Facebook Twitter

21 სექტემბერი, 2020 წელი,

საქმე № ას-604-2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - მ.ნ–ა, ზ.ჩ–ძე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარეები - ნ.ჭ–ა, ქ.რ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზ.ჩ–ძესა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მსესხებელი) და ნ.ჭ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, გამსესხებელი ან კრედიტორი) შორის 2014 წლის 15 ნოემბერს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, გამსესხებელმა მსესხებელს ერთი წლის ვადით - 25 000 აშშ დოლარი ასესხა. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, კრედიტორის სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთა მ.ნ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) საკუთრებაში არსებული თბილისში, ........ ქუჩა #86-ში მდებარე ბინა #11, საკადასტრო კოდით #....... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც იპოთეკის საგანი).

2. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, პირველმა მოპასუხემ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე ნოტარიუსს მიმართა ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ამოღების მიზნით.

3. ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მიმართვის საფუძველზე, 2016 წლის 30 მარტს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა - 5 000 აშშ დოლარით, პროცენტი - 316 აშშ დოლარით, პირგასამტეხლო - 54 აშშ დოლარით, ხოლო სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126 ლარით განისაზღვრა. ვალდებულების შესრულების მიზნით, აღსასრულებლად მიექცა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.

4. 2017 წლის 2 მაისს მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს პირველი მოპასუხისა და ქ.რ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 317-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე მუხლები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, მე-4, 102-ე და 105-ე მუხლები გამოიყენა.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინებით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტების გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება:

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, მთავარი სხდომა დაინიშნა 2019 წლის 27 ნოემბერს, 12:00 სთ-ზე, აპელანტების შუამდგომლობის საფუძველზე, საქმის მოსმენა 2020 წლის 26 თებერვლს, 11:00 საათზე გადაიდო.

7.2. 2020 წლის 26 თებერვალს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები, რომლებსაც სხდომის თაობაზე ეცნობათ კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, პირველი მოსარჩელე/აპელანტი სასამართლო სხდომის თაობაზე ინფორმირებულ იქნა 2019 წლის 29 ნოემბერს სატელეფონო შეტყობინებით (იხ. აქტი, ტ. 2. ს.ფ. 110, სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები). მასვე ჩაჰბარდა სასამართლო უწყება მეორე მოსარჩელისთვის/აპელანტისთვის (ოჯახის წევრისთვის/მეუღლისთვის) გადასაცემად. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

7.3. სსსკ-ის 387-ე მუხლის გამოყენებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მას შეუძლია, ამავე კოდექსის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

7.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 387.1, 70-ე-78-ე, 215.3-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან არ არსებობდა სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი.

8. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა. მათი განმარტებით, სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან მათ სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლეს საპატიო მიზეზით, სახელდობრ, მეორე მოსარჩელე სააპელაციო სასამართლოს სხდომის წინა დღეს მძიმე დიაგნოზით გადაყვანილ იქნა შპს „ა.ა.ს.კ–ში“, საიდანაც 2020 წლის 28 თებერვალს გაეწერა, პირველი მოსარჩელე კი, კლინიკაში ყოფნის მანძილზე უვლიდა ავადმყოფს.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

10. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორების არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენიათ.

11. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტების გამოუცხადებლობა.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება უნდა შემოწმდეს იმ წესების გათვალისწინებით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილებისათვის. შესაბამისად, სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა უნდა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საქმის განხილვა უნდა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საქმის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა.

13. სსსკ-ის 215.3 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

14. ამდენად, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა შეექმნას გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. დადგენილია, რომ 2020 წლის 26 თებერვალს, 11:00 საათზე დანიშნულ მთავარ სხდომაზე, აპელანტები არ გამოცხადდნენ. მათი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა მეორე მოსარჩელის ავადმყოფობა. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 215.3 მუხლზე მითითებით, პირველი მოსარჩელის/კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ამ უკანასკნელს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და მხოლოდ იმაზე მითითებით შემოიფარგლა, რომ კლინიკაში ყოფნის მანძილზე უვლიდა მეორე მოსარჩელეს, მაშინ, როდესაც სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე განცხადება სხდომის დღეს (26.02.2020წ) თავად წარადგინა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სასამართლო სხდომაზე დასწრებაც და საკუთარ საპროცესო ვალდებულების შესრულებაც შეეძლო, რაც მას არ განუხორციელებია.

14.1. მართალია, საქმეში წარდგენილია მეორე მოსარჩელის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა (იხ. სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა IV-100/ა, ს.ფ. 146-148.ტ.2), რომლის თანახმად, იგი სტაციონარში მოთავსდა 2020 წლის 25 თებერვალს, საიდანაც იმავე წლის 28 თებერვალს გაეწერა, მოკლე ანამნეზში აღნიშნულია, რომ ,,პაციენტი კლინიკაში სსდ ბრიგადის მიერ იქნა შეყვანილი, უჩივის თავის ტკივილს, თავბრუსხვევასა და გულისრევას“. პაციენტის მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, დიაგნოსტიკურ გამოკვლევასა და კონსულტაციებში მითითებულია, რომ ნევროლოგის კონსულტაციაზე მიეცა რეკომენდაცია, საკასაციო სასამართლო, მიუხედავად აღნიშნულისა, სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების 8.1 და 8.4. პუნქტში მითითებულ მსჯელობას და კერძო საჩივრის ავტორების ყურადღებას დამატებით მიაქცევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: აპელანტები საკუთარ საპროცესო უფლებას ბოროტად იყენებენ და ცდილობენ, ხელი შეუშალონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული ადრინდელი (სააპელაციო პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინება) საპროცესო დოკუმენტები, მაშინაც სააპელაციო საჩივარი, აპელანტების გამოუცხადებლობის გამო, დარჩა განუხილველად და მათ, ანუ კერძო საჩივრის ავტორებმა, სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 14 ნოემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მეორე მოსარჩელის ავადმყოფობის დამადასტურებელი მტკიცებულება წარადგინეს და მიუთითეს, რომ პირველი მოსარჩელე კლინიკაში ყოფნის მანძილზე უვლიდა მას; უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის განჩინებით ზემოაღნიშნული განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სასამართლოს მთავარი სხდომა 2019 წლის 27 ნოემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა, აპელანტებმა სხდომის დღეს (27.11.2019 წ) მიმართეს სასამართლოს და კვლავ მეორე მოსარჩელის ავადმყოფობის გამო, საქმის განხილვის გადადება მოითხოვეს, რის საფუძველზეც სასამართლომ სხდომა 2020 წლის 26 თებერვალს 11:00 საათზე გადადო. აპელანტები მითითებულ დღეს კვლავ არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ამჯერად სასამართლომ სავსებით მართებულად არ გაიზიარა აპელანტების შუამდგომლობა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

14.2. ამდენად, აპელანტები სააპელაციო სასამართლოში არცერთ სხდომაზე არ გამოცხადებულან, ყოველ ჯერზე მეორე მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას სხდომის დღეს წარადგენდნენ და ამ საფუძვლით საქმის განხილვის გადადებას ითხოვდნენ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა მხარეთა თანაბარი მოპყრობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ემყარება. ნებისმიერი საპროცესო მოქმედების განხორციელებისას დაცული უნდა იქნას, მხარეთა შორის უფლება-მოვალეობათა განაწილების სამართლიანი ბალანსი. ერთი მხარის მიერ თავისი საპროცესო უფლების არამართლზომიერად გამოყენებამ არ უნდა დააბრკოლოს მოდავე მხარის უფლებების რეალიზაცია და უსაფუძვლოდ არ უნდა გააჭიანუროს პროცესი. სწორედ, მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მეორე მოსარჩელის ავადმყოფობა უსასრულოდ ვერ იქნებოდა გათვალისწინებული, ამასთან, ნათელია კერძო საჩივრის ავტორების მიზანი საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემების გამოყენებით საქმის განხილვა გააჭიანურონ, ამდენად, მათი მხრიდან ადგილი აქვს არა დარღვეული უფლების აღდგენის მცდელობას, არამედ სასამართლოსადმი მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც დაუშვებელია.

14.3. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორების ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლზე, რომელიც თავის თავში მოიცავს ადამიანის უფლებას მისი საქმე გონივრულ ვადაში, სწრაფად და ეფექტიანად განიხილოს სასამართლომ (Profitis and Others v. Greece, §93; Tierce v. San Marino, §31; Surmeli v. Germany [GC], §129; Capuano v. Italy, §§30-31; Versini v. France, §29) და განმარტავს, რომ სასამართლო ვალდებულია, გონივრულ ვადაში გადაწყვიტოს დაწყებული დავა და დაუსვას მას საბოლოო წერტილი. მოცემულ შემთხვევაში კი, მხარის დაუსრულებელი განცხადებებითა თუ საჩივრებით ამ შედეგის მიღწევა სცილდება სასამართლოს შესაძლებლობებს, შესაბამისად, ილახება მეორე მხარის ინტერესები.

15. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. (შდრ. სუსგ-ები № ას-1312-1232-2017, 24.11.2017; № ას-633-591-2017, 21.09.2017; № ას-48-44-2017, 01.03.2017; № ას-880-830-2015, 21.10.2015).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ნ–ასა და ზ.ჩ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

ბესარიონ ალავიძე

მირანდა ერემაძე