Facebook Twitter

საქმე №ას-965-2019 10 აპრილი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს.ს.ე–მა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ც–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების/დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. დ.ც–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.ს.ე–მის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან მოვალე) მიმართ და მოითხოვა საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვის გამო, მოპასუხისათვის კომპენსაციის _ 44 000 ლარის დაკისრება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 1961 წლიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მოსარჩელეს ჰქონდა მამის, აწ გარდაცვლილი თევრათ ცეცხლაძის მიერ აშენებული ფიცრული სახლი. 1981 წელს მოსარჩელემ დაანგრია ფიცრული და დაიწყო ქვის კაპიტალური სახლის მშენებლობა (აშენდა პირველი სართული და მეორე სართულის საყრდენი კედლები სახურავის გამოკლებით). მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა. მოსარჩელე გაემგზავრა საზღვარგარეთ, საიდანაც დაბრუნების შემდეგ აღმოაჩინა, რომ 1983 წელს მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დაუდგამთ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი რკინის ბოძი, რაც მას სადავო არ გაუხდია. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის საოქმო გადაწყვეტილებისა და #1168 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე მოსარჩელემ განახორციელა 2650 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 274,9 კვ.მ მშენებარე სახლის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. 2014 წელს მან გადაწყვიტა საცხოვრებელი სახლის გადახურვა. ნებართვის მიღების პროცესში მასთან გამოცხადდნენ მოპასუხის წარმომადგენლები, რომლებმაც განუმარტეს, რომ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, სახლის არა თუ გადახურვა, არამედ მასში ცხოვრება და მიწის გამოყენებაც არ შეიძლებოდა. მოსარჩელემ მოითხოვა კომპენსაციის გადახდა ან ბოძის სხვა ადგილზე გადატანა, რაზეც მოპასუხემ მოსთხოვა სახლის მშენებლობისას გაცემული მშენებლობის ნებართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უარი განაცხადა კომპენსაციის გაცემის საკითხის განხილვაზე.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია. მოსარჩელემ საკუთრებით სარგებლობის უფლების შეზღუდვის ფაქტის შესახებ შეიტყო 1993-1994 წლებში, შესაბამისად, გასულია კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადა. კრედიტორის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი 1980-იან წლებში წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. ისევე, როგორც ის მიწა, რომელზეც დამონტაჟებულია ანძა. აღნიშნული ხაზობრივი ნაგებობის მშენებელი და მესაკუთრე 1980-იან წლებში იყო სახელმწიფო. საქმის მასალებითა და მოსარჩელის განმარტებით დგინდება, რომ მის საკუთრებაში არსებული მშენებარე შენობა არის უნებართვო. მშენებლობის წარმოებისათვის მოსარჩელეს არ გააჩნია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისაგან კანონმდებლობით დადგენილი ნებართვა და ელექტროგადამცემი ხაზის მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობა, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების/დამატებითი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცვალა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოვალეს კრედიტრის სასარგებლოდ დაეკისრა 44 000 ლარის გადახდა. ამავე სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილებით კი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პროცესის ხარჯების ანაზღაურება.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მათი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქობულეთში, სოფელ ...... მდებარე 2650 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 274,9 კვ.მ #01/2 მშენებარე შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდით N....., შემდგომში _ სადავო უძრავი ქონება) ირიცხება მოსარჩელის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია #1168 საკუთრების უფლების მოწმობა, დამოწმების თარიღი 18.12.2007, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია;

1.2.2. ქობულეთის არქივის 2015 წლის 19 თებერვლის ცნობის თანახმად, 1986-2005 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებით დ.თ. ძე ც–ძე იყო კომლის უფროსი. კომლს ერიცხება საცხოვრებელი სახლი აგებული 1961 წელს, საერთო ფართით 90 კვ.მ, საცხოვრებელი ფართითი 80 კვ.მ (1997-2000 წლების მონაცემებით). კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართი ოდენობა შეადგენს 0.18 ჰა-ს (1991-2005 წლების მონაცემებით);

1.2.3. სსრკ ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის სამინისტროს 1981 წლის 3 ნოემბრის ბრძანების თანახმად, 149 კმ. სიგრძის 220 კვტ. ხაზის მშენებლობა (რომელიც გადის მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე) დასრულდა 1981 წელს;

1.2.4. 2014 წლის 29 დეკემბრის #009 წერილით მოპასუხემ აცნობა კრედიტორს, რომ მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი მოქცეულია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 220 კილოვოლტი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი (სეგხ) პალიასტომი II-ის დაცვის ზონაში #508-#509 ანძების შუალედში. აღნიშნული სეგხ-ის დაცვის ზონად დადგენილია სეგხ-ის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია 25 მეტრით. მოპასუხის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, ხაზის ქვეშ და დაცვის ზონაში მოსარჩელეს ეკრძალება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის #366 დადგენილებით დამტკიცებული წესებით („ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესი და მათი დაცვის ზონები“) გათვალისწინებული მოქმედებების განხორციელება;

1.2.5. 2015 წლის 26 იანვრის #250/05 წერილით მოპასუხემ, მოსარჩელის განცხადების პასუხად აცნობა მას, რომ კრედიტორის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა მთლიანად მოქცეულია 220 კვ. ძაბვის სეგხ-ის დაცვის ზონაში, ანძის გვერდით. შენობა-ნაგებობის უახლოესი წერტილიდან სეგხ-ის განაპირა სადენამდე თარაზული დაშორება შეადგენს 6,5 მეტრს. 220 კვ. ძაბვის სეგხ-ის უშუალო სიახლოვეში საცხოვრებელი კარ-მიდამოს მოწყობა და ყოველდღიურად იქ ადამიანთა ყოფნა/ცხოვრება არის სიცოცხლისათვის საშიში. კერძოდ, მოსალოდნელია ძაბვის ქვეშ მყოფ შემოუღობავ დენგამტარ ნაწილებთან მიახლოების დასაშვები მანძილის დარღვევა; ჭექა-ქუხილის დროს ელექტრული რკალის წარმოშობა და მისი გადასვლა ახლომდებარე საგნებზე/ადამიანებზე; სეგხ-ის დაზიანების შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხეები და სხვა. აღნიშნული გარემოებები ქმნიან უბედური შემთხვევების წარმოშობის მაღალ საფრთხეს. შენობა-ნაგებობისა და 220 კვ. ძაბვის სეგხ-ის სადენების ერთმანეთთან უკიდურესად ახლო მანძილზე მდებარეობის გამო, ტექნიკურად შეუძლებელია ელექტროგადამცემი ხაზის დამცავი სათანადო იმ სახის ღონისძიებების გატარება, რომლებიც სრულყოფილად უზრუნველყოფს როგორც უშუალოდ ხაზის, ასევე _ მის სიახლოვეს მცხოვრებ პირთა უსაფრთხოებას;

1.2.6. შპს „პ-ა–ის“ 2015 წლის 5 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი შეფასდა 26 500 ლარად, მშენებარე 274.9 კვ.მ ფართი _ 17 500 ლარად, სულ უძრავი ქონება შეფასდა 44 000 ლარად.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ საკუთრებით სარგებლობის უფლების შეზღუდვის გამო, მესაკუთრის მოთხოვნა კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე განხორციელებადია. უპირველესად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მოსარჩელის საკუთრების კანონიერება შედავებული არ არის, ქონება ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო მისი ოჯახის მფლობელობაში და ამ ფაქტზე რაიმე გავლენას ვერ იქონიებს უფლების დამდგენი დოკუმენტების გაცემის დრო, ისევე, როგორც მოთხოვნის წარმატებულობას ვერ შეაფერხებს მოსარჩელის კუთვნილ მიწაზე წარმოებული მშენებლობის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობის არარსებობა, რამდენადაც, უდავოა, რომ საკუთრებით სარგებლობის ხელისშემშლელ ფაქტორს სწორედ მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების არსებობა ქმნის და საფრთხის განხორციელება რეალურია, მიწით/შენობით მოსარგებლის სიცოცხლისათვის საფრთხის წარმომშობია. ამდენად, უდავოა, რომ მოსარჩელის საკუთრებას ფაქტობრივად დაკარგული აქვს მნიშვნელობა. რაც შეეხება კომპენსაციის დაკისრების საკითხს, სააპელაციო პალატამ მართალია, მოთხოვნა დლიქტური ვალდებულების მარეგულირებელი ნორმით _ სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლით დაასაბუთა, რასაც არ იზიარებს საკასაციო პალატა, რადგანაც, მიიჩნევს, რომ ამ დარღვევას შედეგად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა არ მოჰყოლია. განსახილველი მოთხოვნა გამომდინარეობს სანივთო, კერძოდ, სამეზობლო სამართლიდან. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზი კვეთს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, ანუ მოპასუხე მოსარჩელის მიწის ნაკვეთს იყენებს ამ ნაკვეთზე გატარებული საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებით საკუთარი აბონენტებისათვის ელექტროენერგიის მისაწოდებლად. ამ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 180-ე მუხლი (თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს), რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, კანონის ანალოგიით უნდა გამოვიყენოთ (სკ-ის 5.1 მუხლი). ამ ნორმის მიზანია, მიწის ნაკვეთის მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფა. ამ მიზნის მისაღწევად, ნორმა ავალდებულებს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს, ითმინოს აუცილებელი გზა იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სასარგებლოდ, რომელსაც არა აქვს კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან. ნორმის მიხედვით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელიც ამგვარად ვერ უკავშირდება საჯარო გზებს, მოიპოვებს მეზობელი ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ვალდებულია, გადაიხადოს შესაბამისი კომპენსაცია მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის მოთხოვნის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს დააკისრა მის მიწის ნაკვეთზე მოპასუხის კუთვნილი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების გატარების თმენის ვალდებულება. მოსარჩელის ასეთი ვალდებულება, მართალია, ზემოხსენებული კანონიდან გამომდინარეობს, მაგრამ იგივე კანონი მოპასუხესაც აკისრებს გარკვეულ ვალდებულებას, კერძოდ, ეს უკანასკნელი ვალდებულია, შესაბამისი კომპენსაცია გადაუხადოს მოსარჩელეს (შდრ.: იხ. სუსგ, საქმე #ას-803-762-2013, 10.10.2014, #ას-516-493-2016, 23.09.2016). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნორმის წინაპირობები სახეზეა, შესაბამისად, კომპენსაციის მოთხოვნა იურიდიულად საფუძვლიანია. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას, მოსარჩელემ წარადგინა შესაბამისი მტკიცებულება, რომლის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შეფასების გზით, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას მისი დასაბუთებულობის თაობაზე, ამასთანავე, ვინაიდან საპირისპირო დასკვნა მოპასუხეს არ წარმოუდგენია, მტკიცებულებაში გადმოცემული კომპენსაციის ოდენობა გაზიარებას ექვემდებარება. პალატა განჩინების დასაბუთების სტანდარტიდან გამომდინარე, დამატებით აღნიშნავს, რომ როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით, ისე _ „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროკონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული საკუთრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს. შეზღუდვის კანონიერება, ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მოწმდება ე.წ პროპორციულობის ტესტით: იგი უნდა ემყარებოდეს ლეგიტიმურ საფუძველს, გამართლებული უნდა იყოს საზოგადოების აუცილებელი საჭიროებით და მიზნის მიღწევა ნაკლებად მზღუდავი საშუალებით არ უნდა იყოს შესაძლებელი. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ ხაზობრივი ნაგებობა აგებულია სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს 1981 წლის 3 ნოემბრის აქტის საფუძველზე და ხაზობრივი ნაგებობის არსებობა გამართლებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში უკიდურესი აუცილებლობით _ ელექტროენერგიის მომხმარებლებთან მიწოდებით, რაიმე შედავება, რომელიც მიზნის მიღწევის ნაკლებად მზღუდავი საშუალების გამოყენებით იქნებოდა შესაძებელი, მხარეებს არ მიუთითებით, შესაბამისად, მოსარჩელის საკუთრების შეზღუდვა გამართლებულია, თუმცა, ზემოხსენებული კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში, საკუთრების შეზღუდვა კანონიერი იქნება მესაკუთრისათვის კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ. საკასაციო პალატა შესაგებელში გამოთქმული მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შედავების საპირისპიროდ განმარტავს, რომ საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა, რომელიც უდავოა, რომ დღესაც გრძელდება, არ შეიძლება ხანდაზმულობას დაუკავშირდეს, შესაბამისად, ამ მხრივ საპროცესო თავდაცვა გაუმართლებელია. დამატებით გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კი, პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სარჩელი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, არსებობდა მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი, გარდა ამისა, დამატებითი გადაწყვეტილება გამოტანილია კანონით განსაზღვრულ 7-დღიან ვადაში, ხოლო, რაიმე დასაბუთებულ შედავებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/დამატებითი გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მათი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვის გამო, კომპენსაციის დაკისრების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-1306-1226-2017, 30 იანვარი, 2018 წელი). კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განჩინებით კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის _ 2 200 ლარის გადახდა დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ვინაიდან წინამდებარე განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დასრულდა საქმისწარმოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახამდ (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული ბაჟის 30%-ის _ 660 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს.ს.ე–მის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „ს.ს.ე–მას“ (ს/კ #2.....) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 2 200 ლარის 30%-ის _ 660 ლარის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ზ. ძლიერიშვილი