Facebook Twitter

№ას-1945-2018 29 მაისი, 2020 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – დ.ო–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ბრძანებების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი, დამსაქმებელი, სააგენტო) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის დამატებით გადაწყვეტილებას (სახელმწიფო ბაჟის დაკისრების თაობაზე). თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ.ო–ის (შემდეგში მოსარჩელე, აპელანტი, დასაქმებული) სარჩელი დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო დამსაქმებლის 29.07.2014წ. №04-227/ო ბრძანება ამავე სააგენტოს 03.10.2014წ. №04-310/ო ბრძანებით შეტანილი ცვლილების საფუძველზე ჩამოყალიბებული რედაქციით, რომლითაც დასაქმებულს დამსაქმებლის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 3148 ლარის გადახდა დაეკისრა და ამავდროულად, მიეცა სასტიკი საყვედური - ხელფასის 50%-ის დაკავებით და დაეკისრა ყოველთვიური შრომის ანაზღაურებიდან 20%-ის დაკავება ზედმეტად გაცემული თანხის სრულად დაფარვამდე. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დამსაქმებელს უკანონოდ დაკავებული თანხის დარჩენილი ნაწილის - 1065.41(დაბეგრილი) ლარის ანაზღაურება დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა.

2. საკასაციო პრეტენზია ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

2.1. კასატორის მტკიცებით, დასაქმებულმა შრომითი მოვალეობების შესრულების პროცესში, კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა კორექტირების თაობაზე უკანონო ინდივიდუალურსამართლებრივი აქტის მომზადებით), რისთვისაც მას დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნა, დასაქმებულის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე, უსაფუძვლო და სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

2.2. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ დამატებითი გადაწყვეტილება მიიღო კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით. კასატორი ამ მოსაზრების დასასაბუთებლად მიუთითებს, რომ დამატებითი გადაწყვეტილება დათარიღებულია 2018 წლის 15 ოქტომბრით, თუმცა ეს გადაწყვეტილება მას გაეგზავნა 2018 წლის 12 დეკემბერს. კასატორის განმარტებით, მას სააპელაციო სასამართლოს ძირითადი გადაწყვეტილება გაეგზავნა 2018 წლის 13 ნოემბერს, რა დროსაც დამატებითი გადაწყვეტილება უკვე გამოტანილი ჰქონდა სასამართლოს, თუმცა დამატებითი გადაწყვეტილება მხარეს ძირითად გადაწყვეტილებასთან ერთად არ ჩაჰბარებია. კასატორი ზემოხსენებულ გარემოებებს, დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

5.2.1. მოსარჩელე დასაქმებულია მოპასუხე დაწესებულების დუშეთის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის (იურისტის) თანამდებობაზე. მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 520 ლარს (დაბეგრილი) შეადგენს.

5.2.2. მოპასუხის 2013 წლის 3 სექტემბრის №04-384/ო ბრძანების საფუძველზე მონიტორინგის სამმართველომ შერჩევით შეისწავლა დუშეთის რაიონულ განყოფილებაში დასაქმებული უფლებამოსილი პირების მიერ 2012 წლის 01 იანვრიდან 2013 წლის 01 ივლისამდე პერიოდში შევსებული 4009 „ოჯახის დეკლარაციები” და მათში დაფიქსირებული ინფორმაცია ”სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” დაცულ ინფორმაციასთან შეადარა. შემოწმების შედეგად 18 შემთხვევაში გამოვლინდა დუშეთის განყოფილების პასუხისმგებელი პირების მიერ ”ოჯახის დეკლარაციებში” დაცული მონაცემების კანონმდებლობის დარღვევით კორექტირება, რის შედეგადაც, 18 შემთხვევიდან 5 შემთხვევაში _ ბენეფიციარებზე ზედმეტად გაცემული საარსებო ფულადი შემწეობის ოდენობამ ჯამში შეადგინა - 6420 ლარი, ხოლო სადაზღვევო პრემიის ოდენობამ - 1969,97 ლარი. ამავე დასკვნით, მონიტორინგის სამმართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია სააგენტოს დუშეთის რაიონული განყოფილების პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური ღონისძიებების შეფარდება და ბენეფიციარ ოჯახებზე კანონმდებლობის დარღვევით გაცემული თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენა.

5.2.3. 2014 წლის 29 ივლისს, შემოწმების მასალებში დაფიქსირებული დარღვევების გამო, დამსაქმებელმა სასტიკი საყვედური გამოუცხადა დასაქმებულს და ერთი თვის შრომის ანაზღაურებიდან, ხელფასის 50% დაუკავა. 03.10.2014წ. №04-310/ო ბრძანებით, დასაქმებულს სოციალური დახმარების თანხების ბიუჯეტში აღდგენის უზრუნველყოფა 3148 ლარის ფარგლებში დაეკისრა, რაც შრომის ანაზღაურებიდან ყოველთვიურად 20%-ის დაკავებით უნდა განხორციელებულიყო, ზედმეტად გაცემული თანხის სრულად დაფარვამდე.

5.2.4. დამსაქმებლის 09.09.2015წ. ბრძანებით შეწყდა მოსარჩელისათვის დაკისრებული ვალდებულება შრომის ანაზღაურებიდან 20%-ის დაკავების გზით, სოციალური დახმარების თანხების ბიუჯეტში აღგდენის ნაწილში. ბრძანებას საფუძვლად დაედო ”სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 261 მუხლი (რომლის პირველი პუნქტის თანახმად, 2015 წლის 01 აპრილამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება; ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგინდა, ამ მუხლის პირველი პუნქტით ლეგალიზებული საარსებო შემწეობის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე სასამართლო და სააღსრულებო წარმოებების შეწყვეტა).

5.2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით „სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 261 მუხლზე და მოპასუხის 09.09.2015წ. ბრძანებაზე დაყრდნობით მოსარჩელეს დაუბრუნდა 2015 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით პერიოდში ზედმეტად გაცემული და კანონის ძალით ლეგალიზებული საარსებო შემწეობის დასაფარად დაქვითული 371,40 ლარი. გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.

6. განსახილველ შემთხვევაში, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მატერიალური ზიანის დაკისრების თაობაზე დამსაქმებლის ბრძანების ბათილობისა და თანხის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ) და მეორე (შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით) ნაწილებიდან, ამავე კოდექსის 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლის დანაწესიდან და სსკ-ის 394.1-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება), 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლების შინაარსიდან გამომდინარეობს.

7. დადგენილია, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში მოსარჩელე დასაქმებული იყო მთავარი სპეციალისტის (იურისტის) თანამდებობაზე. ამ დავის ფარგლებში სადავო არაა ის გარემოება, რომ დამსაქმებლის სახელით გარკვეულ ოჯახებს არასწორად (სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მონაცემთა კორექტირების შედეგად) მიეცათ სახელმწიფო დახმარება, რის გამოც დღის წესრიგში დადგა, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი თანხების აღდგენის საკითხი. დამსაქმებელმა ამ მიზნით, მოსარჩელეს, ერთი მხრივ, დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოუცხადა სასტიკი საყვედური და დაუკავა ერთი თვის ხელფასის 50%, ხოლო, მეორე მხრივ, დამსაქმებლისათვის მიყენებული ზიანის ანგარიშში, დააკისრა სახელმწიფო დახმარებით მოსარგებლე ბენეფციარებისთვის არასწორად მიკუთვნებული დახმარების ანაზღაურება - 3 148 ლარის ფარგლებში, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველთვიურად ხელფასის 20%-ის დაკავებით. დასაქმებულმა სადავოდ გახადა შესაბამისი ფაქტის მიმართ მისი პასუხისმგებლობის საკითხი და მიუთითა, რომ მას ბრალი არ მიუძღოდა დამსაქმებლისათვის მიყენებული ზიანის დადგომაში, ვინაიდან სამსახურებრივად არ ევალებოდა ოჯახის დეკლარაციაში კორექტირების საკითხის სისწორის შესწავლა.

8. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად შეისწავლა საქმის გარემოებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და გამოარკვია, რომ დამსაქმებელს მკაფიოდ არ ჰქონდა გამიჯნული მის დაქვემდებარებაში მომუშავე დასაქმებულთა (მთავარი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის) ფუნქცია-მოვალეობები. არც დაწესებულების შინაგანაწესით და არც დასაქმებულთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით არ იკვეთებოდა ზიანის მიმართ დასაქმებულის პასუხისმგებლობის საკითხი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორს ამ საკითხზე არ აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა დამსაქმებლის მიერ გამოყენებული ღონისძიებების კანონიერებასა და მისი ქმედების მართლზომიერებაში. პალატის განმარტებით, კასატორს, მტკიცების ტვირთის წარმატებით რეალიზების ფარგლებში, სასამართლოსთვის უნდა მიეთითებინა შრომის ხელშეკრულებისა თუ შინაგანაწესის რომელი დებულება ავალდებულებდა მოსარჩელეს სადავო ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებული გარემოებების მოკვლევას ან უნდა დაემტკიცებინა ასეთი დავალების მისი უშუალო უფროსისგან მიღების ფაქტი. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმის მასალები ცხადყოფს, რომ არ მოიპოვება დოკუმენტი, რომელიც თანამშრომლის ფუნქციათა მკვეთრად გამიჯვნას ასახავს. ამდენად, დასაქმებულისთვის დისციპლინური თუ მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრებას ლეგიტიმური საფუძველი არ გააჩნია. შრომით ურთიერთობებში, მკაცრად უნდა იყოს დეტალიზებული დასაქმებულთა უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობის ფარგლები. ამ სამართალწარმოების პროცესში არ დადასტურდა კონკრეტული მოვალეობის დარღვევაზე დასაქმებულის პასუხისმგებლობა, კერძოდ, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო უფროსი სპეციალისტის მიერ მომზადებულ ოჯახის დეკლარაციის კორექტირების დოკუმენტებზე მოემზადებინა არამხოლოდ იურიდიული დოკუმენტი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის პროექტი, არამედ მოეკვლია ფაქტიც, ასეთი ბრძანების გამოცემის სამართლებრივი საფუძვლის არსებობის თაობაზე.

9. საკასაციო პალატის შეფასებით, ზიანის ანაზღაურების ანგარიშში მოპასუხისათვის 1065.41 (დაბეგრილი) ლარის დაკისრების სამართლებრივ შედეგს სსკ-ის 394-ე მუხლი, სსკ-ის 408-ე-409-ე მუხლებთან ერთობლიობაში განსაზღვრავს. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს, მატერიალური ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი ნორმის გამოყენების წინაპირობებსაც და განმარტავს, რომ სსკ-ის 394.1 მუხლით გათვალისწინებული ზიანის დაკისრებისთვის ვალდებულების დამრღვევი უნდა მოქმედებდეს მართლსაწინააღდეგოდ და ბრალეულად, ხოლო ზიანი ამგვარი ქმედების უშუალო შედეგს უნდა წარმოადგენდეს. მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არამართლზომიერი მოქმედებაა. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. როცა პირი არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, იგი მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს. რაც შეეხება ზიანის მიმყენებლის ქმედების ბრალეულობას, ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისას, ბრალი ივარაუდება, ამ ვარაუდის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი მოვალეს, ამ შემთხვევაში დამსაქმებელს ეკისრება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დამსაქმებელმა ამ სამართალწარმოების ფარგლებში ვერ შეძლო სარწმუნო მტკიცებულებებზე მითითებითა და სამართლებრივად ვარგისი არგუმენტაციით დაემტკიცებინა, რომ სადავო ზიანზე პასუხისმგებელ პირს სწორედ დასაქმებული წარმოადგენდა და ამდენად, დასაქმებულს, ერთი მხრივ, კანონშესაბამისად შეუფარდა დისციპლინური სახდელი და, მეორე მხრივ, მართლზომიერად დააკისრა დაწესებულებისთვის წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება. საქმეზე დადგენილ გარემოებათა ერთობლიობა, ქმნის დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ დამსაქმებელმა ისე დაუკავა ხელფასი დასაქმებულს, რომ დასაქმებულის მიერ ზიანის გამომწვევი ქმედება (შრომითი ვალდებულების დარღვევა), რაც მისთვის ყოველთვიურად შრომის ანაზღაურების 20%-ის დაკავებას იურიდიულად გაამართლებდა, არ იყო გამოვლენილი. დასაქმებულის მიერ ვალდებულების დარღვევის დაუდასტურებლობის პირობებში კი, მისთვის ხელფასის 20%-ის უსაფუძვლოდ დაკავება, დამსაქმებლის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედების ჩადენას მოწმობს, რასაც დასაქმებულისათვის მატერიალური ზიანის მიყენება მოჰყვა შედეგად. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დასაქმებულის სასარგებლოდ, მატერიალური ზიანის ანაზღაურების დამსაქმებლისათვის დაკისრების წინაპირობები (დამსაქმებლის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი) შესრულებულია და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

10. კასატორის ერთ-ერთი საკასაციო პრეტენზია ისაა, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით მიიღო დამატებითი გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტის თაობაზე, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დამატებითი გადაწყვეტილება გამოიტანა, ძირითადი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში, რაც სრულად შეესატყვისება, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მიმართ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცესუალურ ვადას (1. გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: …. გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. 2. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება), ხოლო რაც შეეხება, კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ მას დამატებითი გადაწყვეტილება ძირითად გადაწყვეტილებასთან ერთად არ გაეგზავნა 2018 წლის 13 ნოემბერს, დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის ვარგის სამართლებრივ არგუმენტაციად არ განიხლება.

11. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო იმგვარად დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რომლითაც გააბათილებდა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას.

12. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მათ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მეორე მოპასუხის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა 00671, გადახდის თარიღი 23.01.2019) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა 00671, გადახდის თარიღი 23.01.2019) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.ქათამაძე

მოსამართლეები: ბ.ალავიძე

ზ.ძლიერიშვილი

ხელყოფის კონდიქციის მომწესრიგებელი - სსკ-ის 982-ე მუხლი განსაზღვრავს. საქმეზე დადგენილი გარემოებათა ერთობლიობა ქმნის დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ დამსაქმებელმა ისე დაუკავა ხელფასი დასაქმებულს, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის (1. მოხელის დისციპლინური გადაცდომებია:ბ) საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა) გამოყენების წინაპირობები - დასაქმებულის მიერ დამსაქმებელი დაწესებულებისათვის მატერიალური ზიანის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენება, არათუ შესრულებული არ ყოფილა, არამედ საერთოდ არ არის გამოკვეთილი მისი მიერ დაწესებულებისათვის ზიანის ბრალეულად მიყენების ფაქტი და მაშასადამე, მისი ანგარიშვალდებულება დამსაქმებლისათვის აენაზღაურებინა წარმოშობილი მატერიალური ზიანი. ამავდროულად. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მივიჩნევდით, რომ დასაქმებულის სამსახურებრივ უფლებამოსილებაში შედიოდა ბრძანების პროექტის მომზადებამდე ოჯახების დეკლარაციათა კორექტირების დოკუმენტში ასახული ინფორმაციის სისწორის შემოწმება და დადგინდებოდა მის მიერ დაწესებულებისათვის ზიანის ბრალეულად მიყენება, დამსაქმებლის ქმედება მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით შრომის ანაზღაურების დაკავების თაობაზე მაინც უკანონო ქმედებად მიიჩნეოდა. ასეთ ვითარებაში, დამსაქმებელი, როგორც მოთხოვნის კრედიტორი უფლებამოსილი იქნებოდა ზიანის მიმყენებელი დასაქმებულისთვის მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება. დასაქმებულის მიერ ამ ვალდებულების ნებაყოფოლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, სამართალწარმოების ფარგლებში მოეთხოვა ზიანის იძულებით ანაზღაურება და, არა თვითნებურად ჩამოეჭრა დასაქმებულის პირადი ქონებიდან-ხელფასიდან ზიანის თანხა.

საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დასაქმებულმა წარმატებით გაართვა თავი მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზაციას, ხოლო დამსაქმებელმა ამ სამართალწარმოების ფარგლებში ვერ შეძლო სარწმუნო მტკიცებულებებზე მითითებითა და სამართლებრივად ვარგისი არგუმენტაციით დაემტკიცებინა, რომ სადავო ზიანზე პასუხისმგებელ პირს სწორედ დასაქმებული წარმოადგენდა.