საქმე №ას-1215-2019 31 იანვარი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი _ შპს „ტ.“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ.შ.ს.ჯ–ა“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აგვისტოს განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ვ.შ.ს.ჯ–ამ“ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონიძიების მიზნით შპს „ტ–ის“ კუთვნილ, ქ.ბათუმში, ..... (ს/კ #.....) მდებარე ფართში განთავსებულ მოძრავ ნივთებზე (კამერა - სათვალთვალო მოწყობილობის ნაკრები პერსონალური კომპიუტერის ნაკრები; ტუმბო ძრავით 125-100-250 (2ც) + ნაწილები; ტუმბო СЦЛ20-24 45 მ3/სთ (15 კვტ ძრავით) + ნაწილები; საოფისე შენობა (პორტატული ნაგებობა ე.წ. სენდვიჩი); კონდიციონერი MIDEA 09 საკიდით; წყლის ელექტრო გამაცხელებელი „GARANTERM“; ცეცხლმაქრი მოწყობილობა; ელექტროთერმომეტრი; რეზერვუარები: 2X3000 ტონიანი, 1X2000 _ ტონიანი, 1X1000 _ ტონიანი, 1X500 _ ტონიანი), ნავთობსადენის მილსა (დაფარვის ზონა - ბათუმი, ....., ობიექტის სიგრძე - 1542 მ. ს/კ #...) და ავტომანქანაზე (მარკა, მოდელი - Volkswagen Passat, სანომრე ნიშანი - ..... საიდენტიფიკაციო ნომერი - WVWZZZ3....., სარეგისტრაციო მოწმობა - AQ04....) ყადაღის დადება.
1.1. განცხადება ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 1 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა ტერმინალის ოპერირების მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც განმცხადებელმა იკისრა ვალდებულება, მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების სანაცვლოდ, უზრუნველეყო მოწინააღმდეგე მხარის ტერმინალის ოპერირება და ორგანიზება. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ წარმოშობილი დავები გადაწყდებოდა შპს „ს.ს.ს.ც–ში“. 2019 წლის 2 აგვისტოს შპს „ს.ს.ს.ც–მა“ დააკმაყოფილა შპს „ვ.შ.ს.ჯ–ის“ საარბიტრაჟო სარჩელი და შპს „ტ–-ს“ მის სასარგებლოდ, დაეკისრა 406 556 ლარის, მასზე დარიცხული დღგ-ს _ 73 180 ლარის, ასევე, საარბიტრაჟო ხარჯის _ 17 633 აშშ დოლარის გადახდა. განმცხადებელმა მიმართა კიდეც სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების მოთხოვნით. განმცხადებლის განმარტებით, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 იანვრის განჩინებით ყადაღა დაედო შპს „ტ-ის“ საბანკო ანგარიშებს 406 556 ლარის ფარგლებში, თუმცა, სააღსრულებო წარმოების მიხედვით დადგინდა, რომ მოვალეს ანგარიშზე თანხა არ გააჩნია, რის გამოც, უზრუნველყოფის ღონისძიება აღუსრულებელი დარჩა, ხოლო საარბიტრაჟო სარჩელი _ არაუზრუნველყოფილი. მოწინააღმდეგე მხარეს საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება, წილები სამეწარმეო საზოგადოებაში და სხვა, მისი 1 500 მეტრიანი ნავთობსადენი მილის, ღირებულება ვერ ფარავს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ოდენობას, ამასთანავე, ის თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას. კომპანიის სპეციფიკის გათვალისწინებით, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვის დასრულებამდე მას შეუძლია მოძრავი ქონება სხვა კომპანიას გადასცეს საკუთრებაში და ამ გზით გააგრძელოს ოპერირება.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აგვისტოს განჩინებით, განცხადება დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო შპს „ტ-ის“ კოთვნილ, განცხადებით მოთხოვნილ ქონებას.
3. სააპელაციო პალატის განჩინებაზე საჩივარი შეიტანა შპს „ტ-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
3.1. საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: განმცხადებლის მიერ წარდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ მითითებული მოძრავი ქონება წარმოადგენს შპს „ტ-ის“ საკუთრებას, ამასთანავე, მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ერთი ღონისძიება უკვე გამოყენებულია, საპროცესო კანონმდებლობა კი, არ ითვალისწინებს რამდენიმე უზრუნველყოფის ღონისძიების ერთდროულად გამოყენების შესაძლებლობას. გარდა ამისა, უზრუნველყოფის საკითხზე მსჯელობისას სასამართლო ვალდებულია შეარჩიოს მხარეთა ინტერესების თანაზომიერი ღონისძიების სახე, ის უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის ადეკვატური, რათა დაუსაბუთებლად არ მიადგეს ზიანი მოპასუხეს. ამასთანავე, უზრუნველყოფის ღონისძიების მომთხოვნმა მხარემ უნდა დაასაბუთოს მოთხოვნა და ამტკიცოს, რომ ამ ღონისძიების გამოუყენებლობა მოსარჩელის მოთხოვნას განუხორციელებადს გახდის. იმ პირობებში, როდესაც ანგარიშებზე თანხის დაყადაღების ზომა უკვე გამოყენებულია, განმცხადებელს შეეძლო მოეთხოვა მხოლოდ უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლა. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მაშინ, თუკი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული (სუსგ #ას-678-678-2018).
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის შესაბამისად, გადმოეგზავნა ზემდგომ _ საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, სააპელაციო სასამართლოს განჩინებების დასაბუთებულობა, საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების/შეცვლის წინაპირობებს შემდეგი გარემოებების გამო:
1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო, 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს, არსებობს თუ არა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის წინაპირობები. ამ თვალსაზრისით უპირველესად, პალატა ყურადღებას გაამახვილებს განცხადების დასაშვებობის საკითხზე, რამდენადაც საარბიტრაჟო განხილვა სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებას არ წარმოადგენს, არამედ დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებაა და ამ საარბიტრაჟო საქმის განხილვაში სასამართლოს ჩარევის მინიმალურ სტანდარტს ადგენს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.2. მუხლი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის პირველი ნაწილი მართალია, პირდაპირ მითითებას არ შეიცავს საარბიტრაჟო სარჩელის აღსრულების უზრუნველყოფაზე, არამედ, მოხმობილი ნორმის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიხედვით სასამართლო განიხილავს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საქმეებს, თუმცა, სასამართლო პრაქტიკით დადგენილია, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება სასამართლოს მხრიდან დასაშვებია (პრაქტიკის თვალსაზრისით იხ. სუსგ #ას-678-678-2018). ხსენებულიდან გამომდინარე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების განხილვის უფლებამოსილება აქვს რა სააპელაციო სასამართლოს (სსსკ-ის 35613.3 მუხლი), 35618.2 მუხლის თანახმად, საკითხის გადასაწყვეტად გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნებს ადგენს რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი (სსსკ-ის 271-ე მუხლი), იგი წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის დროებით და ეფექტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობას ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე არსებობს მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა, თუმცა, ვინაიდან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოთხოვნის წარმატებულობის ვარაუდს, ბუნებრივია, არსებობს მისი გაუქმებისა თუ შეცვლის დიდი შესაძლებლობაც. ასეთ პირობებში კი, მხარეთა ინტერესებს შორის გონივრული წონასწორობის დაცვის საჭიროება თავად განსახილველი ნორმიდან გამომდინარეობს, კერძოდ, სასამართლო, რომელიც დაადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, ვალდებულია შეაფასოს უზრუნველყოფის გამოყენებული საშუალების მასშტაბებიც და დაიცვას თანაზომიერება მხარეთა ინტერესებს შორის.
4. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო კრედიტორს არ გააჩნდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მოთხოვნის უფლება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ უდავო გარემოებაზე, რომ შპს „ვ.შ.ს.ჯ–ას“ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ფარგლებში შპს „ტ-ის“ საბანკო ანგარიშებზე დადებულია ყადაღა, თუმცა, საქმეში წარმოდგენილი სააღსრულებოო წარმოების მასალებით დგინდება, რომ განჩინება აღუსრულებელი აღმოჩნდა, რადგანაც კომპანიის ანგარიშებზე თანხა არ არსებობს. ამ რეალობის გათვალისწინებით უდავოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მიზნები მიუღწეველია და კვლავ არ არსებობს კრედიტორის ინტერესების დაცვის ეფექტური საშუალება, რაც თავისთავად გამართლებულს ხდის მის მოთხოვნას, უზრუნველყოფილ იქნეს მის სასარგებლოდ გამოტანილი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება. პალატა აქვე შენიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დგინდება შპს „ვ.შ.ს.ჯ–ას“ მხრიდან დავის წარმატებით დასრულება, ასევე, გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების თაობაზე დაწყებულია წარმოება სააპელაციო სასამართლოში. ამ მხრივ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა გამართლებულია, რომლის თანახმადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილი დასაშვებად მიიჩნევს უზრუნველყოფის რამდენიმე ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობასაც.
5. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის იმ მოსაზრებასაც, რომლის თანახმადაც მოძრავი ქონება ეკუთვნის სხვა პირს. საჩივრის ავტორის მხრიდან შედავებული არ არის ის ფაქტი, რომ უზრუნველყოფის საგნად გამოყენებულ მოძრავ ნივთებს თავად ფლობს. სამოქალაქო კოდექსი ადგენს საკუთრების ორგვარ რეჟიმს, რომელთა შორის სხვაობა საკუთრების ობიექტითაა განპირობებული. უძრავი ნივთის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, დადგენილია რეესტრის ჩანაწერის სისწორის პრეზუმფცია, რაც იმას ნიშნავს, რომ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება მიიჩნევა ნამდვილად, ხოლო, რაც შეეხება მოძრავ ქონებას, სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. საკუთრების უფლების რეგისტრაციის განსხვავებული რეჟიმიდან გამომდინარეობს ამავე ნორმის მე-2 ნაწილის პირველი წინადადება, რომლის თანახმადაც, ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოძრავი ნივთის მიმართ მესაკუთრედ ყოფნის კანონისმიერი პრეზუმფციიდან გამომდინარე, შპს „ტერმილან 1“ მიიჩნევა ამ ქონების მესაკუთრედ, ხოლო, პრეზუმირებული ფაქტის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, მისი გაქარწყლების მტკიცების ტვირთი იმ მხარეს ეკისრება, რომლის ინტერესების წინააღმდეგაცაა მიმართული ეს ვარაუდი. ამგვარ შედავებას კი, საჩივარი არ შეიცავს.
6. რაც შეეხება გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების თანაზომიერების საკითხს, ამ ნაწილში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი დასაბუთებულია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა ჩამონათვალს, ამასთან, ნორმის პირველი ნაწილს მიხედვით, რომ უზრუნველყოფის ზომის გამოყენების საკითხს წყვეტს სასამართლო განმცხადებლის მითითების შესაბამისად. ხსენებული საპროცესო დანაწესი უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ სასამართლო უზრუნველყოფის კრიტიკული აუცილებლობისა და მხარეთა ინტერესების დაბალანსების გზითაა ვალდებული, განსაზღვროს თუ რომელი ზომა უნდა იქნეს გამოყენებული კონკრეტულ შემთხვევაში. საკასაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ იგი დაყადაღებულ ქონებაზე მფლობელის უფლებების შეზღუდვის უკიდურესი ზომაა და მისი უზრუნველყოფის ღონისძიებად გამოყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში დაიშვება, რომელიც შეიძლება, გამართლებული იყოს ქონების თვისებით, ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ქონების მესაკუთრე იურიდიული პირია, რომელიც, სავარაუდოა, რომ ამ ქონებას იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს ამ ქონების დაყადაღება გადამეტებულად მიაჩნია, ვინაიდან მხარეთა ინტერესების პროპორციული დაცვის თვალსაზრისით, საკმარისია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში, მოვალეს აეკრძალოს განცხადებაში მითითებული მოძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
7. საბოლოოდ, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად ჩათვალა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის წინაპირობების არსებობა, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის ფარგლებში, პალატა აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და მიიჩნევს, რომ ნაცვლად მოძრავი ქონების დაყადაღებისა, მოვალეს უნდა აეკრძალოს ამ ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. ამგვარ პირობებში შენარჩუნებული იქნება ქონება, რაც დაიცავს კრედიტორის ინტერესებს, ამასთან, მოვალე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის ფარგლებში შეუფერხებლად ისარგებლებს საკუთრებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ტ-ის“ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აგვისტოსა და 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინებები და შპს „ვ.შ.ს.ჯ–ას“ განცხადება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
3. შპს „ტ-ს“ (ს/კ #.....) აეკრძალოს ქ.ბათუმში, ..... (ს/კ #.....) მდებარე ფართში განთავსებული შემდეგი ნივთების გასხვისება ან უფლებრივად დატვირთვა:
3.1. კამერა სათვალთვალო მოწყობილობის კომპლექტი; პერსონალური კომპიუტერის კომპლექტი; ტუმბო ძრავით 125-100-250 (2ც) + ნაწილები; ტუმბო СЦЛ20-24 45 მ3/სთ (15 კვტ ძრავით) + ნაწილები; საოფისე შენობა (პორტატული ნაგებობა ე.წ. სენდვიჩი); კონდიციონერი MIDEA 09 საკიდით; ელ. წყლის გამაცხელებელი GARANTERM; ცეცხლმაქრი მოწყობილობა; ელექტრო თერმომეტრი; რეზერვუარები: 2X3000 ტონიანი, 1X2000 ტონიანი, 1X1000 ტონიანი, 1X500 ტონიანი;
3.2. ნავთობსადენის მილი (დაფარვის ზონა - ქალაქი ბათუმი ....., ობიექტის სიგრძე - 1542 მ. ს/კ #......);
3.3. ავტომანქანა (მარკა, მოდელი - Volkswagen Passat, სანომრე ნიშანი - Z....., საიდენტიფიკაციო ნომერი - ......, სარეგისტრაციო მოწმობა - ......)
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი