საქმე №ას-547-2019 14 თებერვალი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ა.ჯ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ც–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ნ.ც–ამ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე , შემკვეთი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა.ჯ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მენარდე ან მოვალე) მიმართ და მოითხოვა ვალდებულების დარღვევის გამო, მოპასუხისათვის 16 575 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება, მხარეთა შორის 2016 წლის 10 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის დავალიანების _ 11 042 აშშ დოლარის გაქვითვა მოპასუხის ვალდებულებაში, ასევე, უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 15 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა 52,50 კვ.მ ქონების გადაცემა. 1 კვ.მ ქონების ღირებულება განისაზღვრა 877 აშშ დოლარით, ხოლო, მთლიანი ნასყიდობის ფასი _ 46 042,5 აშშ დოლარით. ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად, ბინის ღირებულების ნაწილი _ 35 000 აშშ დოლარი მყოდველმა გადაიხადა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე. მოსარჩელის საქართველოში არყოფნის გამო, ხელშეკრულებით წარმოშობილი უფლების რეგისტრაციისას გამოვლენილი ხარვეზი ვერ იქნა აღმოფხვრილი, რის გამოც, 2016 წლის 10 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა ამავე შინაარსის ხელშეკრულება და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2016 წლის 14 ივნისს. ხელშეკრულებით მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მყიდველისათვის საკუთრებაში გადაეცა ექსპლუატაციაში მიღებული #.... უძრავი ნივთი არაუგვიანეს 2016 წლის 20 დეკემბრისა, ხოლო, შემკვეთს ხელშეკრულების დარჩენილი ღირებულება _ 11 042,5 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა 2016 წლის დეკემბერში, ექსპლუატაციაში მიღებული უძრავი ქონების გადაცემის შემდგომ. 2016 წლის ივლისში შემკვეთისათვის ცნობილი გახდა მოპასუხე კომპანიის მიერ სრულფასოვანი ფუნქციონირების დროებითი შეჩერების შესახებ მისი დამფუძნებლის გარდაცვალების მოტივით. მომხდარი შემთხვევის გამო, მოსარჩელემ თავი შეიკავა პრეტენზიის გაცხადებისგან, თუმცა, ამჟამად სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია კომპანიის ახალი დირექტორი. კრედიტორმა კომპანიას, ნაცვლად ხელშეკრულებაში მითითებული ვალდებულების შესრულების ვადისა, წერილობით განუსაზღვრა დამატებითი ვადა 2017 წლის 6 თებერვლამდე და აცნობა, რომ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების შემთხვევაში, მას დაეკისრებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სანქციები. მიუხედავად მოსარჩელის ლოიალური მიდგომისა, კომპანია დაუკავშირდა მას და მოსთხოვა ხელშეკრულების დარჩენილი ღირებულების დაუყოვნებლივ ანაზღაურება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განუმარტა ხელშეკრულებიდან გასვლისა და ქონების სხვა პირზე გასხვისების შესახებ. კრედიტორმა წერილობით მიმართა კომპანიას და მოსთხოვა ქონების ექსპლუატაციაში შესვლის ვადის ცხადად განსაზღვრა, მასვე განუმარტა, რომ თავად არღვევდა ბინის გადაცემის ვალდებულებას და ხელშეკრულების 3.12 პუნქტის თანახმად, ეკისრებოდა პირგასამტეხლოს _ 0,1%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
2. მოპასუხის პოზიცია:
სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მარტივი შედავების ფარგლებში მას ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, არამედ, მიუთითა მხოლოდ იმაზე, რომ კომპანიის დირექტორის გარდაცვალება აფერხებდა მშენებლობის პროცესს, რამდენადაც, კომპანიის წესდების თანახმად, უძრავი ქონების მესამე პირთა საკუთრებაში გადაცემის შესახებ გარიგების დადება პარტნიორთა თანხმობას საჭიროებდა. სწორედ ამან შეაფერხა ვალდებულების შესრულება. მიუხედავად ამისა, მოვალე კმპანიის დირექტორის გარდაცვალება არ ათავისუფლებდა მოსარჩელეს თანხის გადახდის ვალდებულებისაგან.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს _ 4 000 აშს დოლარის გადახდა, ხოლო, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისა და ქონების საკუთრებაში გადაცემის დავალდებულების მოთხოვნა უარყოფილ იქნა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის უარყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2016 წლის 15 აპრილს მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, აეშენებინა და საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელისათვის ექსპლუატაციაში მიღებული 54.54 კვ.მ ბინა მე-3 სართულზე არაუგვიანეს 2016 წლის 20 დეკემბრისა. მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, გადაეხადა ბინის ღირებულება - 46 042.5 აშშ დოლარი ეტაპობრივად: ხელშეკრულების გაფორმებისთანავე - 35 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, ხოლო, დარჩენილი 11 042.5 აშშ დოლარი _ 2016 წლის დეკემბერში, იმის გათვალისწინებით შეასრულებდა თუ არა მშენებელი ექსპლუატაციაში მიღებული ბინის გადაცემის ვალდებულებას 2016 წლის 20 დეკემბრამდე;
1.2.2. მოსარჩელეს გადახდილი აქვს 35 000 აშშ დოლარი;
1.2.3. ნარდობის ხელშეკრულების 3.12 პუნქტის თანახმად, მშენებლის მიერ გადაცემის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მყიდველი უფლებამოსილია, დააკისროს მშენებელს პირგასამტეხლო 0,1% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სარჩელის აღძვრამდე ვადაგადაცილების გათვალისწინებით პირგასამტეხლომ მთლიანობაში შეადგინა 16 575 აშშ დოლარი;
1.2.4. მოსარჩელეს ექსპლუატაციაში მიღებული ბინა არ გადასცემია.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, მე-400, 417-ე და 442-ე მუხლები წარმოადგენს. ამ მოთხოვნათა ფარგლებში დაკმაყოფილებულია მხოლოდ პირგასამტეხლოს დაკისრება, ხოლო, ურთიერთმოთხოვნათა გაქითვისა და ვალდებულების შესრულების მოთხოვნის თაობაზე სარჩელის უარყოფის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შესულია კანონიერ ძალაში. ამავე კოდექსის 409-ე მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აფასებს მხოლოდ პირგასამტეხლოს დაკისრებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის ნაწილში ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობის კანონიერებას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის უარყოფის წინაპირობები. ამ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოვალემ დაარღვია ვალდებულების შესრულების ვადა, რაც სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ შემკვეთს სრულად არ აქვს გადახდილი ნარდობის საზღაური, მხარეთა სახელშეკრულებო პირობის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა (იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა). რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე დაყრდნობით შეამცირა მისი განაკვეთი და 0,1%-ის ნაცვლად განსაზღვრა 0,024%-ით. პირგასამტეხლოს ამ ოდენობით შემცირება კრედიტორს სადავო არ გაუხდია, რაც შეეხება მოვალის პრეტენზიას, პალატა უარყოფს მას და იმ პირობებში, როდესაც შესაგებელი არც კი შეიცავს დასაბუთებულ შედავებას პირგასამტეხლოს ოდენობასთან მიმართებით, პალატა თვლის, რომ დაკისრებული თანხა კვლავ შემცირებას ვერ დაექვემდებარება, ვინაიდან კარგავს პირგასამტეხლოს შეთანხმების ინტერესს. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ შედავებას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლი მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს უნდა დაუბრუნდეს პ. კ–ის მიერ 30.04.2019წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 540,14 ლარის 70% _ 378,098 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ა.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ა.ჯ–ს“ (ს/კ #4.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს პ.კ–ძის მიერ 30.04.2019წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 540,14 ლარის 70% _ 378,098 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი