საქმე №ას-303-2019 13 მარტი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს "ს.კ.ა.დ–ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ.ს–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ.ს–ასა (შემდეგში: მოსარჩელე, გამყიდველი ან კრედიტორი) და შპს „ს.კ.ა.დ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, მყიდველი, მოვალე, აპელანტი ან კასატორი) შორის 2016 წლის 4 მარტს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს მიჰყიდა მთლიანი მიწის ნაკვეთის შესაბამის წილთან ერთად უძრავი ქონება, ქალაქი თბილისი, ...... ქ №125, საკადასტრო კოდი: ........, ფართი 36,49 კვ.მ. (შემდეგში: უძრავი ქონება) (იხ. ტ. 1, ს. ფ. 15-16).
2. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით მხარეებმა ნასყიდობის საგნის ღირებულება განსაზღვრეს 65 000,00 აშშ დოლარით. ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, მყიდველის მიერ თანხის გადახდა განხორციელდებოდა ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით, ან ნაღდი ანგარიშსწორებით შემდეგი გრაფიკით: ა) 2016 წლის 15 მარტამდე - 10 000,00 აშშ დოლარი, ბ) 2016 წლის 15 აპრილამდე - 25 000,00 აშშ დოლარი, გ) 2017 წლის 31 იანვრამდე - 30 000,00 აშშ დოლარი.
3. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, თუ მყიდველი ვერ მოახერხებდა მასზე დაკისრებული ვალდებულებების სრულად შესრულებას ამ ხელშეკრულების 2.2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში, მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა ნასყიდობის საგნის ღირებულების 1 %-ს.
4. მყიდველს გამყიდველისათვის 2017 წლის 31 იანვრამდე გადასახდელი თანხა - 30 000 აშშ დოლარი არ გადაუხდია.
5. სასარჩელო მოთხოვნა
5.1. გამყიდველმა 2017 წლის 17 მარტს სარჩელით მიმართა სასამართლოს მყიდველის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადაუხდელი თანხის - 30 000 აშშ დოლარის დაკისრება. ასევე, მოვალისათვის კრედიტორის სასარგებლოდ 2017 წლის 31 იანვრიდან სარჩელის აღძვრის დღის ჩათვლით - 44 დღის პირგასამტეხლოს 13 200 აშშ დოლარისა და სარჩელის აღძვრის დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების სრულად აღსრულების დღემდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - გადაუხდელი ნასყიდობის საფასურის 1 %-ის დაკისრება.
6. მოპასუხის შესაგებელი
6.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ სარჩელს ცნობს 30 000 აშშ დოლარისა და ვადაგადაცილებულ დღეებზე ყოველდღიურად გადასახდელი თანხის 30 000 აშშ დოლარის 0.05 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს ყოველდღიურად 15 აშშ დოლარს. მოპასუხის მითითებით, სახელშეკრულებო პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და არ შეესაბამება მისი, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნებს.
7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით გამყიდველის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 30 000 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 31 იანვრიდან სარჩელის აღძვრის დღის (2017 წლის 15 მარტის) ჩათვლით, 44 დღის პირგასამტეხლოს 6 600 აშშ დოლარისა და სარჩელის აღძვრის დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების სრულად აღსრულების დღემდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - გადაუხდელი ნასყიდობის საფასურის 0.5 %-ის გადახდა.
8. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
8.1. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, 2017 წლის 31 იანვრიდან სარჩელის აღძვრის დღის (2017 წლის 15 მარტის) ჩათვლით, 44 დღის პირგასამტეხლოს 660 აშშ დოლარისა და სარჩელის აღძვრის დღიდან 2017 წლის 9 ოქტომბრამდე (ნასყიდობის დარჩენილი ღირებულების 30 000 აშშ დოლარის გადახდის თარიღი) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - გადაუხდელი ნასყიდობის საფასურის 30 000 აშშ დოლარის 0.05 %-ის მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრება.
9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 1.2 პუნქტი გაუქმდა და მყიდველს გამყიდველის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 20 000 აშშ დოლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
9.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მიუხედავად პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან აღსასრულებელი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისა, შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა მაინც შეუსაბამოდ მაღალია და ექვემდებარება კიდევ უფრო შემცირებას.
9.3. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს.
9.4. სსკ-ით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ უნდა იქნას გაგებული იმდაგვარად, რომ სასამართლოს სუბიექტური შეხედულებით ნებისმიერ დროს შეუძლია შეამციროს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა. სასამართლომ განმარტა, რომ შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. აქვე აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს, განზოგადებულ წესს. მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით ხდება, რაღა თქმა უნდა, ამავე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე.
9.5. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში გონივრულად და სამართლიანად მიიჩნია, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირება, კერძოდ, სასამართლოს შეფასებით სარჩელით ფარგლებში მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მთლიანობაში მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 20 000 აშშ დოლარის გადახდა.
10. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
10.1. მოვალემ (მოპასუხემ) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, პირგასამტეხლოდან (20 000 აშშ დოლარი) 16 250 აშშ დოლარის ნაწილში და გაუქმებულ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
10.2. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა პირგასამტეხლოს შესაბამისობა იმ ვალდებულებასთან, რომლის დარღვევის გამოც მოხდა პირგასამტეხლოს დაკისრება. კასატორი მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო ძირითად ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალია.
10.3. კასატორის განმარტებით, 2016 წლის ბოლოს კომპანიაში შექმნილი ფინანსური სიძნელეების გამო დროულად ვერ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება და თანხა დაგვიანებით, 2017 წლის 9 ოქტომბერს გადაიხადეს. კასატორი აცხადებს, რომ ის პასუხისმგებლობას არ გაურბის, თუმცა მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, იგი მიიჩნევს, რომ გონივრული იქნება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2017 წლის 1 თებერვლიდან 2017 წლის 9 ოქტომბრამდე პერიოდისათვის ყოველდღიური პირგასამტეხლო ნასყიდობის საფასურის 0.05 % დაეკისროს, რაც საერთო ჯამში 3750 აშშ დოლარია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მოპასუხის საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის მასალების არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის პრეტენზიათა ნაწილი დასაბუთებულია, რის გამოც არსებობს საკასაცო განაცხადის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
13. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – მის შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
14. საკასაციო სასამართლო, სსკ-ის 417-418 მუხლებით დადგენილი პირგასამტეხლოს ფუნქციისა და მიზნიდან გამომდინარე, განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი გადაწყვეტილება/განჩინება არსებობს პირგასამტეხლოს ოდენობის თაობაზე, „ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის საფუძვლების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმება სასამართლოს კომპეტენციაა“ (იხ. სუსგ # ას- 654-620-2015, 17.12.2015 წ.).
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს მოვალის წინაშე შესასრულებელი აქვს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება 30 000 აშშ დოლარი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომლის თანახმადაც მოვალისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობის გამოთვლისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ძირითადი ვალდებულების ოდენობას, დარღვევის ხასიათს და ხანგრძლივობას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გონივრულია სსკ-ის 420-ე მუხლის გათვალისწინებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 15 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისროს.
16. „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიხედულებით, პირგასამტეხლოს შემცირებისას, გასათვალისწინებელია მხარეთა შორის სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, დათქმული პირგასამტეხლო, როგორც ერთგვარი „სანქცია“, რომელიც უნდა ესადაგებოდეს კრედიტორისა და მოვალის ინტერესებს, პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და ფუნქციას“ (იხ. სუსგ # ას-654-620-2015, 17.12.2015წ.). აღნიშნული სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება შემკვეთის მიერ დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით, დაწესებულ საზღაურს.
17. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. რადგანაც არ იკვეთება საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობები, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უფლებამოსილია თავად გადაწყვიტოს დავა.
18. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. აღნიშნული მუხლის დანაწესის შესაბამისად მოსარჩელეს, მოპასუხის სასარგებლოდ, დაეკისრება მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის გადახდა (იხ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს "ს.კ.ა.დ–ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი (პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე) და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება
3. ქ.ს–ას სარჩელი შპს "ა.დ–ათვის" პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს "ა.დ–ს" ქ.ს–ას სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 15 000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის გადახდა;
5. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
6. ქ.ს–ას შპს "ა.დ–" სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 539.75 ლარის გადახდა;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე