Facebook Twitter

საქმე №ას-583-2019 31 იანვარი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ნინო ბაქაქური, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ.მ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების, ასევე, მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. დ.მ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.მ–ისა (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) და მესამე პირის _ თ.ქ–ძის (შემდგომში _ მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე) მიმართ, მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ........ ქ#9-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ #......., შემდგომში _ სადავო უძრავი ქონება) მისი რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმებისა და ამონაგები თანხის მხარეთა წილების შესაბამისად განაწილების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სადავო უძრავი ქონება ირიცხება მხარეთა თანასაკუთრებად, საიდანაც მოსარჩელეს ეკუთვნის ¼, ხოლო, მოპასუხეს _ ¾ ნაწილი. არაერთი მცდელობის მიუხედავად, მოპასუხესთან შეუძლებელი აღმოჩნდა მოლაპარაკება ქონების გამიჯვნასთან დაკავშირებით. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, სადავო უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობების და მიწის ნაკვეთის ერთად) გამიჯვნა სრული იზოლირებით საჯარო რეესტრში დაფიქსირებული მესაკუთრეთა წილების შესაბამისად, ტექნიკურ მოთხოვნათა დაცვით, შეუძლებელია, რადგან შენობა-ნაგებობის კონფიგურაცია, მდებარეობა, მასზე არსებული ღიობები არ იძლევა აღნიშნული უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის ერთად) გამიჯვნის შესაძლებლობას. ასევე შეუძლებელია დამოუკიდებელი შემოსასვლელების მოწყობა. თანამესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობისა და საექსპერტო კვლევის შედეგების გათვალისწინებით, ვინაიდან მოსარჩელეს არ ეძლევა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის შესაძლებლობა, საზიარო უფლება უნდა გაუქმდეს ქონების რეალიზაციის გზით.

2. მოპასუხის/მესამე პირის პოზიცია:

2.1. მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მხარეთა წილების შესაბამისად, საზიარო საგანი ფაქტობრივად გამიჯნულია. ქონების ნაწილი, რომელიც მოსარჩელემ შეიძინა, როგორც შეძენის დროს, ისე _ დღეს დანგრეული და ფაქტობრივად გამოუყენებელია, თუმცა მას ქონებით სარგებლობაში არავინ უშლის ხელს. ქონება ამ პროპორციით იყო გამიჯნული წლების მანძილზე და ასე ფლობდნენ მისი მეპატრონეები, რომელთაგან, როგორც მოწმე ი.მ–მა, ასევე მოსარჩელემ შეიძინეს ბინის ის ნაწილები, რომლებისც მათ ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ;

2.2. მესამე პირის განმარტებით, მან სარჩელი აღძრა მოპასუხისა და ი.მ–ის წინააღმდეგ და მოითხოვა უძრავი ქონების წილის ნასყიდობის იმ ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ სადავო ქონების ¾ ნაწილი აღრიცხა საკუთრების უფლებით.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მხარეთა შორის საზიარო უფლება სადავო უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით და დადგინდა ამონაგები თანხის განაწილება უძრავი ქონების მისაკუთრეებს შორის მათი წილების პროპორციულად.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინებების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

5.2. ამავე სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინებები საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მათი გაუქმება და სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. ქ.თბილისში, ........ ქუჩა #9-ში (ნაკვეთი N14..) მდებარე უძრავი ქონება თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნით მოსარჩელესა (1/4 ნაწილი) და მოპასუხეს (3/4 ნაწილი);

1.2.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 28 ოქტომბრის #5005910416 დასკვნის თანახმად, შეკითხვაზე შეძლებენ თუ არა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეები აღნიშნული ქონების გამიჯვნას, მათი კუთვნილი წილების შესაბამისად, ისე, რომ გამიჯნულმა ნაწილებმა მათი ფუნქციური ღირებულება შეინარჩუნონ, უარყოფითი პასუხია გაცემული, კერძოდ, ექსპერტის განმარტებით, აღნიშნული ქონების გამიჯვნა სრული იზოლირებით, საჯარო რეესტრში დაფიქსირებული მესაკუთრეთა წილების (¾ და ¼) შესაბამისად, ტექნიკურ მოთხოვნათა დაცვით, შეუძლებელია, რადგან შენობა-ნაგებობის კონფიგურაცია, მდებარეობა, მასზე არსებული ღიობები აღნიშნული უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობისა და მიწის ნაკვეთის ერთად) გამიჯვნის შესაძლებლობას არ იძლევა. ასევე დამოუკიდებელი შესასვლელების მოწყობაც შეუძლებელია.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნა თანამესაკუთრის აბსოლუტური უფლებაა და სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ უფლების შეზღუდვა დაუშვებელია. რაც შეეხება საზიარო უფლების გაუქმების წესს, კანონი ადგენს შემდეგ ბალანსს: საზიარო უფლება შეიძლება გაუქმდეს ქონების ნატურით გაყოფის გზით თუკი შესაძლებელია დაიყოს ქონება წილთა შესაბამისად და თითოეულმა ნაწილმა შეინარჩუნოს ფუნქციური ღირებულება (სკ-ის 963-ე მუხლი), თუკი ამგვარი დაყოფა გამოირიცხება, უფლება შეიძლება გაუქმდეს ქონების რეალიზაციისა და ამონაგები თანხის თანამესაკუთრეთა წილების პროპორციულად განაწილების გზით (სკ-ის 964-ე მუხლი). ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს განეკუთვნება: საზიარო უფლების არსებობა; საგნის დაყოფის შეუძლებლობა მათი ფუნქციური ღირებულების შენარჩუნების გზით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაძლია მტკიცების ტვირთი და დაადასტურა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის წინაპირობების არსებობა, რაც შეეხება მოპასუხეს, როგორც სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ შესაგებელში, ისე _ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში გამოთქმული შედავებები ემყარება მხოლოდ მოპასუხის განმარტებებს, რომლებიც, მოსარჩელის მიერ წარდგენილი საექსპერტო კვლევის საპირწონე მტკიცებულებებით არ არის გამყარებული. პალატა უარყოფს კასატორის შედავებას ექსპერტის მხრიდან შესაფასებელი ობიექტის არასაკმარისი გამოკვლევის თაობაზე, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შეფასების შედეგად (სსსკ-ის 172-ე მუხლი) პალატა მიიჩნევს, რომ იგი დასაბუთებულია და არსებობს მასში გადმოცემული განმარტებების გაზიარების შესაძლებლობა. რაც შეეხება კასატორის მტკიცებას ქონების ფაქტობრივად გაყოფის თაობაზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ ფაქტს დადგენილად მიიჩნევს საკასაციო სასამართლო, მაინც არ იარსებებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობები, რამდენადაც უდავოა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით უძრავი ქონება მხარეთა საზიარო საკუთრების საგანს წარმოადგენს, ასეთ ვითარებაში, სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად, სახეზე გვაქვს საზიარო საგანი იდეალურ წილში (სკ-ის 173.1 მუხლი) და საზიარო უფლების რეგისტრაციის განმავლობაში, ნებისმიერი ფაქტობრივი გაყოფა სამოქალაქო კოდექსის 957-ე მუხლით განსაზღვრული საზიარო საგნით სარგებლობის წესზე შეთანხმებას წარმოადგენს, ხოლო ამგვარი შეთანხმება ვერავითარ გავლენას ვერ იქონიებს თანამესაკუთრის მოთხოვნაზე, მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. საბოლოდ პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ შედავებას.

1.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის ფარგლებში საკასაციო სასამართლო აფასებს სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განჩინების კანონიერებას, რომლითაც აპელანტს უარი ეთქვა მოსამართლის აცილებაზე. ამ მხრივ პალატა პირველ რიგში ხაზს გაუსვამს იმ გარემოებას, რომ საკასაციო საჩივარში არ არის გადმოცემული დასაბუთებული შედავება, არამედ, ფორმალურადაა მოთხოვნილი ხსენებული განჩინების გაუქმება. თავად სადავო განჩინებით კი, ირკვევა, რომ მოსამართლე ქეთევან მესხიშვილის აცილების საფუძვლად მხარე მის ნათესაურ კავშირს მიიჩნევდა მოსარჩელესთან, რომელიც ამავდროულადა მესხიშვილია. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობის არსებობა საქმის მასალებით არ დადასტურებულა, რამდენადაც მოსამართლე ქეთევან მესხიშვილის განმარტებით მან ქორწინების შემდგომ შეიცვალა და მიიღო მეუღლის გვარი _ მესხიშვილი, ხოლო მისი ქორწინებამდელი გვარი მიდელაურია, რაც მართალც არ წარმოადგენს ნათესაური კავშრის დადასტურებულად მიჩნევის წინაპირობას. მოსამართლის მეუღლესა და მოსარჩელეს შორის კავშირზე კი, მოპასუხე არ აპელირებს და არც საქმის რომელიმე მასალით ამგვარი წინაპირობის არსებობა არ დგინდება. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ქეთევან მესხიშვილი მოცემულ დავაზე მომხსენებელ მოსამართლეს წარმოადგენდა და აპელანტისათვის ეს ფაქტი ჯერ კიდევ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2018 წლის 30 მაისის განჩინებით გახდა ცნობილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტს საქმის მომზადების ეტაპზე აცილების უფლებით არ უსარგებლია, ხოლო, თუ რამ განაპირობა შუამდგომლობის დაგვიანებით წარდგენა, საქმის მასალებით არ დგინდება, რაც შუამდგომლობის უარყოფის კიდევ ერთი საფუძველია.

1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც საზიარო უფლების გაუქმების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლი მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს უნდა დაუბრუნდეს ი.მ–ის მიერ 07.05.2019წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 404-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.მ–ის მოთხოვნა მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს, ხოლო, მისი საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ლ.მ–ს (პ#......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ი.მ–ის მიერ 07.05.2019წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ზ. ძლიერიშვილი