Facebook Twitter

№ას-172-2019 30 ივნისი, 2020 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ.რ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდეგში მოპასუხე, კასატორი, დამსაქმებელი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების თაობაზე გ.რ–ის (შემდეგში მოსარჩელე, დასაქმებული, აღმასრულებელი) სარჩელი დაკმაყოფილდა.

2. საკასაციო პრეტენზია ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

2.1. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ აღმასრულებელს სამსახურებრივი მდგომარეობა არ გამოუყენებია და ამგვარი ქმედებით უხეშად არ დაურღვევია შრომის შინაგანაწესი, რაც მის სამუშაოდან დათხოვნას ამართლებდა. კასატორის მტკიცებით, აღმასრულებელს სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, დედის ინტერესების წარმოდგენით ზეგავლენა სურდა სააღსრულებო წარმოებაზე. ამ ფაქტმა კი, მოქალაქეს/მოვალეს დამსაქმებელი ორგანიზაციის მიუკერძოებლობის მიმართ შეუქმნა ეჭვის ვარაუდი.

2.2. კასატორის განმარტებით, დასაქმებულმა ჩაიდინა სამსახურებრივი სტატუსისთვის შეუფერებელი და მორალურად გაუმართლებელი საქციელი, კერძოდ ის, ერთი მხრივ, წარმოადგენდა დამსაქმებელ ორგანიზაციას, როგორც ამ დაწესებულებაში აღმასრულებლის პოზიციაზე დასაქმებული პირი, ხოლო, მეორე მხრივ, ამ დაწესებულებაში სამოქალაქო დავაზე დაწყებულ სააღსრულებო წარმოებაზე წარმოადგენდა ოჯახის წევრის ინტესესებს, რაც დამსაქმებლისათვის მიუღებელ ქმედებას წარმოადგენს. კასატორის მითითებით, დასაქმებულმა დაარღვია დაწესებულების შინაგანაწესის 6.2. მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, დასაქმებულს ეკრძალება დამსაქმებლის მიერ გამოცხადებულ აუქციონში დასაქმებულისა და მისი ოჯახის წევრების მონაწილეობა. კასატორის განმარტებით, ამ წესიდან გამონაკლისი არ დაიშვება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

5.2.1. 2011 წლის 27 ოქტომბერს მოსარჩელე დასაქმდა მოპასუხე დაწესებულებაში. შრომითი ხელშეკრულების თანახმად, მისი თანამდებობრივი სარგო 1350 ლარს შეადგენდა.

5.2.2. შრომითი ურთიერთობის პერიოდში, დასაქმებული ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა დაჰკისრებულ შრომით მოვალეობებს. დასაქმებულს არ შეჰფარდებია დისციპლინური პასუხისმგებლობის არცერთი ღონისძიება.

5.2.3. ვ.რ–მა (შემდეგში - დასაქმებულის დედა, კრედიტორი/იპოთეკარი სხვა დავაზე) სხვა პირებთან ერთად, 2008 წელს, ე.გ–ს (შემდეგში - მოვალე) ასესხა 20 000 აშშ დოლარი, რის უზრუნველსაყოფადაც გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც კრედიტორებმა მის წინააღმდეგ დავა წამოიწყეს. სამართალწარმოების პროცესში მხარეები მორიგდნენ და მოვალემ იკისრა ვალდებულება, 4 თვის განმავლობაში კრედიტორებისთვის გადაეხადა 28 000 აშშ დოლარი. მოვალემ დაარღვია მორიგების პირობა და კრედიტორებს მხოლოდ 22 366 ლარი გადაუხადა, რის გამოც მოვალის ქონებაზე კრედიტორთა დაკმაყოფილების მიზნით დაიწყო სააღსრულებო წარმოება. 2012 წლის 18 ოქტომბერს კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად, მოვალის წინააღმდეგ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება. სააღსრულებო წარმოების პროცესში კრედიტორს, მისი შვილი/მოსარჩელე წარმოადგენდა. 2013 წლის 6 თებერვალს, განმეორებით აუქციონზე იპოთეკის საგანი ერთ-ერთმა კრედიტორმა, კერძოდ, დასაქმებულის დედამ 12 000 ლარად შეიძინა.

5.2.4. 2014 წლის 9 ოქტომბერს, დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევის (31-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი) გამო, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. დამსაქმებლის ბრძანების თანახმად, აღმასრულებელმა ახლო ნათესავის, დავის ერთ-ერთი მხარის მიმართ დაინტერესების გამოხატვითა და ქმედითი მონაწილეობის მიღებით, ასევე, მოპასუხის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე მისი ოჯახის წევრის მონაწილეობით, დაწესებულებას რეპუტაცია შეულახა. დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე მითითებით.

6. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

7. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად - სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი დაედო.

8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკით განმტკიცებულია დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციური პრინციპი, რომლის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმისა და დარღვევით გამოწვეული შედეგის თვალსაზრისით. იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი დარღვევა, როდესაც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენება მიზანშეუწონელია.

9. საკასაციო პალატა კასატორს მიუთითებს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ № ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება).

10. სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულების „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში. მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ-ები N ას-416-399-16, 2016 წლის 29 ივნისის განჩინება; Nას-812-779-2016, 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინება; Nას-1276-1216-2014, 2015 წლის 18 მარტის განჩინება; Nას-483-457-2015, 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინება).

10.1. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მტკიცებით, დასაქმებულმა დამსაქმებელი დაწესებულებისათვის რეპუტაციის შემლახველი ქმედების ჩადენით, უხეშად დაარღვია შრომის შინაგანაწესით დაკისრებული მოვალეობა, რაც მისი სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს წარმოადგენდა. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასების საგანია დასაქმებულის მიერ ჩადენილი ქმედება, წარმოადგენდა თუ არა დასაქმებულზე დაკისრებული ვალდებულების ისეთ უხეშ დარღვევას, რაც სშკ-ის 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების უკიდურეს ღონისძიებას ამართლებდა.

10.2. საქმეზე დადგენილია, რომ დასაქმებული სამუშაოს კეთილსინდისიერად ასრულებდა და დამსაქმებელს მის მიმართ შრომითი ურთიერთობის პერიოდში დისციპლინური ღონისძიება არ გამოუყენებია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ამ ფაქტობრივი გარემოების მიმართ საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია კასატორს, რომელიც დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლებას უკავშირებს ერთ კონკრეტულ შემთხვევას, კერძოდ, დასაქმებულის მონაწილეობას სააღსრულებო წარმოებაში მისი ოჯახის წევრის ინტერესების დასაცავად (წარმომადგენლის სტატუსით), რასაც დამსაქმებლის რეპუტაციის შემლახველ ქმედებად აფასებს და, ამავდროულად, კასატორის მიერ შრომის შინაგანაწესის 6.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის (დამსაქმებელი ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ აუქციონში იკრძალება დასაქმებულისა და მისი ოჯახის წევრის მონაწილეობა) მოთხოვნათა უგულებელყოფასა და 31.4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის (დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოშალოს შრომითი ხელშეკრულება დასაქმებულთან, დასაქმებულის პირის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, რამაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს დამსაქმებლისათვის მატერიალური ან/და მორალური ზიანის მიყენება, რეპუტაციის შელახვა...) საფუძველზე დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის მოშლის კანონიერებაზე აპელირებს.

10.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მართალია, შრომის შინაგანაწესს, რომელიც შრომის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა, დასაქმებულისთვის კონსტიტუციური მნიშვნელობა აქვს და შესასრულებლად უპირობოდ სავალდებულოა, თუმცა პალატა აქვე აღნიშნავს, რომ შრომის შინაგანაწესის 6.2. მუხლის „ა“ქვეპუნქტის დათქმაში უნდა ვიგულისხმოთ შემთხვევა, როდესაც დამსაქმებელი ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მონაწილეობს ქონების შეძენით დაინტერესებული მესამე პირები და არა უშუალოდ ის კრედიტორი, რომლის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლადაც სამართალწარმოების ფარგლებში ქონება მიექცა აუქციონზე სარეალიზაციოდ. კონკრეტულ შემთხვევაში, აუქციონზე ქონების რეალიზაცია მიზნად ისახავდა დასაქმებულის დედის, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებრივი ინტერესის აღდგენას. კრედიტორისათვის მოვალის ქონების შეძენის უფლების ჩამორთმევა, კრედიტორის კანონისმიერ უფლებებში იმგვარი შეჭრაა, რაც არ ამართლებს

შრომის შინაგანაწესის მოხმობილი დათქმის განსახილველ შემთხვევაზე გავრცელების თაობაზე კასატორის პოზიციას. სამოქალაქო კანონმდებლობა კრედიტორს (ისევე, როგორც მოვალეს) ანიჭებს დისკრეციას, თავად შეაფასოს და გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სარეალიზაციოდ მიქცეული ქონების სააუქციონო ფასად შესყიდვისა და მისი შემდგომი განკარგვის თაობაზე. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადავო დათქმის ფარგლებში განვიხილავდით მოსარჩელის დედის მიერ აუქციონზე მოვალის ქონების შესყიდვას, შინაგანაწესში ასეთი შინაარსის ნორმის იმპლემენტაცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 54-ე მუხლის (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს) კონტექსტში, შეფასდებოდა, როგორც კანონსაწინააღმდეგო დათქმა. შრომის შინაგანაწესით დასაქმებულის მიმართ დანაწესის განსაზღვრა, რომელიც მას ან დასაქმებულის ოჯახის წევრს (კრედიტორს, მოვალეს) უკრძალავს კანონით დაშვებულ ისეთ ქმედებას, რაც მის უფლებრივ მდგომარეობას დაუსაბუთებლად ხელყოფს, ბათილ სახელშეკრულებო ნორმად მიიჩნევა. რაც შეეხება დასაქმებულის მიერ საკუთარი ოჯახის წევრის ინტერესების წარმოდგენას სააღსრულებო წარმოების პროცესში, ეს შემთხვევა სცილდება შრომის შინაგანაწესის 6.2. მუხლის „ა“ქვეპუნქტის მოწესრიგების საგანს. ამასთან, არც შრომის ხელშეკრულება და არც შრომის შინაგანაწესი ასეთი ქმედების განხორციელების (სააღსრულებო წარმოების პროცესში საკუთარი ოჯახის წევრის წარმომადგენლობის) თაობაზე რაიმე სახის შეზღუდვას არ ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კასატორის აპელირება დასაქმებულის მიერ შრომის შინაგანაწესის მითითებული ნორმით აკრძალული ქმედების განხორციელებაზე დაუსაბუთებელია. შრომის შინაგანაწესის 31.4. მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას დამსაქმებლის საქმიანი რეპუტაციის შელახვას უკავშირებს, ასეთ ქმედებად კი, დამსაქმებელმა დასაქმებულის მიერ სააღსრულებო წარმოების პროცესში დედის (კრედიტორის) ინტერესების წარმოდგენა დაასახელა. საქმის გარემოებათა, მტკიცებულებების გაანალიზებისა და კასატორის მიერ წამოყენებული საკასაციო პრეტენზიის შეფასების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ დასაქმებულს შრომის შინაგანაწესი უხეშად არ დაურღვევია, რაც მისი სამსახურიდან გათავისუფლების ლეგიტიმურობას დაადასტურებდა. საგულისხმოა, რომ დასაქმებული სააღსრულებო წარმოებაში მონაწილეობდა მხოლოდ ცალმხრივად, როგორც დედის კანონიერი ინტერესების წარმომადგენელი, ის არ ყოფილა აღმასრულებელი მოვალის ქონებაზე დაწყებულ სააღსრულებო წარმოებაზე. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში დაცულ იმ აღმასრულებლის განმარტებასაც, რომლის მიერ წარმოებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებშიც აუქციონზე მოვალის ქონება, დასაქმებულმა, დედის სახელით შეისყიდა. აღმასრულებლის ახსნა-განმარტების თანახმად, მოსარჩელეს არ უცდია, ჩარეულიყო აღსრულების პროცესში, არასოდეს უთხოვია, აღმასრულებლისთვის დაეჩქარებინა საქმის წარმოება და ა.შ. (იხ. ს.ფ. 110). მითითებული დოკუმენტი მოწმობს, რომ დასაქმებულს ბოროტად არ უსარგებლია საკუთარი სამსახურებრივი სტატუსით და რაიმე ზეგავლენა არ მოუხდენია სააღსრულებო წარმოებაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ცხადყოფს დასაქმებულის მიერ საკუთარი შრომითი ვალდებულებების კეთილსინდისიერად განხორციელებას, რის წინააღმდეგაც კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია, რაც შეეხება დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლად დამსაქმებლის აპელირებას, მარტოოდენ იმ ფაქტზე, რომ მან სააღსრულებო წარმოების პროცესში დედის ინტერესების წარმოდგენით, დამსაქმებლის რეპუტაციის შემლახველი ქმედება ჩაიდინა, არ შეიძლება განხილულ იქნეს სშკ-ის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნტით გათვალისწინებულ შრომითი ვალდებულების უხეშ დარღვევად, რასაც, თავის მხრივ, კანონმდებელი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივ შედეგს უკავშირებს.

10.4. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია (შდრ: სუსგ. საქმე №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; სუსგ №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015წელი). განსახილველ დავაზეც კასატორი (მოპასუხე) იყო ვალდებული, სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა მოსარჩელის მიერ, მასზე ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერი საფუძველი იქნებოდა, თუმცა კასატორმა თავი ვერ გაართვა მის წილ მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის - დასაქმებულის მიერ ვალდებულების უხეშად დარღვევის დამტკიცების საპროცესო ვალდებულებას. როგორც აღინიშნა, კასატორის მარტოოდენ აპელირება, რომ დასაქმებულმა დაწესებულებას შეულახა რეპუტაცია და ამგვარი ქმედებით უხეშად დაარღვია მასზე დაკისრებული შრომითი მოვალეობები, არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისთვის შრომის კანონმდებლობის შესატყვის იურიდიულ საფუძველს. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს შრომითი ვალდებულებები არ დაურღვევია. ამ დასკვნის გამოტანის საფუძველს კი, ქმნის საქმეზე თანმიმდევრულად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მოსარჩელის მხრიდან მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების უხეში დარღვევის დამდგენი მტკიცებულებების უკმარისობა.

11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: საქმე Nას-416-399-16, 2016 წლის 29 ივნისის განჩინება; Nას-812-779-2016, 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინება; Nას-1276-1216-2014, 2015 წლის 18 მარტის განჩინება; Nას-483-457-2015, 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინება).

12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

14. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 3433.34 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3433.34 ლარის (საგადახდო მოთხოვნა 00451, გადახდის თარიღი 23.01.2019) 70% – 2403.34 ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს (205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3433.34 ლარის (საგადახდო მოთხოვნა 00451, გადახდის თარიღი 23.01.2019) 70% – 2403.34 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.ქათამაძე

მოსამართლეები: ბ.ალავიძე

ზ.ძლიერიშვილი