Facebook Twitter

საქმე №ას-1771-2019 8 მაისი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ.კ–ძე (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს–ე“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ს–ეს“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დ.ხ–ძესა და ბ.ლ–ს (შემდეგში: მოპასუხეები) შორის 1997 წლის 6 ივნისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება.

2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 აგვისტოს განჩინებით გ.კ–ძისა (შემდეგში: მესამე პირი ან კერძო საჩივრის ავტორი) და მ.ჯ–ის (შემდეგში: მესამე პირი) საჩივარი 2019 წლის 3 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 14 აგვისტოს განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მესამე პირებმა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვეს.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მესამე პირების სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, განუხილველად დარჩა.

5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 373.1-ე, 374-ე, 372-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ აპელანტები არიან მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე. მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე სარგებლობენ მხარეთა საპროცესო უფლებებით, რომლებიც ჩამოთვლილია სსსკ-ის 83-ე მუხლში. ამასთან ერთად, სსსკ-ის 91-ე მუხლი შეიცავს მხარის იმ უფლებამოსილებათა ჩამონათვალს, რომლებითაც ვერ ისარგებლებს მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე. ასეთ მესამე პირს არ შეუძლია, აგრეთვე, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილებები სააპელაციო ან საკასაციო წესით (სსსკ-ის 364-ე და 391-ე მუხლები), აგრეთვე - შეიტანოს კერძო საჩივარი (სსსკ-ის 414-ე მუხლი).

6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. მითითებული ნორმა ადგენს სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე პირთა წრეს და სხვა პირთა მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანას არ ითვალისწინებს. გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვთ მხარეებს (მოსარჩელეს, მოპასუხეს), მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მათ უფლებამონაცვლეებს, თანამონაწილეებს (თანამოსარჩელეებს, თანამოპასუხეებს) მათი თანამონაწილეობის საფუძვლებით განსაზღვრულ ფარგლებში, პირებს, რომლებიც, მართალია, არ არიან საქმეში როგორც მხარეები, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მათი უფლებები და მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტები დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირები არიან, შესაბამისად, ისინი არ არიან უფლებამოსილნი გაასაჩივრონ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. აპელანტები სააპელაციო საჩივრით, ფაქტობრივად, სხვა პირის საწინააღმდეგოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რაც ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია.

7. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხის მხარეზე დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე ჩაბმული მესამე პირების მიმართ გამოტანილი არ არის და იგი არ ხელყოფს მათ კანონიერ ინტერესს, ამასთან ისინი არც მხარეები და არც დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირები არიან.

8. ამასთან, სსსკ-ის 236-ე მუხლის თანახმად მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აგრეთვე მოპასუხეს ამ კოდექსის 2321-ე მუხლით (მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა) გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეუძლიათ ასეთი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში შეიტანონ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ. განსახიველ შემთხვევაში ცხადია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გამოტანილა აპელანტების წინააღმდეგ. შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი მათი საჩივრები იმთავითვე დაუშვებელი იყო.

9. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველობა არ ხელყოფს სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებას და მით უფრო არ ზღუდავს მას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე - იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ) დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, კერძოდ, ევროპული სასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის (შდრ. სუსგ #ას-254-239-2011, 11.05.2011 წ.).

10. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა პირველმა აპელანტმა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

11. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მართალია, ის არ არის ჩუქების ხელშეკრულების მონაწილე მხარე, თუმცა იგი იმ ქონების მესაკუთრეა, რასაც დავის საგანი უკავშირდება და მას ნამდვილად აქვს კანონიერი მოთხოვნის უფლება. ამასთან, საქმის არსის, დავის საგნის მიმართ მოთხოვნის ხანდაზმულობისა და სარჩელის იურიდიულად გაუმართლებლობის გამო, წარმოუდგენელი იყო უარყოფითი საბოლოო შედეგი (რაც მოტყუებით, ხელოვნურად იქნა მიღწეული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების გზით). კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას არ ჩაჰბარებია საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ განჩინება, რაც გასაჩივრებას ექვემდებარება. სსსკ-ის 91-ე მუხლის თანახმად აპელანტს ჰქონდა უფლება გაესაჩივრებინა, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, რადგან სსსკ-ის 364-ე მუხლით დადგენილი მოწესრიგება ამავე კოდექსის 91-ე მუხლით მესამე პირისათვის, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, მინიჭებულ საპროცესო უფლებებს არ გამორიცხავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა და შეფასებას და კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის პასუხად მიუთითებს წინამდებარე განჩინების 5-9 პუნქტებით დადგენილ გარემოებებზე.

14. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. სსსკ-ის მეორე კარის, IX თავის მიხედვით სასამართლოში მხარეებს წარმოადგენენ მხოლოდ მოსარჩელე და მოპასუხე. იმავე კოდექსის XI თავის მიხედვით საქმეში მესამე პირად შეიძლება ჩაერთოს მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ან მის გარეშე. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორი საქმეში ჩართული იყო დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, რაც გამორიცხავს მის უფლებას, ისარგებლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესუალურ-სამართლებრივი საშუალებებით. მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე სამართლებრივ ურთიერთობაში არიან მხოლოდ იმ პირთან, რომლის მხარეზეც გამოდიან პროცესში და არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა მოწინააღმდეგე მხარესთან მათ არ აკავშირებთ (სსსკ-ის 89-ე მუხლი). „სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი უფლებამოსილია, სასამართლოს განცხადებით, სარჩელით ან საჩივრით მიმართოს მხოლოდ თავისი უფლების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრით, ფაქტობრივად ასაჩივრებს სხვა პირის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რაც დაუშვებელია“ (შდრ. სუსგ №ას-1075-1033-2016, 03.02.17). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ასეთ მესამე პირს არ შეუძლია გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო ან საკასაციო წესით.

15. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და განმარტავს, რომ სსსკ-ის 364-ე მუხლი განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლების მქონე პირთა წრეს, ესენი არიან: ა) დავის მხარეები და ბ) დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირები. დასახელებული ნორმა არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ მათ შორის მხარეს უფლება აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება. კანონმდებლის მიზანს წარმოადგენს მხოლოდ იმ მხარის უფლების დაცვა, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია გადაწყვეტილება. მესამე პირის ცნებასთან მიმართებით ყურადღება, უნდა გამახვილდეს სსსკ-ის 88-ე და 89-ე მუხლებზე, რომლებიც ერთმანეთისაგან განარჩევს მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებს და მოთხოვნის უფლების არმქონე მესამე პირებს. საკასაციო სასამართლო განსახილველ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირი პრაქტიკულად გაიგივებულია მოსარჩელესთან, რამეთუ ის თავად აცხადებს პრეტენზიას დავის საგანზე და გააჩნია დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლება, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, პირველი ინსტანციის/სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება მისი უფლებების წინააღმდეგაც იყოს მიმართული და სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე, ეძლევა მას გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების შესაძლებლობა (სსსკ-ის 364-ე და 391.1 მუხლები), რაც შეეხება მოთხოვნის უფლების არმქონე მესამე პირებს, მათი პროცესში მონაწილეობა განპირობებულია არა გადაწყვეტილების სუბიექტუნარიანობით, არამედ მიღებული გადაწყვეტილების შედეგების შესაძლო სამომავლო სუბიექტუნარიანობით (იხ. სუსგ #ას-798-798-2018, 13.07.2018წ.).საპროცესონორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: № ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.).

16. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მესამე პირის მსჯელობაზე კერძო საჩივარში, რომელიც საქმეზე დავის საგნის მატერიალურ-სამართლებრივ საკითხებს ეხება, და განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში სასამართლო განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძვლების მართებულობის შემოწმება, შესაბამისად საკასაციო სასამართლო არ იმსჯელებს ამ პრეტენზიებზე.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგანაც მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილ სუბიექტს, რადგანაც მის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უშუალოდ მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს არ ეხება, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.კ–ძის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე