საქმე №ას-1686-2019 8 მაისი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში: მოსარჩელე, მერია ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიები ეხება იმას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და მერიის სარჩელი შპს „ა–ის“ (შემდეგში: მოპასუხე ან კომპანია) მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (2924 ლარის ნაცვლად მოპასუხეს 94 ლარის გადახდა დაეკისრა), რაც არ არის დასაბუთებული და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, სახელდობრ:
1.1. კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 24 ოქტომბრის N24.10.2017/16 და N24.10.2017/17 მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...... კორპუსი N9 - ის მიმდებარედ არსებულ სკვერში განსათავსებელი 5 საპარკე სკამი ნაცვლად 2017 წლის 20 ოქტომბრისა, განთავსდა 2017 წლის 24 ოქტომბერს, ხოლო ქ. თბილისში, ....... კორპუსი N14 მიმდებარედ არსებული სკვერისთვის განკუთვნილი 6 (ერთეული) საპარკე სკამი, ასევე 2017 წლის 24 ოქტომბერს ნაცვლად 20 ოქტომბრისა. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N03.01/30/285 ხელშეკრულების 8.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.5 %. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N03.01/30/285 ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 73 100 ლარს.
1.2. შესაბამისად, მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2017 წლის 1 იანვრის N12/01173053376 წერილით კომპანიას N03.01/30/285 ხელშეკრულების საფუძველზე მიცემული წერილობითი დავალების შესრულების ვადის დარღვევისთვის ხელშეკრულების 8.3 პუნქტის შესაბამისად ეკისრება პირგასამტეხლო 2 924 ლარის ოდენობით, კერძოდ კი, ვაზისუბანში შესასრულებელი სამუშაოს 4 დღით ვადაგადაცილებისთვის ეკისრება პირგასამტეხლო 1462 ლარი (ხელშეკრულების ღირებულების 73 100 ლარის 0.5% X 4 - ზე ვადაგადაცილებული დღე = 1462), ხოლო ვარკეთილში შესასრულებელი სამუშაოს 4 დღით ვადაგადაცილებითვის 1462 ლარი (ხელშეკრულების ღირებულების 73 100 ლარის 0.5% X 4 - ზე ვადაგადაცილებული დღე = 1462). ჯამში ორივე ობიექტზე სკამების განთავსების ვადის დარღვევისთვის მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება პირგასამტეხლო 2 924 ლარი (1462+1462=2924).
1.3. კასატორის განმარტებით, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა დაანგარიშებულიყო ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, სასამართლომ კი თავისი ინიციატივით შეცვალა აღნიშნული პირობა, რაც სახელშეკრულებო ურთიერთობაში უხეში ჩარევაა.
1.4. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 420-ე მუხლის გამოყენებისას უნდა განმარტოს და დაასაბუთოს, რატომ მიიჩნევს პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ თანხად და ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით გონივრული თანხით შეამციროს იგი, რომელიც დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი არგუმენტაციით, სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში კი, ბუნდოვანია, თუ რა დაუდო სასამართლომ საფუძვლად პირგასამტეხლოს შემცირებას.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება საქმის მასალებსა და სსკ-ის 417--ე, 418-ე, 420-ე მუხლების მოთხვნებს, რის გამოც არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი, სახელდობრ:
4.1. განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლოს შემცირების მიზნებისათვის სააპელაციო სასამართლომ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა იმ უდავო გარემოებებზე, რომ მხარეებს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით მოპასუხეს ნაკისრი ჰქონდა 170 ერთეული საპარკე სკამის, როგორც დამზადების, ასევე თბილისის ტერიტორიაზე მათი მონტაჟის ვალდებულება, საიდანაც ერთი ერთეული საპარკე სკამის ღირებულება 430 ლარს, ხოლო საერთო ღირებულება 73 100 ლარს შეადგენდა.
4.2. პირგასამტეხლოს შემცირების მიზნებისათვის სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის უმნიშვნელოვანესი გარემოება, რომ მოპასუხემ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დაახლოებით 94% ჯეროვნად შეასრულა, რადგან უდავოა, რომ მოპასუხეს სადავო ოდენობის პირგასამტეხლოს 4 730 ლარის ღირებულების სკამების ოთხი დღის დაგვიანებით დამზადებასა და მონტაჟის გამო ედავებიან. ხაზგასასმელია ისიც, რომ გარდა პირგასამტეხლოს დარიცხვის ზემოაღნიშნული საფუძვლისა (ვალდებულების ოთხი დღის ვადაგადაცილებით შესრულება) მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ სხვა პრეტენზია, მაგალითად ხარისხთან დაკავშირებით არ ჰქონია. საქმის მასალებით დადასტურებული არ არის არც საპარკე სკამების ოთხი დღის დაგვიანებით დამონტაჟების შედეგად არსებითი ხასიათის ზიანის დადგომის ფაქტი. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც უდავოა, რომ მოპასუხემ 2017 წლის 15 მაისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან - 73 100 ლარიდან 68 370 ლარის ღირებულების სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხით შეასრულა და მას ამ ხელშეკრულების საფუძველზე 4 730 ლარის ღირებულების სამუშაოების მხოლოდ ოთხი დღის დაგვიანებით შესრულებას ედავებიან, ამასთან ვალდებულების რამდენიმედღიანი ვადაგადაცილებით შესრულებასათან მიმართებით გამოკვეთილი არ არის ვალდებულების ოთხი დღის დაგვიანებით შესრულების შედეგად ზიანის დადგომის ფაქტი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს ჩადენილი გადაცდომის არაპროპორციული ოდენობის - შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო დაერიცხა, რაც მისი შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მოპასუხეს ერთი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ამ ხელშეკრულების საერთო ღირებულების დაახლოებით ექვსი პროცენტის ღირებულების სამუშაოების ოთხი დღის ვადაგადაცილებით შესრულებას ედავება, ხელშეკრულების შესრულებული ნაწილის და ვალდებულების დარღვევის შინარსიის ერთობლივად შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული განაკვეთით (0,5 %) პირგასამტეხლო გამოანგარიშებული უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან (73 100 ლარი), არამედ ვადაგადაცილებით შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან, კერძოდ, 4 730 ლარიდან. შესაბამისად, კომპანიას ყოველ ვადაგადცილებულ დღეზე პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,5 %, არამედ არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების 0,5 %, რაც ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 23.65 ლარია. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც უდავოა, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ნაცვლად 2017 წლის 16 ოქტომბრის მიმართვით განსაზღვრული ვადისა 2017 წლის 24 ოქტომბერს, ანუ ოთხი დღის დაგვიანებით ჩააბარა. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისთვის მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს ჯამში 94 ლარის გადახდა (4730/100*0,5*4), ნაცვლად - 2924 ლარისა.
4.3. სსკ-ი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. „საკასაციო სასამართლო, სსკ-ის 417-418 მუხლებით დადგენილი პირგასამტეხლოს ფუნქციისა და მიზნიდან გამომდინარე, განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი გადაწყვეტილება/განჩინება არსებობს პირგასამტეხლოს ოდენობის თაობაზე, „ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის საფუძვლების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმება სასამართლოს კომპეტენციაა“ (იხ. სუსგ # ას- 654-620-2015, 17.12.2015წ.). განსახილველ საქმეზე და ანალოგიურ სხვა შემთხვევებში, პირგასამტეხლოს, როგორც მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის, ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. საკასაციო სასამართლო მხარს უჭერს მიდგომას, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებული იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან“ (იხ. სუსგ #ას-164-160-2016, 28.07.2016წ.).
5. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.
7. კატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე