საქმე №ას-1193-2019 13 მარტი, 2020 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა.ბ–ი, დ.დ–ი, ე.დ–ი, მ.ბ–ი, ე.ბ–ი, ვ.ჯ–ძე, ნ.ჯ–ძე, გ.ს–ძე, ს.ს–ძე, ა.ს–ძე, თ.ბ–ძე, მ.ხ–ა, ნ.ა–ა, შ.ო–ი, მ.ჯ–ა, ნ.ბ–ძე, ნ.გ–ა, ნ.ბ–ძე, თ.ბ–ძე, ქ.ბ–ძე, დ.ხ–ი, ლ.ხ–ი, ს.ხ–ი, ლ.ხ–ი, თ.მ–ი, თ.დ–ი, მ.ს–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ფ.ხ–ი (მოსარჩელე)
მესამე პირი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
თავდაპირველი მოპასუხეები – თ.ლ–ძე, მ(დ)ა–ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ა.ბ–ის, დ.დ–ის, ე.დ–ის, მ.ბ–ის, ე.ბ–ის, ვ.ჯ–ძის, ნ.ჯ–ძის, გ.ს–ძის, ს.ს–ძის, ა.ს–ძის, თ.ბ–ძის, მ.ხ–ას, ნ.ა–ას, შ.ო–ის, მ.ჯ–ას, ნ.ბ–ძის, ნ.გ–ას, ნ.ბ–ძის, თ.ბ–ძის, ქ.ბ–ძის, დ.ხ–ის, ლ.ხ–ის, ს.ხ–ის, ლ.ხ–ის, თ.მ–ის, თ.დ–ისა და მ.ს–ის (შემდეგში: მოპასუხეები, აპელანტები ან კასატორები) საკასაციო პრეტენზიები ეხება იმას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ ფ.ხ–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) ვინდიკაციური მოთხოვნა უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე დააკმაყოფილა, არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
1.1. კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ გამომდინარეობს საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებებიდან და მათ ეწინააღმდეგება. კასატორები მიიჩნევენ, რომ ისინი სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელები არიან, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 162-ე მუხლის საფუძველზე მესაკუთრის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. ისინი სადავო უძრავ ქონებაში 1999-2000 წლიდან ცხოვრობენ, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ქონება სახელმწიფოს საკუთრება იყო. მათ თავიანთი რესურსებით მოახდინეს ტერიტორიის გაწმენდა და საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში მოყვანა. მოპასუხეები ცხოვრობდნენ ამ ტერიტორიაზე მაშინდელ მესაკუთრესთან გაფორმებული ზეპირი გარიგების საფუძველზე 30 წლის ვადით.
1.2. კასატორთა პრეტენზია შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის საოქმო განჩინებას, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და განახლდა საქმის წარმოება. კასატორთა განმარტებით, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები გათვალისწინებული სსსკ-ის 241-ე, 233-ე და 215-ე მუხლებით.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი.
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები და დაადგინა შემდეგი გარემოებები:
4.2.1. ქ. თბილისი, ....... #71 (ს/კ ......) მდებარე ფართი მოსარჩელის საკუთრებაა.
4.2.2. მოპასუხეები ფლობენ უძრავ ქონებას და ისინი არ არიან სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელები.
4.3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია.
4.4. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
5. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
6. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (ტ. 1, ს. ფ. 14-15), რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, მოპასუხეები სადავო უძრავი ქონების მფლობელები არიან. მოპასუხეებმა, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.
7. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს.
8. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები: № ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება ; № ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; № ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; № ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; № ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).
9. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
11.საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორთა პრეტენზიას სადავო უძრავი ქონების მათი მართლზომიერი მფლობელობის შესახებ და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,დ’’, „ე“, ,,ლ’’, „პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე აპელანტები ვერ ადასტურებენ, რომ ისინი, როგორც იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები) ჩასახლებული არიან სადავო ბინაში სახელმწიფოს ნებით. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ......N71-ში მდებარე უძრავი ქონება არ არის დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხე მ.ს–ი რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, .... ბინა N109, რაც სახელმწიფოსგან გადაეცა საკუთრებაში. მოპასუხე მ.ა–ია რეგისტრირებულია მისამართზე - დმანისი, ...... მოპასუხედ მითითებული დანარჩენი პირები კი არ წარმოადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბენეფიციარებს. სამინისტროს მითითებით, სადავო ფართში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სამართლებრივი საფუძვლის თაობაზე სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხეთაგან იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები) ჩასახლებული არიან სადავო ბინაში სახელმწიფოს ნებით და მისივე საკუთრებაში, რაც „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა. ამასთან, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მოსარჩელეს და დანარჩენ მოპასუხეებს (არადევნილ) შორის არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ან/და კანონიერი საფუძველი რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეიზღუდოს მოპასუხეებთან მიმართებით.
12. საკასაციო სასამართლო კასატორთა პრეტენზიის პასუხად, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა გაუქმებულიყო, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოიხმობს და იზიარებს. კერძოდ, სსსკ-ის 241-ე, 233-ე, 240.2-ე, 70-78-ე, 215.3-ე მუხლებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარე გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ არსებობდა სასამართლო სხდომაზე მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, კერძოდ, წარმომადგენლის არასრულწლოვანი შვილები აპრილი-მაისის თვეში იმყოფებოდნენ ავად, ხოლო, 2018 წლის 30 მაისს - ექიმთან ვიზიტზე. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საჩივრის ავტორის მიერ საქმეში წარმოდგენილ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებზე და შპს ,,ს.ა–ის’’ დირექტორის წერილობით განმარტებაზე, რომლითაც დასტურდება, რომ აპრილი-მაისის თვეში მ.მ–ას შვილებს აღენიშნებოდათ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები, ხოლო, შემდეგ, 2018 წლის 30 მაისს, სამედიცინო დაწესებულებაში, სხვადასხვა ჩვენებებით, მ.მ–ას შვილები მიყვანილი ჰყავდა ექიმთან ვიზიტზე (ტ. 3; ს/ფ 106-114). სააპელაციო სასამართლომ მითითებული მტკიცებულება, გარდა სსსკ-ის 215-ე მუხლისა, ასევე, შეაფასა სსსკ-ის 105-ე მუხლის კონტექსტში და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით საჩივრის ავტორმა დაადასტურა ის გარემოება, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
13. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ბ–ის, დ.დ–ის, ე.დ–ის, მ.ბ–ის, ე.ბ–ის, ვ.ჯ–ძის, ნ.ჯ–ძის, გ.ს–ძის, ს.ს–ძის, ა.ს–ძის, თ.ბ–ძის, მ.ხ–ას, ნ.ა–ას, შ.ო–ის, მ.ჯ–ას, ნ.ბ–ძის, ნ.გ–ას, ნ.ბ–ძის, თ.ბ–ძის, ქ.ბ–ძის, დ.ხ–ის, ლ.ხ–ის, ს.ხ–ის, ლ.ხ–ის, თ.მ–ის, თ.დ–ის და მ.ს–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ა.ბ–ს, დ.დ–ს, ე.დ–ს, მ.ბ–ის, ე.ბ–ს, ვ.ჯ–ძეს, ნ.ჯ–ძეს, გ.ს–ძეს, ს.ს–ძეს, ა.ს–ძეს, თ.ბ–ძეს, მ.ხ–ას, ნ.ა–ას, შ.ო–ის, მ.ჯ–ას, ნ.ბ–ძეს, ნ.გ–ას, ნ.ბ–ძეს, თ.ბ–ძეს, ქ.ბ–ძეს, დ.ხ–ს, ლ.ხ–ს, ს.ხ–ს, ლ.ხ–ს, თ.მ–ს, თ.დ–ს და მ.ს–ს) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ლ.კ–ძის (პ/ნ ......) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2019 წლის 20 ნოემბერი), 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე