საქმე №ას-1116-2019 31 იანვარი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ლ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ.ლ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 04.12.2015წ. #04-880/კ ბრძანების I პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ლ.ლ–თან შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლ.ლ–ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება ხელფასის _ 1 400 (დარიცხული) ლარის გათვალისწინებით, 10 თვის განმავლობაში მისაღები ოდენობით, ასევე, 2015 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება 1 400 ლარის (დარიცხული) ოდენობით, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოსარჩელემ მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, მოპასუხემ _ სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით (სარჩელის უარყოფისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ პროცესის ხარჯების განაწილების ნაწილში) მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.ლ–ი აღდგენილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა იძულებითი განაცდურის _ თვეში 1 200 (დაუბეგრავი) ლარის ანაზღაურება 2016 წლის 7 იანვრიდან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენამდე. ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 2015 წლის 26 მარტის #04-8/დ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტი და სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დისციპლინური ღონისძიების სახით დაკავებული თანხა _ 1 თვის შრომის ანაზღაურების 10%-ის _ 140 ლარის (დაუბეგრავი) ოდენობით. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება სამი თვის შრომის ანაზღაურების ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4. სააპელაციო პალატის ხსენებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში 2019 წლის 10 აპრილს საკასაციო პალატის მიერ ლ.ლ–ისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის გამო, ამასთანავე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა ლ.ლ–ის კერძო საჩივარი და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ლ.ლ–ი აღდგენილ იქნა სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.
5. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა, კერძოდ, ნაცვლად სამუშაოზე აღდგენისა, მოპასუხისათვის კომპენსაციის დაკისრება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააგენტომ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
6.1. სააგენტო წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ფუნქციონირებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა შესაბამისი აქტების საფუძველზე, რომელმაც კანონის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის უფროსის მოადგილის და არა მხოლოდ მოადგილის ვაკანტური საშტატო ერთეულების გაუქმების, ასევე, დარჩენილ ვაკანტურ თანამდებობებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით პირთა დანიშვნის თაობაზე. სააგენტოს ხსენებული ქმედება შესაბამისობაშია სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ წინაპირობებთან, ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე-1991 მუხლების შესაბამისად, მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა, გარდა ამისა, სააგენტოს მხრიდან საკადრო გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ იყო შესული კანონიერ ძალაში. საქმის განხილვის დროისათვის სასამართლოს ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სამსახურის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობები გაუქმებული იყო, ხოლო, დანარჩენ თანამდებობებს იკავებდნენ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დანიშნული პირები. ამ საკითხზე სასამართლოს არ უმსჯელია, შესაბამისად, გაურკვეველია, როგორც უნდა აღასრულოს დამსაქმებელმა მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება. ამ მხრივ სააპელაციო პალატის მსჯელობა არ შეესაბამება შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თაობაზე დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (სუსგ #ას-931-881-2015; #ას-951-901-2015). ლ.ლიპარტელიანის თანამდებობაზე აღდგენით შეილახება ამ თანამდებობაზე უკვე დასაქმებული სხვა პირის უფლებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება წარმოადგენს. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებაზე:
1.2.1. სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა, რაც, სხვა პირებთან ერთად, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლ.ლიპარტელიანთან შრომითი ხელშეკრულების მოშლას დაედო საფუძვლად, თუმცა, რეორგანიზაციას შტატების შემცირება არ მოჰყოლია და სხვა პირები აღდგენილ იქნენ სააგენტოში სხვა თანამდებობებზე;
1.2.2. გათავისუფლებამდე მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასს წარმოადგენდა რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობა;
1.2.3. რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული უფროსის მოადგილის თანამდებობა განსაზღვრული იყო 5 საშტატო ერთეულით;
1.2.4. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო მიუთითებდა ხუთივე ერთეულზე სხვადასხვა პირის დანიშვნის თაობაზე, სასამართლოს მიერ საპროცესო ვადის განსაზღვრის მიუხედავად მან ვერ წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, კერძოდ, მოპასუხემ სასამართლოში წარადგინა 2 პირის დანიშვნის ბრძანება, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ 3 საშტატო ერთეული იყო თავისუფალი.
1.3. საკასაციო პალატა უარყოფს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომლის თანახამადაც სასამართლომ არ დაადგინა იყო თუ არა ვაკანტური მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა. საკასაციო პალატა უპირველესად განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის ის პრეტენზიები, რომლებიც სასამართლოს მხრიდან დადგენილი ფაქტების წინააღმდეგაა მიმართული, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვეღარ გახდება.
1.4. პალატა უარყოფს სააგენტოს პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნები განსხვავდება შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის განმარტების თაობაზე საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკისაგან. შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. განსახილველი ნორმა ორიენტირებულია არამართლზომიერად გათავისუფლებული დასაქმებულის ინტერესებზე და იმ შემთხვევაში, თუკი დამსაქმებლის ცალმხრივი ნების მართლწინააღმდეგობრიობა დადგინდება, სასამართლომ უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კი, კანონი სამ ალტერნატივას ადგენს და ყოველ შემდგომზე გადასვლა დასაშვებია, თუკი საქმის განხილვისას დადგინდა წინა ალტერნატივის გამოყენების ობიექტური შეუძლებლობა.
1.5. განსახილველ შემთხვევაში, უდავო ძალის მატარებელი ფაქტია, რომ საქმის განხილვის დროისათვის არსებობდა ვაკანტური ტოლფასი თანამდებობა, ხოლო, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დამსაქმებლის მხრიდან იმგვარი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მისთვის არასასურველი კანდიდატის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას გამორიცხავს, მიუხედავად სამართლის ფორმალური მიდგომების დაცვისა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ბრუნვის სუბიექტის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებულ კეთილსინდისიერ ქცევად. შესაბამისად, ის გარემოება, როდესაც დამსაქმებლისათვის ცნობილია დავის მის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტის თაობაზე და ეს უკანასკნელი მხოლოდ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით ამართლებს საკუთარ ქმედებას, ვერ იქნება მიჩნეული მართლზომიერ ქცევად.
1.6. საკასაციო პალატა სადავოდ არ ხდის კერძო საჩივარში გადმოცემულ იმ დასაბუთებას, რომლის თანახმადაც, სააგენტოს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს გააჩნია გადაწყვეტილებათა მიღების შესაძლებლობა, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, მხარე მხოლოდ სამართლის ჩარჩო ნორმებზე აპელირებით შემოიფარგლა და შტატების შემცირების, ასევე, ვაკანტურ თანამდებობაზე სხვა პირთა დანიშვნის აუცილებლობა არ აუხსნია, რაც არა მის წინაშე დასახული მიზნების განხორციელებას, არამედ, თვითნებობის ეფექტს სძენს მის გადაწყვეტილებას, ხოლო, სასამართლო ვერ იმსჯელებს საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობა დაიცვა თუ არა მან, როგორც ადმინისტრაციულმა ორგანომ საკუთარი დისკრეციის ფარგლებში საკადრო გადაწყვეტილების მიღებისას.
1.7. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუბრუნდება დადგენილ პრაქტიკასა და შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილს და აღნიშნავს, რომ კომპენსაციის გაცემის წინაპირობა, როგორც აღსრულების საშუალების შეცვლა დასაშვები იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ვაკანტური თანამდებობის არარსებობა დადგინდებოდა საქმის არსებითად განხილვისას ან კერძო საჩივრის ავტორი დაამტკიცებდა კანონიერი მიზნებიდან გამომდინარე საშტატო ერთეულების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უკიდურეს აუცილებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლის წინაპირობები. წარმოდგენილი კერძო საჩივარი კი, არ შეიცავს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ შედავებას.
2. პროცესის ხარჯები:
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის მოთხოვნას კერძო საჩივრის წინააღმდეგ წერილობითი პასუხის მომზადების მიზნით სააგენტოსათვის 7 000 ლარის დაკისრების თაობაზე და აღნიშნავს, რომ სასამართლოს გარეშე ხარჯის (მათ შორის იურიდიული მომსახურების ხარჯის) ანაზღაურების წინაპირობებს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი და იგი დავის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის შესაბამისად განაწილების საკითხს აწესებს. წინამდებარე კერძო საჩივარი შეეხება მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლას, რომელიც მხარეთა დასწრების გარეშე განიხილა, როგორც სააპელაციო, ისე _ საკასაციო სასამართლომ, გარდა ამისა, დავის არსებითად განხილვის ეტაპზე პროცესის ხარჯები განაწილდა კიდეც მხარეთა შორის, შესაბამისად, ლ.ლ–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. ლ.ლ–ის შუამდგომლობა სასამართლოს გარეშე ხარჯების _ 7 000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი