საქმე №ას-1732-2019 5 ივნისი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.მ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ა–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით გ.მ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე მ.ა–ის (შემდეგში: მოპასუხე ან შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხის შეგებებული სარჩელი მოსარჩელის წინააღმდეგ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
4. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლად განესაზღვრა 10 დღის ვადა. განჩინებით დადგენილ ვადაში აპელანტმა წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის იშუამდგომლა დამატებით 14-დღიანი ვადის განსაზღვრა. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის, 9 აგვისტოსა და 16 სექტემბრის განჩინებებით აპელანტს გაუგრძელდა ვადა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსებისათვის. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ეტაპობრივად გადახდის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აპელანტს ხარვეზის შევსებისათვის დამატებით განესაზღვრა 2 დღე. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს 2019 წლის 8 ოქტომბერს ჩაბარდა.
5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 372-ე, 70.1-ე, 73.1-ე, მე-60.2, 61.3-ე მუხლებით იხელმძღვანელა და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების 2-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 9 ოქტომბერს და ამოიწურა 2019 წლის 10 ოქტომბერს. აპელანტს კი ხარვეზის შევსების მიზნით სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 368.5-ე, 374-ე მუხლებით, იმ გარემოებით, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის თარიღიდან 2019 წლის 24 მაისიდან იმ დღემდე, როცა აპელანტს სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით გათვალისწინებული ხარვეზის შევსების ვადა ამოეწურა - 2019 წლის 22 ოქტომბრამდე, გასულია გონივრული და საკმარისზე მეტი დრო ხარვეზის შესავსებად და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
7. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა, მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად თანხის მოძიება, ხოლო სააპელაცო საჩივრის განუხილველად დატოვებით შეილახა მისი უფლება სასამართლოს მიერ საჩივრის განხილვაზე. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებულია. აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება არაერთხელ ითხოვა, რადგან იმედოვნებდა, რომ თანხას მოიძიებდა, თუმცა გადასახდელი ბაჟის ოდენობის სიდიდიდან გამომდინარე, მან თანხის მოძიება ვერ შეძლო. ამასთან, მოსარჩელე ემიგრაციაში იმყოფება, მისი შემოსავალი მცირეა და ვერც გადახდისუუნარობის შესახებ ცნობის წარმოდგენას შეძლებს, რადგან საქართველოში არ არის და ასეთ ცნობას არავინ მისცემს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
11. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ვინაიდან აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. კერძო საჩივრის ავტორის განმარტება, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობა, ფინანსური პრობლემებით იყო განპირობებული, რის გამოც სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა გადავადებოდა, დაუსაბუთებელია.
12. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
13. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინება, აპელანტის წარმომადგენელს 2019 წლის 8 ოქტომბერს ჩაჰბარდა (იხ. ტ. 3, ს.ფ. 48), შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 2 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2019 წლის 9 ოქტომბერს დაიწყო და იმავე წლის 10 ოქტომბერს დასრულდა, თუმცა აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
14. კერძო საჩივრის ავტორი იმ გარემოებაზე უთითებს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძველი, რის გამოც, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია, ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამავე კოდექსის 102.1-ე და 103.1-ე მუხლები მხარეს ავალდებულებს, სასამართლოს წარუდგინოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს სასამართლოსთვის არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძვლებს, შესაბამისად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ სააპელაციო საჩივარი არასწორად დარჩა განუხილველად. აპელანტს ჰქონდა საკმარისად დიდი დრო სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად ან ისეთი მტკიცებულების წარმოსადგენად, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მას სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპისათვის ბაჟის გადახდა არ შეეძლო და იგი საქმის განხილვის ბოლომდე უნდა გადავადებულიყო. კერძო საჩივრის ავტორის პრტენზია, რომ იგი საქართველოში არ ცხოვრობს და ვერ შეძლებს მისი გადახდისუუნარობის შესახებ ცნობის წარმოდგენას უსაფუძვლოა და მას სასამართლო ვერ გაითვალისწინებს.
15. სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვაზე, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე - "იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ") დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, კერძოდ, ევროპული სასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის (შდრ. სუსგ #ას-254-239-2011, 11.05.2011).
16. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.მ–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 07 ნოემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 07 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე