Facebook Twitter

ბს-635-22-კ-04 23 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა სს. “ე-ის" სააპელაციო საჩივრის განსჯადობის საკითხი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 12.12.03წ. გადაწყვეტილებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქ. თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლი, მასზე დამაგრებული 750 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად, 1946 წლიდან ირიცხება მის სახელზე. მოსარჩელემ განმარტა, რომ სს. “ე-მა" აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ჩადგა უკანონო ნაგებობა ელექტრო-სატრანსფორმატორო ჯიხური. მოგვიანებებით, ახალი სკ-ის ძალაში შესვლის შემდეგ, 01.04.98წ. მოსარჩელესა და ს.ს. “ე-ს” შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება ¹32, რომლითაც ა. კ-ეს საკუთრებაში არსებული 22 კვ.მ. მიწის ნაკვეთი იჯარით გადაეცა ს.ს. “ე-ს".

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 01.03.02წ. განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტს მის საკუთრებაში არსებული 750 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ, 19.03.02წ. ¹კ-26 წერილით მიწის მართვის დეპარტამენტმა უარი განუცხადა რეგისტრაციაზე იმ მოტივით, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთზე არსებული ჯიხური სხვა პირის საკუთრებაა. მოსარჩელისათვის მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მისი კუთვნილი 750 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილი _ 27 კვ.მ. საჯარო რეესტრში აღირიცხა ს.ს. “ე-ის" სახელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისში ..... მდებარე 27 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ს.ს. “ე-ის" სახელზე საკუთრების უფლების შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა, მისი ქ. თბილისში ... მდებარე 750 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობა და მიწის მართვის დეპარტამენტისათვის მითითებულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 12.12.03წ. გადაწყვეტილებით ა. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტს 08.02.02წ. განაცხადის რეგისტრაციის ¹3446/2002; მიწის სარეგისტრაცო ნომერი ....... 19 ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მისგან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგებით ბათილად იქნა ცნობილი, ქ. თბილისში ... მდებარე 750 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დადგენილ იქნა ა. კ-ის საკუთრების უფლება, ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტს დაეკისრა ა. კ-ის სახელზე საკუთრების უფლებით მიწის ნაკვეთის აღრიცხვა.

ს.ს. “ე-მა" დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 12.12.03წ. გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტმა მიუთითა, რომ 1961 წელს სადავო მიწის ნაკვეთზე, რომელიც იმ დროისათვის სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა, იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამონტაჟებული იქნა სატრანსფორმატორო ჯიხური, რომელიც 21.12.98წ. სახელმწიფოსა და ს.ს. “ე-ს" შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადავიდა “ე-ის" საკუთრებაში, ხოლო 08.02.02წ. მიწის ნაკვეთი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, “ე-ზე" აღირიცხა ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მოითხოვა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელე ა. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ საქმე ს.ს. “ე-ის" სააპელაციო საჩივრის გამო განსჯადობის წესის დაცვით განსახილველად გადასცა ქ. თბილისის ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელე ა. კ-ემ სადავოდ გახადა საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მოქმედება და მოითხოვა განცხადების რეგისტრაცია, მიწის სარეგისტრაციო ნომრისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა, რის გამოც სააპელაციო პალატის აზრით მოცემული დავა სასკ-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “გ" ქვეპუნქტის თანახმად მიეკუთვნება ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიას.

ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 04.05.04წ. განჩინებით ს.ს. “ე-ის" სააპელაციო საჩივარი საქმესთან ერთად განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა, მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღიარება და ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტისათვის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის დავალება. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ 27 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დადგენა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობისა და პროცესში ადმინისტრაციულ ორგანოს მარტოოდენ მონაწილეობა არ ცვლის დავის სამართლებრივ ბუნებას, რის გამოც სააპელაციო პალატამ აღნიშნული დავა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განსჯად საქმედ მიიჩნია.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ ს.ს. “ე-ის" სააპელაციო საჩივარი განსახილველად უნდა გადაეცეს ქ. თბილისის სალქო სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

ა. კ-ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვდა ქ. თბილისში, ..... ¹3 სახლის მიმდებარედ 27 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ს.ს. “ე-ის" საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ბათილად ცნობას, ქ. თბილისში, ..... არსებული 750 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების აღიარებას, თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტისათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრის დადგენა განაპირობებს რეესტრში არსებული ჩანაწერის გაუქმებას, რეესტრში ნაკვეთის მესაკუთრის რეგისტრაციას. ამასთანავე, მოსარჩელე ცალკე მოთხოვნის სახით აყალიბებს რეესტრში ჩანაწერის გაუქმებას, ნაკვეთის მის სახელზე რეესტრში რეგისტრაციას. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად 27 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთის ს.ს. “ე-ის" საკუთრებად აღრიცხვის საფუძვლად მითითებულია “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" კანონი. მიუხედავად იმისა, რომ ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია დეტერმინირებულია საქმის განხილვის შედეგად მიწის ნაკვეთის მესაკუთრის დადგენით, ხოლო სადავო ნაკვეთზე პრეტენზიას გამოთქვამენ ფიზიკური პირი ა. კ-ე და კერძო-სამართლის იურიდიული პირი _ ს.ს. “ე-ი", საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტა მოითხოვს არამხოლოდ სკ-ის 1513-ე მუხლის, არამედ “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" კანონის იმ ნორმებს ანალიზს, რომლითაც რეგულირდება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების პირველადი რეგისტრაცია. ამდენად სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე არის ადმინისტრაციული ორგანო, სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. სასკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის “გ" ქვეპუნქტის მიხედვით სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ დავა ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა რიგს განეკუთვნება, შესაბამისად იგი განსჯადობით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას უნდა გადაეგზავნოს განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სასკ-ის მე-2 და 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.ს. “ე-ის" სააპელაციო საჩივარი განსჯადობით დაექვემდებაროს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.