საქმე №ას-1194-2019 5 ივნისი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ.მ–ძე, ი.გ–ა, თ.მ–ძე, კ.მ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.ო.რ.კ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს მ.ო.რ.ე–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ზ.მ–ძის, ი.გ–ას, თ.მ–ძისა და კ.მ–ძის (შემდეგში: მოპასუხეები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აპრილის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით აპელანტებს დაევალათ, ხარვეზის შესახებ განჩინების გადაცემიდან 10 დღის ვადაში, სააპელაციო სასამართლოში წარედგინათ სახელმწიფო ბაჟის - 80 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. ეს განჩინება აპელანტების წარმომადგენელს 2019 წლის 15 მარტს ჩაჰბარდა. 2019 წლის 22 მარტს აპელანტთა წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება ითხოვა აპელანტების მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო.
5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 367.7-ე, 60.2-ე, 59-ე, 63-ე, 61-ე, 368.5-ე მუხლებით იხელმძღვანელა და აღნიშნა, რომ აპელანტებს არ წარუდგენიათ რაიმე მტკიცებულება მათი შუამდგომლობის საფუძვლიანობის დასადასტურებლად. სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი აპელანტების წარმომადგენელს 2019 წლის 15 მარტს ჩაჰბარდა, მისთვის ხარვეზის გამოსწორების 10-დღიანი ვადის ათვლა 2019 წლის 16 მარტს დაიწყო და 2019 წლის 26 მარტს ამოიწურა. აპელანტებს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს აპელანტებმა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვეს.
7. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, მათ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება წაერთვათ, რადგან სასამართლომ არ გაითვალისწინა მათი თხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ. მოპასუხეებს მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვთ და მათი ეს მდგომარეობა არ უნდა გახდეს სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე შეზღუდვის საფუძველი. აპელანტებს ჰქონდათ უდიდესი ინტერესი მათი სააპელაციო საჩივარი განხილულიყო, ისინი სადავო უძრავ ქონებაში დიდი ხანია ცხოვრობენ და მის მიმართ სუბიექტური დამოკიდებულება აქვთ. აპელანტებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ სასამართლოდან ზეპირად მაინც შეატყობინებდნენ, რომ სასამართლო ხარვეზის ვადის გაგრძელებას არ აპირებდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
10. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ვინაიდან აპელანტებმა ხარვეზი არ შეავსეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტება, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობა, ფინანსური პრობლემებით იყო განპირობებული, რის გამოც სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა გადავადებოდა, დაუსაბუთებელია.
11. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
12. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინება, აპელანტების წარმომადგენელს 2019 წლის 15 მარტს ჩაჰბარდა (იხ. ს.ფ. 140), შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2019 წლის 16 მარტს დაიწყო და იმავე წლის 26 მარტს დასრულდა, თუმცა აღნიშნულ ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ შეუვსიათ და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელება ითხოვეს.
13. კერძო საჩივრის ავტორები იმ გარემოებაზე უთითებენ, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძველი, ხოლო სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია, ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამავე კოდექსის 102.1-ე და 103.1-ე მუხლები მხარეს ავალდებულებს, სასამართლოს წარუდგინოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს სასამართლოსთვის არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძვლებს, შესაბამისად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ სააპელაციო საჩივარი არასწორად დარჩა განუხილველად. აპელანტებს ჰქონდათ საკმარისად დიდი დრო სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად ან ისეთი მტკიცებულების წარმოსადგენად, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მათ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპისათვის ბაჟის გადახდა არ შეეძლოთ და შესაბამისად მისი გადახდა საქმის განხილვის ბოლომდე უნდა გადავადებულიყო. კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზია, რომ მათთვის მოულოდნელი იყო სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასასამართლო ხელმისაწვდომობა შეეზღუდათ, დაუსაბუთებელია და საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს. მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივარი წარადგინეს 2018 წლის 22 ოქტომბერს, სახელმწიფო ბაჟის - 80 ლარის გადახდის შესახებ განჩინება კი აპელანტების წარმომადგენელს 2019 წლის 15 მარტს, თითქმის 4 თვის შემდეგ, ჩაჰბარდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტებს ჰქონდათ გონივრული ვადა სახელმწიფო ბაჟის - 80 ლარის შეგროვების მობილიზებისათვის ან ისეთი მტკიცებულების წარსადგენად, რითაც სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მიზანშეწონილობაში დაარწმუნებდა.
14. სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვაზე, კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე - "იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ") დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, კერძოდ, ევროპული სასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის (შდრ. სუსგ #ას-254-239-2011, 11.05.2011).
15. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.მ–ძის, ი.გ–ას, თ.მ–ძის და კ.მ–ძის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აპრილის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე