საქმე №ას-1119-2018 23 მარტი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ გ.ი–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „მ.ლ–ი“ (მოპასუხე)
მესამე პირი _ რ.ნ–ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ნოტარისის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. გ.ნ–ამ და გ.ი–ამ (შემდგომში _ პირველი და მეორე მოსარჩელე, მეორე მოსარჩელე ასევე წოდებული, როგორც აპელანტი, კასატორი, მსესხებლები ან მოვალეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „მ.ლ–ისა“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, გამსესხებელი ან კრედიტორი) და მესამე პირის _ რ.ნ–ას (შემდგომში _ მესამე პირი ან იპოთეკის საგნის მესაკუთრე) მიმართ და მოითხოვეს ნოტარიუს ნ.ღ–ის მიერ 2016 წლის 29 ივნისს გაცემულ #160712139 სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა და პირველი მოსარჩელის ვალდებულების _ 20 714,02 აშშ დოლარის შემცირება 5 000 აშშ დოლარამდე, ასევე, ცვლილების შეტანა ნოტარიუს ნ.ღ–ის მიერ 2016 წლის 26 აგვისტოს გაცემულ #160952192 სააღსრულებო ფურცელში და მეორე მოსარჩელის აღსასრულებელი ვალდებულების _ 6 985,83 აშშ დოლარის შემცირება 5 107,49 აშშ დოლარამდე.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეები #160874492 და #16085803 სააღსრულებო საქმეებზე წარმოადგენენ მოვალეებს. ორივე შემთხვევაში კრედიტორია შპს „მ.ლ–ი“ და ორივე შემთხვევაში ვალის უზრუნველსაყოფად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე გამოყენებულია მესამე პირის საკუთრებაში არსებული, ქ.მარნეულში, ..... მდებარე უძრავი ქონება (ს/კ #...., შემდგომში _ იპოთეკის საგანი). სააღსრულებო ფურცლების თანახმად, უძრავი ქონების მესაკუთრე არ წარმოადგენს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მხარეს და, შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელში არ არის მითითებული მოვალედ. 2015 წლის 1 აპრილს, მეორე მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. სესხის ძირი განისაზღვრა 5 580 აშშ დოლარით, ყოველთვიური სარგებელი _ 2,5%-ით, ხოლო წლიური სარგებელი - 30%-ით. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ძირითადი ბალანსის 0,2%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე 2016 წლის 29 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. მეორე მოსარჩელის მიმართ სააღსრულებო საქმისწარმოება მიმდინარეობს 6 598,83 აშშ დოლარის დაკისრებაზე. აღნიშნული თანხა უნდა შემცირდეს მსესხებლის მიერ ფაქტობრივად გადახდილი თანხის გათვალისწინებით, სარგებლის შემცირების ხარჯზე დღეში 4,5 აშშ დოლარის ნაცვლად 1 აშშ დოლარის დაკისრების გაანგარიშებით და პირგასამტეხლოს შემცირების ხარჯზე ყოველდღიურად 11,16 აშშ დოლარის ნაცვლად 1 აშშ დოლარის დაკისრების გაანგარიშებით. ძირითადი თანხა 5 580 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს 5 005,66 აშშ დოლარამდე, პირგასამტეხლო _ 624,41 აშშ დოლარი ასევე უნდა შემცირდეს 10 ჯერ, 62,41 აშშ დოლარამდე, სარგებელი _ 394,42 აშშ დოლარი 10-ჯერ _ 39,42 აშშ დოლარამდე. პირველი მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის გათვალისწინებით, საერთო ჯამში მის მიერ გადასახდელი 6 598,83 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს 5 107,49 აშშ დოლარამდე. შემცირებული თანხა შეადგენს 1491,34 აშშ დოლარს. 2016 წლის 1 მარტს პირველ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სესხის ძირი თანხა განისაზღვრა 1 7815 აშშ დოლარით, ყოველთვიური სარგებელი _ 2,5%-ით, ხოლო წლიური სარგებელი - 30%-ით, პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითადი ბალანსის 0,2%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2016 წლის 26 აგვისტოს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო საქმისწარმოება მიმდინარეობს 20 714,02 აშშ დოლარის დაკისრებაზე. პირგასამტეხლოს ნაწილში განსაზღვრული თანხა 1 124,27 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს 10-ჯერ _ 112,4 აშშ დოლარამდე, სარგებლის ნაწილში 1 595,98 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს 10-ჯერ 159,50 აშშ დოლარამდე. პირგასამტეხლოსა და სარგებლის 10-ჯერ შემცირების გაანგარიშებით სესხის ძირი თანხა _ 16 181,46 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს 1 370,86 აშშ დოლარამდე. მსესხებლის მიერ გადახდილი თანხის გათვალისწინებით, მთლიანობაში აღსასრულებელი ვალდებულება უნდა შემცირდეს 1 642,76 აშშ დოლარამდე, შემცირებული თანხა საერთო ჯამში შეადგენს 17 258,95 აშშ დოლარს.
2. მოპასუხის/მესამე პირის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2016 წლის 29 აგვისტოდან 2017 წლის იანვრამდე კრედიტორმა არაერთხელ გაითვალისწინა მოსარჩელეთა თხოვნა და შეაჩერა სააღსრულებო წარმოება. 2016 წლის 2 ნოემბერს მხარეებმა ხელი მოეწერეს ახალ შეთანხმებას მორიგების შესახებ, რომლის მიხედვითაც მოვალეებს არსებული დავალიანება უნდა დაეფარათ 9 თვის განმავლობაში, ყოველგვარი სარგებლის/პროცენტის გარეშე, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, თუმცა მოვალეებმა კვლავ არ შეასრულეს უკვე ახალი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც, კრედიტორი იძულებული გახდა, განეახლებინა იძულებითი აღსრულება. კრედიტორი ცდილობს კუთვნილი თანხის _ 27 312,86 აშშ დოლარის დაბრუნებას, რომელიც ამოვარდნილია ორგანიზაციის ფინანსური ბრუნვიდან და სახეზეა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით;
2.2. მესამე პირმა სრულად ცნო სარჩელი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 29 ივნისს გაცემულ #160712139 სააღსრულებო ფურცელში და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვრა შემდეგნაირად: პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.02%-ის ოდენობით, ნაცვლად 0.2%-ისა და კრედიტორის მიერ აღსრულების ეტაპზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 112,40 აშშ დოლარით, ნაცვლად 1 124 აშშ დოლარისა. ასევე შევიდა ცვლილება 2016 წლის 26 აგვისტოს გაცემულ #160952192 სააღსრულებო ფურცელში და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვრა შემდეგნაირად: პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.02%-ის ოდენობით, ნაცვლად 0.2%-ისა და კრედიტორის მიერ აღსრულების ეტაპზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 62,44 აშშ დოლარი, ნაცვლად 624,41 აშშ დოლარისა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მათი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2016 წლის 1 მარტს, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, მეორე მოსარჩელემ მოპასუხისაგან სესხად მიიღო 5 580 აშშ დოლარი, ყოველთვიურად თანხის 2.5%-ის (წლიური 30%-ის) გადახდით, ხოლო პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 0.2%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 1 მარტით, ხოლო ყოველთვიური სარგებლის გადახდის დღედ განისაზღვრა ყოველი თვის 1 რიცხვი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მესამე პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება;
1.2.2. მსესხებლის მიერ თანხის გადაუხდელობის გამო, 2016 წლის 26 აგვისტოს, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორს გამსესხებელი, ხოლო მოვალეს _ აპელანტი წარმოადგენენ. სააღსრულებო ვალდებულებათა მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირი თანხით _ 5 580 აშშ დოლარით, სარგებლით - 394.42 აშშ დოლარით, პირგასამტეხლოთი - 624.41 აშშ დოლარით, ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმდინარე ბალანსის 0.2%-ით, ყოველდღიურად 11.16 აშშ დოლარით, რომლის დარიცხვა გაგრძელდებოდა აღსრულებამდე. სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯმა შეადგინა 124.36 ლარი. აღსრულება მიექცა, მესამე პირის საკუთრებაში არსებულ, კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე;
1.2.3. მსესხებელს გადახდილი აქვს: 2016 წლის აპრილში 164.50 აშშ დოლარი, საიდანაც 142.18 აშშ დოლარი წარმოადგენდა გრფიკით გადასახდელ თანხას, ხოლო, 22.32 აშშ დოლარი იყო ჯარიმა; მაისში _ 231.45 აშშ დოლარი, საიდანაც 142.18 აშშ დოლარი წარმოადგენდა გრფიკით გადასახდელ თანხას, ხოლო, 89.28 აშშ დოლარი იყო ჯარიმა; ივნისში _ 193.39 აშშ დოლარი, საიდანაც 137.59 აშშ დოლარი წარმოადგენდა გრაფიკით გადასახდელ თანხას, ხოლო, 55.80 აშშ დოლარი იყო ჯარიმა. სულ ჯარიმის სახით გადახდილია 167.4 აშშ დოლარი;
1.2.4. საქმისათვის მნიშვნელობის არმქონეა აპელანტის მტკიცება იმის თაობაზე, რომ აღებული სესხით მოხდა პირველი მოსარჩელის სესხის ნაწილობრივი გადაფარვა. იმ პირობებში, როდესაც აპელანტი სარჩელით სადავოდ არ ხდიდა მისთვის სესხის სახით 5 580 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტობრივ გარემოებას, დავის გადაწყვეტისთვის არარელევანტურია ნასესხები თანხა მან მოიხმარა პირადი საჭიროებისათვის, თუ მიმართა მესამე პირის სესხის რეფინანსირებაზე. აპელანტი მოითხოვს მის მიერ გადახდილი პროცენტისა და პირგასამტეხლოს შემცირებას იმ მოტივით, რომ იგი შეუსაბამოდ მაღალია და, შემცირების გათვალისწინებით ზედმეტად გადახდილი თანხის გამოქვითვას სესხის ძირი თანხის დავალიანებიდან.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 8.3, 115-ე და 420-ე მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც მოვალეს ეკისრება მიუთითოს/სადავოობის შემთხვევაში, დაამტკიცოს, რომ სესხის სარგებელი არ შეესაბამება სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ მონაცემებს და არის ამორალური (სკ-ის 54-ე მუხლი) ან იგი ეწინააღმდეგება კანონის იმპერატიულ მოწესრიგებას, ამასთან, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია ვალდებულების დარღვევასთან. საკასაციო პალატა სარგებლის თაობაზე გამოთქმული შედავებებიდან გამომდინარე, აღნიშნავს, რომ არც მხარეს მიუთითებია და არც საქმის მასალებით დგინდება ამ ნაწილში სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი, რაც შეეხება პირგასამტეხლოს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან იგი შემცირებულია გონივრულ ოდენობამდე იმგვარად, რომ პირგასამტეხლოს განაკვეთი შეესაბამება, როგორც ვალდებულების დარღვევას, ისე _ პირგასამტეხლოს ფუნქციას. რაც შეეხება უკვე გადახდილ პირგასამტეხლოს, ამ ნაწილში პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას, რომ ნებაყოფლობით გადახდილი პირგასამტეხლო, რომლითაც შესაბამის ნაწილში ნაწილობრივ შეწყდა ვალდებულება (სკ-ის 427-ე მუხლი), ხოლო, მოვალეს ამ თანხის გადახდისას სადავო არ გაუხდია შესრულება და/ან არ დაუტოვებია მისი შედავების უფლება, არ ექვემდებარება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის ფარგლებში შემცირებას. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო, საკასაციო საჩვარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ შედავებას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ი.მ–ძის მიერ კასატორის სახელით 13.08.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ი–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ გ.ი–ას (პ/#......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ი.მ–ძის მიერ კასატორის სახელით 13.08.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი