Facebook Twitter

საქმე №ას-1175-2019 31 იანვარი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ც.ლ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.წ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ლ.წ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ც.ლ–ძის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მფლობელი) მიმართ, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი, გარდაბნის რაიონის სოფელ ....... მდებარე 500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის (ს/კ #....., შემდგომში _ სადავო უძრავი ქონება) გამოთხოვისა და გამოთავისუფლებული ქონების მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის უფლების დამდგენი დოკუმენტი _ ნასყიდობის ხელშეკრულებაა, რომლითაც მხარეებმა დაფარეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა მოპასუხის წარმომადგენლის მიერ, რომელმაც მიუთითა, რომ დასაბუთებულ პრეტენზიებს სასამართლოს მას შემდეგ წარუდგენდა, რაც მას ჩაბარდებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. მიუხედავად დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნისა, საქმე ისე გადაიგზავნა ზემდგომ სასამართლოში, რომ მხარეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არ გადასცემია. მხარესა და მის ადვოკატს შორის ურთიერთობა დაიძაბა 2019 წლის აპრილში და მათ შეწყვიტეს ურთიერთობა, კერძო საჩივრის ავტორი საცხოვრებლად გადავიდა ქ.რუსთავში, საქმის პირველ ინსტანციაში წაგების გამო მან კონტაქტი გაწყვიტა ადვოკატთან. სოფელ ....... მისვლისას მხარემ შემთხვევით ჩაიბარა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, სწორედ ამის შემდგომ მიაკითხა მხარემ თავის ადვოკატს იმის გასარკვევად, თუ რა დოკუმენტები ჰქონდა ჩაბარებული სასამართლოს მხრიდან. ადვოკატის განმარტებით, მიუხედავად მისთვის შეურაცხყოფის მიყენებისა, ის მაინც ეძებდა აპელანტს, თუმცა, ვერც საცხოვრებელი მისამართი დაადგინა და ვერც ტელეფონით დაუკავშირდა, რაც სრული სიმართლეა, რადგანაც აპელანტმა ჯერ დაკარგა ტელეფონი, ხოლო, მისი პოვნის შემდგომ, ჯერ არ პასუხობდა ადვოკატის ზარს, ხოლო, მოგვიანებით _ დაბლოკა იგი. იმის გათვალისწინებით, რომ ადვოკატი იურიდიულ მომსახურებას უწევდა უსასყიდლოდ, ბუნებრივია, ის არ იყო ვალდებული, გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც, კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ ხარვეზის გამოსწორების ვადა გაშვებული აქვს საპატიოდ და ითხოვს მის აღდგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც.ლ–ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. ამ თვალსაზრისით, საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.2.1. სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. სააპელაციო საჩივარი ხელმოწერილია აპელანტის წარმომადგენლის მიერ;

1.2.2. საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულების თანახმად, მოპასუხემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო უფლებამოსილებების განხორციელების უფლებამოსილება მიანიჭა წარმომადგენელ ვ.მ–ს. რწმუნებულება გაცემულია 2018 წლის 25 ოქტომბერს და მისი მოქმედების ვადა შეადგენს ერთ წელს (იხ. ს.ფ. 34), რწმუნებულების გაუქმების ფაქტი საქმის მასალებით არ დგინდება;

1.2.3. იმის გამო, რომ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, მას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზიების, ასევე, სახელმწიფო ბაჟის _ 80 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა, საპროცესო მოქმედების განხორციელების ვადა განისაზღვრა 14 დღით;

1.2.4. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გაეგზავნა და 2019 წლის 27 ივნისს ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს პირადად;

1.2.5. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეს/მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

1.3. საკასაციო პალატა უარყოფს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას საპროცესო ვადის საპატიოდ დარღვევის თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზს ადგენს 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი. ხსენებული ნორმის თანახმად კი, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. კანონში რეგლამენტირებული საპატიოდ მიჩნეულ ვერცერთ წინაპირობად ვერ იქნება განხილული კერძო საჩივრის ავტორის განმარტებები, რამდენადაც, პირადი განაწყენების საკითხი სამართლებრივ ჩარჩოს ცდება, რაც შეეხება წარმომადგენლობითი ურთიერთობის შეწყვეტას, იგი საქმის მასალებით არ დგინდება. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ, როგორც დავალების ხელშეკრულების მარეგულირებელი მატერიალური ნორმა _ სამოქალაქო კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილი, ისე _ საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლი ადგენს მარწმუნებლის უფლებას, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს დავალების ხელშეკრულება ცალმხრივი ნების გამოვლენით, თუმცა, საპროცესო მიზნებისათვის კანონი ამ ნების ნამდვილობას გარკვეულ წინაპირობას უწესებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის თანახმად, მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს. უფლებამოსილებაშეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ კანონის შესაბამისად შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება ინარჩუნებს მნიშვნელობას. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ ამგვარი ნება მხარეს სასამართლოს წინაშე არ დაუფიქსირებია, შესაბამისად, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის, სწორად იქნა ჩაბარებული წარმომადგენლისათვის, რაც საპროცესო ვადის დენის დასაწყისია.

1.4. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ არც წარმომადგენელს მიუმართავს სასამართლოსათვის ხარვეზის გამოსწორების ან მისი გამოსწორების შეუძლებლობის შესახებ ცნობის წარდგენის მიზნით, რის გამოც, სავსებით გამართლებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 28 ივნისს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამოიწურა 2019 წლის 11 ივლისს.

1.5. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების განხორციელება, გარდა დარღვეული უფლების აღდგენისა, მის ეფექტიანად განხორციელებაზეა ორიენტირებული, რაც თავისთავად საქმის დროულ გადაწყვეტასაც შეეხება, გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დაკისრებული მოქმედების შესრულება მხარის დისპოზიციური ნებაა, თუმცა, იგი ამავდროულად ხდება შესაბამისი შედეგების რისკის მატარებელი. კონკრეტულ შემთხვევაში, საკითხი ეხება რა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგებს, ამ შედეგების მარეგულირებელი ნორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილია, რომლის თანახმადაც, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

1.6. საბოლოოდ საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული დასაბუთებული შედავება, რაც მისი მოთხოვნის უარყოფის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც.ლ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი