№ას-56-2020 1 ივლისი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.ყ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ.გ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა, თანამესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
პალატამ გამოარკვია:
1. ქ.გ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა ლ.ყ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ 2013 წლის 21 იანვარს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტისა და საჯარო რეესტრში მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ...... (ყოფილი .......), ს/კ-ით ......., 1/2 წილზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.08.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ქორწინების შეწყვეტის ნაწილში დაკმაყოფილდა. სარჩელი თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თანამესაკუთრედ ცნობაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.11.2019წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება თანამესაკუთრედ ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ. მოსარჩელე ცნობილ იქნა მოპასუხის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, .... (ყოფილი .......), ს/კ-ით ......., 1/2 წილის მესაკუთრედ (იხ.: ტ.2, ს.ფ. 281-297).
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის უარყოფის მოთხოვნით.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.01.2020 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კასატორს ან უნდა წარმოედგინა მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის - 2325 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ხარვეზის შევსების საპროცესო ვადაში კასატორმა მომართა სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის საქმის განხილვის დასრულებამდე გადავადების, ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის სამ ეტაპად გადანაწილების თაობაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 19.02.2020წ. განჩინებით კასატორს ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა გაუგრძელდა 10 დღით.
6. სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, 05.03.2020წ. კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, განმარტა, რომ არ აქვს გადახდილი ბაჟი და იშუამდგომლა დავის საგნის არარსებობის გამო წაქმეზე წარმოების შეწყვეტა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 27.05.2020წ. დასაბუთებული განჩინებით შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ვადა დაწესებული ხარვეზის შესავსებად 10 დღით (ტ.2, ს.ფ.342-346).
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 27.05.2020წ. განჩინება პირადად ჩაბარდა კასატორს 10.06.2020წ. (იხ.: გზავნილი და შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ, ტ.2, ს.ფ.347, 348).
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 11 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 22 ივნისს (რადგან მეათე დღე იყო შაბათი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2020 წლის 22 ივნისის ჩათვლით შეევსო.
10. ხარვეზის შესავსებად დაწესებულ საპროცესო ვადაში კასატორმა წარმოადგინა განცხადება, რომლითაც კვლავ მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა. განცხადება შინაარსობრივად ასახავს კასატორის ნებას არ გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. კასატორი არ შუამდგომლობს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებას.
ამდენად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია (არ წარმოუდგენია არც მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები და არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი). რაც შეეხება საქმის წარმოების შეწყვეტაზე მოპასუხის შუამდგომლობას, პალატამ იმსჯელა მასზე 27.05.2020წ. განჩინებით, რაც არ საჩივრდება.
11. სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
12. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ-ები №ას-1460-2019, 10 თებერვალი, 2020 წელი; №ას-1803-2019, 5 მარტი, 2020 წელი №ას-241-2020, 27 მაისი, 2020 წელი). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ყ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე