Facebook Twitter

საქმე №ას-1070-2019 30 მარტი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ.ს.კ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ე–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარგებლის დაკისრების ნაწილში სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. მ.ე–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ს.კ–ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, კოოპერატივი ან მოვალე) მიმართ, მოპასუხისათვის 18 837,77 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: კოოპერატივის გამგეობის წევრთა 2014 წლის 10 მარტის #2 ოქმით დადასტურებულია, რომ მიღებულ იქნა მოსარჩელის წინადადება საზოგადოებისათვის დაკისრებული ფულადი ვალდებულებების დაფარვის ხელშეწყობისა და უძრავი ქონების აუქციონზე გატანის თავიდან აცილების მიზნით, კოოპერატივის ანგარიშზე არსებულ თანხაზე დასამატებლად 6 200 აშშ დოლარის სესხად აღებისა და კოოპერატივის ანგარიშზე შეტანის შესახებ. 2014 წლის 13 მარტს, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ ნ.ჩ–ძისაგან ისესხა 6 200 აშშ დოლარი 30 თვის ვადით, ყოველთვიურად სარგებლის _ 2.5%-ის დარიცხვის პირობით. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 18 887,77 ლარს. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, ..... მდებარე #87 ბინა (ს/კ #......, შემდგომში _ იპოთეკის საგანი). ნასესხები თანხა სს „ს.ბ–ის“ მეშვეობით გადარიცხა მოსარჩელემ მოვალის ანგარიშზე კოოპერატივის შვილობილი კომპანიების ვალდებულებების დასაფარად, კერძოდ მან კოოპერატივის ანგარიშზე შეიტანა 9 947.50 ლარი, საიდანაც მოპასუხე აღიარებს მხოლოდ 9 948 ლარის ანაზღაურების ვალდებულებას, ხოლო 18 887.77 ლარის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს.

2. მოპასუხის პოზიცია:

სარჩელის წინააღმდეგ მოპასუხემ მარტივი შედავება წარადგინა, მისი განმარტებით, მოსარჩელის მიერ დადებული სესხის ხელშეკრულება კოოპერატივში წარდგენილი არ ყოფილა. იგი ინფორმირებული იყო 6 200 აშშ დოლარის სესხად აღების შესახებ, თუმცა, მოვალეს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ სესხი იყო სარგებლიანი და მას არ გამოუხატავს თანხმობა სესხის სარგებლის გადახდის შესახებ.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, კოოპერატივს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 18 837,77 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სესხის სარგებლის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სარგებლის დაკისრების ნაწილში სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. თ.ს.კ–ის გამგეობის წევრთა 2014 წლის 10 მარტის #2 ოქმით დასტურდება, რომ გამგეობის კრებას ესწრებოდნენ: მ.ე–ძე, დ.ა–ძე, გ.გ–ძე, ლ.ნ–ძე, ა.მ–ი, გ.ჩ–ა, სარევიზიო კომისიიდან: ა.ქ–ძე, ე.ჩ–ძე, მეპაიეები: მ.ხ–ი, ე.ჭ–ძე, ჯ.ა–ძე, ზ.ფ–ი. კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საზოგადოებისათვის დაკისრებული ფულადი ვალდებულებების ასანაზღაურებლად მ.ე–ძის მიერ 6 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის სესხის აღებისა და მიზნობრივად კოოპერატივის ანგარიშზე განთავსების შესახებ;

1.2.2. 2014 წლის 13 მარტს მოსარჩელესა და ნ.ჩ–ძეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ ისესხა 6 200 აშშ დოლარი 30 თვის ვადით, ყოველთვიურად სარგებლის 2.5%-ის დარიცხვით. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 18 837.77 ლარს. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება;

1.2.3. 2014 წლის 13 მარტს მოვალის საბანკო ანგარიშზე სს „ს.ბ–ში“ მოსარჩელემ შეიტანა 9 947.50 ლარი (6200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, საკომისიოსა და სესხის პირველი თვის პროცენტის თანხის გამოკლებით);

1.2.4. კოოპერატივის 2015 წლის 8 მაისის წარმომადგენელთა კრების დადგენილებით დასტურდება, რომ კრებამ აღიარა 2014 წლის მარტში თბილისის აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „ბ–სა“ და შპს „ღ–ეს“, ო–სა და გ–ას სასარგებლოდ დავალიანების დასაფარად მოსარჩელის მიერ კოოპერატივის ანგარიშზე თანხის - 9 948 ლარის ოდენობით შეტანა და გამოითქვა აღნიშნული დავალიანების დაფარვის მზადყოფნა მას შემდეგ, რაც ამოღებული იქნებოდა შესაბამისი თანხა კონკრეტული პირებისაგან. იგივე პოზიციაა დაფიქსირებული თანხის კრედიტორის დაბრუნების შესახებ 2015 წლის 30 ოქტომბრის #3 სხდომის ოქმშიც;

1.2.5. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება იყო სარგებლიანი და სარგებელი ყოველთვიურად 2.5%-ს შეადგენდა. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, გამსესხებლისათვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობა 10 850 აშშ დოლარით იყო განსაზღვრული, რაც იმ პერიოდისათვის ეროვნულ ვალუტაში 18 837.77 ლარს შეადგენდა.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს, რომელთა თანახმადაც მოსარჩელემ იპოთეკის საგანი სესხის ხელშეკრულების დადებიდან 10 თვეში გაასხვისა, ასევე იმას, რომ სესხის ხელშეკრულების თანახმად, სარგებლის გადახდა მსესხებელს ხელწერილით უნდა დაედასტურებინა, რაც სასამართლოში წარმოდგენილი არ არის. პალატა უპირველესად მიუთითებს სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ შესაგებელზე, რომლის მიხედვითაც ქონება მსესხებელს მხოლოდ ფიქტიურად აქვს გასხვისებული და დღესაც ფლობს მას, რაც შეეხება პროცენტის გადახდის მტკიცების საკითხს, ის შედავებული არ ყოფილა. საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.4 და 219.1 მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სარჩელში გადმოცემული ფაქტების სადავოობა შესაგებელში, ასევე, საქმის მომზადების დასრულების ეტაპისათვის წარდგენილი პრეტენზიების ფარგლებში მოწმდება, ამ ეტაპის ამოწურვის შემდგომ მხარეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეუძლია სადავო გახადოს ფაქტობრივი გარემოებები, ამგვარი საგამონაკლისო შემთხვევა _ საპატიო მიზეზის არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდება, შესაბამისად, შესაგებლის ფარგლებს მიღმა გამოთქმული შედავებების საფუძვლიანობა საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი ვერ გახდება. რაც შეეხება უშუალოდ მოთხოვნას, უდავოა, რომ მოსარჩელემ შეგნებულად გაისტუმრა კოოპერატივის ვალი, ამისათვის მან აიღო სარგებლიანი სესხი და ითხოვს მოვალისაგან, როგორც სესხის, ისე _ სარგებლის დაკისრებას. ამ მოცემულობაში მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები სამოქალაქო კოდექსის 986-ე და 981.2 მუხლებია, რომელთა წინაპირობებიც დადასტურებულია (იხ. სამოტივაციო ნაწილის პ.პ. 1.2.1.-1.2.5.), შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა განხორციელებადია. ამ მხრივ ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები იურიდიულად გამართლებულია, ხოლო, კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც კონდიქიცური მოთხოვნების თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლი მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 02.08.2019წ. #8257471430 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 444,45 ლარის 70% _ 311,115 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.ს.კ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ თ.ს.კ–ს (ს/კ #.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 02.08.2019წ. #8257471430 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 444,45 ლარის 70% _ 311,115 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი