№ ას-410-410-2018 14 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ.თ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2015 წლის 13 ოქტომბერს სს „თ.ბ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.თ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებოდა: 2015 წლის 5 მარტის საბანკო კრედიტის №2061913-7894423 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2189,35 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს - 1934,55 ლარს, პროცენტი - 108,73 ლარს, ჯარიმა - 141,98 ლარს და დაზღვევა - 4,09 ლარს; დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2015 წლის 15 სექტემბრიდან) 2015 წლის 5 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1934,55 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 17,95% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 28,93 ლარს; მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟის 100 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 150 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის და სარჩელისთვის გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, დავის საგნის ღირებულების 4%-ის, კერძოდ, 129,24 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველია. მოპასუხის მითითებით, მისი ოჯახი 1937 წლის რეპრესიის მსხვერპლია და შემწეობას იღებს. კრედიტის აღებიდან 3 თვეში სესხით გაკეთებული რემონტი სტიქიის გამო მთლიანად გაუფუჭდა. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მხრიდან გაფრთხილებას ადგილი არ ჰქონია და მოსარჩელის წარმომადგენელი დაპირდა სტიქიის გამო ვალის გაუქმებას.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: 2015 წლის 5 მარტის საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2 189,35 ლარის გადახდა; 2015 წლის 15 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 2015 წლის 5 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის - 1 934,55 ლარის წლიური 17,95%-ის ანაზღაურება; ასევე, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის, მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის, მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის - 20 ლარის და მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - 129,24 ლარის გადახდა.
4. საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე 2017 წლის 7 სექტემბრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2017 წლის 7 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ დარჩა უცვლელი.
8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2017 წლის 4 აპრილს 12:30 საათზე.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება ორ ძირითად წინაპირობას ეფუძნება: პროცესის მხარის ინფორმირებულობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად და იმ დამაბრკოლებელ გარემოებათა არარსებობა, რომლებმაც შესაძლებელია ხელი შეუშალოს მხარეს მისი საპროცესო უფლებების სრულფასოვან განხორციელებაში.
10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით და არ გაიზიარა მოპასუხის მიერ საჩივარში მითითებულ გარემოებები. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორის არგუმენტები არ ქმნიდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს.
11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2017 წლის 23 იანვარს მოპასუხეს პირადად ეცნობა სატელეფონო აქტის საშუალებით 2017 წლის 4 აპრილის სასამართლო სხდომის თაობაზე. მოპასუხემ საჩივრის ფარგლებში განმარტა, რომ იგი სხდომაზე შეგნებულად არ გამოცხადდა, ხოლო სააპელაციო საჩივარში მან სადავოდ გახადა სხდომის თაობაზე ინფორმირებულობის ფაქტი.
12. სააპელაციო პალატის მითითებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე საპატიო მიზეზის გარეშე არ გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარის დავალდებულება სასამართლო სხდომის დაწყებამდე აცნობოს სასამართლოს მისი სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რაც შესაბამისი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს, წარმოადგენს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების საშუალებას.
13. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე სასამართლო პროცესზე მოწვეული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. აპელანტის მიერ არ იქნა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს საპირისპიროში დაარწმუნებდა.
14. სააპელაციო პალატის მითითებით, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესაძლოა გაუქმდეს იმ შემთხვევაში, თუ მხარე დაამტკიცებს, რომ არსებობდა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. მოპასუხის განმარტებით, მას გარდაეცვალა ახლობელი და ვერ შეძლო სხდომაზე გამოცხადება, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება. ამ გარემოების თაობაზე მოპასუხე მის მიერ წარდეგნილ საჩივარშიც არ უთითებდა.
15. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რაც საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი იყო. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში არ ხდება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასება, სასამართლოს მიერ მოწმდება მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის ურთიერთმიმართება.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
17. საკასაციო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
17.1. სააპელაციო სასამართლომ არ გათვალისწინა კასატორის ოჯახური მდგომარეობა. საქმის ზეპირი განხილვის პერიოდისთვის მას გარდაეცვალა დეიდა და იმყოფებოდა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ......... დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით მას წაერთვა დაცვის საშუალება. კასატორის განმარტებით, მას არც სარჩელის განაცხადი ჩაბარებია და არც შეტყობინება გაგზავნია;
17.2. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში არ უმსჯელია სააპელაციო საჩივარზე არსებითად;
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
23. საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს მოპასუხის პროცესზე გამოუცხადებლობის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგები.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ინსტიტუტი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოპასუხისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოპასუხის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. აღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას (იხ. სუსგ №ას-152-148-2016, 3 ივნისი, 2016 წელი).
27. სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი; საქმე №ას-1445-1459-2011, 31 ოქტომბერი, 2011 წელი; საქმე №ას-1410-1330-2017, 30 იანვარი, 2018 წელი).
29. სასამართლოს სხდომაზე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას ივარაუდება, რომ მან საქმის განხილვისადმი ინტერესი დაკარგა. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გარკვეული სანქციაა ისეთი მხარის მიმართ, რომელიც კეთილსინდისიერად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს.
30. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს 2017 წლის 23 იანვარს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, პირადად, სატელეფონო აქტის საშუალებით ეცნობა 2017 წლის 4 აპრილის სასამართლო სხდომის თაობაზე. თუმცა, მოპასუხე სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.
31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხეს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე შესაბამისი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია. 2017 წლის 20 აპრილის საჩივარში მოპასუხემ აღნიშნა, რომ იგი შეგნებულად არ დაესწრო სასამართლო პროცესს, რადგან დარწმუნებული იყო იმაში, თუ რა შედეგი დადგებოდა. აღნიშნულის საპირისპიროდ კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ მას გარდაეცვალა ახლობელი და ვერ შეძლო სხდომაზე გამოცხადება, თუმცა კასატორს არც 2017 წლის 20 აპრილის საჩივარში და არც სააპელაციო საჩივრის ფარგლებში წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს დაადასტურებდა. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორმა ვერ გასწია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი და მარტოოდენ მისი ახსნა-განმარტებით სასამართლოზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტის დადგენა შეუძლებელია.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი. ამასთან, არ იკვეთება ხსენებული მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განმაპირობებელი გარემოება. აღსანიშნავია, რომ საქმეზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი არცერთი გარემოება არ დადგენილა.
33. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ მას არც სარჩელის განაცხადი ჩაბარებია და არც შეტყობინება გაგზავნია, ვერ იქნება გაზიარებული. წინამდებარე საქმის მასალებში არსებობს მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება, რომელსაც თან ერთვის მოპასუხისთვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების დასტური. აღნიშნულ დოკუმენტზე ფიქსირდება კასატორის ხელმოწერა (იხ. წინამდებარე საქმის ფურცლები, გვ. 63-64). ამასთანავე, მოპასუხემ 2015 წლის 7 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რაც სარჩელის ჩაუბარებლობას გამორიცხავს.
34. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის წინამდებარე განჩინების 17.2 პუნქტში მითითებულ პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობისა და მოსარჩელის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის არსებობის შემთხვევაში სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
35. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილებისთვის, მოსამართლე ვალდებულია გამოარკვიოს, კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრას და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას.
36. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში არ ხდება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასება, სასამართლოს მიერ მოწმდება მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის ურთიერთმიმართება. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შეიცავს მსჯელობას იმის შესახებ, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, სახეზეა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების სამართლებრივი საფუძველი.
37. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
38. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან (იხ. სუსგ საქმე №ას-749-749-2018, 23 იანვარი 2019 წელი; საქმე №ას-175-175-2018, 19 ივლისი 2018 წელი). კასატორს აგრეთვე არ წარმოუდგენია დასაბუთებული პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
40. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ.თ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე