Facebook Twitter

საქმე №ას-485-485-2018 31 იანვარი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ზ.ნ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.მ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2018 წლის 1 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების/ განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ზ.ნ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ.მ–ძის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება, ითმინოს და ხელი არ შეუშალოს მოსარჩელეს მის საკუთრებაში არსებულ, ქ.ბათუმში, ...... მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-11 სართულზე არსებული #25 ბინასთან (ს/კ .......) დამაკავშირებელი კიბით სარგებლობაში, რომელიც მდებარეობს მოპასუხის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის ჰოლში (ქ.ბათუმში, .....#156-ში, მე-10 სართულზე მდებარე #25 ბინაში ს/კ .....).

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოპასუხეს საკუთრებაში გააჩნდა ქ.ბათუმში, ..... არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მე-10 და მე-11 სართულებზე მდებარე მანსარდები:- ბინა #25 და ბინა #25. მე-11 სართულზე არსებულ ბინა #25-სთან დამაკავშირებელ ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა და დღემდე წარმოადგენს მე-10 სართულზე მდებარე #25 ბინის ჰოლში არსებული კიბე. 2014 წელს, შპს „ბ–ის“ წინაშე არსებული დავალიანების გამო, სააღსრულებო ბიურომ მე-10 სართულზე მდებარე #25ბინა გაასხვისა იძულებით აუქციონზე, რომელიც შეიძინა მოპასუხემ და მოითხოვა გამოთავისუფლებელი ბინის მისთვის გადაცემა. #25 ბინის იძულებითი რეალიზაციის შემდეგ, მოსარჩელის ერთადერთ საცხოვრებელს წარმოადგენს მე-11 სართულზე არსებული მანსარდა (ბინა #25), მაგრამ აღნიშნული ბინა მთლიანად იზოლირებულია საჯარო გზებისაგან და მე-11 სართულზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ მოპასუხის კუთვნილ ბინაში არსებული შიდა კიბით. მოსარჩელეს, მის საკუთრებაში არსებული ბინით სარგებლობისათვის ესაჭიროება აუცილებელი გზის დადგენა მე-10 სართულზე არსებულ #25 ბინაში მდებარე კიბის გამოყენებით, ვინაიდან სხვა საშუალებით მე-11 სართულზე მდებარე #25 ბინის საჯარო სივრცესთან დაკავშირება შეუძლებელია.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მისი განმარტებით, ქონება აუქციონზე 2014 წლის 11 აგვისტოს შეიძინა კანონიერად და ამ დროიდან მოყოლებული, მოსარჩელე არ აძლევს საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობას, ამასთანავე, მოსარჩელე ვერ ამტკიცებს, რომ სწორედ მოპასუხის კუთვნილ ბინაში არსებული კიბე წარმოადგენს ერთადერთ საშუალებას მოსარჩელის კუთვნილი ბინის საჯარო სივრცესთან დასაკავშირებლად. მოსარჩელის მიერ წარდგენილი სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა არ არის კატეგორიული, ამ მტკიცებულებით არ დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ბინასთან დამაკავშირებელი ალტერნატიული აუცილებელი გზის (კიბის) მოწყობა შეუძლებელია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაევალა, ითმინოს და ხელი არ შეუშალოს მოსარჩელეს მის საკუთრებაში არსებული ქ.ბათუმში, ....., მე-11 სართულზე მდებარე #25 ბინასთან დამაკავშირებელი აუცილებელი გზით (კიბით) სარგებლობაში, რომელიც მდებარეობს მოპასუხის საკუთრებაში არსებული, ამავე კორპუსის მე-10 სართულზე მდებარე #25 ბინის ჰოლში.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა;

5.2. ამავე სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის განჩინებით აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების/მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის მიზეზები და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების გაუქმების დასაბუთება:

1.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:

საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კანონიერება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს. საკასაციო საჩივრის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი. ხსენებული ნორმის თანახმად, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა სასამართლოს წარუდგინა მისი გამოცხადების შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ფორმა #100, რომლითაც ირკვევა, რომ იგი მოიწამლა საკვებით, შეუძლოდ მყოფი მიიყვანეს კლინიკაში სადაც ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, მიეცა დანიშნულება და განესაზღვრა წოლითი რეჟიმი. ასეთ მდგომარეობაში, ბუნებრივია, მას არ ჰქონდა სასამართლოში გამოცხადების შესაძლებლობა. საგულისხმოა, რომ 2017 წლის 9 ნოემბერს, პროცესის დღეს, წარმომადგენელს, ავადმყოფობის გამო, არ შეეძლო სასამართლოს წინასწარი ინფორმირება. რაც შეეხება უშუალოდ მხარეს, მას არ ჩაბარებია უწყება, მისთვის გაურკვეველია ფოსტის თანამშრომლის მინაწერი, თითქოს უწყება ადრესატის შვილმა არ ჩაიბარა, რადგანაც დღის საათებში კასატორის ოჯახში იმყოფება მხოლოდ მისი შვილიშვილი და ძიძა. შესაბამისად, უწყების ჩაბარების მიზნით გამოცხადებულმა ფოსტის თანამშრომელმა ძიძას თავადვე არ ჩააბარა უწყება. ამ მხრივ, საინტერესოა, რატომ მიანიჭა პრიორიტეტი სასამართლომ ფოსტის თანამშრომლის მინაწერს მხარის ახსნა-განმარტებასთან შედარებით. გარდა ამისა, აპელანტის მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებდა სააპელაციო საჩივარი, რამდენადაც მას არ ჰქონდა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლში საუბარია სასამართლოს შესაძლებლობაზე, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და არა ვალდებულებაზე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არ გაითვალისწინა ხსენებული და ის, რომ დავა საკუთრებით სარგებლობის უფლებას შეეხებოდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მხარეს ფაქტობრივად წაართვა საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა.

1.2. ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების მიმართ:

საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

1.2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო, ამავე წლის 5 სექტემბრის განჩინებით, 2017 წლის 9 ნოემბერს, 14:00 საათზე დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა;

1.2.2. მთავარი სხდომის დროისა და ადგილის შესახებ მხარებს ეცნობათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, თუმცა მოწინააღმდეგე მხარე სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის;

1.2.3. სააპელაციო სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტის წარმომადგენელმა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება ითხოვა, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა, ამასთან, დამატებით განმარტა, რომ ამგვარი რეალობა სრულად უკარგავს დანიშნულებას აპელანტის ბინას, გამოდის, რომ იგი ვეღარ ისარგებლებს თავის საკუთრებით;

1.2.4. დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილ საჩივარში მითითებულია, რომ:

- სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ მას სასამართლო სხდომის დღის თაობაზე უწყება არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით. საქმეში წარმოდგენილია საფოსტო შეტყობინება, სადაც აღნიშნულია, რომ მან უარი განაცხადა უწყების ჩაბარებაზე. აღნიშნული გარემოება არ შეესაბამება სინამდვილეს და ზ.ნ–ს სასამართლო გზავნილის მიღებაზე უარი არ განუცხადებია. იმ შემთხვევაში, თუკი მხარეს ჩაბარდებოდა უწყება, ის აუცილებლად გამოცხადდებოდა სხდომაზე;

- მხარის წარმომადგენლის სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობა ასევე გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ მისი ავადმყოფობით, რამაც ხელი შეუშალა სასამართლო სხდომაზე მის გამოცხადებას. საჩივარს ერთვის 2017 წლის 1 დეკემბერს შპს ქ.ბათუმის ..... ხელმძღვანელის მიერ გაცემული #2817 ცნობა მხარის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დოკუმენტში პოლიკლინიკის ხელმძღვანელი აღწერს წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობას 2017 წლის 9 ნოემბრისთვის: „2017 წლის 9 ნოემბერს, პაციენტმა მიმართა #.. პოლიკლინიკის უბნის თერაპევტს ჩივილებით - ძლიერი ტკივილი აპიგასტრიუმის არეში, ღებინება, ფაღარათი... პაციენტს ჩაუტარდა თერაპევტის კონსულტაცია... პაციენტი საჭიროებდა 24 საათიან წოლით რეჟიმს და დანიშნულების ჩატარებას;

- დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მხარის დასჯის მექანიზმი, ვინაიდან მხარეს დავის მიმართ არ დაუკარგავს ინტერესი, მან უპასუხა სააპელაციო საჩივარს შესაგებლით, რომელში მითითებული გარემოებებიც ამართლებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების აუცილებლობას;

1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

1.3.1. სადავო გარემოებების სწორად შეფასების მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის, ასევე, მისი გაუქმების პროცესუალურ საკითხებზე: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი სპეციალური ნორმაა, რომელიც ადგენს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის შედეგებს, კერძოდ, ნორმის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, ხოლო მე-3 ნაწილით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელი ყველა იმ წესის გამოყენების აუცილებლობა, რაც სპეციალურ მოწესრიგებას (სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) არ ეწინააღმდეგება. იმისათვის, რათა სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობისას გამოტანილ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წინაპირობები:

ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, რომელსაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული შეტყობინება სასამართლო სხდომის თაობაზე, ხოლო, სასამართლოს არ უნდა მოეპოვებოდეს ცნობა მისი გამოუცხადებლობის საპატიოობის თაობაზე;

ბ) გამოცხადებული აპელანტი უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ. ამ გარემოებათა კუმულაციურად არსებობა, წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის დადგენის შემდეგ, ამავე ნორმის მე-3 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, ამასთანავე, სასამართლომ უნდა შეამოწმოს სააპელაციო მოთხოვნას იურდიულად ამართლებს თუ არა მასში გადმოცემული ფაქტები (სსსკ-ის 230.2 მუხლი). ეს უკანასკნელი მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლომ უნდა მოიძიოს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა, ფორმალური თვალსაზრისით შეაფასოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მათ წინააღმდეგ წარდგენილი პრეტენზიები და ამ გზით განსაზღვროს მოთხოვნის განხორციელებადობა.

1.3.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივარში გამოთქმულ პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო საჩივარი იურიდიულად არ ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას, ასევე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარისათვის შეტყობინების ჩაუბარებლობას და განმარტავს, რომ მოთხოვნის იურიდიული დასაბუთება, დაუსწრებელი წარმოების დროს არა მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების კონკრეტული მტკიცებულებებით დადასტურებას, არამედ, ამ საკითხთან დაკავშირებით მხარის დასაბუთებულ შედავებას მოიაზრებს. თავად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 230-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, სარჩელში/სააპელაციო საჩივარში, ასევე, სასამართლოს სხდომაზე აპელანტის მიერ მიცემული განმარტებების დადგენილად მიიჩნევა საბოლოოდ ამართლებდა თუ არა აპელანტის მოთხოვნას, საკასაციო პალატა შეფასების გარეშე ტოვებს, რადგანაც საქმე ხელახლა განსახილველად უბრუნდება სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც ამჯერად მტკიცებულებათა კვლევის შედეგად უნდა დაადგინოს ხსენებული, შესაბამისად, არც საკასაციო პალატა გამოთქვამს წინასწარ აზრს.

1.3.3. რაც შეეხება მხარის ინფორმირების საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ უწყებებზე: იგი ფოსტით გაეგზავნა, როგორც აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელს, ისე _ უშუალოდ მხარეს. საფოსტო პასუხის თანახმად, წარმომადგენელს უწყება ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, რაც მას, ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოუშობდა მხარის ინფორმირების ვალდებულებას, უფრო მეტიც, მხარისათვის გაგზავნილი უწყების საფოსტო უკუგზავნილის თანახმად, ადრესატის შვილმა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მის ჩაბარებულად მიჩნევას განაპირობებს. ამ წერილობითი მტკიცებულების წინააღმდეგ მხარემ მხოლოდ ზეპირი განმარტება გააკეთა, შესაბამისად, მისი სიტყვიერი განმარტება წერილობითი მტკიცებულების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება.

1.3.4. რაც შეეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საკითხს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები (ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები), ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (სსსკ-ის 215.3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე).

1.3.5. საკასაციო პალატა უარყოფს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ წარმომადგენელს, რომელმაც მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, შეეძლო სასამართლოსათვის ეცნობებინა ავადმყოფობის შესახებ, ამასთანავე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო სხდომის თაობაზე და შეეძლო სასამართლოში გამოცხადება. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას, რომლის თანახმადაც, წარმომადგენელს სხდომის დღეს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, მიეცა დანიშნულება და 24-საათიანი წოლითი რეჟიმი, რაც, როგორც სასამართლოს წინასწარ ინფორმირებას, ისე _ მის სხდომაზე გამოცხადებას გამორიცხავს, რაც შეეხება უშუალოდ მხარეს, მიუხედავად იმისა, რომ იგი კანონით დადგენილი წესით ინფორმირებულად მიიჩნევა, მისი გამოუცხადებლობა, მოცემულ შემთხვევაში, ვერ შეუშლის ხელს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას. საკასაციო სასამართლო ემყარება მის მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას, სადაც არაერთხელ განიმარტა, რომ მხარეს, თუკი მას ჰყავს წარმომადგენელი, დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე (სკ-ის 709-ე მუხლი), აქვს კეთილსინდისიერი მოლოდინი რწმუნებულის მხრიდან მისი უფლებების კვალიფიციურად დაცვისა, შესაბამისად, რწმუნებულის საპატიოდ გამოცხადების შეუძლებლობა არ შეიძლება მხარეს შეერაცხოს ბრალად (მრავალთა შორის იხ. სუსგ-ებები: #ას-1666-1654-2011, 8 დეკემბერი, 2011 წელი; #ას-955-917-2017, 24 ივლისი, 2015 წელი; #ას-187-179-2016, 6 მაისი, 2016 წელი). გარდა ხსენებულისა, საკასაციო პალატა მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკას, საქმეზე „ბ–ა საქართველოს წინააღმდეგ“ (საჩივარი no10978/06, ECHR), ევროსასამართლომ ყურადღება გაამახვილა ადვოკატის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობაზე. გადაწყვეტილების თანახმად, ბატონი ბ–ას საქმეზე სასამართლო პროცესი ჩატარდა 2004 წლის 28 იანვარს. მისი ადვოკატი ვერ ახერხებდა დასწრებას, რადგან იმავე დროს სხვა საქმის განხილვაში მონაწილეობდა. ადვოკატმა ჩანიშნულ სასამართლო პროცესამდე მცირე დროით ადრე წერილობით მიმართა სასამართლოს, რათა ეცნობებინა, რომ ვერ ახერხებდა დასწრებას და მოითხოვა პროცესის გადადება. მას სასამართლოსგან პასუხი არ მიუღია და, შესაბამისად, განხილვას ბ-ნი ბ–ა მარტო დაესწრო. მანაც მოითხოვა პროცესის გადადება, ამბობდა რა უარს, ადვოკატის გარეშე, საქმის განხილვაში მონაწილეობაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნის უარი საქმის განხილვაში მონაწილეობაზე მისი გამოუცხადებლობის ტოლფასი იყო და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი. ბ-ნი ბ–ას ადვოკატმა მოცემული გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა წარუმატებლად. კერძოდ, 2005 წლის მაისსა და სექტემბერში, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებმა დაასკვნეს, რომ რელევანტური ეროვნული სამართლის მიხედვით არ არსებობდა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამამართლებელი საფუძველი და სხვა საქმის განხილვაში ადვოკატის მონაწილეობა ვერ ჩაითვლებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საპატიო მიზეზად. უფრო მეტიც, მათ დაადგინეს, რომ ბ-ნი ბ–ა პირველი ინსტანციის მოსამართლემ გააფრთხილა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე უარის თქმის მოსალოდნელი შედეგების თაობაზე. ეროსასამართლომ მსგავსი მიდგომა ჩათვალა ევროკონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევად. სასამართლოს წინაშე საქმის ეფექტურად წარდგენისა და მხარეთა თანასწორობის უფლებასთან დაკავშირებული ზოგადი პრინციპები არაერთხელ იქნა გამეორებული წინა გადაწყვეტილებებში (Steel and Morris v. the United Kingdom, ECHR 2005-II). კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი სახელმწიფოებს უტოვებს თავისუფალ არჩევანს, რათა თავად გადაწყვიტონ თუ რა საშუალებები გამოიყენონ, მოსარჩელეთათვის აღნიშნული უფლებების უზრუნველსაყოფად. ამრიგად, სასამართლო პროცესზე პირის გამოცხადების საკითხი, სამართალწარმოების ფორმა - ზეპირი თუ ზეპირი მოსმენის გარეშე - და იურიდიული წარმომადგენლობა ურთიერთდაკავშირებულია და უნდა გაანალიზდეს კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული „სამართლიანი სასამართლოს“ უფლების ფართო კონტექსტში. სტრასბურგის სასამართლომ უნდა დაადგინოს მომჩივანს - სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეს, მიეცა თუ არა გონივრული შესაძლებლობა გაცნობოდა და კომენტარები გაეკეთებინა მეორე მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე; აგრეთვე წარმოედგინა თავისი საქმე იმ პირობებში, რომელიც მას მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში არ ჩააყენებდა (Ternovskis v. Latvia №33637/02, § 65, 29 აპრილი 2014, და Larin v. Russia № 15034/02, §§ 35-36, 20 მაისი 2010). სამართლიანი სასამართლოს უფლება, სხვებს შორის, შედგება მხარეთა უფლებისგან, წარადგინონ დასკვნები, რომლებსაც ისინი საქმესთან მიმართებით სათანადოდ მიიჩნევენ. ვინაიდან კონვენცია მიზნად ისახავს უზრუნველყოს არა თეორიული და ილუზორული, არამედ პრაქტიკული და ეფექტიანი უფლებები, აღნიშნული უფლება ეფექტიანად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მომჩივანს ფაქტობრივად „მოუსმენენ“, რაც გულისხმობს იმას, რომ სასამართლოები მის მიერ წარმოდგენილ დასკვნებს სათანადოდ განიხილავენ. კონვენციის მე-6 მუხლი სახელმწიფოებს ავალდებულებს, სამართლებრივი სისტემები იმგვარად მოაწყონ, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებას, რაც აგრეთვე მოიცავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. თუმცა, აღნიშნული ვერ განხორციელდება სხვა პროცედურული გარანტიების ხარჯზე (იხ.,Aždajić v. Slovenia №71872/12, §49, 8 ოქტომბერი 2015, და Gankin and Others v. Russia 2430/06, 1454/08, 11670/10 და 12938/12, §26, 31 მაისი 2016). ეროვნული ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს უზრუნველყოს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფით მოცემული სტანდარტების, კერძოდ, მხარეთა თანასწორობის პრინციპის, დაცვა. სამოქალაქო უფლებათა და ვალდებულებათა განსაზღვრისას „სამართლიანი განხილვის“ კონცეფციით დადგენილი მოთხოვნები არ არის აუცილებლად სისხლისსამართლებრივი ბრალდების დადგენისას არსებული მოთხოვნების მსგავსი. აღნიშნული გამომდინარეობს იქედან, რომ არ არსებობს დეტალური დებულებები, როგორიცაა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პარაგრაფები, რომლებიც გამოიყენება ამ უკანასკნელი კატეგორიის საქმეებთან მიმართებით. ამრიგად, ხელშემკვრელ სახელმწიფოებს სამოქალაქო საქმეების განხილვის დროს მიხედულების უფრო ფართო ფარგლები აქვთ, ვიდრე სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის დროს. (იხ.,Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27 ოქტომბერი 1993, §§ 32‑33, სერია ა №274; Jokela v. Finland, №28856/95, §68, ECHR 2002‑IV; და მილოვანოვა უკრაინის წინააღმდეგ, №16411/03, 2 ოქტომბერი 2007). მიუხედავად ამისა, სამოქალაქო უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებულ საქმეებში „სამართლიანი განხილვის“ ცნების შესახებ გარკვეული პრინციპები წარმოიშვა სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. ცალსახაა, რომ „მხარეთა თანასწორობის“ მოთხოვნა, მხარეთა შორის „სამართლიანი ბალანსის“ დაცვის მნიშვნელობით, ვრცელდება როგორც ასეთ შემთხვევებზე, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეებზეც. გარდა ამისა, როდესაც სასამართლო იხილავს კონვენციის მე-6 მუხლის სამოქალაქო ასპექტთან დაკავშირებულ საქმეს, ის საჭიროდ მიიჩნევს მხედველობაში მიიღოს სისხლისსამართლებრივ საკითხებთან მიმართებით დამკვიდრებული მიდგომა (იხ.,Dilipak and Karakaya v. Turkey, nos. 7942/05 da 24838/05, § 80, Carmel Saliba v. Malta, №24221/13, §§67, 70 და 73, 29 ნოემბერი 2016). ევროსასამართლოს განმარტებით, კონვენცია არ ითვალისწინებს სამოქალაქო სამართალწარმოებაში იურიდიული წარმომადგენლობის ავტომატურ უფლებას; წინამდებარე საქმის გარემოებებში იურიდიული წარმომადგენლობა არ იყო სავალდებულო. თუმცა, მოცემული საქმის მსგავსად, როდესაც მხარე ითხოვს სასამართლო პროცესის გადადებას იმ საფუძვლით, რომ მისი წარმომადგენელი არ იმყოფება და ეს უზღუდავს მას დაცვის უფლებას, ეროვნულმა სასამართლომ უნდა განიხილოს აღნიშნული მოთხოვნა და უპასუხოს მას. საკითხი, თუ რამდენად აუცილებელია სამართლიანი სამართალწარმოებისთვის ადვოკატის დახმარება, განხილულ უნდა იქნეს თითოეული საქმის კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარე, როგორიცაა, თუ რა სამართლებრივი სიკეთე დგას სამართალწარმოებაში მომჩივნისთვის საფრთხის ქვეშ, აგრეთვე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შესაბამისი კანონმდებლობისა და სამართალწარმოების კომპლექსურობა, მომჩივნის შესაძლებლობა, ეფექტურად წარადგინოს საკუთარი პოზიცია. ამ კონტექსტში უნდა დადგინდეს, ადვოკატის გარეშე ეფექტურად წარდგებოდა თუ არა მომჩივანი სასამართლოების წინაშე, კერძოდ, შეძლებდა თუ არა ის საქმის სათანადოდ და დამაკმაყოფილებლად წარმოდგენას (იხ., mutatis mutandis, Airey v. Ireland, 9 ოქტომბერი 1979, § 24, სერია ა №32). გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე საერთო კონტექსტი, სახელდობრ, რამდენად ისარგებლა სამართალწარმოებაში მომჩივანმა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის და მხარეთა თანასწორობის უფლებით (იხ., ნ.ჯ.დ.ბ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, § 74). სტრასბურგის სასამართლომ ბ–ას საქმეში დაუსწრებელი გადაწყვეტილების საკითხთან დაკავშირებით ხაზი გაუსვა შემდეგს: რაიონულმა სასამართლომ არ განიხილა, ხომ არ არსებობდა მტკიცებულება იმისა, რომ მომჩივანი და მისი ადვოკატი, რომლებმაც წარმოადგინეს სასამართლო პროცესის გადადების სერიოზული მიზეზი, არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ ან ცდილობდნენ სამართალწარმოების გაჭიანურებას. ეს იყო სასამართლო პროცესის გადადების შესახებ მათი პირველი შუამდგომლობა, რომელიც მომჩივანმა და მისმა ადვოკატმა სასამართლოში სათანადოდ წარადგინეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლი ცალსახად აღიარებს მხარის უფლებას, სასამართლოში საქმე აწარმოოს წარმომადგენლის მეშვეობით. ამავდროულად, სამართალწარმოების საგანი იყო დელიკატური. ამ კონტექსტში სტრასბურგის სასამართლო არ დაეთანხმა მთავრობის არგუმენტს, რომ მომჩივნის წარმომადგენლის მიერ უზენაესი სასამართლოს წინაშე სხვა საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება არ წარმოადგენდა სასამართლო პროცესის გადადების საკმარის საფუძველს; ამასთან, მომჩივნის თხოვნა ვერ მიიჩნევა სამართალწარმოების გაჭიანურების მცდელობად. ასეთი ზედმეტად ფორმალისტური და მოუქნელი მიდგომა ეწინააღმდეგება გულმოდგინების პრინციპს; ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გამოიჩინონ გულმოდგინება, რათა უზრუნველყონ კონვენციის მე-6 მუხლით უზრუნველყოფილი უფლებებით ეფექტური სარგებლობა.

1.4. საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების პროცესუალური დასაბუთება:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად (საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი), აუქმებს გასაჩვრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას/განჩინებას, ამასთანავე, ვინაიდან საჭიროა მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა, ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძვლით, პალატა საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს, რომელმაც უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შემდგომ გადაწყვიტოს უფლების საკითხი.

2. პროცესის ხარჯები:

ვინაიდან საქმე ხელახლა განსახილველად უბრუნდება სააპელაციო სასამართლოს, პროცესის ხარჯების საკითხი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ.ნ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური