალურ დეფინიციას შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეიძლება, აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ასეთი აღიარების იურიდიული ინტერესი, სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელი, ბუნებრივია, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ შინაარსობრივ მოთხოვნებს, თუმცა ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწესებულია დამატებითი მოთხოვნა ამ ტიპის სარჩელებისათვის _ იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა. გასათვალისწინებელია, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, როდესაც პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი:
ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში;
ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას;
გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა მიიღებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
1.3. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხის განხილვისას, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ ვლინდება მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, აღნიშნული კი, თავის მხრივ, საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. ამავდროულად, გასათვალისწინებელია საპროცესო ეკონომიის პრინციპი, რომელიც უფლების რეალური დაცვის ხელშეწყობის საშუალებაა და ემსახურება იმას, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარემ ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უზრუნველყოს.
1.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე (იხ. სუსგ [დიდი პალატა] გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი) განმარტა შემდეგი: აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება, სასამართლოს გადაწყვეტილებით ასეთი აღიარების მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, მაგალითად: მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათისაა და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ-ებები: #ას-937-887-2015, 10.11.2015; #ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; #ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; #ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; #ას-773-730-2015, 08.09.205წ.; #ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; #ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; #ას-323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; #ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).
1.5. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელის ინტერესს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება წარმოადგენს. სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ქ.ჩ–ძე არის ე.ს–ძის და. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით მოპასუხემ, საკუთრებად აღირიცხა სადავო უძრავი ნივთი, რაც მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა 2016 წლის ოქტომბერში. მოპასუხემ საკუთრების უფლების მოპოვების შემდგომ 2015 წლის 25 მარტს 1 აშშ დოლარად მიჰყიდა გ.ბ–ს. ზემოაღნიშნული კომისიის #570 ოქმის თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების მოწმობა, რომლითაც, უძრავი ნივათის მესაკუთრე გახდა ე.ს–ძე, რომელმაც აღიარა, რომ გ.ბ–მა ისარგებლა მისი მინდობილობით და მან არ იცოდა ისე დაირეგისტრირა ქონება. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება არ არის ნამდვილი. გარდა აღნიშნულისა, ე.ს–ძემ იცოდა, რომ ქონება, რომელზეც პრეტენზიას აცხადებდა, სინამდვილეში იყო ქ.ჩ–ძის მფლობელობაში. მოპასუხეებს შორის არსებული გარიგება ფორმალურია, რომლის მიზანია, მოსარჩელეს მოესპოს დავის შესაძლებლობა. მათ არ სურდათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული შედეგის დადგომა. იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, რასაც ადასტურებს ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ ნასყიდობის ფასად მითითებულია 1 აშშ დოლარი. მათი ქმედება ქმნის დადებული გარიგების მართლსაწინააღმდეგო და ამორალურ გარიგებად მიჩნევის საფუძველს. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კერძო საჩივარში მხარის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებზე: კერძო საჩივრის თანახმად, ე.ს–ძის საკუთრების უფლების აღიარებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა გ.ბ–მა. პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა გ.ბარშოვის სარჩელი და საკითხის გადაუწყვეტლად დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს გარემოებათა გამოკვლევის შედეგად ახალი აქტის გამოცემა, ხსენებული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული სააპელაციო სასამართლოს მიერ და დავა საკასაციო სასამართლოში გრძელდება. ხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უპირველესად სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა დადგინდეს უფლების საკითხი და არა აღიარებითი სარჩელით სამოქალაქო სამართალწარმოების გზით, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში მას აღსასრულებლად სავალდებულო ძალა ექნება და ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოეშობა ვალდებულება, გაარკვიოს სადავო ქონებაზე უპირატესი უფლების მქონე პირის ვინაობა. აღნიშნულს ვერ შეცვლის კერძო საჩივარში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ აღიარების კომისიის წევრის სიტყვიერი განმარტებით, გ.ბარშოვის სახელზე უფლების რეგისტრაციის პირობებში განსხვავებული გადაწყვეტილება ვერ მიიღება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, თუკი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდება მოსარჩელის უფლება და ქონების საკუთრებაში გადაცემის შემაფერხებელი იქნება მეორე მოპასუხის სახელზე არსებული უფლების რეგისტრაცია, ამ შემთხვევაში, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, შესაძლოა, გამართლებული აღმოჩნდეს კიდეც აღიარებითი სარჩელის აღძვრა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ აღიარებითი სარჩელი, განსახილველ შემთხვევაში, დაუშვებელია.
1.6. საკასაციო პალატა, საკითხის სრულყოფის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, არამედ სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტურ და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება. (საქმეზე: Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40 ევროსასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე, იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად, შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. (იხ. ასევე: IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40).
1.7. მოხმობილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი.
1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.ჩ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი