Facebook Twitter

საქმე №ას-1784-2018 7 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე – ი.ბ–ძე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ მ.პ–ი

კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ გ.ჯ–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა: 1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ი.ბ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, პირველი აპელანტი/კასატორი ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში _ მოპასუხე, მეორე პელანტი/კასატორი ან დამსაქმებელი) მიმართ, და მოითხოვა სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ დამსაქმებლის 2016 წლის 24 მარტის #1851/კ ბრძანების, შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ 2017 წლის 24 მარტის #2815/კ ბრძანების ბათილად ცნობა, სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე მოსარჩელის აღდგენა, 2017 წლის 24 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1 940 ლარის ანაზღაურება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2008 წლიდან მოსარჩელე დასაქმებული იყო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, ხოლო, 2012 წლიდან მუშაობს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე. დასაქმებულის შრომის ანაზღაურება თვეში 1 940 ლარს შეადგენდა. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში არ ინახება დასაქმებულის სამუშაო აღწერილობა, არამედ, ერთადერთი დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრულია მოსარჩელის საკურატორო სფერო, სააგენტოს 2015 წლის 11 დეკემბრის #01/73/ს ბრძანებაა. აღნიშნული ბრძანების ფარგლებში დასაქმებული საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილი იყო, სათანადო ბეჭდით დაემოწმებინა და ხელმოწერით დაედასტურებინა სამოქალაქო აქტების ჩანაწერები და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები; სათანადო ბეჭდით დაემოწმებინა და ხელმოწერით დაედასტურებინა სამოქალაქო აქტის საფუძველზე გაცემული ცნობები; საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელმოწერით დაედასტურებინა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში მომზადებული გადაწყვეტილებები და კორესპონდენციები; საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ერთობლივი #79/N01-18/ნ ბრძანებით დადგენილი მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის ფარგლებში მოემზადებინა კორესპონდენცია და გადაწყვეტილებები. მოვალეობათა შესასრულებლად მოსარჩელე მუშაობდა ელექტრონულ ბაზაში, სადაც დოკუმენტებზე ავტომატურად გენერირდებოდა უფლებამოსილ პირთა, მათ შორის _ მისი ხელმოწერა. 2016 წლის 15 თებერვალს სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება მოქალაქე ნ.კ–ძის სახელზე დაბადების მოწმობის განმეორებით გაცემის საქმის წარმოებისას სააგენტოს მუშაკთა შესაძლო გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებით. აუდიტის სამსახურის 2016 წლის 14 მარტის #21/დ დასკვნის თანახმად, დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ სამსახურის თანამშრომლებმა, მათ შორის მოსარჩელემ, ჩაიდინეს სამსახურის შინაგანაწესის 52-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომები (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა, არაჯეროვნად შესრულება ან მათდამი დაუდევარი დამოკიდებულება; სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის ან სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევა). დისციპლინური გადაცდომისათვის მოსარჩელეს გამოეცხადა სასტიკი საყვედური, რომლის ფაქტობრივ საფუძველსაც აუდიტის ზემოხსენებული დასკვნა წარმოადგენდა. როგორც აუდიტის სამსახურის დასკვნა, ისე _ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება უკანონოა, რადგანაც სამსახურებრივი შემოწმება სააგენტომ კანონდარღვევით დაიწყო, არ იქნა ყოველმხრივ შესწავლილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო, პასუხისმგებლობის განსაზღვრისას დამსაქმებელი დაეყრდნო კანონის არარსწორ რეგულაციას. სასტიკი საყვედურის გამოცხადების შემდგომ შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა რამდენჯერმე. 2017 წლის 23 სექტემბერს კი, წერილობით ეცნობა მოსარჩელეს, რომ სააგენტოში იგეგმებოდა შტატების შემცირება და თბილისის სამსახურის უფროსის მოადგილის 4 საშტატო ერთეულის ნაცვლად უნდა დარჩენილიყო ორი ერთეული. შესაბამისად, მოსალოდნელი იყო, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის მოშლა. სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის ბრძანებით, ზემოხსენებული საფუძვლით მართლაც მოიშალა შრომითი ხელშეკრულება და შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დასაქმებულს მიეცა კომპენსაცია 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით. 2017 წლის მაისში სააგენტომ გამოაცხადა ვაკანსია თბილისის სამსახურის უფროსის მოადგილის 2 საშტატო ერთეულსა და სააგენტოს უფროსის საშტატო ერთეულზე. მოადგილის პოზიციაზე მონაწილე პირებისათვის მინიმალური განათლების დონე განისაზღვრა მაგისტრით, ხოლო, თავმჯდომარის პოზიციაზე მონაწილები პირებისათვის _ ბაკალავრით, რაც ადასტურებს იმას, რომ რეორგანიზაცია განკუთვნილი იყო გარკვეული პირების, მათ შორის _ მოსარჩელისთვის სამუშაოდან გასათავისუფლებლად, იმგვარად, რომ მათ შემდგომში კონკურსშიც არ მიეღოთ მონაწილეობა (მოსარჩელეს არ აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი).

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელის სამუშაო აღწერილობა განთავსებული იყო საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საკონკურსო ვაკანსიის განაცხადში, ასევე, დამტკიცებული იყო #01/73/ს ბრძანებით. არასწორია მოსარჩელის მითითება, რომ ერთიან ელექტრონულ რეესტრში მუშაობა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა წვდომა დოკუმენტებზე. ხსენებული სისტემა იძლევა სრულ შესაძლებლობას, უფლებამოსილმა პირმა განახორციელოს სრული კონტროლი დოკუმენტბრუნვაზე. გარდა ამისა, საკონკურსო მოთხოვნების განსაზღვრისას სპეციალურად იქნა გათვალისწინებული სააგენტოს უფროსის მოადგილის მინიმალური განათლების მოთხოვნები, რომელიც სააგენტოს რეალურ საჭიროებებზე იყო მორგებული, ამასთანავე, მოსარჩელეს თავის დროზე ხსენებული ფაქტი არ გაუსაჩივრებია. საკონკურსო კომისიის მოთხოვნების შრომითი დავის ფარგლებში განხილვა წარმოუდგენელია, შესაბამისად, სახეზე არ არის დისკრიმინაციის ფაქტი. მოპასუხის განმარტებით, სადავო ბრძანებები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძვლები.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2016 წლის 24 მარტის #1851/კ (დასაქმებულისათვის სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ) და 2017 წლის 24 მარტის #2815/კ ბრძანებები (მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ) და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 23 280 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით - დარიცხული) გადახდა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. დასაქმებულმა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, დამსაქმებელმა _ სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით პირველი აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მეორე აპელანტის სააპელაციო საჩივარი კი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კომპენსაციის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 24 მარტის ბრძანებით მისი გათავისუფლებიდან 2017 წლის 29 ნოემბრამდე პერიოდისათვის განაცდურის, თვეში _ 1 940 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პირველმა კასატორმა (დასაქმებული) მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო, მეორე კასატორმა (დამსაქმებელი) _ ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მოსარჩელე 2008 წლიდან მუშაობდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, შემდეგ, 22.09.2012 წლიდან 01.08.2013 წლამდე _ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად, 01.08.2013 წლიდან გათავისუფლებამდე კი - უფროსის მოადგილედ. უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მოსარჩელის ხელფასი შეადგენდა თვეში 1 940 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით - დარიცხული);

1.2.2. 15.02.2016წ. მოპასუხის შიდა აუდიტის სამსახურში დაიწყო სამსახურეობრივი შემოწმება მოქალაქე ნ.კ–ძის სახელზე დაბადების განმეორებითი მოწმობის გაცემის საქმის წარმოებისას სააგენტოს მუშაკთა შესაძლო გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებით და მომზადდა შესაბამისი დასკვნა;

1.2.3. მოპასუხის 24.03.2016წ. #1851/კ ბრძანებით მოსარჩელეს დისციპლინური გადაცდომისთვის გამოეცხადა სასტიკი საყვედური, ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის 2016 წლის 14 მარტის #21/დ დასკვნა;

1.2.4. დამსაქმებლის 23.02.2017წ. #01/51895 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ 2017 წლის 24 მარტიდან სააგენტოში იგეგმებოდა შტატების შემცირება, მათ შორის, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის მოადგილის 4 საშტატო ერთეულის ნაცვლად განსაზღვრული იყო უფროსის მოადგილის 2 საშტატო პოზიცია, შესაბამისად, შესაძლებელი იყო, რომ მოსარჩელესთან 24 მარტიდან მოშლილიყო შრომითი ხელშეკრულება;

1.2.5. მოპასუხის 2017 წლის 24 მარტის #2815/კ ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. გათავისუფლების შემდეგ დასაქმებულმა მიიღო ერთი თვის კომპენსაცია;

1.2.6. მოპასუხის განმარტებით, სულ სააგენტოში შტატების რიცხვი შემცირდა 37 ერთეულით. შტატების შემცირება შეეხო მაღალი დონის მენეჯერულ რგოლსაც: შემცირდა უფროსის მოადგილეთა რაოდენობა 4-დან 2 საშტატო ერთეულამდე. ამასთან, მართალია, დარჩენილი ორი მოადგილის შრომის ანაზღაურება გაიზარდა, 1 940 ლარის ნაცვლად შეადგინა 2 200 ლარი, თუმცა, მთლიანობაში ამ მენეჯერული რგოლის ჯამური შრომის ანაზღაურება მაინც მნიშვნელოვნად შემცირდა. რეორგანიზაციის უკანონობა საქმის მასალებით არ დადგინდა, თუმცა, დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა რატომ მოხდა მოსარჩელის გამორჩევა სამსახურში დარჩენილი ორი მოადგილისაგან და მისი დათხოვნა თანამდებობიდან;

1.2.7. 2017 წლის მაისში სააგენტომ გამოაცხადა ვაკანსია თბილისის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის 2 საშტატო ერთეულზე. ყოველთვიური სარგო შეადგენდა 2 200 ლარს. კონკურსზე აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენდა მაგისტრის ხარისხი (პროფესია იურისტი) და 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება. გაფართოვდა მოადგილის ფუნქციებიც. საქმის მასალებით დგინდება, რომ იმ პერიოდში, როცა მოსარჩელე იკავებდა თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას, არ არსებობდა ისეთ წინაპირობა, როგორიცაა მაგისტრის ხარისხი. თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მოსარჩელეს მონაწილეობა არ მიუღია. აღნიშნულის მიზეზად იგი უთითებს კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნას, რომლის თანახმადაც კანდიდატს მინიჭებული უნდა ჰქონოდა მაგისტრის ხარისხი, მოსარჩელეს კი ჰქონდა ბაკალავრის. სააგენტოს 26.06.2017წ. ბრძანებებით თბილისის სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლებს: დ.ჩ–ძესა და ხ.გ–ს შეუწყდათ შრომითი ხელშეკრულება და 25.06.2017წ. გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან. ამავე ბრძანებებით აღნიშნული პირები კონკურსის წესით დაინიშნენ თბილისის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე 2017 წლის 25 ივნისიდან 2018 წლის 25 ივნისამდე (პირველი ექვსი თვე გამოსაცდელი ვადით). სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის გამოცხადება, ასევე, მისი შედეგები სადავო არ გამხდარა და ძალაშია. კონკურსის შედეგები არც წინამდებარე სარჩელითაა შედავებული;

1.2.8. მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით დადგენილია, რომ დოკუმენტებზე (მათ შორის სადავო დოკუმენტზე), მოსარჩელის, როგორც დაწესებულების უფროსის მოადგილის ელ. ვიზა/ხელმოწერა იდებოდა ავტომატურად, ანუ ისე, რომ შემსრულებლის მომზადებული დოკუმენტი მოსარჩელესთან რეალურად არ ხვდებოდა. შესაბამისად, მოსარჩელე ფაქტობრივად მოკლებული იყო შესაძლებლობას, რეალურად შეემოწმებინა თანამშრომლის მიერ მიღებული დოკუმენტი (როგორც მოწმემ განმარტა, თითო თანამშრომელი დღეში დაახლოებით 70 მოწმობას ამზადებდა) და გავლენა მოეხდინა მასზე. სამსახურის მმართველობითი პროცესების წარმართვის (მენეჯერული) პრობლემები კი, ვერ განიხილება მხოლოდ მოსარჩელის, როგორც სამსახურის 4 მოადგილიდან ერთ-ერთის მენეჯერულ ნაკლად.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ, ასევე, რეორგანიზაციის გამოცხადებიდან კონკურსის შედეგების დასრულებამდე მასთან შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ ბრძანება არ ემყარება საკმარის ფაქტობრივ გარემოებებს. ამ მხრივ მოპასუხემ ვერ დაადასტურა იმ ლეგიტიმური წინაპირობების არსებობა, რომლებიც გაამართლებდა მის ცალმხრივ ნებას, შესაბამისად, სადავო გარიგებები (სკ-ის 50-ე მუხლი) ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 8.3 და 115-ე მუხლებით განსაზღვრულ უფლების მართლზომიერად განხორციელების პრინციპს და ბათილია (სკ-ის 54-ე მუხლი). შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის ფარგლებში საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ არ არსებობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის არც ერთი კანონისმიერი წინაპირობა (იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა ან კომპენსაციის გაცემა), რამდენადაც მოსარჩელეს კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია. რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირება უდავოა, ხოლო კონკურსის შედეგების დამტკიცება კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის, შესაბამისად, ამ ფაქტებს მართლზომიერად მიიჩნევს სასამართლო და თვლის, რომ სახეზე არ არის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ შედეგებზე მსჯელობის ფაქტობრივი წინაპირობები. აქვე პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში მითითებულ დისკრიმინაციის ფაქტის სააპელაციო სასამართლოს მხრიდან შეუფასებლობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე საკასაციო სასამართლომ არაერთხელ მისცა კასატორს იმის მითითების შესაძლებლობა, ამ ფაქტთან დაკავშირებით წარდგენილი ჰქონდა თუ არა მას სააპელაციო პრეტენზია, თუმცა, მხარემ ვერ მიუთითა ვერც სააპელაციო საჩივრის კონკრეტულ პრეტენზიაზე და ვერც სააპელაციო სასამართლოსათვის მიცემულ ზეპირ განმარტებაზე (იხ. საკასაციო სასამართლოს სხდომის ოქმები). ასეთ ვითარებაში კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება შეამოწმოს იმ ფაქტებთან მიმართებაში, რომლებიც სააპელაციო განხილვის საგანს არ წარმოადგენდა, რამდენადაც ამავე კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. რაც შეეხება განაცდურის საკითხს, საკასაცო პალატა მიიჩნევს, რომ გათავისუფლების შესახებ მართლსაწინააღმდეგო ბრძანების გამოცემიდან კონკურსის შედეგების დამტკიცებამდე პერიოდში სახეზეა ზიანი, რის გამოც, შრომის კოდექსის 44-ე მუხლის, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მას მართებულად მიეკუთვნა ფულადი ანაზღაურება. გარდა ამისა, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას, რომ კომპენსაციის სახით ერთი თვის ხელფასის მიღების ფაქტის გათვალისწინებით იძულებითი მოცდენის მთელი პერიოდისათვის ზიანის ანაზღაურებით არ დარღვეულა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნები, რადგანაც დადგენილი ფაქტების გათვალისწინებით შრომითი ხელშეკრულების მოშლა მოსარჩელესთან გამართლებულია კონკურსის შედეგების დამტკიცებიდან და მის სამართლებრივ საფუძველს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი წარმოადგენს. ამგვარი საფუძვლით პირის გათავისუფლების შემთხვევაში კი, ამავე კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია აუნაზღაუროს დასაქმებულს კომპენსაცია ერთი თვის ხელფასის ოდენობით. საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და კასატორები ვერ ადასტურებენ მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც შრომითი ხელშეკრულების მოშლის კანონიერებისა და მისი თანმდევი შედეგების საკითხებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) საფუძველზე კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო სამართალწარმოების გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70-70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ბ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

3. კასატორ ი.ბ–ძეს (პ/#......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 10.12.2018წ. #18803041 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

4. კასატორ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ #202307404) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 10.12.2018წ. (ბანკში გაგზავნის თარიღი, მოთხოვნის წარდგების თარიღი _ 07.12.2018წ.) #30893 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 400 ლარის 70% _ 280 ლარი.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური