საქმე №ას-584-2019 31 იანვარი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – თ.ყ–ი, ზ.ს–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე “ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების, ასევე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „ე“-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ყ–ისა და ზ.ს–ძის (შემდგომში _ პირველი და მეორე მოპასუხე, პირველი მოპასუხე ასევე წოდებული, როგორც მსესხებელი, ხოლო მეორე _ როგორც სოლიდარული თავდები. მოპასუხეები ასევე წოდებული, როგორც საჩივრის ავტორები, აპელანტები, კასატორები ან მოვალეები) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის სესხის ძირი თანხის _ 1 742 აშშ დოლარის, სარგებლის _ 470,33 აშშ დოლარისა და ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების ხარჯის _ 100 ლარის სოლიდარულად დაკისრება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 27 აპრილს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ #135252/ტ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს თვეში 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა 4 000 აშშ დოლარი. მსესხებელი ვალდებული იყო, სესხი გადაეხადა 24 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხსა და სარგებელს სესხის ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ნ.კ–ას კუთვნილი ავტომობილი ტოიოტა პრიუსი. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები დამატებით უზრუნველყოფილი იყო მეორე მოპასუხის სოლიდარული თავდებობით 21 000 აშშ დოლარის ფარგლებში. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2016 წლის 31 ოქტომბერს მოსარჩელემ განახორციელა გირავნობის საგნის რეალიზაცია. მდგომარეობის გათვალისწინებით, ავტომობილი გაიყიდა 3 485 აშშ დოლარად, რომლის გაქვითვაც, ხელშეკრულების შესაბამისად, განხორციელდა შემდეგნაირად: 1 227 აშშ დოლარი გაიქვითა სარგებელში, 2 258 აშშ დოლარით კი, შემცირდა სესხის ძირი თანხა. ვინაიდან გირავნობის საგნის რეალიზაციის დღისთვის მსესხებელს ერიცხებოდა დავალიანება _ სესხის ძირი თანხა 4 000 აშშ დოლარი, ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ მას კვლავ დარჩა დავალიანება 1 742 აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც, ხელშეკრულების შესაბამისად, ერიცხება სარგებელი ყოველთვიურად 5%-ის ოდენობით. ვინაიდან ავტომობილის რეალიზაციიდან (31.10.2016-დან) სარჩელის აღძვრამდე გასულია სრული 5 თვე და 12 კალენდარული დღე, დარიცხულმა სარგებელმა შეადგენს 470,33 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზეც, რაც წარმოიშვა გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში“. სესხის დარჩენილი ნაწილის ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით 2017 წლის 29 მარტს წერილობითი შეტყობინება გაეგზავნათ მოპასუხეებს და მიეცათ დამატებითი ვადაც, თუმცა _ უშედეგოდ.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოსარჩელის წარმომადგენელს საქმის მომზადების მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად, გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები მოპასუხებისათვის ჩასაბარებლად. მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხეთათვის არაერთხელ გაგზავნის მიუხედავად მათთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. 2017 წლის 1 ივნისს, 11:03 საათზე, სარჩელში მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოხდა გასაუბრება პირველ მოპასუხესთან, რომელსაც ეცნობა, რომ კრედიტორის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილია სარჩელი თ.ყ–ისა და ზ.ს–ძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე და მიეცა წინადადება, გამოცხადებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჩაებარებინა სარჩელი და თანდართული მასალები, რაზეც მოპასუხემ განაცხადა თანხმობა, თუმცა, იგი არ გამოცხადებულა სასამართლოში და არ ჩაუბარებია კორესპონდენცია. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით მეორე მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება დაევალა შსს გორის რაიონულ სამმართველოს, თუმცა, 2017 წლის 23 აგვისტოს წარმოდგენილი პასუხით დგინდება, რომ აღნიშნულ შემთხვევაშიც მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხეებს სარჩელისა და თანდართული საბუთების შესახებ ეცნობათ 2017 წლის 12 ოქტომბერს შეტყობინების საჯაროდ გავრცელების გზით. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეებს დანიშნული ჰქონდათ 10-დღიანი ვადა, მაგრამ მოპასუხეებმა შესაგებელი არ წარადგინეს და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დამაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირი თანხის _ 1 742 აშშ დოლარის, სარგებლის _ 470,33 აშშ დოლარისა და ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების ხარჯის _ 100 ლარის გადახდა;
3.2. ამავე სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის განჩინებით მოპასუხეების საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მათი გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება დარჩა უცვლელად.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი, ასევე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მოსარჩელე ხელშეკრულებაში მითითებულ და მისთვის ცნობილ მისამართებზე: გორი, ....., ქ.გორი, ....., ბინა #41 და თბილისი, ...... ფოსტის მეშვეობით ცდილობდა მოპასუხეებისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარებას, თუმცა, ჩაბარება ვერ მოხდა იმ მიზეზით, რომ მოპასუხეები მითითებულ მისამართებზე არ იმყოფებოდნენ;
1.2.2. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს განჩინებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს დაევალა მეორე მოპასუხისთვის სარჩელში მითითებულ მისამართზე _ ქ.გორში, ....... ქ#56-ში სარჩელის ჩაბარება. გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების მიერ შედგენილი ოქმის მიხედვით ჩაბარება ვერ მოხერხდა, რადგან მითითებული მისამართი არ არსებობს;
1.2.3. 2017 წლის 1 ივნისს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის თანაშემწემ ტელეფონის საშუალებით აცნობა პირველ მოპასუხეს სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების აუცილებლობის შესახებ, თუმცა, მხარე არ გამოცხადებულა სასამართლოში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება მოხდა საჯარო შეტყობინების გზით;
1.2.4. მოპასუხეები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებენ იმ გარემოებაზე, რომ გზავნილი არ ჩაბარებიათ. არც საჩივართან ერთად და არც სასამართლოში საჩივრის განხილვისას მხარეს არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გზავნილის მოპასუხისათვის ჩაბარების წესის დარღვევას. შესაგებელი არ არის წარდგენილი დადგენილი წესით და არც წარუდგენლობის საპატიო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოიპოვება საქმეში.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია რა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებზე (სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები), მხარის მიერ საკუთარი საპროცესო უფლებების განკარგვა სწორედ ამ პრინციპების ჭრილში ფასდება სასამართლოს მხრიდანაც. პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის წარდგენის ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევა, სწორედ მხარის მიერ ამ საპროცესო წესების განკარგვაზე მიანიშნებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე იყო ყველა კანონისმიერი წინაპირობა (სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ეს ფაქტობრივი წინაპირობები განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. თავის მხრივ, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები ასევე ამომწურავადაა რეგლამენტირებული კანონში და შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიჩნეულია შემდეგი: ა) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; ბ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; გ) არსებობს სხვა საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (სსსკ 241-ე მუხლი). საპატიო მიზეზის კონტექსტში სასამართლომ ასევე სწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც არ იძლეოდა სსსკ-ის 215.3 მუხლით განსაზღვრულ წინაპირობებს).
1.5. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის იურიდიული საფუძვლიანობის დადგენისას სასამართლო ამოწმებს მოსარჩელის მხრიდან დაცულია თუ არა მითითების ტვირთი, კერძოდ, სარჩელში გადმოცემული ფაქტები შეესაბამება თუ არა დამფუძნებელი ნორმის აღწერილობით ნაწილს, რადგანაც, როგორც ითქვა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ფაქტები დადგენილად მიიჩნევა, შესაბამისად, მტკიცების საგნის განსაზღვრა და მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილება ამ ეტაპზე აღარ ხდება. პალატა მიიჩნევს, რომ ამ განჩინების აღწერილობითი ნაწილის 1.2 პუნქტში მითითებული, დადასტურებულად ცნობილი ფაქტები ამართლებენ სარჩელს (სკ-ის 254-ე, 276.2 (ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი რედაქციის სკ), 623-ე, 625-ე, 394-ე, 891.1, 895-ე, მუხლები), შესაბამისად, არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების ყველა პროცესუალური წინაპირობა. რაც შეეხება კასატორთა პრეტენზიას სასამართლოს მხრიდან საპროცესო წესების დარღვევის თაობაზე, იგი საქმის მასალებით არ დასტურდება. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის შესაბამისობა ევროკონვენციის მე-6 მუხლთან თუკი ამგვარი წარმოებისას სასამართლოები განკარგავენ მხარის ინფორმირების ყველა საკანონმდებლო რესურს (მრავალთა შორის იხ. მაგ: ECHR: GAKHARIA v. GEORGIA, საჩივარი N 30459/13), მოცემულ შემთხვევაში, ამგვარი რესურსი სასამართლოს მხრიდან ამოწურულია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოთხოვნის უშუალო მოვალეს სამართალწარმოების შესახებ ეცნობა სატელეფონო შეტყობინებითაც კი, თუმცა, ეს უკანასკნელი სასამართლოში არ გამოცხადებულა, ამდენად, საკასაციო საჩივარში გადმოცემული გარემოებები არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით.
1.6. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (მრავალთა შორის იხ. სუსგ-ებები: Nას-964-929-2016, 6 მარტი, 2017 წელი; ას-959-1238-09, 28 დეკემბერი, 2009 წელი). კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო, კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ შ. კ–ის მიერ 06.05.2019წ. #7903628263 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.ყ–ისა და ზ.ს–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორებს: თ.ყ–სა (პ#5.....) და ზ.ს–ძეს (პ#5......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ შ.კ–ის მიერ 06.05.2019წ. #7903628263 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი