Facebook Twitter

№ას-846-846-2018 30 აპრილი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – მ.ჯ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „თ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ.თბილისში, ...... ქ.№14ა-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (შემდეგში - სადავო მისამართი) რეგისტრირებულია სს „თ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, განაწილების ლიცენზიატი, მოწინააღმდეგე მხარე) აბონენტი №24... (შემდეგში - სადავო აბონენტი).

2. სადავო აბონენტს ერიცხება ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანება, 3938.71 ლარი.

3. უძრავი ქონების მესაკუთრეა მ.ჯ–ძე (შემდეგში: მოპასუხე, მომხმარებელი, კასატორი), რომელიც, ამავდროულად, სადავო აბონენტია.

4. განაწილების ლიცენზიატმა სასამართლოში სარჩელი აღძრა მომხმარებლის წინააღმდეგ და მისთვის ელექტროენერგიის საფასურის, 3938.71 ლარის, დაკისრება მოითხოვა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანების, 1409.34 ლარის, გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5.1. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი 2529.37 ლარის დავალიანება ხანდაზმული იყო. ამ დასკვნის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებულ სადავო აბონენტის ბრუნვის ისტორიაზე, რომლის მიხედვით, ამ უკანასკნელის დავალიანება ჯამურად 3938.71 ლარს შეადგენდა, რომელიც 2000 წლიდან ერიცხებოდა. აქედან სამ წელზე მეტი აბონენტს ერიცხებოდა 2529.37 ლარის დავალიანება. სასამართლომ აღნიშნა, რომ დასახელებული დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარუდგენია. ამდენად, 2529.37 ლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ხანდაზმული იყო, ხოლო 1409.34 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.

5.2. სასამართლომ დავა მოაწესრიგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 129-ე, 477.2, 361.2, მე-400 მუხლებით.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტმა განმარტა, რომ სადავო პერიოდში იგი იმ მისამართზე არ ცხოვრობდა, სადაც უძრავი ქონება მდებარეობს, შესაბამისად, მას არც ელექტროენერგია არ მოუხმარია.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

7.1. სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ურთიერთობებს აწესრიგებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილება. ამ დადგენილების მე-4 და 7.2. მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ ელექტროენერგიის მრიცხველის და მისგან გამოსული ელექტროქსელის მესაკუთრე არის აბონენტი და მასზე პასუხისმგებელიც სწორედ აბონენტია. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე იყო უძრავი ქონების მესაკუთრე და მოსარჩელესთან რეგისტრირებული აბონენტი. ამდენად, კუთვნილი მრიცხველის კონტროლი, მოვლა-პატრონობა და მართვა მისი, როგორც მესაკუთრის, გამგებლობის სფეროში შედიოდა, რაც აქარწყლებდა მოპასუხის შედავებას, რომ ელექტროენერგია მან კი არა - სხვამ მოიხმარა. სასამართლოს მოსაზრებით, ასეთი გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც, მოსარჩელის წინაშე პასუხისმგებელი მხოლოდ აბონენტი იქნებოდა, რადგან ზემოხსენებული დადგენილების 9.1 მუხლის თანახმად, მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მრიცხველით დაფიქსირებული მოხმარებული ელექტროენერგიის გადახდაზე პასუხისმგებელი პირი კანონით არის აბონენტი (ან აბონენტის ნებართვით მისი უძრავი ქონებით დროებით მოსარგებლე პირი). იმ შემთხვევაში, თუ აბონენტის მრიცხველით სხვა პირი უკანონოდ სარგებლობდა და ამ უკანასკნელმა თავისი ქონება უკანონოდ დაზოგა, აღნიშნული პირის მიმართ აბონენტმა სანაცვლო ანაზღაურების მოთხოვნა უნდა წარადგინოს.

4.2. სასამართლომ საქმის განხილვისას იხელმძღვანელა 317.1, 477.1, 477.2 მუხლებით.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5.1. კასატორი განმარტავს, რომ 2007 წლის ივნისიდან მოსარჩელემ პირობითად დაიწყო არარსებული დავალიანების მოპასუხისათვის დარიცხვა. ამასთან, 2008 წლის მარტიდან მოპასუხემ მოსარჩელეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა იმ მიზეზით, რომ იგი არ დაეთანხმა მითითებულ სავარაუდო დარიცხვას. აღნიშნული დარიცხვა ხდებოდა უკანონოდ, მოპასუხის სამოქმედო წესდებით დადგენილი წესის დარღვევით, ერთთვიანი დაკვირვების პერიოდის გამოყენების გარეშე. ამის შემდეგ, მოსარჩელე საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა, ავარიულობის გამო უძრავი ქონებით აღარ სარგებლობდა. მოპასუხის მიერ ელექტროენერგიის არასწორად დარიცხვა მას არ გაუსაჩივრებია და მრიცხველის გამართულობის შესამოწმებლად ექსპერტისთვის არ მიუმართავს, რადგან საქმე სასამართლოში იხილებოდა.

5.2. კასატორის მოსაზრებით, 2014 წლის ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში მრიცხველზე 1400 ლარის დარიცხვა ალოგიკურია იმ ფონზე, როცა ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი იყო და მიწოდების აღდგენა არავის მოუთხოვია. ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელისათვის ასეთი მოთხოვნითაც რომ მიემართა, ელექტროენერგია მაინც ვერ აღდგებოდა, ვინაიდან 2009 წლამდე დარიცხული დავალიანება კვლავ სადავო იყო. თუკი მოპასუხე ივარაუდებდა, რომ 2014 წლის ივლისში ელექტროენერგიას თვითნებური დაერთებით მოიხმარდნენ, ამ შემთხვევაში ვალდებული იყო, სათანადო რეაგირება მოეხდინა. მოპასუხეს ამგვარად არ უმოქმედია, რადგან 2014 წელს სადავო აბონენტს ელექტროენერგია არ მოუხმარია.

5.3. კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და მაგალითად მოჰყავს საქმეზე #ას-940-886-2010 საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2011 წლის 13 იანვარს მიღებული განჩინება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

9. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

10. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

12. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა მოპასუხისათვის ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანების, 1409.34 ლარის, დაკისრება; 2529.37 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მის კანონიერებაზე ვეღარ იმსჯელებს (სსსკ-ის 264.2 მუხლი). სარჩელის სადავო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 477.2 მუხლი (მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ელექტროენერგიის აბონენტისათვის მიწოდება ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობაა, რაც კანონის დასახელებული მუხლის საფუძველზე წარმოშობს ელექტროენერგიის მიმწოდებლისათვის აბონენტის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულებას.

13. სააპელაციო სასამართლომ სადავო აბონენტის ბრუნვის ისტორიაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში მას ერიცხება ელექტროენერგიის დავალიანება, 1409.34 ლარი. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება კასატორს არც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში არ წარუდგენია და ამ კუთხით არც მის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიას (შედავება). შესაბამისად, სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სსავალდებულოა აკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხის მიერ სადავო თანხის გადაუხდელობის ფაქტს. ასეთ პირობებში კი, სსკ-ის 477.2 მუხლი მოსარჩელის სადავო მოთხოვნის დაკმაყოფილებას განაპირობებს, რაც სასამართლომ სწორად განახორციელა.

14. კასატორის მთავარი პრეტენზია ისაა, რომ იგი სადავო მისამართზე არ ცხოვრობდა და, ამდენად, არც ელექტროენერგიას არ მოიხმარდა. ხსენებული პრეტენზიის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, მიუთითებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილების მე-9 მუხლზე, რომლის თანახმად, მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით. ამდენად, სწორედ მრიცხველის ჩვენებით ერიცხება აბონენტს ელექტროენერგიის საფასური. დასახელებული დადგენილება იმასაც განსაზღვრავს, თუ რა ხდება მაშინ, როცა მრიცხველის მიერ ელექტროენერგიის აღრიცხვის სისწორე სადავოა, კერძოდ, დადგენილების მე-11 მუხლის მე-2, მე-3, მე-7 პუნქტების მიხედვით, თუ მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველი არასწორად აღრიცხავს ელექტროენერგიის მოხმარებას ან ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული, რის გამოც ქვითარი არასწორად იქნა გამოწერილი, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ჩაასწოროს მომხმარებლის ანგარიში; ელექტროენერგიის მრიცხველის დაზიანების ან მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის ადგილზე შემოწმება და შესაბამისი აქტის შედგენა მომხმარებლის მიმართვიდან, ან ელექტროენერგიის მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში; განაწილების ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის მრიცხველის სიზუსტის არაგეგმიური შემოწმება შეიძლება მოხდეს მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე. ამდენად, მითითებული ნორმებიდან ცალსახად გამომდინარეობს, რომ, თუკი მომხმარებელს ელექტროენერგიის მრიცხველის სისწორის საკითხი სადავოდ მიაჩნია, ასეთ შემთხვევაში, მან უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს (მოსარჩელეს). ასეთ დროს, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია გაატაროს ზემოხსენებული დადგენილებით გათვალისწინებული რიგი ღონისძიებები (შეადგინოს აქტი, უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის ადგილზე შემოწმება და ა.შ.), რათა მრიცხველის აღრიცხვის სისწორე დაადგინოს. საქმის მასალებით დგინდება, რომ აბონენტის ბრუნვის ისტორია სადავო აბონენტის მრიცხველის ჩვენების მიხედვითაა შედგენილი, ხოლო ამ მრიცხველის გაუმართაობაზე არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. უფრო მეტიც, საკასაციო საჩივარში კასატორი თავად აცხადებს, რომ მრიცხველის გამართულობის შესაბამისი უწყების ან ექსპერტის მიერ შემოწმება მას არ მოუთხოვია, რადგან საქმე სასამართლოში იხილებოდა (ს.ფ. 253). საკასაციო სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ, სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამდენად, კანონის დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. სხვაგვარად შეუძლებელიცაა, რადგან საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ

და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს. ბუნებრივია, ერთი მხარე ყოველთვის შეეცდება, სასამართლოს სიტყვიერად თავის სასარგებლო პოზიციაზე მიუთითოს, ხოლო მეორემ - ეს პოზიცია უარყოს. მხოლოდ მათი პოზიციების განხილვით სადავო გარემოების, რა თქმა უნდა გამორიცხულია. ამდენად, კანონით თითოეული მხარე მოვალეა, სათანადო მტკიცებულებით დაადასტუროს ის, რასაც მისი მოთხოვნა ეფუძნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საქმეზე წარმოდგენილ აბონენტის ბრუნვის ისტორიას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს იმის გამო, რომ კასატორმა სიტყვიერად მრიცხველის გაუმართაობაზე მიუთითა. ასეთ შემთხვევაში, მოპასუხემ ელექტროენერგიის გადასახადი უნდა გადაიხადოს ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით, როგორც ეს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილების 9.1. მუხლითაა დადგენილი.

15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მრიცხველზე დაფიქსირებული დიდი დანახარჯი მის გაუმართაობაზე მიუთითებს. ჯერ ერთი, ამ შემთხვევაშიც, მრიცხველის არასწორად მუშაობაზე არსებული ეჭვი შესაბამისი უწყების ან ექსპერტის მიერ მრიცხველის შემოწმების გზით შეიძლებოდა გაქარწყლებულიყო. სსსკ-ის 162.1 მუხლის თანახმად, ექსპერტმა უნდა გასცეს პასუხი საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, რომლებზეც მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია და რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის. კასატორს ამგვარად არ უმოქმედია, კერძოდ, მას მრიცხველის შემოწმებისათვის არათუ ექსპერტისათვის არ მიუმართავს, არამედ თავად შესაბამისი უწყებისთვისაც არაფერი შეუტყობინებია, კერძოდ, სადავოდ არ გაუხდია მრიცხველის მიერ დარიცხული თანხის სისწორის საკითხი (იხ. მოპასუხის საკასაციო საჩივარი, ს.ფ. 253). გარდა ამისა, საქმეში არსებული აბონენტის ბრუნვის ისტორიით დგინდება, რომ 2008-2009 წლებში (მას შემდეგ, რაც მრიცხველი დაიდგა) კასატორმა საკმაოდ ბევრი ელექტროენერგია მოიხმარა, მაგალითად: 2008 წლის 20 ნოემბერს - 221.40 ლარის, 2008 წლის 22 დეკემბერს - 270.95 ლარის, 2009 წლის 9 იანვარს - 290.95 ლარის (ს.ფ. 94, 96). აქედან გამომდინარე, 2008-2009 წლების ხარჯსა და 2014 წლის ხარჯს შორის აშკარა შეუსაბამობა არ არსებობს, თუმცა, ასეც რომ ყოფილიყო, ამ შემთხვევაშიც, სადავო აბონენტის (მოპასუხის) სამტკიცებელი იქნებოდა ის ფაქტი, რომ გადაჭარბებული ხარჯვა მრიცხველის გაუმართაობამ გამოიწვია.

16. რაც შეეხება კასატორის მიერ ელექტროენერგიის არსებული ხარჯის შესაძლო მიზეზად ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე უცხო პირთა მიერ მოწყობილობების თვითნებურად მიერთებაზე მითითებას, აღნიშნული მოცემულ საქმეზე სამართლებრივ სურათს მაინც ვერ შეცვლის, ვინაიდან აბონენტად მოპასუხის რეგისტრაციის მომენტიდან ელექტროენერგიის შესაბამისი მრიცხველის მფლობელი ეს უკანასკნელი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მფლობელობაში არსებული მრიცხველის კონტროლი სწორედ მისი ვალდებულებაა. იმ შემთხვევაში, თუ სადავო აბონენტის ქსელიდან გამომავალი ელექტროენერგია უცნობმა პირმა მოიხმარა, მაშინ კასატორი ამ უკანასკნელს უნდა ედავოს და არა მოსარჩელეს, ვინაიდან განაწილების ლიცენზიატისათვის მომხმარებელი სწორედ აბონენტია და არა - აბონენტის შიდა ქსელზე უკანონოდ დაერთებული პირი.

17. კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ერთ-ერთ საქმეზე მიღებულ განჩინებაზე, თუმცა საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს საქმე კონკრეტულ საქმესთან მიმართებით ანალოგიურ მაგალითად ვერ გამოდგება, ვინაიდან კასატორის მიერ დასახელებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებისგან, ამიტომ მასზე მითითება არარელევანტურია.

18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-331-331-2018, 2019 წლის 18 ივლისის განჩინება; №ას-1655-2019, 2020 წლის 7 თებერვლის განჩინება; №ას-331-331-2018, 2019 წლის 15 ივლისის განჩინება).

19. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარიდან (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი - 08.06.2018), ზედმეტად გადახდილი 150 ლარი, ასევე დარჩენილი 150 ლარის 70% – 105.00 ლარი, სულ - 255.00 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ჯ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ მ.ჯ–ძეს (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარიდან (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი - 08.06.2018), ზედმეტად გადახდილი 150 ლარი, ასევე დარჩენილი 150 ლარის 70% – 105.00 ლარი, სულ 255.00 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი