საქმე №ას-233-2020 22 ივნისი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ.ა–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (შემდგომ – მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ა–ძის (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ და, მოითხოვა, მოპასუხეს დაეკისროს საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, ასევე - უკანონო მფლობელობიდან მოპასუხისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემული უძრავი ქონების გამოთხოვა და მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.
მოპასუხის პოზიცია:
2. მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფლდა.
4. ამავე სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და იმავე სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვებაზე განჩინების გაუქმების შესახებ დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღეში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის - 2577.67 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი და ნაბეჭდი სახით შედგენილი სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია სიდიდისკის (CD) სახით.
7. აღნიშნული განჩინება აპელანტს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და პირადად ჩაბარდა 2020 წლის 9 იანვარს.
8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 372-ე, 71-ე, 73-ე მუხლებზე, ასევე, იმავე კოდექსის 61-ე მუხლზე და განმარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა აპელანტს 2020 წლის 20 იანვარს ამოეწურა, თუმცა არც ხარვეზი არ შეუვსია და არც ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსათვის.
9. სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 368-ე და 374-ე მუხლებზე მითითებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
11. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა მის მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობა, კერძოდ, მან სახელმწიფო ბაჟი ვერ გადაიხადა, ვინაიდან ფინანსური საშუალება არ გააჩნდა, ასევე, ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებისას ავად იყო, ორი კვირის განმავლობაში მაღალი სიცხე ჰქონდა და ვერ შეძლო, თუნდაც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობა გაეგზავნა სასამართლოში.
12. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მის მიერ გასაჩივრებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც ირკვევა მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ. მან სახელმწიფოსგან იჯარით აღებული დაუმუშავებელი მიწის ნაკვეთის დასამუშავებლად სესხი აიღო, რომლის გადახდაც ვეღარ შეძლო, რასაც დაემატა, საიჯარო ქირის გადაუხდელობაც.
13. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იჯარით აღებული ნაკვეთის დამუშავებისათვის, შეღობვისა და თხილის ნარგავების გაშენებისათვის უამრავი ფინანსური ხარჯი და ფიზიკური შრომა გაიღო, რომლის სანაცვლოდაც არცერთი თეთრი არ მიუღია. სწორედ მის მიერ გაღებული ხარჯის საფუძველზე გაიზარდა საიჯარო მიწის ნაკვეთის იჯარის ქირა, როდესაც სახელმწიფომ ქონება იჯარით გასაცემად აუქციონზე გაიტანა.
14. გაუგებარია, სასამართლომ რა ფაქტობრივი გარემოებით დაადგინა, რომ საიჯარო ქირა უნდა დააბრუნოს. ამასთან, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 25 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან ფაქტები, რომელიც მითითებული იყო სარჩელში, იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
15. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობა გამოწვეული იყო ორი საპატიო მიზეზით: განჩინების მიღების დროს მაღალი სიცხე ჰქონდა, სახლში იწვა, მკურნალობდა და, ამასთან, მძიმე ფინანსური ვითარების გამო სახელმწიფო ბაჟი ვერ გადაიხადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
18. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
19. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო.
20. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები.
21. საქმის მასალების მიხედვით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის - 2577.67 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთის დედანი. ასევე - დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი და ნაბეჭდი სახით შედგენილი სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია CD დისკის სახით. აპელანტეს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
22. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე გაეგზავნა აპელანტს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და პირადად ჩაბარდა 2020 წლის 9 იანვარს (ს.ფ. 157).
23. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
24. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
25. ზემოაღნიშნულ ნორმათა ურთიერთშეჯერებისა და საქმეში არსებული მასალების შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აპელანტისთვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი ათდღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო ხარვეზის განჩინების მისთვის ჩაბარების მომდევნო დღეს − 2020 წლის 10 იანვრიდან და ამოიწურა იმავე წლის 20 იანვარს (2020 წლის 19 იანვარი იყო კვირა, არასამუშაო დღე, სსსკ-ის 61-ე მუხლი).
26. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს გონივრული ვადა (10 დღე) მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში იგი არ გამოუსწორებია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო პალატისათვის.
27. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ მძიმე მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე სახელმწიფო ბაჟი ვერ გადაიხადა და ამასთან, როდესაც ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა ავად იყო, რის გამოც ფიზიკურად ვერ შეძლო თუნდაც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობა გაეგზავნა სასამართლოში.
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტს სასამართლოსათვის ხარვეზის გამოსწორების მიზნით არ მიუმართავს და არც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან გადავადება არ მოუთხოვიათ. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა კი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
29. რაც შეეხება აპელანტის მითითებას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას. ასეთ გარემოებაზე მითითების ვალდებულება შესაბამისი ვადის გამშვებ პირს აკისრია.
30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა ხარვეზის ვადის გაგრძელების ან/და სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოში წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა. მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში კი, მხოლოდ მხარის მითითება მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, არ ამტკიცებს იმ გარემოებას, რომ კერძო საჩივრის ავტორს ავადმყოფობის გამო არ შეეძლო შუამდგომლობის სასამართლოში გაგზავნა.
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
32. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სადავო არ არის სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის დანიშნულ ვადაში შეუვსებლობის ფაქტი, საკასაციო პალატას, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადების საფუძველზე, კანონიერად მიაჩნია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინება.
33. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის წინამდებარე განჩინების მე-13-მე-14 პუნქტებში მითითებულ პრეტენზიებსაც და განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე მოპასუხის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების შემოწმება, შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებაზე, ასევე - კერძო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე, რაც სცდება კერძო საჩივრის ფარგლებში ამ ეტაპზე შესაფასებელ საკითხთა წრეს.
34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3-ე და 368.1-ე მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები) (იხ. სუსგ. №ას-693-2019, 2019 წლის 28 ივნისის განჩინება; №ას-1615-2019, 2020 წლის 14 იანვრის განჩინება)..
35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ა–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
გიორგი მიქაუტაძე