საქმე №ას-126-126-2018 10 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ქ.კ–ი, ა.დ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „თ.ბ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.კ–ისა (შემდგომ – მოპასუხე, მსესხებელი) და ა.დ–ძის (შემდგომ – თავდები, მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა 2010 წლის 2 ნოემბრის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების, 2012 წლის 11 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისა და 2011 წლის 17 მაისის თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 31021.93 აშშ დოლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა შეადგენს 17 100,84 აშშ დოლარს, პროცენტი – 7573,68 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო – 5700 აშშ დოლარს და დაზღვევა – 647,41 აშშ დოლარს, ასევე, 2015 წლის 31 აგვისტოდან (დავალიანების ცნობის გაცემის დღიდან) 2012 წლის 11 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითად თანხაზე – 17100.84 აშშ დოლარზე, აღსრულებამდე წლიური 14% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 199,5 აშშ დოლარს.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელ მოპასუხეს გადაეცა სესხი, რის სანაცვლოდ, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მხარეთა შორის შეთანხმებულ დროს დაებრუნებინა თანხა მოსარჩელისათვის და გადაეხადა სარგებელი. ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო.
3. მოსარჩელემ მიუთითა, რომ თავდებ მოპასუხესთან გააფორმა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა თავდებობის ზღვრული ოდენობა – 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
4. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მსესხებელ მოპასუხეს ნაკისრი ფულადი ვალდებულება სრულად არ შეუსრულებია, რის გამოც წარმოეშვა დავალიანება საკრედიტო დაწესებულების წინაშე.
მოპასუხეების პოზიცია:
5. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ იგი ხანდაზმულია. ამასთან, მათ მიიჩნიეს, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ გაზრდილია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2010 წლის 2 ნოემბრის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების, 2012 წლის 11 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისა და 2011 წლის 17 მაისის თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრათ 26821,93 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 17 100,84 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, პროცენტი – 7573,68 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, პირგასამტეხლო – 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარი, დაზღვევა – 647,41 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი; მოპასუხეებს ასევე დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების ცნობის გაცემის დღიდან (2015 წლის 31 აგვისტოდან), 2012 წლის 11 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითად თანხაზე – 17100.84 აშშ დოლარზე, აღსრულებამდე წლიური 14% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 199,5 აშშ დოლარის ეკვივალენტს. გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხა თავდებ მოპასუხეს დაეკისრა თავდებობის ზღვრული ოდენობის – 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ფარგლებში; მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხეებისათვის პირგასამტეხლოს სახით დამატებით 4200 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2010 წლის 2 ნოემბრის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების, 2012 წლის 11 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისა და 2011 წლის 17 მაისის თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრათ 25 690.06 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა შეადგენს – 16 797,89 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, პროცენტი – 6765 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, პირგასამტეხლო – 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, დაზღვევის გადასახადი – 627,17 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს; მოპასუხეებს ასევე დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების ცნობის გაცემის დღიდან (2015 წლის 31 აგვისტოდან), 2012 წლის 11 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითად თანხაზე – 16 797,89 აშშ დოლარზე, აღსრულებამდე წლიური 14% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 195.98 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარს. გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხა თავდებ მოპასუხეს დაეკისრა თავდებობის ზღვრული თანხის, 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ფარგლებში.
8. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი საკრედიტო ხელშეკრულებების თანახმად დაადგინა, რომ მხარეებს შორის არსებული საკრედიტო ურთიერთობის საფუძველზე მსესხებელს გადაეცა სესხი 17260 აშშ დოლარის ოდენობით, დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2022 წლის 7 აპრილი, წლიური საპროცენტო განაკვეთი კი – 14%-ით. მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს პირგასამტეხლო – გრაფიკის ყოველი დარღვევისას ვადაგადაცილებისათვის 20 ლარისა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე – დავალიანების 0,5%-ის გადახდა.
9. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 7 რიცხვში, ხელშეკრულება ითვალისწინებდა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევასაც.
10. 2011 წლის 17 მაისს ძირითად მოვალესთან დადებული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მოსარჩელესა და თავდებ მოპასუხეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თავდებმა სოლიდარულად და სრულად იკისრა პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ 2010 წლის 2 ნოემბრის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებაზე. თავდების მაქსიმალური პასუხისმგებლობა განისაზღვრა 100 000 აშშ დოლარით.
11. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხის (მსესხებლის) მიერ დასახელებული საკრედიტო ურთიერთობიდან გამომდინარე, ვალდებულება არ შესრულებულა.
12. სააპელაციო სასამართლომ აპელანტების მითითება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მხოლოდ ნაწილობრივ გაიზიარა.
13. სააპელაციო პალატის მითითებით, უსაფუძვლო იყო სააპელაციო საჩივრის არგუმენტი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება 2013 წლის თებერვალსა და სექტემბერში მსესხებლის მიერ თანხის გადახდასთან დაკავშირებით, რითაც სასამართლომ მოსარჩელის ხანდაზმული მოთხოვნა „გააცოცხლა“. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ, ხელშეკრულების თანდართული გრაფიკის მიხედვით, საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა იწურებოდა 2022 წლის 7 აპრილს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა სრულად ხანდაზმულად არ უნდა მიჩნეულიყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მოპასუხეები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 623-ე 624-ე, 873-ე, 400-ე, 411-ე 412-ე, ასევე, ამავე კოდექსის 891-ე, 895-ე და 898-ე მუხლების თანახმად, მოსარჩელის მიმართ პასუხისმგებელ პირებად მიიჩნია.
14. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მსესხებელს სესხი და პროცენტი უნდა დაეფარა ყოველთვიურად, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად (პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულება). სარჩელი აღიძრა 2015 წლის 10 ნოემბერს, შესაბამისად, სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ იყო ხანდაზმული. კრედიტის დაფარვის გრაფიკისა და გადახდების ისტორიის მონაცემების მიხედვით დასტურდებოდა, რომ 2012 წლის ივლისში, აგვისტოში, სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში მოპასუხეს ვალდებულება, რიგ შემთხვევაში, საერთოდ არ შეუსრულებია, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში შეასრულა ნაწილობრივ. ამრიგად, დასახელებული თვეების შესასრულებელი ვალდებულების დარღვევის მომენტიდან მოსარჩელეს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება და სწორედ ამ პერიოდიდან უნდა მომხდარიყო თითოეულ მოთხოვნაზე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლა. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი აღძრულია 2015 წლის 10 ნოემბერს, სააპელაციო პალატამ ხანდაზმულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა 2012 წლის 7 ივლისიდან ამავე წლის 7 ნოემბრის ჩათვლით პერიოდზე. სააპელაციო პალატამ კრედიტის დაფარვის გრაფიკის, ასევე, გადახდების ისტორიის მონაცემებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ დასახელებულ პერიოდში მოპასუხეს არ შეუსრულებია ძირი თანხის – 302.95 აშშ დოლარის, პროცენტის – 808.97 აშშ დოლარისა და სადაზღვევო პრემიის სახით – 20.24 აშშ დოლარის ოდენობით ვალდებულება. შესაბამისად, ამ თანხაზე მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და მოპასუხისათვის დასაკისრებელ ოდენობას უნდა გამოაკლდეს. ამდენად, მოპასუხეებს, როგორც მოსარჩელის წინაშე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულად ვალდებულებებზე პასუხისმგებელ პირებს, მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირი თანხის სახით, 17 100.84 აშშ დოლარის ნაცვლად, უნდა დაეკისროთ 16 797.89 აშშ დოლარის, პროცენტის სახით, 7573.68 აშშ დოლარის ნაცვლად, – 6765 აშშ დოლარის, ხოლო დაზღვევისათვის 647.41 აშშ დოლარის ნაცვლად, – 627.17 აშშ დოლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები სრულად გაიზიარა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
15. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
16. კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოპასუხემ უკანასკნელად ფულადი ვალდებულება შეასრულა 2013 წლის 13 თებერვალს 100 ლარის, ხოლო 6 სექტემბერს – 50 ლარის ოდენობით, რადგან მოპასუხე მხარემ ბოლოს სესხის მომსახურებისათვის გადაიხადა 2012 წლის 7 მაისს 279,98 ლარი, ხოლო 2012 წლის 7 ივნისს – 282,29 ლარი, შესაბამისად, მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა 2012 წლის 7 ივლისიდან. სარჩელი კი სასამართლოში აღიძრა 2015 წლის 10 ნოემბერს, ამდენად, მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან სარჩელის აღძვრამდე გასულიყო სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწებულ სამ წელზე მეტი დრო.
17. კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მხოლოდ მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სესხის მომსახურების თაობაზე, სადაც მითითებულია არასწორი ფაქტები მოპასუხე მხარის მიერ 2013 წლის 13 თებერვლისა და 6 სექტემბრის თანხის გადახდების შესახებ. მითითებულ მტკიცებულებებზე არ არის მოპასუხეთა ხელმოწერები და შედგენილია ცალმხრივად. მოსარჩელემ თავად განახორციელა აღნიშნულ დროს გადახდის ოპერაცია, რათა ხანდაზმულობის ვადა არ დარღვეოდა.
18. კასატორების განმარტებით, სადავო თანხა მათ 2012 წელს კი არ აუღიათ სესხად, არამედ მითითებული კრედიტი 2010 და 2011 წელს მიღებული სესხის ნარჩენია, თუმცა მოსარჩელემ არასწორად გადაიანგარიშა სესხის ოდენობა და ზედმეტად 20 000 ლარის გადახდა მოითხოვა მოპასუხეებისაგან, რაც სააპელაციო პალატამ არ გამოიკვლია.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორებს გადაუვადდათ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის 90%-ის - 1473,543 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა საქმის საბოლოო განხილვამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
20. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
23. წინამდებარე საკასაციო საჩივრის საგანია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა, ასევე, სესხის რეალური ოდენობის არასწორი დაანგარიშება.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილი შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე.
25. სსკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
26. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.
27. სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
28. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (სუსგ 19.03.2015წ. საქმე №ას-868-830-2014).
29. თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (სუსგ 1.12.2010წ. №ას-599-562-2010).
30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი).
31. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოსათვლელად უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.
32. განსახილველ შემთხვევაში მსესხებელს ბანკისათვის კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა (სსკ-ის 873-ე მუხლი). შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით უნდა მოხდეს.
33. უდავოა, რომ საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს კრედიტის თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი გარკვეული პერიოდულობით უნდა გადაეხადა. შესაბამისად, მითითებული გარიგება წარმოშობს სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს (სუსგ№ას-1432-1351-2012 20.05.2013წ., ას-934-899-2016 14.02.2017წ.).
34. სააპელაციო სასამართლომ კასატორთა მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით გაიზიარა მხოლოდ 2012 წლის 7 ივლისიდან ამავე წლის 7 ნოემბრის ჩათვლით პერიოდზე. დანარჩენ ნაწილში კი დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ ბოლო გადახდები მოპასუხემ აწარმოა 2013 წლის 13 თებერვალს 100 ლარის, ხოლო 6 სექტემბერს – 50 ლარის ოდენობით.
35. სააპელაციო პალატის მიერ უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი წარადგინა 2015 წლის 10 ნოემბერს.
36. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორების მითითება, რომ მოსარჩელემ 2013 წლის 13 თებერვალსა და 6 სექტემბერს თავად განახორციელა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ საბანკო გადარიცხვები, რათა არ დაერღვია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
37. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა. სასამართლო ამოწმებს ამა თუ იმ მტკიცებულების დასაშვებობას, სათანადოობასა და განკუთვნადობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი სადავო გარემოების არსებობა უნდა დადასტურდეს აღნიშნული ურთიერთობისათვის შესაბამისი მტკიცებულებით.
38. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსესხებელი მოპასუხის მხრიდან წარმოებული გადახდების შესახებ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტი მართებულად შეფასდა დასაშვებ მტკიცებულებად იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოპასუხემ 2013 წლის 13 თებერვალსა და 6 სექტემბერს სადავო თანხა ბანკს გადაურიცხა, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დადასტურება სხვა სახის მტკიცებულებით შეუძლებელია. მითითებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები იყვნენ ფიზიკური პირი – მსესხებელი და საბანკო დაწესებულება, შესაბამისად, თანხის გადარიცხვის ფაქტის დამადასტურებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ამავე ბანკის ამონაწერი.
39. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, მართალია, მსესხებელი მოპასუხე უარყოფს ზემოაღნიშნული გადარიცხვების შესრულებას, თუმცა მათ შესახებ მისთვის ცნობილი გახდა, სულ მცირე, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მოსამზადებელ ეტაპზე. მიუხედავად ამისა, მხარეს არ უსარგებლია სსსკ-ის 137-ე მუხლით დადგენილი საპროცესო შესაძლებლობით (მხარეს უფლება აქვს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია. ასეთი განცხადება მას შეუძლია გააკეთოს აგრეთვე საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროსაც, თუ ეს საბუთი წარდგენილ იქნა ამ სასამართლო სხდომაზე, ან ადრე წარდგენილი საბუთის სიყალბე მისთვის ცნობილი გახდა სასამართლო სხდომაზე) და აღნიშნული მტკიცებულების სიყალბის შესახებ არ განუცხადებია. აღნიშნული კუთხით მნიშვნელობა არ აქვს, მსესხებელმა მოპასუხემ სადავო გადახდების შესახებ დოკუმენტები მოსარჩელისაგან მატერიალური სახით როდის მოიპოვა. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე გავლენას ვერ მოახდენს კასატორი მხარის მითითება, რომ ხსენებული ინფორმაციის გამოთხოვა ბანკისაგან მოპასუხემ მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის დასრულების შემდეგ შეძლო.
40. საქმის მასალებით, ასევე, არ დასტურდება კასატორთა არგუმენტი, რომ მოსარჩელე საბანკო დაწესებულებამ არასწორად გადაიანგარიშა 2010-2011 წლებში მოპასუხეთა სახელზე გაცემული სესხის ოდენობა, რომელიც 2012 წელს გაფორმდა განსახილველ სარჩელში ასახულ ახალ სესხის ხელშეკრულებად. შესაბამისად, მხოლოდ მხარის განმარტება სესხად აღებული თანხის ოდენობის დასაკორექტირებლად საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს.
41. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
42. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
43. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
45. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაეკისროთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან – 1473,543 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარიდან 327 (სამას ოცდაშვიდი) აშშ დოლარისა და 454 ცენტის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ.კ–ისა და ა.დ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორებს ქ.კ–სა (პ/ნ: ........) და ა.დ–ძეს (პ/ნ: ........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან - 1473,543 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარიდან 327 (სამას ოცდაშვიდი) აშშ დოლარისა და 454 ცენტის ექვივალენტი ლარის გადახდა;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე