Facebook Twitter

საქმე №ას-1608-2019 5 ივნისი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ „ა.ს–ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ყ–ძე, თ.ნ–ი, ც.ზ–ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით თ.ყ–ძის, თ.ნ–ისა და ც.ზ–ის (შემდეგში: მოსარჩელეები) სარჩელი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელეებმა, ასევე მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო ამავე თარიღის მეორე განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო.

4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 369.1-ე, 70-78-ე, 2591-ე მუხლებზე მითითებით დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2019 წლის 14 ივნისს გამოცხადდა, გამოცხადებას ესწრებოდა აპელანტის წარმომადგენელი (ტ. 2, ს. ფ. 27). სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 61.3-ე, მე-60.2, 374.1-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 15 ივნისიდან და ამოიწურა 2019 წლის 29 ივლისს (რადგან 28 ივლისი კვირა დღე იყო), მოპასუხის სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2019 წლის 5 აგვისტოს. იქიდან გამომდინარე, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევითაა წარდგენილი, იგი განუხილველად დარჩა.

5. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინება, მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება ითხოვა იმ დასაბუთებით, რომ მან შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა.

6. კერძო საჩივრის ავტორმა სსსკ-ის 379-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ მოსარჩელეებიც ასაჩივრებდნენ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მან ფაქტიურად შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

8. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენიათ.

9. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენელი (იხ. სხდომის ოქმი და მინდობილობა, ტ. 2, ს/ფ 157-158; 27).

10. სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად მოპასუხეს გადაწყვეტილების ჩაბარების ვადა საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან (2019 წლის 14 ივნისი) 30 დღის გასვლამდე - 2019 წლის 15 ივლისამდე ჰქონდა, მოპასუხის წარმომადგენელმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი 2019 წლის 23 ივლისს ჩაიბარა (ს. ფ. 188), შესაბამისად სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 16 ივლისს და 2019 წლის 29 ივლისს ამოიწურა. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2019 წლის 5 აგვისტოს (ს. ფ. 212), მაშინ როდესაც გასაჩივრების ვადა უკვე გასული იყო.

11. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა 2019 წლის 29 ივლისს (ორშაბათი) ამოიწურა (სსსკ-ის 61-ე მუხლი), ხოლო სააპელაციო საჩივარი 2019 წლის 5 აგვისტოს იქნა წარდგენილი, რამაც სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად მისი განუხილველად დატოვება განაპირობა.

12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებას, რომ მისი სააპელაციო საჩივარი განხილულ იქნეს, როგორც შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რადგან სსსკ-ის 379-ე მუხლის თანახმად მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, გაცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ვერ განიხილება, როგორც შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რადგან მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიღებული იქნა 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხეს (კერძო საჩივრის ავტორს) მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივრის ასლი 2019 წლის 7 ოქტომბერს ჩაბარდა, მას კი სააპელაციო საჩივარი 2019 წლის 5 აგვისტოს უკვე წარდგენილი ჰქონდა საქალაქო სასამართლოში.

13. ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ "ა.ს–ოს" კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე