Facebook Twitter

საქმე №ა-2427-შ-74-2014 4 მაისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – „ვ.კ.ლ.“

მოწინააღმდეგე მხარე _ მ.დ–ა

განმცხადებლის მოთხოვნა _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინებაში აღნიშნული კრედიტორისა და მოვალის უფლებამონაცვლეების დადგენა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინებით დ.მ–ის წარმომადგენელ გ.კ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ცნობილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე თელ-ავივის იაფოს რეგიონული სასამართლოს არბიტრ დოქტორ ი.ლ–ის 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც გ.ჭ–ას, დ.მ–ის სასარგებლოდ, დაეკისრა 5 053 418 აშშ დოლარის გადახდა, რომელიც მოიცავს სესხის ძირითად თანხას - 1 400 000 აშშ დოლარსა და საპროცენტო სარგებელს, ყოველთვიურად ძირითადი თანხის 1%-ს, მასვე დაეკისრა მოსარჩელის მიერ გაღებული საარბიტრაჟო მოსაკრებლის ანაზღაურება. ხსენებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მიექცა აღსასრულებლად. განჩინებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა „ვ.კ.ლ–მა“, წარმოადგინა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, სამკვიდრო მოწმობის ასლი, აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილობითი პასუხი და მოითხოვა კრედიტორ დ.მ–ის უფლებამონაცვლედ „ვ.კ.ლ–ის“, ხოლო მოვალე გ.ჭ–ას უფლებამონაცვლედ, მისი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრის, მეუღლის _ მ.დ–ას ჩაბმა.

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი ნორმის მოქმედება ვრცელდება არა მხოლოდ საქმის განხილვის, არამედ აღსრულების პროცესზეც, რამდენადაც აღსრულება სასამართლო პროცესის განუყოფელი ნაწილია და ემსახურება სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაციას. გარდა ამისა, აღსრულების პროცესში უფლებამონაცვლეობას ადგენს სპეციალური კანონი _ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი.

განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელმა სასამართლოს წარმოუდგინა 2019 წლის 4 თებერვალს კრედიტორ დ.მ–სა და „ვ.კ. ლ–ს“ შორის დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის დათმობა სამოქალაქო ბრუნვისათვის დასაშვები სანივთო გარიგებაა და საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მიზნებისათვის უფლებამონაცვლის დაშვების საკმარისი საფუძველია. საქმეში წარმოდგენილი მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების პრეამბულაში მხარეები აღნიშნავენ შემდეგს: „მოთხოვნის დამთმობი (დ.მ–ვი) ფლობს მის სასარგებლოდ და გ.ჭ–ას (შემდგომში „მოვალე“) საწინააღმდეგოდ მიღებულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია არბიტრ დოქტორ ისრაელ ლ–ის მიერ 2012 წლის 28 მაისს (შემდგომში _ გადაწყვეტილება)“, ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად, „მოთხოვნის დამთმობი გადასცემს „გადაწყვეტილების“ და მისგან წარმოშობილ ყველა სარგებელს, ღირებულებას, უფლებას, საკუთრების უფლებას, მოთხოვნის უფლებასა და ინტერესს, რომელიც შეზღუდვის გარეშე მოიცავს სარგებელს, ღირებულებას, უფლებას, საკუთრების უფლებას, მოთხოვნის უფლებასა და ინტერესს თბილისის სააპელაცო სასამართლოში მიმდინარე საქმეში #2ბ/3123-16, იმ პირობებით, რაც წარმოდგენილია წინამდებარე მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებაში, როგორც სრული და საბოლოო მოთხოვნის დათმობა მოთხოვნის დათმობის შემხვედრი შესრულების სანაცვლოდ, როგორც ეს განმარტებულია მეორე პარაგრაფში“.

საქმეში წარმოდგენილი აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილობითი პასუხით ირკვევა, რომ აღმასრულებელმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2014 წლის 30 დეკემბერს #ა-2427-შ-74-2014 საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედება შეაჩერა სასამართლოს მიერ მხარეთა უფლებამონაცვლეობის საკითხის გადაწყვეტამდე, ამასთან, აღსრულებაზე უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ თავად არ დაადგინა უფლებამონაცვლეობის საკითხი.

რაც შეეხება მოვალის უფლებამონაცვლის დადგენას, საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობით ირკვევა, რომ გ.ჭ–ა (პ/#.....) გარდაიცვალა და სამკვიდრო მიიღო მისმა მეუღლემ, რაც, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1328-ე მუხლების თანახმად, სამკვიდრო აქტივის ფარგლებში უფლებამონაცვლეობის დაშვების საკმარისი საფუძველია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინებაში კრედიტორად მითითებული დ.მ–ის უფლებამონაცვლედ ცნობილ უნდა იქნეს „ვ. კ. ლ–ი“, ხოლო მოვალე გ.ჭ–ას უფლებამონაცვლედ _ მ.დ–ა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. „ვ. კ. ლ–ის“ განცხადება უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის #ა-2427-შ-74-2014 განჩინებაში მითითებული კრედიტორის _ დ.მ–ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნეს „ვ. კ. ლ–ი“ (რეგისტრირებული მისამართზე: ნიუ დერვენტ ჰაუსი, 69-73 .... ქუჩა, ლონდონი, ინგლისი, ....), ხოლო მოვალე გ.ჭ–ას უფლებამონაცვლედ _ მ.დ–ა (პ/#0......., რეგისტრირებული მისამართზე: ქ.თბილისი, ......., ბინა 10).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი