საქმე №ას-1119-2018 23 მარტი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.ნ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.ლ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საპროცესო ვადის გაგრძელება
დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
გ.ნ–ამ და გ.ი–ამ (შემდგომში _ პირველი და მეორე მოსარჩელე, პირველი მოსარჩელე ასევე წოდებული, როგორც აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი, ორივე მოსარჩელე ასევე წოდებული, როგორც მსესხებლები ან მოვალეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „მ.ლ–ისა“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდებე მხარე, გამსესხებელი ან კრედიტორი) და მესამე პირის _ რ.ნ–ას (შემდგომში _ მესამე პირი ან იპოთეკის საგნის მესაკუთრე) მიმართ და მოითხოვეს ნოტარიუს ნ.ღ–ის მიერ 2016 წლის 29 ივნისს გაცემულ #160712139 სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა და პირველი მოსარჩელის ვალდებულების _ 20 714,02 აშშ დოლარის შემცირება 5 000 აშშ დოლარამდე, ასევე, ცვლილების შეტანა ნოტარიუს ნ.ღ–ის მიერ 2016 წლის 26 აგვისტოს გაცემულ #160952192 სააღსრულებო ფურცელში და მეორე მოსარჩელის აღსასრულებელი ვალდებულების _ 6 985,83 აშშ დოლარის შემცირება 5 107,49 აშშ დოლარამდე.
2. მოპასუხის/მესამე პირის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მსესხებლებმა არაერთხელ დაარღვიეს ვალდებულება. კრედიტორმა გაითვლისწინა მათი მდგომარეობა და გააფორმა კიდეც მხარეებთან მორიგება, თუმცა, მოვალეებმა ამ შეთანხმების პირობებიც დარღვიეს, რის გამოც, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი;
2.2. მესამე პირმა სრულად ცნო სარჩელი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 29 ივნისს გაცემულ #160712139 სააღსრულებო ფურცელში და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვრა შემდეგნაირად: პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.02%-ის ოდენობით, ნაცვლად 0.2%-ისა და კრედიტორის მიერ აღსრულების ეტაპზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 112,40 აშშ დოლარით, ნაცვლად 1 124 აშშ დოლარისა. ასევე შევიდა ცვლილება 2016 წლის 26 აგვისტოს გაცემულ #160952192 სააღსრულებო ფურცელში და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვრა შემდეგნაირად: პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.02%-ის ოდენობით, ნაცვლად 0.2%-ისა და კრედიტორის მიერ აღსრულების ეტაპზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 62,44 აშშ დოლარი, ნაცვლად 624,41 აშშ დოლარისა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, მასვე დაუბრუნდა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საპროცესო ვადის გაგრძელება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა. სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟის ოდენობის გამო, აპელანტმა არაერთხელ მიმართა სასამართლოს და მოსთხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ აპელანტს ჰყავს ავადმყოფი, შრომისუუნარო მეუღლე, მცირეწლოვანი შვილი, ასევე, ფსიქიკურად დაავადებული სრულწლოვანი შვილი და მოხუცი დედა. ყველა მათგანი აპელანტის კმაყოფაზეა და მისი შემოსავლები არ არის საკმარისი, რამაც განაპირობა მოპასუხისაგან სესხის აღება. ყველა ეს დოკუმენტი წარდგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოში. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა აპელანტის ინტერესი დავის მიმართ, მით უფრო, რომ მან სახელმწიფო ბაჟის ნაწილი გადაიხადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ნ–ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. ამ თვალსაზრისით, საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის/ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის, ასევე, სახელმწიფო ბაჟის _ 419,12 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა;
1.2.2. დადგენილ ვადაში აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ მას არ გააჩნია მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად, ითხოვა საპროცესო ვადის 20 დღით გაგრძელება, რაც სააპელაციო პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით სრულად დაკმაყოფილდა;
1.2.3. სააპელაციო პალატის 2018 წლის 19 მარტის, 3 აპრილისა და 7 მაისის განჩინებებით აპელანტს 10-10 დღით გაუგრძელდა საპროცესო ვადა. ამ დროის განმავლობაში აპელანტმა წარადგინა ჯერ 148, შემდეგ _ 200 და 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და კვლავ ითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება, რაც სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.
1.3. საკასაციო პალატა უარყოფს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების წინაპირობების არსებობის თაობაზე და ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარსა და შემდგომ წარდგენილ განცხადებებზე. სააპელაციო საჩივრით მხარე მოითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას. მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია მხოლოდ ის, რომ ამ ეტაპზე არ გააჩნია შესაბამისი მატერიალური სახსრები. რაიმე მტკიცებულება, რაც მის ქონებრივ მდგომარეობას დაადასტურებდა, არც სააპელაციო საჩივარს, არც შემდგომ წარდგენილ რომელიმე განცხადებას და არც კერძო საჩივარს არ ერთვის. უფრო მეტიც, კერძო საჩივარში ზოგადადაა მითითებული მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და იმაზე, რომ შესაბამისი მტკიცებულებები საქმეშია წარმოდგენილი, ერთ-ერთ განცხადებაში აპელანტი აღნიშნავს კიდეც, რომ მას ქონებრივი მდგომარეობის დამდასტურებელი დოკუმენტები არ გააჩნია.
1.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (სასამართლო ხელმისაწვდომობა) ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლი), თუმცა, ეს უფლება არ არის შეუზღუდავი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია, ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. კანონის მითითებული ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა დასაშვებია ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე, გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მათი გადახდა (სსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლოს ხელმისაწვდომობა თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ გაუარესდება და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის გარანტირებულ უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია, გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ. ამგვარი მტკიცებულებები, როგორც უკვე ითქვა, აპელანტს არც სააპელაციო სასამართლოში წარუდგენია და არც კერძო საჩივრისათვის არ დაურთავს, შესაბამისად, ქვემდგომი სასამართლოს დასკვნა აპელანტის შუამდგომლობის დაუსაბუთებლობის თაობაზე გასაზიარებელია.
1.5. რაც შეეხება საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელებას, აღნიშნული საკითხი რეგულირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილით, თუმცა, ნორმის დანაწესი დისპოზიციურია და საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ითვალისწინებს, როგორც შუამდგომლობის დასაბუთებულობას, ისე _ მხარეთა თანასწორობის პრინციპს (სსსკ-ის მე-5 მუხლი). ზოგადი წესის თანახმად, შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული (სსსკ-ის 215.1 მუხლი), რასაც წარდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს, გარდა ამისა, სააპელაციო საჩივარი სასამართლოს გადაეცა 2017 წლის 7 დეკემბერს და სასამართლოს მხრიდან საპროცესო ვადის არაერთხელ გაგრძელების მიუხედავად 2018 წლის 21 მაისის განცხადებით აპელანტს კვლავ არ ჰქონდა დაკისრებული მოქმედება შესრულებული. შესაბამისად, გასაზიარებელია ქვემდგომი სასამართლოს დასკვნა, რომლითაც აპელანტს უარი ეთქვა შუამდგომლობაზე. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების განხორციელება, გარდა დარღვეული უფლების აღდგენისა, მის ეფექტიანად განხორციელებაზეა ორიენტირებული, რაც თავისთავად საქმის დროულ გადაწყვეტასაც შეეხება. გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დაკისრებული მოქმედების შესრულება მხარის დისპოზიციური ნებაა, თუმცა, იგი ამავდროულად ხდება შესაბამისი შედეგების რისკის მატარებელი. კონკრეტულ შემთხვევაში, საკითხი ეხება რა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგებს, მოთხოვნის მარეგულირებელი ნორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილია, რომლის თანახმადაც, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
1.6. საბოლოოდ საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული დასაბუთებული შედავება, რაც მისი მოთხოვნის უარყოფის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ნ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი