Facebook Twitter

საქმე №ას-1628-2019 5 ივნისი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე.ი–ძე, ც.თ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.ო.გ.კ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „მ.ო.გ.კ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ე.ი–ძისა და ც.თ–ის (შემდეგში: მოპასუხეები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 აგვისტოს განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდათ და დაევალათ, რომ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სასამართლოსათვის წარედგინათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მიზნით შესაბამისი შუამდგომლობა და მტკიცებულება. ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტებს სამჯერ გაეგზავნათ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ...... ბინა 28 – 2019 წლის 1 მაისს, 2019 წლის 12 ივნისს და 2019 წლის 11 ივლისს. საფოსტო შეტყობინების მიხედვით, სასამართლო გზავნილი ადრესატს არ ჩაბარდა. ჩაუბარებლობის მიზეზი არასწორი მისამართია.

5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 73.1-ე, 71.4-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ აპელანტებისათვის გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზი გახდა არასწორი მისამართი, რომლის მითითების ვალდებულებაც აპელანტებს ეკისრებოდათ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და სსსკ-ის 368.5-ე, 374-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

6. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 9 აგვისტოს განჩინება აპელანტებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს, მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის გამოსასწორებლად 7- დღიანი ვადის განსაზღვრა ითხოვეს.

7. კერძო საჩივრის ავტორებმა სსსკ-ის 73.1-ე, 70.3-ე მუხლებზე მიუთითეს და განაცხადეს, რომ სასამართლოს შეეძლო, აპელანტებისათვის სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინების თაობაზე ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით ეცნობებინა. კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ მათ მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს შეფასებით კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რადგან მოპასუხეთა მოთხოვნას არ გააჩნია არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.

8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

9. სსსკ-ის 368.5-ე და 368.6-ე მუხლების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

10. სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით, ხოლო 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

11. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით, ხოლო ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ სარჩელში არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული მისამართი არასწორია, მათ სამჯერ გაეგზავნათ გზავნილი, თუმცა უშედეგოდ (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი). კერძო საჩივრის ავტორები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მათი მისამართი სწორი იყო, ისინი მხოლოდ იმას უთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლოს შეეძლო მათთვის დაერეკა ან ელექტრონულ ფოსტით მიემართა. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორთა ამ პრეტენზიას ვერ გაითვალისწინებს, რადგან სსსკ-ის 73.1-ე მუხლის თანახმად სასამართლო თავად ირჩევს მხარეთათვის სასამართლო შეტყობინების ფორმას და თანმიმდევრობას, ხოლო იმის გამო, რომ სააპელაციო საჩივარში აპელანტების მიერ მითითებული მისამართი არასწორი იყო, ამ განჩინების მე-11 პუნქტში დასახელებულ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო (შდრ. სუსგ #ას-768-735-2014, 02.10.14 წ.).

13. სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვაზე, კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე - "იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ") დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, კერძოდ, ევროპული სასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის (შდრ. სუსგ #ას-254-239-2011, 11.05.2011).

14. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული მისამართი არასწორი იყო, სასამართლოს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უფლებამოსილება ჰქონდა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ი–ძის და ც.თ–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 აგვისტოს განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე