საქმე №ას-1301-2019 13 მარტი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ი.ს–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ჭ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის შემცირება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ი.ს–ძესა (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან არასრულწლოვნის მამა) და ე.ჭ–ს (შემდეგში: მოპასუხე ან არასრულწლოვანის დედა) ფაქტობრივი თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - 2013 წლის 7 ოქტომბერს დაბადებული ა.ს–ძე (შემდეგში: არასრულწლოვანი).
2. მოსარჩელე და თ.ც–ძე დაქორწინდნენ 2017 წლის 13 აპრილს, მათ ჰყავთ სამი შვილი.
3. მოსარჩელის მამა შ.ს–ძე, გარდაიცვალა 2017 წლის 25 ოქტომბერს.
4. შპს ,,N2 მ.პ–ის“ მიერ, 05.12.2018 წ. გაცემული სამედიცინო დოკუმენტის - ფორმა №IV-100/ა-ის მიხედვით, მოსარჩელის დედის - გ.ს–ძის დიაგნოზია არტერიული ჰიპერტენზია, ეროზიული გასტროდუოდენტი, კოლინჯის დივერტიკულოზი აბსცესის და პერფორაციის გარეშე, დივერტიკულიტი ქოლანგიტი.
5. 2018 წლის 10 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით, სს ,,ბ–ს“ და შპს „ა.პ“-სს (დირექტორი - არასრულწლოვანის მამა) შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, სადაც მსესხებლის მიერ მისაღები თანხის ოდენობა შეადგენს 106465 ლარს, ხანგრძლივობა 10.01.2018 წლიდან - 10.01.2020 წლამდე.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2015 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების თანახმად, არასრულწლოვანის მამას არასრულწლოვანის დედის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისთვის ალიმენტი ყოველთვიურად 480 (ოთხას ორმოცი) ლარი, 2014 წლის 31 დეკემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე.
7. სსიპ შემოსავლების სამსახურის 21.01.2019 წლის ინფორმაციით, მოსარჩელესა და მოპასუხეს 2018 წლის 1 იანვრიდან შემოსავლები არ უფიქსირდებათ.
8. მოპასუხის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის (20.06.2015წ.-18.04.2016წ. პერიოდისათვის) თანახმად, 2015 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, არასრულწლოვანის მამას ჰქონდა მატერიალური შესაძლებლობა და არასრულწლოვან შვილს ყოველთვიურად 500 ლარს ურიცხავდა, ხოლო შემდეგ, 2015 წლის 20 ივნისის მორიგების აქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის გადახდაზე, რასაც მოსარჩელე ასრულებდა.
9. სასარჩელო მოთხოვნა
9.1. არასრულწლოვანის მამამ 2018 წლის 11 დეკემბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს არასრულწლოვანის დედის წინააღმდეგ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 აპრილის #2/23251-14 გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის 480 ლარის შემცირება ითხოვა 100 ლარამდე.
9.2. მოსარჩელის განმარტებით, ის ძალიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია და მასზე დაკისრებული ალიმენტის გადახდა უმძიმს. იგი ასევე არჩენს 3 შვილს და ავადმყოფ დედას.
10. მოპასუხის შესაგებელი
10.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა ბავშვის საუკეთესო ინსტერესების გათვალისწინებით განისაზღვრა და მისი შემცირების საფუძველი არ არსებობს.
11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით არასრულწლოვნის მამის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტი 480 ლარი შეუმცირდა 130 ლარით და ალიმენტის ოდენობა განისაზღვრა ყოველთვიურად 350 ლარით არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 11 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
11.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1221-ე, 1231-ე მუხლებით, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3, მე-18 მუხლებითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე, 153-ე მუხლებით.
12. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
12.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აპელანტისათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (სამოქალაქო საქმეზე #2/23251-14), დაკისრებული ალიმენტი შემცირდა და მისი ოდენობა განისაზღვრა ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარით არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 11 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
13.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში ასახული გარემოებები და დამატებით აღნიშნა, რომ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი აპელანტის ფინანსური შემოსავლების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე საქმის მასალებში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დღეის მდგომარეობით, აპელანტის მატერიალური შემოსავალი არ წარმოშობს მისთვის ყოველთვიურად 480 ლარის დაკისრების საფუძველს. ამასთან სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მოპასუხეს რეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავს სამი შვილი, ასევე ჰყავს ავადმყოფი დედა, რომელიც საჭიროებს მკურნალობას. გარდა ამისა, მტკიცებულება რაიმე დამატებითი შემოსავლების შესახებ საქმეში წარმოდგენილი არ არის.
13.3. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 1212-ე, 1213-ე, 1198-ე, 1214-ე, 1221-ე, 1231-ე, 1234.2-ე მუხლებსა და „ბავშვისუფლებათა შესახებ“ კონვენციის 27-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტა, რომ დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
13.4. შესაბამისად, მოსარჩელის შემოსავლის, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო მოთხოვნილებების, ასევე ზოგადი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და შემცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (სამოქალაქო საქმეზე #2/23251-14), დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და მოსარჩელეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 300 (სამასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 11 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
14. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
14.1. აპელანტმა (მოსარჩელემ) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
14.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაიზიარა, რომ მოსარჩელე დღეისათვის არის უმუშევარი, იმ დროს, როდესაც გადაწყვეტილება გამოვიდა, მას ჰქონდა შემოსავალი. ამასთან, ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ არასრულწლოვანის დედას მოპასუხე ურიცხავდა დადგენილ ოდენობაზე მეტ თანხას. მას შემდეგ კი, რაც „ფირმა“ აღარ ფუნქციონირებდა, ბოლო ერთი წელი იხდიდა იმ ოდენობას, რისი საშუალებაც ჰქონდა.
14.3. საქმის მასალებშია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი ინფორმაცია, რომლის მიხედვით დგინდება, რომ აპელანტს არანაირი შემოსავალი არ უფიქსირდება.
14.4. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გაიზიარა ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელეს, გარდა მოპასუხესთან საერთო შვილისა, კმაყოფაზე ჰყავს კიდევ სამი შვილი, შესაბამისად, თითოეული ბავშვისათვის სასამართლოს მიერ დანიშნული 300 ლარის მიკუთვნების დაშვებით, ყოველთვიურად1200 ლარი გამოვა, რაც აბსურდული და წარმოუდგენელია იმ პირობებში, როდესაც ის არ მუშაობს.
14.5. სასამართლომ ასევე, არ გაიზიარა, რომ აპელანტს ჰყავს ასაკოვანი და ავადმყოფი დედა, რომლის თაობაზეც ცნობასაქმის მასალებშია წარმოდგენილი.
14.6. კასატორის განმარტებით, სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მისი მითითება ფინანსური მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების თაობაზე, კერძოდ, არასრულწლოვანის მამამ საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გამო აღებული სესხის გადახდა ვეღარ შეძლო და ბანკთან შეთანხმებით მისი ფინანსური ვალდებულების რესტრუქტურიზაცია მოხდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული და დადგენილი.
19. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობას, რომელიც წინამდებარე განჩინების 13.2-13.4 ქვეპუნქტებშია ასახული და დამატებით განმარტავს, რომ დადგენილი ალიმენტის შემცირების შესაძლებლობა გათვალისწინებულია სსკ-ის 1221-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს იმგვარ შემთხვევას, როდესაც იმ მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომელიც ალიმენტს იხდის მყარი (განსაზღვრული) თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაზარდოს ალიმენტის ოდენობა. სსკ-ის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში (თავი მეოთხე - ოჯახის სხვა წევრების საალიმენტო მოვალეობანი) მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა. აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ალიმენტვალდებულ პირს (მამას) უნდა დაჰკისრებოდა ალიმენტის გადახდა თვეში 300 ლარის ოდენობით, რასაც არ იზიარებს კასატორი და მოითხოვს სარჩელის სრულიად დაკმაყოფილებას ანუ, ალიმენტის 100 ლარამდე შემცირებას.
20. კასატორის მოთხოვნას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა (იხ. სუსგ №ას-58-49-2011, 27.06.2011 წ.). სწორედ ამ მიზნით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის, აგრეთვე, შემცირების საკითხის განხილვისას, უპირატესად განსასაზღვრია ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც დგინდება მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით. გონივრულობის აღნიშნული სტანდარტის განსასაზღვრად სასამართლო ხელმძღვანელობს შესაბამისი ნორმებით: სსკ-ის 1212-ე მუხლი ადგენს არასრულწლოვანი შვილების რჩენის მოვალეობას. სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია მშობლების ვალდებულება შვილების აღზრდის, ზრუნვის, ფიზიკური, სულიერი თუ გონებრივი განვითარების ასპექტში. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლი კი, შვილებზე ზრუნვის საკითხში მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ითვალისწინებს დავის სასამართლო წესით გადაწყვეტას, რა დროსაც, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმად დადგენილია როგორც მშობლის, ასევე, შვილის რეალური მატერიალური შესაძლებლობა.
21. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის ყოველთვიური ოდენობა, რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს მეორე ქორწინებიდან 3 შვილი და ავადმყოფი დედა ჰყავს, ასევე- გააჩნია სხვა ვლდებულებები, კერძოდ, საკრედიტო და ა.შ. აღნიშნული გათვალისწინებულია ალიმენტის შემცირების შესახებ სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილებისას, შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე, არ არსებობს უკვე შემცირებული თანხის დამატებით შემცირების წინაპირობები.
22. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
23. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ს–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ი.ს–ძეს (პ/ნ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ბ.ო–ის (პ/ნ ......) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2019 წლის 6 აგვისტო), 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე