საქმე №ას-1238-2019 31 იანვარი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ.დ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.დ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ე.დ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.დ–ძის (შემდგომში _ მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი ან კასატორი) მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის 2016 წლის 25 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა განქორწინებით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2016 წლის 25 ნოემბრიდან. ქორწინებამდე ერთი წელი თანაცხოვრების პერიოდში საერთო შვილი არ შესძენიათ. ქორწინების რეგისტრირების შემდგომ მათ შორის წარმოიშვა უთანხმოება და განუწყვეტელი სკანდალები. ისინი პერიოდულად ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, შემდგომ ცდილობდნენ ურთიერთობის აღდგენას, ბოლო პერიოდში კი ფაქტობრივად დაშორდნენ ერთმანეთს. მოპასუხე სხვა მისამართზე გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ იგი მიდის მოსარჩელის ბინაში, აწყობს დებოშს და აყენებს მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამდენიმეჯერ გამოძახებულ იქნა პოლიცია. მოსარჩელე საბოლოოდ დარწმუნდა, რომ არაფერი აქვს საერთო ყოფილ მეუღლესთან, ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია და ერთადერთი გზა განქორწინებაა, რასაც არ ეთანხმება მოპასუხე.
2. მოპასუხის პოზიცია:
2018 წლის 28 დეკემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და წარადგინა მოპასუხისთვის გზავნილის ჩაბარების დასტური, რომლითაც დგინდება, რომ სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა მოპასუხის ოჯახის წევრს, რძალს _ ს.გ–ს 2018 წლის 24 დეკემბერს. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10-დღიანი ვადა (2019 წლის 3 იანვრის ჩათვლით), მაგრამ მას დადგენილ ვადაში სასამართლოსთვის შესაგებლით არ მიუმართავს, არამედ, საქმის მასალების თანახმად, მოპასუხის სახელით მისმა წარმომადგენელმა შესაგებელი წარადგინა 2019 წლის 21 იანვარს. შესაგებელს ერთვის 2019 წლის 15 იანვარს პირადი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გაცემული მინდობილობა, მოპასუხის პასპორტის ასლი, სადაც ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის კვეთის შტამპზე მითითებულია 2018 წლის 11 დეკემბერი. შესაგებლის თანახმად, მოპასუხის ოჯახის წევრისათვის სარჩელი ჩაბარებულად არ უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან მოპასუხე არ იმყოფებოდა საქართველოში და აღნიშნულის თაობაზე ეცნობა კიდევაც შეტყობინების მიმტანს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დამაყოფილდა, მხარეთა შორის 2016 წლის 25 ნოემბერს სააქტო ჩანაწერით #68163001413 სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;
3.2. ამავე სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. ე.დ.ის სასარჩელო მითხოვნას წარმოადგენდა მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;
1.2.2. სარჩელი და თანდართული მასალები გაეგზავნა და 2018 წლის 24 დეკემბერს ჩაბარდა მოპასუხის ოჯახის წევრს, რძალს _ ს.გ–ს. გზავნილზე მითითებული არ არის, რომ მოპასუხე იმყოფება საზღვარგარეთ;
1.2.3. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა (2019 წლის 3 იანვრის ჩათვლით), მაგრამ ამ ვადაში მან შესაგებელი არ წარმოადგინა;
1.2.4. მოპასუხის წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მის წინააღმდეგ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, საჩივრის საფუძვლად კი, მითითებულია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები 2018 წლის 24 დეკემბერს ჩაბარდა მოპასუხის ოჯახის წევრს, რძალს _ ს.გ–ს, რომელსაც არ ჰქონდა შესაძლებლობა იგი გადაეცა მოპასუხისათვის, რადგან გ.დ–ძე იმყოფებოდა საზღვარგარეთ. შესაბამისად, სასამართლოს უნდა მიეღო სხვა ზომები სარჩელის მოპასუხისათვის ჩასაბარებლად.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მისთვის შეტყობინების ჩაბარების წესის შესაძლო დარღვევის თაობაზე, თუმცა, მიიჩნევს, რომ ხსენებული გარემოება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობა ვერ გახდება. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია რა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებზე (სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები), მხარის მიერ საკუთარი საპროცესო უფლებების განკარგვა სწორედ ამ პრინციპების ჭრილში ფასდება სასამართლოს მხრიდანაც. პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის წარდგენის ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევა, სწორედ მხარის მიერ ამ საპროცესო წესების განკარგვაზე მიანიშნებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე იყო ყველა კანონისმიერი წინაპირობა (სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ეს ფაქტობრივი წინაპირობები განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. თავის მხრივ, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები ასევე ამომწურავადაა რეგლამენტირებული კანონში და შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიჩნეულია შემდეგი: ა) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; ბ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; გ) არსებობს სხვა საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (სსსკ 241-ე მუხლი). საპატიო მიზეზის კონტექსტში სასამართლომ ასევე სწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც არ იძლეოდა სსსკ-ის 215.3 მუხლით განსაზღვრულ წინაპირობებს).
1.5. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის იურიდიული საფუძვლიანობის დადგენისას სასამართლო ამოწმებს მოსარჩელის მხრიდან დაცულია თუ არა მითითების ტვირთი, კერძოდ, სარჩელში გადმოცემული ფაქტები შეესაბამება თუ არა დამფუძნებელი ნორმის აღწერილობით ნაწილს, რადგანაც, როგორც ითქვა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ფაქტები დადგენილად მიიჩნევა, შესაბამისად, მტკიცების საგნის განსაზღვრა და მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილება ამ ეტაპზე აღარ ხდება. პალატა მიიჩნევს, რომ ამ განჩინების აღწერილობითი ნაწილის 1.2 პუნქტში მითითებული, დადასტურებულად ცნობილი ფაქტები ამართლებენ სარჩელს (სკ-ის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილი), შესაბამისად, არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების ყველა პროცესუალური წინაპირობა. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სასამართლოს მხრიდან საპროცესო წესების დარღვევის თაობაზე, მათი გაზიარება მაინც არ გამოიწვევს მოპასუხისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზანს დარღვეული უფლების ეფექტიანი აღდგენა წარმოადგენს, რაც თავის თავში მოიაზრებს სწრაფ რეაგირებას და სამართალდარღვევის პროფილაქტიკას. მოცემული საქმის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთ-ერთი მეუღლე კეტეგორიულად მოითხოვს განქორწინებას უთნხმოებისა და პირადი შეურაცხყოფის გამო, მის მიერ წარდგენილი სარჩელი და შესაგებლები, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლით გათვალისწინებული შესარიგებელი ვადის განსაზღვრის შესაძლებლობას, ამასთანავე, სავსებით სამართლიანად აღნიშნა სააპელაციო სასამართლომ, რომ სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია ქორწინების, როგორც სამოქალაქო ურთიერთობის ნებელობითი ხასიათი, შესაბამისად, განქორწინების თაობაზე ერთ-ერთი მხარის ნება, მით უფრო პირადი წყენის ფარგლებში, საკმარისი საფუძველია სარჩელის მოთხოვნის განხორციელებისათვის და სასამართლო ვერ აიძულებს მხარეს, შეიცვალოს დამოკიდებულება. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ თუკი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმდება გადაწყვეტილება და ფორმალური საფუძვლით დაუბრუნდება საქმე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს, ამგვარი მიდგომა ზედმეტად ფორმალურად აქცევს სამართალწარმოებას და დაარღვევს პროცესუალური ეკონომიის პრინციპს.
1.6. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (მრავალთა შორის იხ. სუსგ-ებები: Nას-964-929-2016, 6 მარტი, 2017 წელი; ას-959-1238-09, 28 დეკემბერი, 2009 წელი). კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო, კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გ.ფ–ძის მიერ 10.10.2019წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.დ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ გ.დ–ძეს (პ#......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს გ.ფ–ძის მიერ 10.10.2019წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი