Facebook Twitter

საქმე №ას-1057-2018 7 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ს.პ–ი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ძ–ა“ (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების/განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – ნასყიდობის ღირებულებისა და პირგასამტეხლოს დაკისრება (თავდაპირველ სარჩელში), ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა და სარჩელის/შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „ს.პ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ან გამყიდველი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ძ–ას“ (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან მყიდველი) მიმართ და მოითხოვა ნასყიდობის გადაუხდელი ღირებულების _ 40 913,60 ლარის, პირგასამტეხლოს _ 4 377,76 ლარის, ასევე, 2015 წლის 4 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე _ 40,91 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება. ვალდებულების შესრულების მიზნით მყიდველის საკუთრებაში არსებული, გირავნობით დატვირთული სატრანსპორტო საშუალების (რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - კატერპილარ M318, ფერი - ყვითელი 5/8, გამოშვების წელი - 2002, სანომრე ნიშანი - A...., საიდენტიფიკაციო ნომერი - ......, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - ......., შემდგომში _ გირავნობის საგანი) სარეალიზაციოდ მიქცევა. იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების დასაფარად, გამყიდველმა მოითხოვა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონებიდან ვალდებულების შესრულება.

1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 24 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა საწვავის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ 20-დღიანი კონსიგნაციით, 2015 წლის 2 ივლისის ჩათვლით, შეიძინა 110 850 ლიტრი დიზელის საწვავი. ნასყიდობის ღირებულებამ შეადგინა 184 295.30 ლარი. მოსარჩელემ დადგენილ დროსა და ვადებში გადასცა მოპასუხეს ნასყიდობის საგანი, ხოლო, მოპასუხეს მისი ღირებულება არ გადაუხდია. 2015 წლის 4 დეკემბრის მდგომარეობით დავალიანებამ შეადგინა 40 913.60 ლარი. დავალიანებას ერიცხება პირგასამტეხლო 4 377.76 ლარი (რომელიც გაანგარიშებულია შემდეგნაირად: 24.03.2015 წელს გატანილ იქნა 7 305.9 ლარის ღირებულების 4 970 ლიტრი საწვავი, 20-დღიანი კონსიგნაციით, გადახდის ვადა 13.04.2015 წელი. დავალიანება გადახდილია 7 დღის დაგვიანებით _ 20.04.2015 წელს. დარიცხულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 51.14 ლარი; 25.03.2015 წელს გატანილ იქნა 15 126.3 ლარის ღირებულების 10 290 ლიტრი საწვავი, 20-დღიანი კონსიგნაციით, გადახდის ვადა - 14.04.2015 წელი, გადახდილია 6 დღის დაგვიანებით _ 20.04.2015 წელს. დარიცხულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 90.76 ლარი. ორივე შემთხვევაში თანხა _ 22 432.2 ლარი გადახდილია 2015 წლის 20 აპრილს,საიდანაც დაიფარა პირგასამტეხლო - 141.90 ლარი, ხოლო ძირს მოაკლდა 22 290.30 ლარი და გადაუხდელი დარჩა 141.9 ლარი; 11.05.2015 წელს გატანილ იქნა 16 875.6 ლარის ღირებულების 10 290 ლიტრი საწვავი, 20-დღიანი კონსიგნაციით, გადახდის ვადა იყო 30.05.2015 წელი. მოპასუხემ 27 488 ლარი 25.05.2015 წელს გადაიხადა, საიდანაც პირველ რიგში პირველი-ორი გატანის დარჩენილი პირგასამტეხლო - 4.97 ლარი დაიფარა, ასევე დაიფარა ამ დროისთვის არსებული ძირი თანხის დავალიანება - 141.9 ლარი და მესამე გატანის თანხა მთლიანად. საკრედიტო ნაშთმა შეადგინა 10 465.53 ლარი; 16.05.2015 წელს გატანილ იქნა 16 219.6 ლარის ღირებულების 9 430 ლიტრი საწვავი, 20-დღიანი კონსიგნაციით, გადახდის ვადა იყო 04.06.2015 წელი. 14 219.6 ლარი გადახდილ იქნა 02.06.2015 წელს. საკრედიტო ნაშთმა შეადგინა 8 465.53 ლარი; 21.05.2015 წელს გატანილ იქნა 16 219.6 ლარის ღირებულების 9 430 ლიტრი საწვავი 20-დღიანი კონსიგნაციით, გადახდის ვადა იყო 09.06.2015 წელი. 08.06.2015 წელს გადახდილ იქნა 16 219.6 ლარი. საკრედიტო ნაშთმა შეადგინა 8 465.53 ლარი; 25.05.2015 წელს გატანილ იქნა 10 612.4 ლარის ღირებულების 6 170 ლიტრი საწვავი 20-დღიანი კონსიგნაციით. გადახდის ვადა იყო 13.06.2015 წელი. საწვავის ღირებულების ნაწილი გადახდილად ჩაითვალა კრედიტის ხარჯზე 13.06.2015-ში და გადასახდელი დარჩა 2 146.87 ლარი; 29.05.2015 წელს გატანილ იქნა 16 125.3 ლარის ღირებულების 9 430 ლიტრი საწვავი, 20-დღიანი კონსიგნაციით, გადახდის ვადა - 17.06.2015 წელი. გადახდა განხორციელდა 18.06.2015 წელს. გადახდის თარიღს მოპასუხემ გადააცილა 1 დღე. დარიცხულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 16.13 ლარი, ხოლო მე-6 გატანიდან დარჩენილი ძირითადი თანხის გადახდის ვადაგადაცილებამ შეადგინა - 5 დღე, პირგასამტეხლომ - 10.73 ლარი. 18.06.2015წ. მოპასუხემ გადაიხადა 16 000 ლარი, საიდანაც პირველ რიგში დაიფარა პირგასამტეხლო 26.86 ლარი, ძირ თანხას მოაკლდა 26.86 ლარი და დარჩენილით დაიფარა ძირი დავალიანების ნაწილი, ხოლო, გადასახდელი დარჩა - 2 299.03 ლარი; 03.06.2015 წელს გატანილ იქნა 25 872.3 ლარის ღირებულების 15 130 ლიტრი საწვავი 20-დღიანი კონსიგნაციით, გადახდის ვადა 22.06.2015 წელი, გადახდა მოხდა 9 დღიანი დაგვიანებით, 01.07.2015 წელს. დარიცხულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 232.85 ლარი, ხოლო, დარჩენილ დავალიანებაზე - 2 299.03 ლარზე ვადაგადაცილებამ შეადგინა 13 დღე, ხოლო მასზე დარიცხულმა პირგასამტეხლომ კი - 29.89 ლარი; 11.06.2015 წელს გატანილ იქნა 25 569.7 ლარის ღირებულების 15 130 ლიტრი საწვავი 20-დღიანი კონსიგნაციით, გადახდის ვადა იყო 30.06.2015 წელი. გადახდა მოხდა 1 დღის დაგვიანებით, 01.07.2015 წელს. დარიცხულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 25.57 ლარი. დარჩენილ დავალიანებაზე - 2 299.03 ლარზე ვადაგადაცილებამ შეადგინა 13 დღე, ხოლო, პირგასამტეხლომ - 29.89 ლარი. 30 000 ლარი გადახდილ იქნა 01.07.2015 წელს, რა დროსაც დავალიანება შეადგენდა 53 741.03 ლარს და ჩარიცხული თანხიდან პირველ რიგში დაიფარა პირგასამტეხლო _ 288.31 ლარი. დარჩენილი თანხით კი დაიფარა ძირი თანხა და გადასახდელი დარჩა 24 029.34 ლარი; 19.06.2015 წელს გატანილ იქნა 17 287.2 ლარის ღირებულების 10 290 ლიტრი საწვავი 20-დღიანი კონსიგნაციით, გადახდის ვადა 08.07.2015 წელი. მოპასუხემ თანხა 44-დღიანი ვადაგადაცილებით _ 21.08.2015 წელს გადაიხადა. დარიცხულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 760.64 ლარი. დარჩენილ დავალიანებაზე ვადაგადაცილებამ შეადგინა - 51 დღე, პირგასამტეხლომ - 1 225.5 ლარი; 02.07.2015 წელს გატანილ იქნა 17 081.4 ლარის ღირებულების 10 290 ლიტრი საწვავი 20-დღიანი კონსიგნაციით, გადახდის ვადა - 21.07.2015 წელი, გადახდა განხორციელდა 31 დღის დაგვიანებით _ 21.08.2015 წელს. დარიცხულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 529.52 ლარი, დარჩენილ დავალიანებაზე ვადაგადაცილებამ შეადგინა 51 დღე, პირგასამტეხლომ - 1 225.5 ლარი. 20 000 ლარი გადახდილ იქნა 21.08.2015 წელს, რა დროსაც დავალიანება შეადგენდა 58 397.94 ლარს. ჩარიცხული თანხიდან პირველ რიგში დაიფარა პირგასამტეხლო - 2 515.66 ლარი, დანარჩენი თანხით კი _ ძირითადი დავალიანება. დარჩენილმა გადაუხდელმა ძირითადმა თანხამ შეადგინა 40 913.6 ლარი, ხოლო პირგასამტეხლომ - 4 377.75 ლარი).

1.2. მყიდველმა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ მიყენებული ზიანის _ 54 516,99 (9 516,99 ლარი _ რემონტის ხარჯი, 45 000 ლარის _ იძულებითი მოცდენით გამოწყევული ზიანი) ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: გამყიდველის მიერ მიწოდებული საწვავის ცუდი ხარისხის გამო კომპანიის მანქანები ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან და ზიანდებოდა ნაწილები. მყიდველს შემდგომში უწევდა ამ ნაწილებისა და დაზიანებული მანქანების შეკეთება. გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 9 516.99 ლარი. გარდა ხარჯებისა, მანქანის შეკეთებას ესაჭიროებოდა დიდი დრო, რაც ზარალის მომტანი იყო კომპანიისთვის, რომელიც ყიდდა ინერტულ მასალებს მყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე მიტანით. შეგებებული მოსარჩელის მფლობელობაში არსებული მანქანების ტექნიკური მაჩვენებლების თანახმად, ერთჯერადად შესაძლებელია გადატანილ იქნას დაახლოებით 20მ3 ინერტული მასალა. ერთი რეისის ტრანსპორტირების ღირებულება არის 160-240, საშუალოდ _ 200 ლარი, საიდანაც კომპანიის მოგება 50 ლარს შეადგენს და თითოეული მანქანა დღეში ორ რეისს მაინც აკეთებს. ამდენად, ვინაიდან მოსარჩელის საწვავით სარგებლობდა მყიდველი საკუთარი 5 მანქანის ექსპლუატაციისას, ხოლო, საწვავის მიწოდება ხდებოდა 2015 წლის 24 მარტიდან 2015 წლის 2 ივლისის ჩათვლით, მანქანების მოცდენით გამოწვეულმა ზარალმა 3 თვის განმავლობაში შეადგინა 45 000 ლარი (50*2 რეისი=100 ლარი დღეში;*90 დღეზე; *5 _ მანქანების რაოდენობა).

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მარტივი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო თავდაპირველი სარჩელი, არც ერთი სადავო ფაქტობრივი გარემოების წინააღმდეგ არსებითი შედავება არ წარუდგენია;

2.2. თავდაპირველმა მოსარჩელემ ასევე არ ცნო შეგებებული სარჩელი და განმარტა, რომ მყიდველი ვერ ადასტურებს ნასყიდობის საგნის უხარისხობასა და ამის შედეგად ავტომანქანების დაზიანების ფაქტს. სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნისას შეგებებულ მოსამართელეს არც სიტყვიერად და არც წერილობით პრეტენზია არ განუცხადებია ნივთის ხარისხზე, არამედ, მას კიდევ სურდა საწვავის შესყიდვა, რაზეც გამყიდველმა უარი განაცხადა ძველი დავალიანების არსებობის გამო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მყიდველს გამყიდველის სასარგებლოდ დაეკისრა: გადაუხდელი საზღაურის _ 40 913,60 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 2015 წლის 4 დეკემბრამდე დარიცხული 1 094.44 ლარის, ასევე, 2015 წლის 4 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10.22 ლარის ანაზღაურება. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მყიდველის საკუთრებაში არსებული, გირავნობით დატვირთული მოძრავი ქონება (გირავნობის საგანი). მოპასუხის სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა. ამავე გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შეგებებულმა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და სააპელაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

5. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით გამყიდველს მყიდველის სასარგებლოდ დაეკისრა 42 008,84 ლარის ანაზღაურება;

5.2. ამავე სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის განჩინებით აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის მიზეზები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების გაუქმების დასაბუთება:

1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები (კასატორის პრეტენზიები):

საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელატის გამოუცხადებლობის კანონიერება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობების არსებობა წარმოადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების/მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერებას პალატა კასატორის პრეტენზიის ფარგლებში შეამოწმებს, რომელიც ძირითადად სასამართლო სხდომის თაობაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის ინფორმირების კანონიერებას შეეხება. კასატორი პრეტენზიას აცხადებს იმის თაობაზე, რომ:

i სასამართლო სხდომის შესახებ ის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად არ იყო ინფორმირებული. პირი, რომელმაც კომპანიის სახელით ჩაიბარა კორესპონდენცია, კასატორის თანამშრომელი არ არის, რის დასადასტურებლადაც მხარემ სასამართლოს წარუდგინა საგადასახადო სამსახურის ვებპორტალიდან ამონაბეჭდი, რომელიც კომპანიაში დასაქმებული პირების ვინაობას განსაზღვრავს, შრომით ურთიერთობაში მყოფი ყველა პირი ზემოხსენებულ პორტალზე აისახება, რადგანაც ეს მონაცემი ადასტურებს მათზე ხელფასის გაცემის ფაქტს. სააპელაციო სასამართლომ კი, სრულიად უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ხსენებული დოკუმენტები მაშინ, როდესაც უფრო სარწმუნო მტკიცებულებებს მხარე სასამართლოს ფიზიკურად ვერ წარუდგენდა. გარდა ამისა, სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, რადგანაც მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია გამყიდველის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა და ის გარემოება, რომ შეტყობინების მიმღები არ არის კასატორის თანამშრომელი, ამასთანავე, იმ მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება, თუ სად იყო დასაქმებული კორესპონდენციის მიმღები პირი, გამყიდველს არ ევალებოდა;

ii საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს არ გაგზავნია უწყება სასამართლოს სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დადასტურებულად იქნება მიჩნეული გზავნილის გამყიდველისათვის ჩაბარება, უდავოა, რომ მას უწყება არ გაგზავნია, ხოლო გზავნილი არ შეესაბამება სასამართლო უწყებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

iii ისეთ ვითარებაში, როდესაც მხარემ მოიგო პირველი ინსტანციის სასამართლოში დავა, გაუმართლებელია მისი მხრიდან სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობა მით უფრო მაშინ, როდესაც სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებლდა მოთხოვნას. სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ თავდაპირველად სრულად ცნო გამყიდველის მოთხოვნა, ხოლო, მოგვიანებით, შეგებებული სარჩელით მას არ მოუთხოვია საწვავის უხარისხობის გამო, გადახდილი თანხის დაბრუნება, გარდა ამისა, საკასაციო საჩივრით შედავებულია შეგებებული სარჩელის მოთხოვნის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებების წარუდგენლობის ფაქტი.

1.2. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე განჩინების მიმართ:

საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნიათ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც კასატორს არ მიუთითებია პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც შესაძლოა, დაშვებული იყო საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება, კერძოდ:

1.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მყიდველის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა 2018 წლის 23 იანვარს, 16:00 საათზე;

1.2.2. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა სასამართლოს გზავნილი, სადაც მითითებულია სასამართლო სხდომის დრო და თარიღი. დოკუმენტის თანახმად, მასვე გაეგზავნა სააპელაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები და განესაზღვრა შესაგებლის წარდგენისათვის 7-დღიანი ვადა, ხოლო, აპელანტს გაეგზავნა სასამართლო უწყება;

1.2.3. საფოსტო უკუგზავნილის თანახმად, 2017 წლის 18 დეკემბერს მოწინააღმდეგე მხარის სახელით შეტყობინება ჩაბარდა დ.ბ–ს, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელს, ადმინისტრატორს;

1.2.4. გზავნილით განსაზღვრულ ვადაში აპელანტის მოწინაღმდეგე მხარემ სასამართლოში წარადგინა სააპელაციო პასუხი;

1.2.5. დანიშნულ დროს გამყიდველი სასამართლოში არ გამოცხადდა, აპელანტმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, რაც 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა.

1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

1.3.1. საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერება ძირითადად საპროცესო სამართლის ნორმების გამოყენების სისწორის თვალსაზრისით იქნება შემოწმებული, შესაბამისად, პალატა იკვლევს სახეზე ხომ არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები (საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი).

1.3.2. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების სამართლის ნორმებთან სუბსუმირებამდე პალატა რამდენიმე თეორიულ საკითხზე შეჩერდება: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი ადგენს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგებს და ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. მე-3 ნაწილის თანახმად კი, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. იმისათვის, რომ სააპელაციო პალატამ მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის მოტივით გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოს სააპელაციო საჩივარი, სასამართლომ ასევე უნდა შეამოწმოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე და 233-ე მუხლების პირველი ნაწილების წინაპირობები:

i გამოუცხადებელ მოწინააღმდეგე მხარეს სხდომის თაობაზე შეტყობინება ჩაბარებული უნდა ჰქონდეს კანონით დადგენილი წესით (სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლები);

ii ადგილი არ უნდა ჰქონდეს სასამართლოსათვის ცნობილ დაუძლეველ ძალას, რაც შეუძლებელს ხდიდა მხარის გამოცხადებას;

iii გამოუცხადებელი პირი დროულად უნდა იყოს ინფორმირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე;

iv უნდა არსებობდეს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

1.3.3. იმ შემთხვევაში, თუკი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი რომელიმე ზემოხსენებული საფუძველი არ დგინდება, მაშინ სასამართლო ამოწმებს სააპელაციო საჩივრის ფორმალურ გამართულობას _ მითითების ტვირთს (მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის ელემენტები), რადგანაც სააპელაციო საჩივარში გადმოცემული ფაქტები დადასტურებულად მიიჩნევა, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია, მითითების ტვირთის ფარგლებში მიიღოს გამოცხადებული მხარისაგან მოთხოვნის განმაპირობებელი ფაქტების დაზუსტება. იმ შემთხვევაში კი, თუ ეს ფაქტები იურიდიულად გაამართლებენ აპელანტის მოთხოვნას (დადასტურებულად ცნობილი გარემოებები შეესაბამება მოთხოვნის მარეგულირებელ მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს), სასამართლო დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს.

1.3.4. რაც შეეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, სასამართლო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს სახეზე ხომ არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული რომელიმე აკრძალვა (იხ. სამოტივაციო ნაწილი პ.პ. 1.3.2.) ან ხომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული იმგვარი საპატიო მიზეზი, რომელიც მხარის გამოუცხადებლობას გაამართლებდა (სსსკ-ის 241-ე მუხლი).

1.3.5. განსახილველ შემთხვევაში, პალატა უარყოფს კასატორის შედავებას იმის თაობაზე, რომ სასამართლო შეტყობინება არ ჩაბარებია უფლებამოსილ პირს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად კი, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ სასამართლომ სწორედ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე გააგზავნა შეტყობინება, სადაც მისი სახელით ჩაიბარა დ.ბ–მა, როგორც ორგანიზაციის ადმინისტრატორმა, შესაბამისად, დასაბუთებულია ვარაუდი, რომ შეტყობინება გადაეცა ადრესატს, ამ გარემოების გაქარწყლება ეკისრებოდა კასატორს, რომელმაც წარადგინა ინფორმაცია საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დასაკავებელი გადასახადის შესახებ. კასატორს სურს აღნიშნული დოკუმენტაციით დაამტკიცოს ის გარემოება, რომ შეტყობინების მიმღები მასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირი არ არის. ხსენებული დოკუმენტის საქმის სხვა მასალებთან ერთობლივად შეფასებისას (სსსკ-ის 105-ე მუხლი) საკასაციო პალატას არ ჩამოუყალიბდა შინაგანი რწმენა მხარის ამ პრეტენზიის საფუძვლიანობის თაობაზე, რადგანაც უდავოა, რომ დ.ბიჭიკაშვილის მიერ კორესპონდენციის ჩაბარებიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი. გარდა ამისა, შეტყობინების ჩაბარების ფაქტის მტკიცების თვალსაზრისით მხარე არ არის შეზღუდული წარადგინოს ნებისმიერი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მტკიცებულება (მაგ: შეტყობინების მიმღების, როგორც მოწმის დაკითხვა), რომელთაგან არც ერთს არ ენიჭება უპირატესი ძალა, არამედ, სასამართლო მათ შეაფასებს ერთობლიობაში და გამოიტანს დასკვნას სადავო გარემოების არსებობის თაობაზე. ამგვარად მხარე ვერ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მისი სახელით შეტყობინება არაუფლებამოსილმა პირმა ჩაიბარა.

1.3.6. რაც შეეხება კასატორის მეორე არსებით შედავებას, რომ ის არ იყო კანონით დადგენილი წესით მიწვეული საქმის განხილვაზე, საკასაციო პალატა იზიარებს და მიუთითებს საქმის მასალებზე: როგორც უკვე ითქვა, აპელანტს 2018 წლის 23 იანვარს დანიშნული სხდომის თაობაზე ეცნობა უწყების გაგზავნით, მოწინააღმდეგე მხარეს კი, გაეგზავნა გზავნილი, სადაც სხდომასთან დაკავშირებით მითითებულია მხოლოდ ის, რომ მას ეგზავნებოდა 2018 წლის 23 იანვარს, 16:00 საათზე დანიშნული სხდომის შესახებ უწყება. ამ უწყების ასლი, განსხვავებით აპელანტისათვის გაგზავნილი უწყებისაგან, საქმეში არ მოიპოვება, ხოლო, მხოლოდ გზავნილით სასამართლო სხდომის დროის შეტყობინებას პალატა ვერ ჩათვლის მხარის საკმარისად ინფორმირებად. ამ მხრივ სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, უწყება უნდა შეიცავდეს: ა) სასამართლოს სახელწოდებასა და ზუსტ მისამართს; ბ) მითითებას გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ, ხოლო თუ უწყება ეგზავნება წარმომადგენელს, – აგრეთვე მითითებას იმის თაობაზე, რომ იგი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მხარეს, რომლის წარმომადგენელიც არის; გ) საქმის დასახელებას, რომლის გამოც იბარებენ ამა თუ იმ პირს, და მითითებას დავის საგნის შესახებ; დ) სასამართლოში დასაბარებელი პირის ვინაობას, აგრეთვე იმას, თუ რა სტატუსით არის იგი დაბარებული, და მითითებას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის მიმართ გამოსაყენებელი ზომების შესახებ; ე) წინადადებას მხარეების მიმართ, წარმოადგინონ მათთან არსებული ყველა მტკიცებულება; ვ) მითითებას იმის თაობაზე, რომ ადრესატის არყოფნისას უწყების მიმღები პირი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე ჩააბაროს უწყება ადრესატს; ზ) მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უწყების შინაარსის განმსაზღვრელი საპროცესო წესები ფართო ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება. სასამართლო სხდომაზე მხარის დაბარებისას ხსენებული სტანდარტი განუხრელად უნდა იყოს დაცული, ვინაიდან მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა პირის გამოუცხადებლობას უკავშირებს მისთვის არახელსაყრელ სამართლებრივ შედეგებს. თუკი პირი, რომელიც პროცესზე არ ცხადდება, არ იყო გაფრთხილებული არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე, მის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება მოკლებული იქნება პროცესუალურ განჭვრეტადობას და დაარღვევს მხარის გარანტირებულ უფლებას სამართლიან განხილვაზე. ამ მიდგომისაგან განსხვავდება შემთხვევა, როდესაც პირი ჯეროვნადაა ინფორმირებული სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპროცესო შედეგების თაობაზე, თუმცა, არასაპატიოდ გამოუცხადებლობით ის განკარგავს საკუთარ დისპოზიციურ ნებას (სსსკ-ის მე-3 მუხლი).

1.3.7. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით ეცნობა სასამართლო სხდომის თაობაზე, რის გამოც, სააპელაციო პალატა, ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვალდებული იყო, უარი განეცხადებინა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე. იმ საფუძვლიდან გამომდინარე, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა, პალატა აღარ მსჯელობს ამართლებდა თუ არა სააპელაციო საჩივარი აპელანტის მოთხოვნას იურიდიულად.

1.4. საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების პროცესუალურსამართლებრივი დასაბუთება:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო წესების დარღვევით დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. ამასთანავე, რადგანაც საჭიროა მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა, ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძვლით, პალატა საქმეს ხელახლა განსახილვად უბრუნებს იმავე სასამართლოს, რომელმაც საქმის არსებითად განხილვის გზით უნდა გადაწყვიტოს უფლების საკითხი.

2. პროცესის ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ვინაიდან მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქვემდგომ სასამართლოს, პროცესის ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს.პ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2018 წლის 29 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ.ძლიერიშვილი