Facebook Twitter

საქმე №ას-1565-2019 13 აპრილი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ.ხ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ტ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით მ.ტ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი თ.ხ–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ მისი გაუქმებისა და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მოთხოვნით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენის გამო.

4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 369.1-ე, 2591-ე, 70-78-ე მუხლებით, დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2019 წლის 24 მაისს გამოცხადდა, სასამართლო სხდომის ოქმით დასტურდება, რომ მოპასუხე და მისი წარმომადგენელი ესწრებოდნენ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას. შესაბამისად, მხარეთათვის გადაწყვეტილების ჩაბარების კანონით დადგენილი 30-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 25 მაისს და ამოიწურა 2019 წლის 24 ივნისს. სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 25 ივნისს და ამოიწურა 2019 წლის 8 ივლისს. მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 11 ივლისს, ანუ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით, წარადგინა.

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის მე-60.2, 61.2-ე, 59-ე, 63-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო დაუშვებლობის გამო.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

7. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, გასაჩივრების ვადა აპელანტის წარმომადგენლის გამო დაირღვა, რაც აპელანტის ბრალი არ არის. წარმომადგენლის გამოუცხადებლობა კი ახლო ნათესავის გარდაცვალებით იყო განპირობებული. კერძო საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ მას არ მიეცა საშუალება სასამართლოს წინაშე თავისი პოზიციის მართებულობა დაედასტურებინა. იგი უთითებს, რომ მოსარჩელემ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება უკანონოდ მოიპოვა, რის გამოც მისი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

9. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენიათ.

10. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხე პირადად და მოპასუხის წარმომადგენელი (იხ. სხდომის ოქმი და მინდობილობა, ს/ფ 72; 118-122).

11. სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად მოპასუხეს გადაწყვეტილების ჩაბარების ვადა საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან (2019 წლის 24 მაისი) 30 დღის გასვლამდე - 2019 წლის 24 ივნისამდე ჰქონდა, მოპასუხის წარმომადგენელმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 2019 წლის 10 ივნისს ჩაიბარა (ს. ფ. 128), შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 11 ივნისს და 2019 წლის 24 ივნისს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2019 წლის 11 ივლისს (ს. ფ. 129), მაშინ როდესაც გასაჩივრების ვადა უკვე გასული იყო.

12. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის გასასაჩივრებელ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა 2019 წლის 24 ივნისს (ორშაბათი) ამოიწურა (სსსკ-ის 61-ე მუხლი), ხოლო სააპელაციო საჩივარი 2019 წლის 11 ივლისს იქნა წარდგენილი, რამაც, სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, მისი განუხილველად დატოვება განაპირობა.

13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებას, რომ გასაჩივრების ვადა მის გამო დაირღვა და აღნიშნული აპელანტის ბრალი არ არის, რადგან სსსკ-ის 93-ე მუხლის თანახმად მხარეებს შეუძლიათ სასამართლოში საქმე აწარმოონ როგორც პირადად, ასევე წარმომადგენლის მეშვეობით, განსახილველ შემთხვევაში აპელანტის წარმომადგენელი მოქმედებდა სსსკ-ის 96-ე მუხლით გათვალისწინებული მინდობილობის საფუძველზე, შესაბამისად, მისი პრეტენზია, რომ ვადის გაშვება აპელანტის ბრალი არ არის სრულიად უსაფუძვლოა.

14.რაც შეეხება, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას დავის არსებითი ნაწილის მიმართ, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების ფარგლებში, საკასაციო სასამართლო ვერ განიხილავს და შეაფასებს სარჩელის დასაბუთებლობას, რადგან განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მსჯელობს პროცესუალურ საკითხზე - დაარღვია თუ არა აპელანტმა გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა და უნდა განიხილოს თუ არა სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი არსებითად. როგორც ზემოთ აღინიშნა, კერძო საჩივრის ავტორი ვერ ადასტურებს იმ გარემეობას, რომ მას გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია, უფრო მეტიც იგი აღნიშნულს არც უარყოფს.

15. ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ხ–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის , განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე