საქმე №ას-813-2019 14 თებერვალი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დ.კი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ნ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ნ.ნ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ.კის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ, მხარეთა შორის 2016 წლის 28 აგვისტოს რეგისტრირებული #49163000405 ქორწინების განქორწინებით შეწყვეტის მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეები 2016 წლის 28 აგვისტოდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შვილი არ შეძენიათ. მოსარჩელე 2005 წლიდან ლეგალურად ცხოვრობს და მუშაობს ესპანეთში, ხოლო მოპასუხემ ქორწინების გამო, ოჯახის გაერთიანების საფუძველზე, მიიღო ესპანეთში ცხოვრების ოფიციალური უფლება, იმოგზაურა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოსარჩელის ხელშეწყობითა და ხარჯზე. მხარეთა შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება გაგრძელდა სამი თვის განმავლობაში, რის შემდეგაც ერთმანეთს დაშორდნენ და ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია, ცხოვრობენ სხვადასხვა ქვეყანაში, არ აქვთ ერთმანეთს შორის კომუნიკაცია, ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, რის გამოც, შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, შესაგებლის თანახმად, მოპასუხე სამი თვეა რაც საქართველოში სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების გამო დაბრუნდა, ქორწინების მიზანს არ წარმოადგენდა ანგარება, ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა არ უკავშირდება მოსარჩელესა და მის ფინანსებს. მიუხედავად მხარეთა შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობისა, არსებობს ოჯახის აღდგენის შესაძლებლობა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყდა მხარეთა შორის 2016 წლის 28 აგვისტოს #49163000405 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მათი გაუქმება და სარჩელის უარყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მხარეები დაქორწინდნენ 2016 წლის 28 აგვისტოს, თანაცხოვრების პერიოდში შვილი არ შეძენიათ;
1.2.2. მოსარჩელე და მოპასუხე ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და ერთიან მეურნეობას არ ეწევიან;
1.2.3. მოპასუხის საცხოვრებელი ადგილია ქ.თბილისი, ......;
1.2.4. მოსარჩელე ცხოვრობს საზღვარგარეთ;
1.2.5. მხარეთა ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. მოსარჩელის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მის მარწმუნებელს საოჯახო ურთიერთობის აღდგენის ნება არ აქვს, ის იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ჰყავს შვილი და მისი სამომავლო საოჯახო გეგმები ყოფილ მეუღლესთან შერიგებას არ ითვალისწინებს (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 05.02.2019წ. სხდომის ოქმი). მოდავე მხარეთა შორის ურთიერთობა დაძაბული არ არის, თუმცა, მოსარჩელის მოთხოვნა განქორწინების შესახებ კატეგორიულია (იხ. სარჩელი, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი).
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლით რეგულირდება რა ქორწინების წესი და წინაპირობები, ნორმის პირველივე წინადადებაში ხაზგასმით ადგენს კანონმდებელი, რომ იგი მხარეთა ნებაზე დამყარებული ურთიერთობაა, უფრო მეტიც, ამავე კოდექსის 1144-ე მუხლი ნებაზე ზემოქმედების (იძულება) შედეგს ქორწინების ბათილად ცნობას უკავშირებს. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მოსარჩელეს აღარ სურს ქორწინებაში მოპასუხესთან ყოფნა, ოჯახური მეურნეობის აღდგენა და სხვა, მას შექმნილი აქვს სხვა ოჯახი და ჰყავს შვილი. ამ ფაქტის წინააღმდეგ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ შედავებას, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა მართებულად არ გამოიყენეს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მეუღლეთათვის შესარიგებელი ვადის მიცემის ინსტიტუტი. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად იხელმძღვანელეს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და მართებულად დააკმაყოფილეს სარჩელი. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ შედავებას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ქორწინების შეწყვეტის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ნ.ა–ას/დ.კის მიერ 14.06.2019წ. #8062586287 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.კის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ დ.კს (პ/#......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ნ.ა–ას/დ.კის მიერ 14.06.2019წ. #8062586287 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი