Facebook Twitter

¹ბს-635-602(კს-06) 16 ნოემბერი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი) ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საგადასახადო ინსპექცია

გასაჩივრებული განჩინება _ ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 მაისის განჩინება

დავის საგანი _ გადაწყვეტილების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. გ-მა 2004 წლის 17 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 7 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ გორის საგადასახადო ინსპექციის 07.04.04წ. აქტით ინდმეწარმე ,,გ. გ-ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 282 253.69 ლარი. მოსარჩელის განცხადებით, საწარმოს მეპატრონე გარდაიცვალა 2004 წლის თებერვალში და სამკვიდრო გაიხსნა მის მემკვიდრეებზე, მათ შორის _ მოსარჩელეზე, რის გამოც იგი სათანადო მოსარჩელედ უნდა ჩაითვალოს. მოსარჩელე თვლის, რომ სადავო აქტი უკანონოა, იგი შედგენილ იქნა რამდენიმე ფიზიკური პირის ახსნა-განმარტების საფუძველზე და არ ემყარება საწარმოს რეალურ შემოსავლებს. საგადასახადო შემოწმების აქტი შედგა ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევის გარეშე და მას არ ერთვის რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ინდმეწარმის დავალიანება. საგადასახადო შემოწმება ფაქტობრივად არ ჩატარებულა, მას არ ესწრებოდა მეწარმე, რაც, მოსარჩელის აზრით, აქტის შედგენის პროცესუალურ დარღვევად უნდა იქნეს მიჩნეული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 7 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტის ბათილად ცნობას.

გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ყველა თანმდევი შედეგით გორის საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 7 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტი.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საგადასახადო ინსპექციამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და სადავო საკითხების გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 07.04.04წ. საგადასახადო შემოწმების აქტი და გორის საგადასახადო ინსპექციას ფაქტობრივ გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საგადასახადო ინსპექციამ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 აპრილის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 9 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 აპრილის განჩინება.

2006 წლის 27 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საგადასახადო ინსპექციამ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც ითხოვდა საქართველოს უზენესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 9 მარტის განჩინების განმარტებას.

საქართველოს უზენესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 9 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საგადასახადო ინსპექციის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 მაისის განჩინებით უარი ეთქვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საგადასახადო ინსპექციას თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 აპრილის განჩინების განმარტებაზე.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საგადასახადო ინსპექციამ.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 მაისის განჩინების გაუქმებასა და განმარტების თაობაზე მისი განცხადების დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 აპრილის განჩინებით გორის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 7 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტი და გორის საგადასახადო ინსპექციას დაევალა ფაქტობრივ გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ადმინისტრაციული აქტი.

მითითებული განჩინება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 9 მარტის განჩინებით.

გორის საგადასახადო ინსპექციამ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა განმარტებულიყო, საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აძლევდა თუ არა მას 2001 წლის 1 იანვრიდან 2004 წლის 1 იანვრამდე პერიოდის შემოწმების უფლებას და ინსპექციის ამგვარი ქმედება რამდენად შეესაბამებოდა ,,ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ და მეოთხე პუნქტების მოთხოვნებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 25 მაისის განჩინებით გორის საგადასახადო ინსპექციის განცხადება განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლომ, კერძო საჩივრის საფუძველზე, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და თვლის, რომ არ არსებობს მითითებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლოს აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია (იგივე შინაარსის მატარებელი იყო მითითებული მუხლის თავდაპირველი რედაქცია).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პროცესის ზემოაღნიშნული ნორმა მიზნად ისახავს გადაწყვეტილების განმარტებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ცალსახად, გარკვევით და ნათლად ჩამოყალიბებული, შეიცავს ურთიერთ გამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს. ამასათან საყურადღებოა, რომ გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მითითებული მუხლი დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად.

იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 აპრილის განჩინება არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ და შეუსაბამო დებულებებს და განჩინება ცალსახად მიუთითებს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის პროცესში ფაქტობრივ გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევა_შეფასების აუცილებლობაზე, საკასაციო სასამართლო ვერ ხედავს მითითებული განჩინების განმარტების პროცესუალურ შესაძლებლობას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 9 მარტის განჩინებაზე და აღნიშნავს, რომ მითითებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში გადმოცემული დასკვნები აბსოლუტურად გამორიცხავს განცხადებაში დაყენებული საკითხების განმარტების აუცილებლობას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინება გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში და არ არსებობს მისი გაუქმების კანონისმიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 მაისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.