საქმე №ას-550-550-2018 30 მარტი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს.დ.ჯ.ა.გ.ჯ–ია“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. სს „ს.დ.ჯ. ა.გ.ჯ–ამ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან შემკვეთი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ლ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მენარდე) მიმართ ავანსად გადახდილი, აუთვისებელი თანხის _ 146 079,29 ლარის მოსარჩელისათვის დაბრუნების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2012 წლის 14 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, აეშენებინა 15-საწოლიანი მრავალპროფილური საავადმყოფო დ–ში. ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს ჩაერიცხა 246 133,82 ლარი, საიდანაც 197 407,80 ლარი წარმოადგენდა ხელშეკრულებით გათავლისწინებულ საავანსო ანაზღაურებას. მოსარჩელის ადმინისტრაცია არ დაეთანხმა მოპასუხის მიერ წარდგენილი სამუშაოს შესრულების შესახებ ფორმა #2-ს და მას წარდგენილი სახით ხელი არ მოეწერა, თუმცა ხსენებული დოკუმენტი ხელმოსაწერად მოგვიანებით მოსარჩელე კომპანიის გაკოტრების მმართველს წარედგინა. სსიპ „ლ.სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საექსპერტო დასკვნის თანახმად, წარმოებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 51 328,51 ლარს. მიუხედავად წერილობითი მოთხოვნისა, მოპასუხეს არ დაუბრუნებია აუთვისებელი საავანსო თანხა მოსარჩელისათვის.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მან იმაზე მეტი სამუშაო შეასრულა, ვიდრე შეთანხმებით იყო გათვალისწინებული, ხოლო, ხელშეკრულება ვადაზე ადრე მოიშალა მოსარჩელის ინიციატივით, რომელიც იმყოფება გაკოტრების რეჟიმში. ვალდებულების ჯეროვნად შესრულება დადასტურებულია საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემკვეთმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად შემდეგ დასკვნებს ეფუძნება:
1.2.1. 2012 წლის 31 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა ქ.დ–ში, ..... ქუჩაზე მდებარე 5240 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 737 კვ.მ #1, 126.00 კვ.მ #2 და 7,34 კვ.მ #3 შენობა-ნაგებობებით. კომპანიამ იკისრა ვალდებულება, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში განახორციელებდა შენობა-ნაგებობების დემონტაჟს, ასევე, 2013 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოფდა ქონების ბაზაზე 15-საწოლიანი მრავალპროფილიანი საავადმყოფოს შექმნასა და ექსპლუატაციას.
1.2.2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით შეწყდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სს „ს.დ. ჯ.ა.გ.ჯ–ას“ შორის 2012 წლის 31 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება;
1.2.3. 2012 წლის 14 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოების ხელშეკრულება, რომლის 2.15 მუხლის თანახმად, შემსრულებლის მიერ სამუშაოების განსაზღვრული მოცულობის შესრულების საბუთს წარმოადგენდა სამუშაოთა მიმდინარეობის დოკუმენტაციის ფორმები - დოკუმენტები შესრულებული სამუშაოების შესახებ (ფორმა #2), რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას ნიმუშად; 2.19 მუხლი შეიცავს სამშენებლო სამუშაოების ჩამონათვალს. ხელშეკრულებას აქვს დანართი #1 (დამატებითი პირობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში), „გ“ ქვეპუნქტი კი, შეეხება „ნებისმიერ დანართს“ (მათ შორის ხელშეკრულების „ა“ დანართი - ხარჯთაღრიცხვა და სამუშაოთა დეტალური ჩამონათვალი). 5.6 პუნქტის თანახმად, მენარდე ვალდებული იყო, ყოველი ეტაპის ბოლოს შემკვეთისთვის წარედგინა მის მიერ ხელშეკრულების პირობებისა და სამუშაოების შეფასების აქტის საფუძველზე შედგენილი შესრულებულ სამუშაოთა აქტი (ფორმა #2). 6.3 პუნქტის თანახმად, სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება ხდებოდა ხელშეკრულების „ა“, „ბ“ და „გ“ დანართის შესაბამისად, ფორმა #2-ის საფუძველზე, შემკვეთისთვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის შემდეგ. 6.5 პუნქტით, შემკვეთი უფლებამოსილი იყო, გაექვითა პირგასამტეხლო და ხარვეზით შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების თანხა იმ გადასახდელებში, რომელთა გადახდაც მას ეკისრება მოპასუხისათვის. ხელშეკრულების „ა“ დანართის შესაბამისად, პირდაპირი დანახარჯებისა და დანარიცხების საფუძველზე დამატებული დ.ღ.გ, ბეტონის ჩამონაჟონისა და ნიჟარების დაფიქსირების შემთხვევაში, დაკავებული თანხის ოდენობა განისაზღვრებოდა დამატებითი პირობებით;
1.2.4. 2012 წლის 14 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოების ხელშეკრულების დამატებითი პირობები #1. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით, ობიექტი მდებარეობს ქალაქ დ–ში, ..... ქუჩაზე (ზონა დ– .., სექტორი ქ.დ– .., კვარტალი .., ნაკვეთი ..). 2.2 პუნქტის შესაბამისად, შესასრულებელ სამუშაოს წარმოადგენდა ობიექტზე მრავალპროფილიანი საავადმყოფოს (15 საწოლზე) სამშენებლო სამუშაოები. 2.5 პუნქტის მიხედვით, სამუშაოთა ღირებულება შეადგენდა 789 631.20 ლარს დღგ-ის ჩათვლით. 2.6 პუნქტის თანახმად, შემკვეთი ვალდებული იყო, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, მენარდისათვის გადაეხადა ხელშეკრულების „ბ“ დანართით განსაზღვრული თანხა _ შესასრულებელი სამუშაოების პირველი საავანსო თანხა, 197 407,80 ლარი. ხელშეკრულების #2 დანართი „ა-ს“ მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ მრავალპროფილიანი საავადმყოფოს მშენებლობაზე (15 საწოლზე). წინასწარი სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშებით მშენებლობის ხარჯი განისაზღვრა 789 631.20 ლარით;
1.2.5. 2013 წლის 5 თებერვალს მენარდემ შემკვეთს წარუდგინა შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა. სამუშაოების ჩამონათვალის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ: 1. შენობის ნარჩენების, ქვაბულის დამუშავება განისაზღვრა 5816 კუბური მეტრით, ერთეულის ფასი _ 16.315 ლარად, ჯამში _ 94 888.04 ლარად; ბეტონის მოსამზადებელი ფენის მოწყობა M-100 მარკის ბეტონით, აგრეთვე 8 სმ-იანი ფენის მოსამზადებელი ღორღის მოწყობით 17 კუბური მეტრით, ერთეულის ფასი _ 196.013 ლარით, ჯამში _ 3 332.22 ლარით; რკინა-ბეტონის წერტილოვანი საძირკვლის, ლენტური საძირკვლის, სვეტების ნაწილობრივ მოწყობა მ 250 რაოდენობა 80.3 კბ.მ, ერთეულის ფასი 298.35 ლარი, ჯამში _ 23 957.51 ლარი; არმატურა 2.9 ტონა, ჯამში _ 3 625 ლარი; არმატურა 0.06 ტონა, ჯამში _ 76.8 ლარი; ბეტონის კედლების მოწყობა სარდაფში 45 კბ.მ, ჯამში _ 13 724.6 ლარი; სატრანსპორტო ხარჯი ჯამში 143 792.24 ლარი; გაუთვალისწინებელი ხარჯი _ 146 668.08 ლარი; ზედნადები ხარჯი _ 156 934.85 ლარი; გეგმიური დაგროვება _ 169 489.64 ლარი; დღგ 18%, ჯამში _ 199 997.77 ლარი. მოპასუხემ შემკვეთს დამატებით გაუგზავნა შესრულებული სამუშაოების ფორმა #2, რომლის თანახმადაც, სამუშაოთა ღირებულება შეადგენდა 203 753.55 ლარს, ასევე, გაუგზავნა მიღება-ჩაბარების აქტი და ექსპერტიზის დასკვნა #003598014;
1.2.6. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 31 ბრძანებით მოსარჩელეს გაუუქმდა დაზღვევის ლიცენზია და მის მიმართ გადაწყდა გაკოტრების საქმისწარმოების დაწყება. კომპანიის გაკოტრების მმართველად დაინიშნა კახაბერ ვარადაშვილი;
1.2.7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 25 აპრილის #5001796814 დასკვნის თანახმად, მოპასუხის მიერ, ქ.დ–ში, .... ქუჩაზე, საავადმყოფოს მშენებლობაზე ჩატარებული სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება, სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა დაცვით, შეადგენს 51 328,51 ლარს, დღგ-ს და სხვა ნორმატიული დანარიცხების გათვალისწინებით, რაც არ შეესაბამება წარმოდგენილ ფორმა #2-ში დაფიქსირებულ 199 997.77 ლარს, სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 148 669,26 ლარს. დასკვნის კვლევით ნაწილში ექსპერტი მიუთითებს, რომ 2014 წლის 16 აპრილს, ექსპერტმა გამოსაკვლევი ობიექტი შეისწავლა ადგილზე. ხილული სამუშაოები აღირცხა. იმ სამუშაოების მოცულობები, რომლებიც განეკუთვნება ფარულ სამუშაოთა კატეგორიას და რომელთა აზომვაც ექსპერტიზის ჩატარების პერიოდში შეუძლებელი იყო, ვინაიდან არ იქნა წარმოდგენილი ფარული სამუშაოების აქტები, გათვალისწინებული იქნა წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად. ობიექტისა და პროექტის შესწავლისას გამოირკვა, რომ ფაქტობრივად წარმოებულია შემდეგი სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები: გრუნტის დამუშავება ქვაბულში, ბეტონის მოსამზადებელი ფენის მოწყობა, წერტილოვანი საძირკვლის მოწყობა, ლენტური საძირკვლის მოწყობა, სვეტების მოწყობა, ბეტონის კედლების მოწყობა. წარდგენილი ფორმა #2 არ არის შესრულებული რესურსული მეთოდით, სადაც ცალ-ცალკე იქნებოდა გამოყოფილი მასალების, ხელფასებისა და მანქანის მექანიზმების ღირებულებები. აღნიშნულ ფორმა #2-ში რამდენიმე სამუშაო (მათ შორის წერტილოვანი საძირკვლის, ლენტური საძირკვლისა და სვეტების მოწყობა) გაერთიანებულია ერთ პუნქტად, დანარიცხებით გათვალისწინებულია გაუთვალისწინებელი ხარჯები (2%), რომელზედაც არ იქნა წარდგენილი სამუშაოების გაშიფრა, შესაბამისად, აღნიშნული არ იქნა მხედველობაში მიღებული;
1.2.8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 14 ივლისის #003598014 დასკვნიდან დგინდება მოპასუხის მიერ ქ.დ–ში ..... ქუჩაზე, საავადმყოფოს მშენებლობაზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე თანდართული დანართი „ა-ს“ (მათ შორის: სამუშაოთა ჩამონათვალი, ერთეული ღირებულებები და ნორმატიული დანარიცხები) და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში #1001026114 განცხადების საფუძველზე (განმცხადებელი _ მოსარჩელე) ჩატარებული საექსპერტო კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების გათვალისწინებით, შეადგენს 203 753,55 ლარს. მენარდის მიერ დამატებითი მასალის სახით წარდგენილ ფოტოსურათებზე (დანართი #3) ასახული ინფორმაციის შესახებ კვლევა არ შედის ინჟინერ-ექსპერტის კომპეტენციაში, გამომდინარე აქედან #1 და #2 შეკითხვებთან დაკავშირებით ექსპერტიზამ არ იმსჯელა. ობიექტის ადგილზე შესწავლისას მშენებარე საავადმყოფოს ქვაბულში ძველი შენობის ნარჩენები არ შეიმჩნეოდა;
1.2.9. დ–ს საავადმყოფოს მშენებლობაზე შესრულებული სამუშაოების ფორმა #2-დან დგინდება, რომ მოპასუხემ შემდეგი სამუშაოები შეასრულა: ნარჩენების ქვაბულის დამუშავება; ბეტონის მოსამზადებელი ფენის (ბეტონის მარკა M100), მოსამზადებელი ღორღის 8 სმ-იანი ფენის მოწყობა; რკინა-ბეტონის წერტილოვანი საძირკვლის, ლენტური საძირკვლის, სვეტების ნაწილობრივ მოწყობა, არმატურა-ბეტონის კედლების მოწყობა სარდაფში, სულ _ 203 753,55 ლარის ღირებულების სამუშაოები დღგ -ს ჩათვლით;
1.2.10. ექსპერტმა ი.ქ–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ადგილზე მისვლის დროს ქვაბული დამუშავებული იყო, სამშენებლო ტერიტორიაზე ნარჩენები არ შეინიშნებოდა. მისი განმარტებით, ფარული სამუშაოების შემოწმება ვერ მოხერხდა ვინაიდან გადაფარული იყო ხილული სამუშაოებით;
1.2.11. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოიშალა მოსარჩელის მიერ მის მიმართ გაკოტრების საქმისწარმოების დაწყების გამო.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე გაამახვილებს. სადავო არ არის, რომ მხარეები სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით განსაზღვრულ ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ და შეთანხმდნენ საავანსო ანგარიშსწორების წესზე, ხელშეკრულება ვადამდე მოიშალა შემკვეთის ინიციატივით და ეს უკანასკნელი მოითხოვს მენარდისაგან საავანსო თანხის აუთვისებელი ნაწილის დაბრუნებას, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლი და 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი წარმოადგენს, რომელთა თანახმადაც, შემკვეთის ინიციატივით ხელშეკრულების მოშლისას მას ეკისრება შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება. საავანსო ანგარიშსწორების შემთხვევაში კი, მას უფლება აქვს, მოითხოვოს ზედმეტად გადახდილი თანხა, თუმცა, მტკიცების თვალსაზრისით სწორედ შემკვეთს ეკისრება იმის დადასტურების ვალდებულება, რომ საავანსო თანხა აღემატება ფაქტობრივ შესრულებას. ამ თვალსაზრისით პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები დასაბუთებულია, ვინაიდან საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნა არ არის სრულყოფილი და არ ამტკიცებს სარჩელის საფუძვლიანობას, რადგანაც არ შეიცავს ფაქტობრივად შესრულებული ფარული სამუშაოების ღირებულებას, ხოლო, მტკიცებულებათა ერთობლივად შეფასებით (სსსკ-ის 105-ე მუხლი) დასტურდება ის ფაქტი, რომ მენარდემ მიღებული ანაზღაურების შესატყვისი სამუშაოები შეასრულა. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მათი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „ყ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს.დ.ჯ.ა.გ.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი