საქმე №ას-683-2020 14 სექტემბერი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ე.ზ–ასა და ნ.მ–კოს მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის კანონიერების საკითხი და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ა.შ–ის სარჩელი ნ.მ–ოს მიმართ კომპენსაციის მიღების სანაცვლოდ მფლობელობის შეწყვეტის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ნ.მ–ოს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების, ა.შ–ის, ე.ზ–ასა და ნ.მ–კოს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონება და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა ნ.მ–ოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა.შ–მა, ე.ზ–ამ და ნ.მ–კომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინებით წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ა.შ–ის პრეტენზიის ნაწილში მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო ე.ზ–ასა და ნ.მ–კოს პრეტენზიის ნაწილში საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნისა და მათ მიერ რ.ა–ის სახელზე გაცემული მინდობილობის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
საკასაციო პალატას განცხადებით მომართეს ე.ზ–ამ და ნ.მ–კომ, რითაც უარს ამბობენ საკასაციო საჩივარზე და შუამდგომლობენ მის განუხელველად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლომ განიხილა კასატორების განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ე.ზ–ასა და ნ.მ–კოს შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.ზ–ასა და ნ.მ–კოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმის წარმოება ა.შ–ის, ე.ზ–ასა და ნ.მ–კოს საკასაციო საჩივარზე ე.ზ–ასა და ნ.მ–კოს პრეტენზიის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განჩინებაზე.
3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე