საქმე №ას-265-2020 16 სექტემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ც–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამსახურიდან გადაყვანის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდეგში: სააგენტო დამსაქმებელი ან მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) უფროსის 2016 წლის 30 ივნისის N813/კ ბრძანებით მ.ც–ძე (შემდეგში: დასაქმებული მოსარჩელე) 01.07.2016 წლიდან დაინიშნა სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით (ტ.1,ს.ფ.19).
2. დამსაქმებლის, 2016 წლის 1 დეკემბრის N1474/კ ბრძანებით დასაქმებულს იმავე თარიღიდან შეუწყდა შრომითი ურთიერთობა სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევის საფუძვლით (საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ის) 37-ე მუხლის პირველი ნაწილი „ზ“ პუნქტი).
3. დასახელებულ ბრძანებას, საფუძვლად დაედო სააგენტოს შიდა კონტროლის დეპარტამენტისუფროსის 2016 წლის 4 ნოემბრის მოხსენებითი ბარათი და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 4 ნოემბრის მოხსენებითი ბარათი.
4. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა და გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით და 2018 წლის 8 ივნისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სააგენტოს მიმართ შრომითი ურთიერთობის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე. საკასაციო სასამართლოს, დასახელებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2018 წლის 14 ივნისის ას-499-499-2018 საქმეზე N120210017001973588 გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, 2018 წლის 16 ივლისს სააგენტოს უფროსის N1538/კ ბრძანების საფუძველზე, დასაქმებული აღდგა სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 2018 წლის 17 ივლისიდან.
6. სააგენტოს უფროსის, 2018 წლის 18 ივლისის N1545/კ ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსი - მოსარჩელე, გადაიყვანეს ბორჯომის სატყეო უბნის უფროსის თანამდებობაზე. ბრძანების გამოცემის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 2 ნოემბრის N323 დასკვნა და სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის უფროსის 2018 წლის 17 ივლისის N13928/05 მოხსენებითი ბარათი, სადაც შიდა კონტროლის სამსახურის უფროსი ეყრდნობა უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებებს, რომელთა თანახმად „დასაქმებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა კომპეტენციის ფარგლების გაცდენას, მისი ქმედებით დაირღვა მთელი რიგი სამართლებრივი ნორმები. სასამართლოს არ უარყვია და დადასტურებულად მიიჩნია დასკვნა დასაქმებულის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის შესახებ რაც ქმნიდა დისციპლინური ღონისძიების გამოყენების საფუძველს“.
7. სასარჩელო მოთხოვნა
7.1. დასაქმებულმა, 2018 წლის 16 აგვისტოს სარჩელი აღძრა სააგენტოს წინააღმდეგ, მოითხოვა, სააგენტოს უფროსის 2018 წლის 18 ივლისის N1545/კ ბრძანების ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსის ბორჯომის სატყეო უბნის უფროსის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ.
8. მოპასუხის პოზიცია
8.1. მოპასუხემ, წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო
9. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
9.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააგენტოს უფროსის 2018 წლის 18 ივლისის N1545/კ ბრძანება, ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსის ბორჯომის სატყეო უბნის უფროსის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ.
10. სააგენტოს სააპელაციო საჩივარი
10.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სააგენტომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
11.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე.
11.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის თანახმად, დისციპლინური წარმოების მიზანია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის სწრაფად და სრულად გამოვლენა და დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა. ამავე კანონის 96-ე მუხლის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით; დ) სამსახურიდან გათავისუფლება. 97-ე მუხლის შესაბამისად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი უნდა იყოს.
11.4. სააპელაციო სასამართლომ სააგენტოს შინაგანაწესის მე-13 მუხლის მეორე პუნქტზე მიუთითა, რომლის თანახმადაც, შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, დასაქმებულს ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) დაბალი რანგის თანამდებობაზე გადაყვანა; ე) სამსახურიდან გათავისუფლება, ხოლო მესამე პუნქტის თანახმად, ერთი დისციპლინური გადაცდომისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.
11.5. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის თანახმად: 1. დისციპლინური წარმოება ემყარება კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებს. არავის არ შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი საფუძვლისა და წესის დაცვის გარეშე. 2. არავის არ შეიძლება განმეორებით დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა ერთი და იმავე დისციპლინური გადაცდომისათვის.
11.6. მოცემულ შემთხვევაში, დასაქმებულის მხრიდან განხორციელებულ დარღვევაზე რეაგირება, სააგენტოს კომპეტენციას წარმოადგენდა, რა დროსაც, სააგენტომ სშკ-ის 37-ე მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა დასაქმებული. თუმცა, აღნიშნული ბრძანება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილადაა ცნობილი და მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის თაობაზე დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტს, ერთი დისციპლინური გადაცდომისთვის, ორჯერ დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა, რაც დაუშვებელია საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 87.2 მუხლის შესაბამისად.
11.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტმა ვერ შეძლო დაემტკიცებინა გარემოებები, რომელზედაც ამყარებდა თავის მოთხოვნას გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით და გაებათილებინა მტკიცებულებები რომელსაც ეყრდნობოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
12. დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი
12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
12.2. კასატორის განმარტებით, კასატორი თავდაპირველი დავის დასრულების შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად აღდგა სამსახურში, იმავე თანამდებობაზე. თუმცა, ამავე დავის განხილვისას, გადაწყვეტილებითვეა გაზიარებული, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები და ის, რომ მოსარჩელემ დაარღვია შინაგანაწესი. თუმცა სასამართლო უთითებდა, რომ დასახელებული დარღვევების არსებობის მიუხედავად, დამსაქმებელს უფრო მსუბუქი სახდელის ზომა უნდა გამოეყენებინა, ვიდრე სამსახურიდან გათავისუფლება იყო. შესაბამისად, კასატორის განმარტებით, ერთის მხრივ შეასრულა სასამართლო გადაწყვეტილება, ხოლო მეორე მხრივ, დარღვევების არსებობის გამო, დასაქმებული დააქვეითა, რაც არც კანონმდებლობასა და არც შრომის შინაგანაწესს არ ეწინააღმდეგებოდა.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივნისის განჩინებით, დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი დაშვებულია სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულია არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა ან გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში, საკასაციო სასამართლო იხილავს, მოსარჩელის, სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ბორჯომის სატყეო უბნის უფროსის თანამდებობაზე გადაყვანის მართლზომიერებას.
17. კასატორის განმარტებით, პირველ დავაში მოსარჩელესთან, კანონიერ ძალაშია შესული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის ას-499-499-2018 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევის საფუძვლით გათავისუფლდა დასაქმებული, ხოლო ამავე გადაწყვეტილებით აღდგენილია გათავისუფლებამდე არსებულ თანამდებობაზე.
18. კასატორის განმარტებით, დასახელებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სამოქალაქო პალატამ გაიზიარა სააგენტოს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დასაქმებულმა დააღვია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის N46-ე დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N25 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების - სატყეო სამსახურების ტიპიური დებულებისა და სააგენტოს შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომელთა ერთობლიობაში შეფასებით დასაქმებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევას.
19. ამავე გადაწყვეტილებით, საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატამ, გაიზიარა კასატორის (განსახილველ დავაში დასაქმებულის) პოზიცია, რომ მის მიმართ, დარღვევების არსებობის მიუხედავად სახდელის სახით დასაქმებულისთვის პირდაპირ უმკაცრესი ზომა - „დათხოვნა“ არ იყო მართებული ღონისძიება დამსაქმებლის მხრიდან. მით უფრო, რომ დამსაქმებელი ორგანიზაციის შინაგანაწესი ითვალისწინებდა სხვა სახის დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობასაც როგორიცაა, „შენიშვნა“/„სიტყვიერი გაფრთხილება“; „წერილობითი გაფრთხილება“; „საყვედურის გამოცხადება“; „სასტიკი საყვედურის გამოცხადება“; „თანამდებობიდან დაქვეითება“ და სხვ.
20. საკასაციო სასამართლო მოიხმობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ „საჯარო სამსახური - სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა)....“ ქვეპუნქტს, ამავე კანონის 84-ე მუხლის პირველ და მე-2 „საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. საჯარო სამსახურში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება ამ კანონის ... 77-ე მუხლის მე-3 პუნქტი და X თავი“ პუნქტებს.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია, სააგენტოს მოქმედება, თავდაპირველად გასაჩივრებულ ბრძანებაში მითითებული ფაქტობრივი საფუძვლით მოსარჩელე კვლავ დაეთხოვა სამსახურიდან, ან სხვაგვარი დისციპლინური პასუხისმგებლობა გამოეყენებინა მის წინააღმდეგ (განსახილველ შემთხვევაში, რანგით დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა). განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულის დაქვეითების ფაქტობრივსამართლებრივ საფუძვლად მითითებულ გარემოებებს ეფუძნებოდა მხარეთა შორის მანამდე არსებულ და გადაწყვეტილ დავაში სააგენტო. აღნიშნულ დავაზე მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და სადავო სამართალდარღვევის ფაქტიც, ამავე გადაწყვეტილებითაა შეფასებული, რომელსაც მიმდინარე დავაში პრეიუდიციული ძალა გააჩნია.
22. საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ, სსსკ-ის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (შდრ. სუსგ-ები # ას-827-791-2014; #ას-1502-1422-2017; # ას-592-560-2015; # ას-895-845-2015; # ას-58-56-2016; # ას-1199-1159-2016; # ას-824-790-2016).
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე